იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის შემდგომი მსოფლიო, განათლება, შრომის ბაზარი, მომავლის ადამიანი და საქართველოს პერსპექტივები. ასევე რჩევები ქართველი ახალგაზრდებისთვის, როგორ იყვნენ კონკურენტულები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში -ეს ის საკითხებია, რომელზეც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდ მოაზროვნეს, ავტორს საკულტო წიგნებისა: „საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია“, „ჰომო დეუსი - მომავლის მოკლე ისტორია“ და „21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის“, პროფესორ იუველ ნოა ჰარარისს ვესაუბრეთ.

- როგორ ფიქრობთ, რა არის უკრაინის ომის დასრულების ყველაზე საუკეთესო და ყველაზე უარესი სცენარები?

- დღეს სასწორზე დევს მთლიანად გლობალური წესრიგი: განვლილი ათწლეულები იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე აყვავებული, წარმატებული და მშვიდობიანი პერიოდი: ის არ იყო თავისუფალი პრობლემებისგან და ძალადობისგან, მე ვცხოვრობ ახლო აღმოსავლეთში და კარგად ვიცი, რამდენი პრობლემაა, მაგრამ 1945 წლიდან არც ერთხელ არ მომხდარა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანა უბრალოდ განადგურდეს, წაიშალოს რუკიდან გარე აგრესიის შედეგად. ეს ძალიან ჩვეულებრივი იყო ისტორიაში ოტომანი თურქების, რუსი „ცარების“, მონღოლების დროს, ასე ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ არა ბოლო დეკადებში, რადგან ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, გლობალური წესრიგის დამკვიდრება. ეს აისახა ბიუჯეტზეც, მთავრობებზეც. მთელი ისტორიის მანძილზე ხანები, სულთნები, მეფეები ფულის უდიდეს ნაწილს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, ჯარზე, შეიარაღებაზე, თავდაცვით ზღუდეებზე, ციხე-სიმაგრეებზე.

21-ე საუკუნის დასაწყისში თავდაცვითი ხარჯები საშუალოდ შეადგენს 6%-ს, რაც მთავრობებს საშუალებას აძლევს მეტი დახარჯოს ჯანდაცვაზე, განათლებაზე, კეთილდღეობაზე. ახლა ყველაფერი სასწორზე დაიდო რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი, ის შეეცადა გაენადგურებინა ქვეყანა, რომელიც არც კი ემუქრებოდა მას. მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას, რადგან მთელი მსოფლიოს დიქტატორები უყურებენ, რამდენად გაუვა მას ეს და ეს აგრეთვე გამოიწვევს თავდაცვის ბიუჯეტის ნახტომისებურ ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, გერმანიას უკვე მოუწია თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება. ფული, რომელიც უნდა წასულიყო ექთნებზე, მასწავლებლებზე, სოციალურ მუშაკებზე, სანაცვლოდ წავა ტანკებსა და რაკეტებზე. ჯერ კიდევ არ არის გვიან, თუ პუტინი დამარცხდება, თუ არ დავუშვებთ მის მოგებას, ამან შეიძლება პირიქით გააძლიეროს მსოფლიო წესრიგი, რადგან ყოველი სოციალური ნორმა, თუ მოძალადე შეეცდება მის დანგრევას და წარმატებას მიაღწევს, წესრიგი კოლაფსს განიცდის. მაგრამ თუ მოძალადე დამარცხდება და ამას ყველა დაინახავს, სოციალური ნორმა უფრო მყარი გახდება, რადგან დიქტატორები და მილიტარისტული რეჟიმები დაიმახსოვრებენ, რომ არ შეიძლება, დაუშვებელია სხვა ქვეყნის დაპყრობა და დანგრევა, მხოლოდ იმიტომ რომ შენ ეს გინდა. არ ვიცი რა მოხდება, ვერ ვიწინასწარმეტყველებ, მაგრამ ჩვენ ახლა ისტორიის ძალიან კრიტიკულ ფაზაში ვართ, როცა ორი სრულიად განსხვავებული არჩევანი გვაქვს.

- მოდით ვისაუბროთ დასავლეთის შეცდომებზე. რა არის ის შეცდომები, რომლებიც დასავლეთმა აღარ უნდა დაუშვას იმ გაკვეთილის გათვალისწინებით, რაც მან უკრაინაში რუსეთის ბოლო შეჭრის შედეგად მიიღო.

