გიორგი ვაშაძე - ნიკა გვარამიას დაკავების საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია - "ქართული ოცნება" ისევ შეეცდება სავაჭროდ გამოიყენოს პოლიტიკური პატიმრები

ნიკა გვარამიას დაკავების საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია - ვუახლოვდებით მესამე და გადამწყვეტ კრიზისულ ფაზას, "ქართული ოცნება" ისევ შეეცდება სავაჭროდ გამოიყენოს პოლიტიკური პატიმრები - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

ვაშაძის განცხადებით, დღეს ყველასთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის და ყველაფერი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. ვაშაძის თქმით, აუცილებელია გაერთიანება, რათა "გზააცდენილი პროცესიდან ქვეყანა დასავლური განვითარების გზაზე დააბრუნონ".

"ერთი მხრივ, ბრალდების აბსურდულობა, შინაარსის აბსურდულობა და მეორე მხრივ, მაინც და მაინც ახლა ამ პროცესის დაჩქარება უკავშირდება იმას, რომ "ქართული ოცნება" მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან. "ქართულ ოცნებას" მოუწევს ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უახლოეს მომავალში, რადგან საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი მთლიანად აცდნენ დასავლურ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. "ქართულ ოცნებას" მოუწევს პასუხები გასცეს როგორც ჩვენს ევროპელ, ასევე ამერიკელ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში, პასუხი გასცენ საქართველოს საზოგადოებას, ამიტომ იგროვებენ სავაჭრო საკითხებს, რომ შემდგომ რაღაც დათმონ და მერე ამის ხარჯზე ფონს გავიდნენ. ვფიქრობ, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, გავერთიანდეთ და ამ გზააცდენილი პროცესიდან ქვეყანა დავაბრუნოთ დასავლური განვითარების გზაზე. უნდა ვიყოთ ერთიანები, პრინციპულნი და საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოვიპოვოთ. უახლოეს ორ-სამ თვეში ველოდები ძალიან ბევრ საკითხს, რომელიც დაჩქარდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. დარწმუნებული ვარ, მალე პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი და საქართველო დაუბრუნდება დასავლური განვითარების გზას. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, საქართველოში არის „ფეიკ“ დემოკრატია, ყველაფერი იმ პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული, რაც აქვს "ქართულ ოცნებას," ძალიან მალე „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ. თქვენ გახსოვთ, ორი ფაზა მძიმე კრიზისების, რაც იყო ქვეყანაში, ვფიქრობ, ვუახლოვდებით მესამე და გადამწყვეტ კრიზისულ ფაზას და „ქართული ოცნება“ ისევ შეეცდება სავაჭროდ გამოიყენოს პოლიტიკური პატიმრები, როგორც იყენებდა პირველი და მეორე ფაზის დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა გულისყურით, ამ ადამიანების გათავისუფლება არის ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა, მაგრამ მხოლოდ ამ ნაბიჯებით, ფონს ვერ გავალთ. ხალხი უნდა გაერთიანდეს, ყველა უნდა გავერთიანდეთ ევროპული არჩევანის წინაშე, ეს არის იმ საერთო დიდი სურათის ნაწილი, იმ ანტიევროპული, ანტიამერიკული განცხადებების გაგრძელებაა ეს ყველაფერი, მალე "ქართული ოცნება" დაგვაყენებს არჩევანის წინაშე - რუსეთი თუ ამერიკა, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი და ჩვენ ამას პასუხი უნდა გავცეთ,"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი