„ნაციონალური მოძრაობის“, მასთან დაკავშირებული რამდენიმე უკრაინელი მაღალჩინოსნისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
როგორც ვოლსკი განმარტავს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის საპირისპიროდ, საქართველო ერთადერთი და უალტერნატივო ენერგო და სავაჭრო დერეფანია. ვოლსკის შეფასებით, სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გარკვეული ინტერესების ობიექტად იქცა და ამას სათავეში ის პოლიტიკური ძალა უდგას, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა სურს.
ამავე კონტექსტში ვოლსკი რუსი პოლიტოლოგის ანდრეი პიონტკოვსკის მიერ ტელეკომპანია “უკრაინა 24“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, “ერმაკ-მაკფოლის ჯგუფი სანქციებზე მუშაობს, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ერმაკს - ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“.
“არის რამდენიმე ასპექტი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ანდრეი პიონტკოვსკი შარლატანად ჩამოყალიბდა. ის კგბ-ს მაღალჩინოსანი იყო. აშშ-სთან რაღაც ტიპის გაუგებრობა ჰქონდა. იქ მას ავტორიტეტი არა აქვს და სამწუხაროდ, უკრაინული მედია ხშირად ციტირებს. პიონტკოვსკი უკრაინულ საზოგადოებას არწმუნებს, რომ ცხინვალის რეგიონში დე-ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და ახალარჩეული “პრეზიდენტი“ და ცხინვალის საზოგადოება რუსეთს უპირისპირდება... რომ აფხაზეთში იგივე მდგომარეობაა - რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყო და ამას საქართველოს მხრიდან მიშველება სჭირდება, როგორც ამას უკრაინელი მაღალჩინოსნები ამბობენ. რუსეთის ბაზების წინააღმდეგ მოძრაობის დაწყება და შემდეგ მეორე ფრონტის გახსნა საქართველომ უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს, რადგან არის ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა ივანიშვილი. მთავარი ფორმულა ასეთია: - ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის მზად არიან, რასაც საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის გახსნით უნდა შეეშველოს. ამას უკრაინელი მაღალჩინოსნები მოითხოვენ, ხოლო ხელშემშლელი იმისა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას არის ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ მათ აშშ-ს კონგრესს უნდა უკარნახონ, რომ სანქციების სიაში აუცილებლად გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი საქართველოში არ დაიწყება, რაც რუსეთზე საერთო გამარჯვებისთვის არის მნიშვნელოვანი...
ეს არის ფორმულა, რომლის იქით არაფერი იკითხება. არ ვიცი, პიანტკოვსკის რა მიზანი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობის“, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.