- ვფიქრობ, რომ დასავლეთის რეაქცია იყო უფრო სწრაფი და ერთიანი, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, მათ შორის, პუტინიც. უკრაინის დახმარება ძალზედ მასშტაბურია. ჰიტლერის და ჩეხოსლოვაკიის მსგავსად უკრაინისთვის არავის უთქვამს, დაუთმე, დაემორჩილე დიქტატორსო, პირიქით ეხმარებოდნენ მას. ფინეთმა და შვედეთმაც კი გადაწყვიტეს შეუერთდნენ ნატოს და უგზავნიან შეიარაღებას უკრაინას. ვხედავთ შვეიცარიას, რომელიც უწესებს სანქციებს რუსეთს. ჩვენ ვხედავთ ნავთობის მსხვილ კორპორაციებს, რომლებსაც გამოაქვთ ინვესტიციები რუსეთიდან. არავინ ფიქრობდა, რომ ეს მოხდებოდა. პუტინი ცდილობდა, რომ ეჩვენებინა მსოფლიოსთვის როგორ დასუსტდებოდა დასავლეთი. რეალურად კი მიაღწია საპირისპირო შედეგს: გააერთიანა დასავლეთი. შეიძლება მთელი დემოკრატიული მსოფლიო ამ კონფლიქტიდან გამოვიდეს უფრო ძლიერი და ერთიანი, ვიდრე ის იყო მანამდე და გააცნობიეროს, რომ აუცილებელია შეინარჩუნოს გაერთიანებული ფრონტი ასეთი ტიპის მილიტარისტი დიქტატორების წინააღმდეგ. ისინი ვინც ადანაშაულებენ დასავლეთს ომის დაწყებაში, რუსული პროპაგანდა, რომელიც ამბობს, რომ ნატო ფართოვდება და უკრაინის გაწევრიანება ნატოში რუსეთს სხვა არჩევანს არ უტოვებდა, ნონსენსია. არავინ აიძულა რუსეთი დაეწყო ომი, არავინ ემუქრებოდა მას. მე მინდა ვკითხო ადამიანებს, რომლებიც ამას ამბობენ: დაასახელეთ ქვეყანა, რომელსაც სურდა რუსეთის დაპყრობა, რუსეთში შეჭრა 2022-ში. როგორ ფიქრობთ, რომელია ეს ქვეყანა, გერმანიას სურდა რუსეთის დაპყრობა თუ ნაპოლეონი უნდა აღმდგარიყო მკვდრეთით და ფრანგული არმია მოსკოვისკენ დაეძრა?! ეს სასაცილოა, არავინ გეგმავდა რუსეთში შეჭრას. ეს მხოლოდ რუსეთის ლიდერების ფანტაზიები იყო.

- თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ვარაუდობდით, რომ პუტინს რამდენიმე წელი რომ მოეცადა, აშშ და ევროპა დაიშლებოდა არსებული შიდა კონფრონტაციებისა და კულტურული ომების შედეგად. როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი, მას შემდეგ, რაც უკრაინის ომი დამთავრდება.

- მე ვფიქრობ, რომ პუტინს რომ დაეცადა 5-10 წელი, დასავლეთი დაიხლიჩებოდა კულტურული ომებისგან მემარცხენეებს და მემარჯვენეებს, ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. შეხედეთ, რა ხდება აშშ-ში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. ვხედავთ რა ხდება ევროკავშირში "ბრექსიტითა" და ორბანის მსგავსი ლიდერებით, რომლებიც კავშირის საბოტაჟს ცდილობენ შიგნიდან. პუტინს მხოლოდ უნდა დაეცადა და მას შეეძლო წარმატებას მიეღწია. არ ვიცი, შეიძლება ის კვდება, შეიძლება მოუთმენელია, შეიძლება სწორად ვერ გათვალა, მაგრამ დასავლეთს გაუჩნდა გადარჩენის შანსი: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს კულტურული ომები დასავლეთის შიგნით, რადგან თუ დასავლეთი შეინარჩუნებს მთლიანობას, მას არავისი და აღარაფრის უნდა ეშინოდეს. ასე რომ, ყველაზე დიდი საფრთხე არის შიდა კულტურული ომი დასავლეთში. უკრაინელებმა ჩვენ მოგვცეს ინსპირაცია შთაგონება, რომ მთელი კულტურული ომები შეცდომას ეფუძნება: ის რომ არსებობს ნაციონალიზმი და ლიბერალიზმი და მემარჯვენე ირჩევს ნაციონალიზმს და მემარცხენე - ლიბერალიზმს, რადგან არ არის წინააღმდეგობა ამ ორს შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელები იბრძვიან ორივესთვის: თავისი ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და რომ დაამკვიდრონ ლიბერალური, თავისუფალი, ღია საზოგადოება, ისინი ერთად მიდიან, რადგან ნაციონალიზმი და ლიბერალიზმი გაერთიანებულია თავისუფლების იდეით. მსგავსად ამისა, პოპულისტი ლიდერები ამბობენ, რომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ნაციონალიზმსა და გლობალიზმს შორის, შენი ერის ერთგულებასა და უცხოელებთან კოოპერაციას, თანამშრომლობას შორის, თითქოს წინააღმდეგობა იყოს მათ შორის. ასე არ არის. ნაციონალიზმი არ ითვალისწინებს უცხოელების სიძულვილს. ის ნიშნავს შენი თანამემამულის სიყვარულს და ბევრ შემთხვევაში, იმისათვის რომ იზრუნო შენს თანამემამულეზე, გჭირდება უცხოელებთან თანამშრომლობა. უკრაინელებმა ეს გვაჩვენეს, რადგან ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ევროკავშირში გაწევრიანება. არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინელების პატრიოტიზმი გამოიხატება იმაში, რომ ისინი იბრძვიან არა მარტო ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, არამედ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და უცხოელებთან თანამშრომლობისთვის. და ამაში არანაირი წინააღმდეგობა არ არის.

- უკრაინის მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვინ იყენებს უკეთ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, საინფორმაციო ომის ტაქტიკებს. შეგვიძლია ვთქვათ რომ უკრაინა იგებს საინფორმაციო ომს? თუ უნდა ვისაუბროთ ორ პარალელურად საინფორმაციო მოდელზე, საინფორმაციო ომის ტაქტიკაზე. და თუ ასეა, როგორია უკრაინისა და რუსეთის საინფორმაციო ომის, საინფორმაციო რეალობის გეოგრაფიული საზღვრები (ანუ რომელ ქვეყნებზე ვრცელდება მათი საინფორმაციო გავლენა).

- დასავლეთში უკრაინელებმა სრულად გაანადგურეს რუსები საინფორმაციო ომში და ამან უზარმაზარი გავლენა მოახდინა დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარებაზე. ჩვენ ვხედავთ უკრაინის დროშებს ყველგან, შეიარაღების გაგზავნას, მოხალისეების დახმარებას, ფინანსურ ნაკადებს, ლტოლვილების შეფარებას. დასავლეთში უკრაინის გამარჯვება საინფორმაციო ომში თვალსაჩინოა. მაგრამ მსოფლიოს სხვა კუთხეებში განსხვავებული ვითარებაა. თავად რუსეთში ცენზურა, პროპაგანდა რუსი ხალხის უდიდეს ნაწილს საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებს იმის თაობაზე, თუ რა ხდება რეალურად და ცდილობს გამოურეცხოს ტვინი იმ ნონსენსით, რომ ისინი ებრძვიან ნაცისტებს. მსოფლიოს სხვა ადგილებში, ჩინეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში, უფრო იგრძნობა საინფორმაციო კონკურენცია. მაგრამ როცა ჩვენ ვუყურებთ მსოფლიოს უფრო დიდ სურათს, ყველაზე საინტერესოა სამკუთხედი: ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, რადგან რუსეთი დგას იმის საშიშროების წინაშე რომ ჩინეთის თოჯინა გახდეს. ყველა საუბარი, რომ რუსეთს უნდა ეშინოდეს ნატოს თავდასხმის, ნატოს არ ჰქონია გეგმები რუსეთის დაპყრობის. რუსეთისთვის რეალური საფრთხე აღმოსავლეთიდან მოდის. ურალის მთების აღმოსავლეთით რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიები 30-40 მილიონი მოსახლით და უთვალავი ტერიტორიული რესურსებით და აქ არის სივრცეები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის და ათწლეულებით წინ თუ გავიხედავთ, რუსეთი გახდება ჩინეთის მარიონეტი. იგივეა ინდოეთთან დაკავშირებით: ინდოეთს და რუსეთს ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდათ ათწლეულების განმავლობაში, ინდოეთი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსული შეიარაღებით მარაგდებოდა, მაგრამ თუ რუსეთი ჩინეთის მარიონეტი გახდება, მაშინ ინდოეთი გაწყვეტს მასთან თანამშრომლობას და მეტად დაუახლოვდება დასავლეთს, რადგან ინდოეთს ყველაზე მეტად ჩინეთთან ომის ეშინია და თუ ის შეიარაღებას რუსეთიდან იღებს, ხოლო რუსეთი ჩინეთის მარიონეტი იქნება, ინდოეთი ვეღარ ენდობა რუსეთს. ვფიქრობ, რომ უფრო ფართოდ მსოფლიოში, არა მხოლოდ საინფორმაციო ომში, არამედ პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაშიც, ეს სრულად შეცვლის ძალთა ბალანსს მსოფლიოში.

- რადგან ჩვენ დავიწყეთ საუბარი საინფორმაციო ომსა და ჩინეთზე, მოდით შევეხოთ ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემას მომავალ მსოფლიოში. როგორც თქვენ თქვით, ვინც აკონტროლებს ინფორმაციას, მონაცემებს, ის აკონტროლებს სამყაროს და ორ უდიდეს ქვეყანას: ჩინეთსა და ამერიკას, გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ შეაგროვონ მონაცემები, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში მსოფლიოს ქვეყნები გადანაწილდებიან, გაერთიანდებიან ამ ორი ღერძის - აშშ-სა და ჩინეთის გარშემო და მათ შორის ბალანსი შექმნის მომავალ უსაფრთხოების არქიტექტურას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვექნება მომავალში ქვეყნების ორი ბლოკი, რომელთაგან ერთი ეცდება მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ადამიანთა უპრეცედენტო კონტროლისთვის გამოიყენოს, მაშინ როცა, მეორე უფრო ჰუმანურ, ადამინზე ორიენტირებულ მიდგომას აირჩევს?

- დღეს ყველა ქვეყანა მსოფლიოში უნდა ხვდებოდეს, რომ ჩვენ იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის ახალ ფაზაში შევდივართ. ჩვენ შევდივართ დიჯითალური, ციფრული იმპერიების და მონაცემთა ბაზების კოლონიალიზმის ეპოქაში და წარსულში, თუ ქვეყნის გაკონტროლებისთვის გჭირდებოდა ჯარის იმ ქვეყანაში გაგზავნა, ახლა ქვეყნების კონტროლისთვის გჭირდება მისგან წამოიღო მონაცემები გარეთ. წარმოიდგინეთ სიტუაცია საქართველოში 20 წლის შემდეგ, როცა მთელ პერსონალურ ინფორმაციას ყველა ჟურნალისტის, მოსამართლის, პოლიტიკოსის, სამხედრო ოფიცრის თაობაზე, ფლობს ვიღაც პეკინში, სან ფრანცისკოსა თუ მოსკოვში, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნებისმიერი პირადი ურთიერთობა, მათ მიერ აღებული ქრთამი თუ ნათქვამი ხუმრობა, ყველაფერი მათ შესახებ. იქნება ასეთი ქვეყანა დამოუკიდებელი თუ კოლონია, რომელიც მისი მოქალაქეების შესახებ არსებული მონაცემებით იმართება?! რა მოხდება როცა მთელი ქვეყანა იმართება ძალიან რთული კომპიუტერული და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურით, რომელიც მოწოდებულია და კონტროლდება სხვა ქვეყნის მიერ, რადგან შენ თავად არ გაქვს ამისთვის საჭირო ტექნოლოგია. და ამ ტექნოლოგიის მომწოდებელი და მფლობელი ქვეყანა ხდება ახალი ტიპის იმპერია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვილი მონაცემები იგზავნება იმპერიის ჰაბში, ცენტრში, იქნება ეს ჩინეთი, აშშ თუ სხვა და გამოიყენება როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კონტროლისთვის, რადგან სულ უფრო მეტ ინდუსტრიებში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივები არის მონაცემთა ბაზები, თუნდაც ისეთ ძველ ინდუსტრიებში როგორიც ტექსტილის, მსუბუქი მრეწველობაა. თანამედროვე ტექსტილი მრეწველობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ბამბა და ქარხანა კი არ არის, არამედ ინფორმაცია იმის თაობაზე რა მოსწონს და რა არა - მომხმარებელს, ანუ ინფორმაცია ტრენდების შესახებ. როცა მთელი მონაცემები თავს მოიყრის მსხვილი კორპორაციების ხელში, როგორიცაა „ამაზონი“, „ალიბაბა“, ისინი გააკონტროლებენ ეკონომიკას შორეულ ქვეყნებშიც კი. ეს ახლა ის საფრთხეა, რომლის საქმის კურსშიც უნდა იყვნენ ქვეყნები. ამჟამად მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომელიც ლიდერობს რბოლას ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა შეგროვებაში და ისინი მსოფლიოს ერთმანეთში იყოფენ. "ცივი ომის" დროს ჩვენ გვქონდა რკინის ფარდა, ახლა გვაქვს „სილიკონის“ ფარდა. მსოფლიოს რომელი ქვეყანა რომელ მხარეს აღმოჩნდება: ამერიკულ მხარეს და იყენებ "გუგლს" და "ამაზონს" თუ ჩინეთის მხარეს ხარ და იყენებ "ალიბაბას" და "ბაიდუს". ეს კიდევ მეტად დაყოფს მსოფლიოს და ვიმედოვნებ, რომ პატარა ქვეყნები ერთმანეთთან კოოპერაციით, რაც შეიძლება სწრაფად ჭკვიანური, ბრძნული პოლიტიკის იმპელემენტაციით, რეალიზაციით შეძლებენ, რომ თავი დააღწიონ ამ იმპერიული გიგანტების სრულ კონტროლს და შექმნან მეტნაკლებად დაბალანსებული სამყარო. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დიდი დრო ამისთვის, რადგან ეს პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება.

- აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტისგან მომავალი საფრთხეებისგან ადამიანთა დასაცავად ახალი „უფლებათა ქარტიის“ აუცილებლობა ჩნდება, რომელიც დაიცავს ადამიანთა მოდგმას თანამედროვე ტექნოლოგიების მავნე მხარისგან. როგორი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ახალი ქარტია, რომ მან ამ მისიის შესრულება შეძლოს?

-რამდენიმე პრინციპია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ. პირველი არის ის, რომ ჩემს შესახებ არსებული ინფორმაცია უნდა გამოყენებულ იქნას არა ჩემი მანიპულირებისთვის, არამედ ჩემს დასაცავად. როცა მე ჩემს პირად ექიმს ვუზიარებ ჩემს უაღერსად პერსონალურ ინფორმაციას, მან ეს უნდა გამოიყენოს ჩემს დასახმარებლად და არა ჩემი მანიპულაციისთვის. უკანონობა იქნება თუ ექიმი ჩემს პერსონალურ მონაცემებს გაყიდის კორპორაციებსა თუ პოლიტიკურ პარტიებზე ჩემი მანიპულაციის მიზნით. იგივე წესი უნდა ვრცელდებოდეს დიდ კორპორაციებსა და მთავრობებზეც. შენ შეგიძლია მოაგროვო მონაცემები ჩემს შესახებ, მაგრამ ეს ჩემს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. მეორე პრინციპია: არასდროს დაუშვა ყველა მონაცემის ერთ ხელში მოხვედრა, ეს იქნება კორპორაცია, მაგალითად, "ამაზონი" თუ ხელისუფლება იმიტომ, რომ ეს არის გზა ტოტალიტარული დიქტატურისკენ. ის ვინც ყველაფერი იცის ყველას შესახებ, ის აბსოლუტური დიქტატორია. ამიტომ, მონაცემთა ბაზები დაყოფილი უნდა იყოს: ჩვენ უნდა გვქონდეს რამდენიმე ურთიერთდამაბალანსებელი სააგენტო თუ ინსტიტუტი. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებმა, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას, მაგალითად იმისთვის, რომ შეაჩერონ ეპიდემია, არ უნდა გაუზიარონ ეს მონაცემები პოლიციას ან ჩემს დამსაქმებელს. ისინი განცალკევებულნი უნდა დარჩნენ. მესამე პრინციპი კი შემდეგია: რაც უფრო მეტად ზრდი თვალთვალს ინდივიდზე, იმავდროულად უნდა გააძლიერო დაკვირვება დიდ კორპორაციებსა და მთავრობებზე. ანუ პროცესი უნდა მიდიოდეს არა მხოლოდ ქვემოდან ზემოთ, არამედ - ზემოდან ქვემოთაც. მათ გაცილებით მეტი იციან ჩემზე, მაშინ როცა მე მათზე ბევრი არაფერი ვიცი და ეს საფრთხის შემცველია, ეს არის გზა ტოტალიტარიზმისა და დიქტატურისკენ, მაგრამ, როცა ეს დაბალანსებულია, მაშინ დიდმა კორპორაციებმა ყველაფერი იციან ჩემს შესახებ, რადგან 21-ე საუკუნეში სხვაგვარად წარმოუდგენელია, მაგრამ ამავდროულად მეც ვიცი მათ შესახებ, მაგალითად როგორ იხდიან გადასახადებს, როგორია მათი პოლიტიკა და ურთიერთობები ხელისუფლებასთან. ამ შემთხვევაში გვექნება ბალანსი და ამის გაკეთება შესაძლებელია. ის ტექნოლოგიები, რომელიც ჩემი მონიტორინგისთვის გამოიყენება, უნდა გამოვნახოთ საშუალებები, რომ იმავე ტექნოლოგიებით მოვახდინოთ დიდი კორპორაციებისა და მთავრობების მონიტორინგი.

- რადგან ჩვენი საუბარი შეეხო დიდ კორპორაციებს, როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის მიდგომებს შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიზნებისა და არეალის თაობაზე და ვისი მიდგომაა უფრო ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული?

- მე ამ სფეროს ექსპერტი არ ვარ. არ ვარ დარწმუნებული რა არის მათი პოლიტიკა და მიზნები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ინდივიდები, რომლებიც არ წარმოადგენენ არავის, რომლებიც არ არიან არჩეული ამერიკელების მიერ, გვერდზე რომ გადავდოთ ადამიანები მსოფლიოს გარშემო, მათ აქვთ უზარმაზარი ძალა, რომ შექმნან კაცობრიობის მომავალი, ვინ მისცა მათ ეს ძალაუფლება, საიდან მოვიდა?! ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილად აქვს ძალა შეცვალოს სიცოცხლის ევოლუციის კურსი, მიმართულება დედამიწაზე, ეს წარმოუდგენელი ძალაა. ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში სიცოცხლე იყო ორგანული, შეხედეთ ჩვენს თავს, ადამიანებს, ძაღლებს, მცენარეებს, ბანანს ან პომიდორს. ჩვენ ყველანი ორგანულები ვართ და მოულოდნელად ჩვენ დავიწყეთ შექმნა არაორგანული არსებების, რომელთაც თავად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, რომელთაც დამოუკიდებლად მოძრაობა და მოქმედება შეუძლია. ეს უპრეცედენტოა. და ძალიან საშიშია, რომ პოლიტიკა და მოქმედებების კურსი ასეთი მნიშვნელოვანი განვითარების წყდება რამდენიმე მილიარდელი მაგნატის მიერ, რომლებიც არ წარმოადგენენ არავის, საკუთარი თავის გარდა.

- ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე საუბრისას, თქვენ ხშირად მიანიშნებთ უთანასწორობის მზარდ საფრთხეზე, რომელიც თავს იჩენს მდიდარ და განვითარებულ და პატარა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს შორის. და ახლა, სწორედ საქართველოზე საუბრის დროა. რა უნდა გააკეთოს საქართველომ და მისმა მსგავსმა ქვეყნებმა, რომ არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ წარმატებასაც მიაღწიოს ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში?

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ახალ ეპოქაში პატარა ქვეყნები უსუსურები არ არიან. შეხედეთ ჩემს ქვეყანას, ისრაელს, შეხედეთ ესტონეთს, მაგალითად. მათ დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მაგრამ გასაღები არის სხვადასხვა ქვეყნების კოოპერაცია. მაგალითად, თუ თქვენ ადარებთ საქართველოს ან ესტონეთს აშშ-სა და ჩინეთს, რა თქმა უნდა, ბალანსზე საუბარი ვერ იქნება. მაგრამ თუ ყველა ევროპული ქვეყანა ერთად იმუშავებს, არა მხოლოდ რეგულაციებთან მიმართებაში საერთო პოლიტიკის გატარების კუთხით, მაგალითად, კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე, არამედ გადაწყვეტს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთობლივ მშენებლობას, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ამერიკას, განსხვავებული პრინციპების მიღების კუთხით, ეს უკვე შექმნის რეალურ ბალანსს და გააჩენს გენერალური კურსის ცვლილების შანსს ამ ტექნოლოგიების განვითარებაში. ვფიქრობ, ორი ძირითადი საკითხია: თანამშრომლობა, კოოპერაცია სხვა ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით საუკეთესო პოლიტიკის გატარება, თუ როგორ დაიცვა საქართველოს მოქალაქეების მონაცემების კონფიდენციალობა, რომ არ იქნეს მოპოვებულ-გამოყენებული ძლიერი ინტერეს-ჯგუფების მიერ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ. და ასევე, როგორ გაანათლო ახალი თაობები სრულიად ახალ სამყაროში, რადგან 21-ე საუკუნეში განათლების საკვანძო საკითხი არის ის, რომ არავის არ აქვს წარმოდგენა, როგორი იქნება მსოფლიო და დასაქმების ბაზარი 2040 წლისთვის. ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა უნარები იქნება საჭირო, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიცდით 2040 წლამდე, ჩვენ დღეს უნდა მივცეთ განათლება ხალხს. მე აქცენტს გავაკეთებ არა კონკრეტული უნარის სწავლებაზე, რადგან არ ვიცი, იქნებ ეს უნარი 2040-ისთვის ავტომატიკით ჩანაცვლდება, არამედ ვასწავლიდი ხალხს როგორ იცხოვროს უწყვეტი სწავლების და ცვლილებების რეჟიმში მთელი ცხოვრების განმავლობაში, ისევ და ისევ ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი თავი, რაც საკმაოდ სტრესულია, ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული. მე ხაზს გავუსვამდი მოქნილი, ღია გონების, აზროვნების საჭიროებას ადრეული ასაკიდან, რათა გაუმკლავდე, მოერგო ახალი სამყაროს თანმდევ უსწრაფეს ცვლილებებს.

- და ისევ, რა იქნება თქვენი ყველაზე ღირებული რჩევა ქართველი ახალგაზრდებისადმი: რა უნდა გააკეთონ მათ, რომ იყვნენ კონკურენტულები განათლების და შრომის გლობალურ ბაზარზე?

- ვერავინ იწინასწარმეტყველებს როგორი იქნება გლობალური შრომის ბაზარი 2040 წელს, რომელი პროფესიები გაქრება და რომელი გაჩნდება და რა უნარები იქნება აუცილებელი. დღეს ბევრი ცდილობს ისწავლოს კოდირება, რადგან უზარმაზარია მასზე მოთხოვნა, მაგრამ იქნებ 20 წლის შუალედში კოდების წარმოება-შექმნა ავტომატიზებული გახდეს?! შეიძლება რაღაც უნარებზე, მაგალითად, ფსიქოლოგიურ უნარებზე გაჩნდეს მოთხოვნილება, რადგან ჩვენ ვხედავთ სულ უფრო მეტ კორპორაციებს, რომლებიც შეჭიდებულნი არიან ბევრ სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საკითხებს, რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებენ, იმისთვის რომ კარგი პროდუქტი გამოუშვან. იმისათვის, რომ გააკეთო თვითმართვადი მანქანა, მძღოლის გარეშე, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები გზაზე, შენ გჭირდება ინჟინრებისა და პროგრამისტების გარდა ფილოსოფოსებიც, რათა მანქანას ასწავლონ პასუხები და რეაგირება უძველეს კითხვებზე, მაგალითად როგორ მოიქცეს როცა ბავშვს ეჯახება და გვერდის აქცევის ერთადერთი გზა არის დაეჯახო კედელს ბავშვის მაგივრად და ამით შესაძლოა საფრთეში ჩააგდო და დააზიანო შენი საკუთარი მანქანის მგზავრი. ამ საკითხებზე ათასობით წელია მსჯელობენ ფილოსოფოსები, მაგრამ ახლა შენ გჭირდება რომ შეიმუშავო პროგრამა, რომელიც ამ კითხვას ალგორითმის დონეზე გასცემს პასუხს და შენ გჭირდება ფილოსოფოსები, რომლებიც ამ ალგორითმს ინჟინრებთან და პროგრამისტებთან ერთად გამართავენ. მეორე მაგალითი, მედიცინის სფეროდან: როგორც წესი, ხალხი ფიქრობს, რომ ექიმობა გაცილებით პრესტიჟულია, ვიდრე ექთნობა. მაგრამ ექიმი მხოლოდ დიაგონზს სვამს და მკურნალობას გინიშნავს. შენ მიდიხარ ექიმთან, იტარებ მის მიერ დანიშნულ ანალიზებს, რომელთა საფუძველზე ექიმი გისვამს დიაგნოზს და გინიშნავს მკურნალობას. ამ პროცესის ავტომატიზაცია ძალიან ადვილია, რადგან მარტივად: მონაცემები შემოდის და გადის. რაც შეეხება ექთანს, რომელმაც მაგალითად სახვევი უნდა გამოუცვალოს ატირებულ ბავშვს - ეს არ არის მონაცემი, მას სჭირდება კარგი ადამიანური და მოტორული თვისებები, კარგი ფსიქოლოგიური თვისებები, რათა მიხედოს მტირალ ბავშვს. გაცილებით უფრო რთულია ავტომატიკით ჩაანაცვლო ექთნის საქმიანობა, ვიდრე - ექიმისა. ასე რომ, არ არის მარტივი გაგება, რა უნარები, ცოდნები და თვისებები იქნება საჭირო მომავალში.

- თქვენს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, თქვენ ხაზი გაუსვით, რომ მთავარი მიზანი, რის მიღწევასაც დასავლეთი უნდა ეცადოს უკრაინაში, არის არა ომის, არამედ მშვიდობის მიღწევა. ჩვენთვის, ქართველებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობამ და ომის შემდეგ შექმნილმა ახალმა უსაფრთხოების ფარმამ მოიცვას საქართველოც. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ და დასავლეთმა ერთად ამ მიზნის მისაღწევად?

- მე არ ვარ ექსპერტი უშუალოდ საქართველოს საკითხებთან მიმართებით და კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ მიგითითებთ, როგორც თქვით, ევროპამ უნდა მოიგოს არა მხოლოდ ომი, არამედ - მშვიდობა, რაც არა მხოლოდ უკრაინის აღდგენას ნიშნავს, არამედ ინვესტირებასაც, რათა უკრაინა იქცეს აყვავებულ ქვეყნად. ეს იქნება ის, რაც დაიცავს ევროპას ნებისმიერი მომავალი რუსული საფრთხისგან. ეს გაცილებით უკეთესი დაცვაა, ვიდრე ტანკები და რაკეტები, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს შთააგონებს რუსეთის მოსახლეობას, იგივეს მიაღწიოს საკუთარ ქვეყანაში. და ეს მიდგომა უნდა გავრცელდეს საქართველოზეც, თუ დასავლეთი არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებაში დაეხმარება, არამედ წარმატების მიღწევაშიც, რათა გახდეს კეთილდღეობის ქვეყანა, შეიძლება გარშემო მყოფმა ქვეყნებმა, რომლებიც დიქტატურის გზას ადგანან, საქართველოს მაგალითზე თქვან, შეხედე, რამდენად წარმატებულია ის. ეს ერთგვარად საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა, რადგან მეზობელ ქვეყნებს დემოკრატიისკენ წაახალისებს, რადგან დემოკრატიებში ფული საკუთარი მოქალაქეების ჯანდაცვასა და განათლებაში იდება, როცა დიქტატორი ფულს დებს საიდუმლო პოლიციაში, ტანკების და რაკეტების წარმოებაში. რა თქმა უნდა, ბევრი რამეა დამოკიდებული მიმდინარე ომის შედეგებზე და ასევე, დიდი შესაძლებლობებიც არის აქ, რადგან რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე იყო ომამდე და ხალხი მიხვდა, რომ ის გაცილებით სუსტი ქვეყანაა, ვიდრე წარმოედგინათ. ასე რომ, სწორი მიდგომის შემთხვევაში, არის შანსი რომ ომის მოგების შემდეგ, მოიგოთ მშვიდობაც.

- რადგან დრო გვეწურება, მოდით ბოლო შეკითხვას დაგისვასამოქალაქო ნაციონალიზმზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნი გაკვეთილი, რაც უკრაინამ მისცა მსოფლიოს, არის ის თუ სამოქალაქო ნაციონალიზმი როგორ მუშაობს რეალობაში. თქვენ გჯერათ, რომ მომავალი ეკუთვნის სამოქალაქო ნაციონალიზმს და თუ ეს ასეა, რა უნდა გაკეთდეს, რომ სამოქალაქო ნაციონალიზმმა აჯობოს ეთნიკურ ნაციონალიზმს საქართველოს მსგავს მულტიეთნიკურ ქვეყნებში?

- მთავარი მესიჯი, რომელიც უნდა ვიმეოროთ არის ის, რომ ნაციონალიზმი არ არის სიძულვილი, ის - სიყვარულია. ნაციონალიზმი არ არის უცხოელების ან უმცირესობების სიძულვილი, ნაციონალიზმი არის შენი თანამოქალაქეების სიყვარული და ომის დროს შენს პატრიოტიზმს აჩვენებ შენი ქვეყნისთვის ბრძოლით ან სამხედროებზე ზრუნვით, მაგრამ უმეტესწილად, საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ ომში ჩართულები და შენი პატრიოტიზმის, სამოქალაქო ნაციონალიზმის დამტკიცება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება, მაგალითად, გადასახადების გადახდით, შენი მოვალეობების პატიოსნად შესრულებით, რადგან არიან პოპულისტი ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ ის პატრიოტია, რადგან სძულს უმცირესობები. ეს არ არის პატრიოტიზმი, ეს უბრალოდ სიძულვილია. რა არის გადასახადები კარგ ქვეყანაში?! მე ვიხდი ჩემს გადასახადებს და ვიღაც, ვინც არ არის ჩემი ოჯახის წევრი ან ჩემი მეგობარი, მაგრამ ჩემი ერის წარმომადგენელია, მას ექნება კარგი ჯანდაცვა და ანალოგიურად, თუ მე მინისტრი ვარ და შესასრულებელი მაქვს გზების აგების დიდი კონტრაქტი და მას ჩემს ბიძაშვილს მივცემ, რომელსაც ცუდი შემოთავაზება აქვს, ან მივცემ მას შესასრულებლად უცხო ადამიანს უკეთესი პროექტით, რადგან ეს ემსახურება საზოგადოების ინტერესს და არა ჩემი ოჯახის ან მეგობრების. თუ ჩვენ გვემახსოვრება, რომ ეს არის პატრიოტიზმი და არა - სიძულვილი, ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორ გზას დავადგებით, ვადგავართ.

ხათუნა ლაგაზიძე

"პალიტრანიუსი"

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია