ვასილი სოლომიჩუკი - მტერი ცდილობს, ლუგანსკის ოლქი სრულად მოკვეთოს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას, მაგრამ ჩვენი მეომრების თავდადებით არაფერი გამოსდის

ომამდე ამას არ გავიფიქრებდი, მაგრამ ახლა კატეგორიულად ვერ უარვყოფ, რომ ბელარუსი დარტყმას არ მოგვაყენებს, - ამის შესახებ ლვოვის პოლიციის ბატალიონის უფროსის მოადგილე ვასილი სოლომიჩუკმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა საზღვრებს ბელარუსის სავარაუდო დარტყმისგანაც დაიცავს.

„ბელარუსს არც ისე საიმედო ადამიანი მეთაურობს, რომლისგანაც ნებისმიერი რამაა მოსალოდნელი. მისი და რუსეთის პრეზიდენტის გეგმების განჭვრეტა ძნელია. უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ თავი დაიცვას და 2022 წლის 24 თებერვალი აღარ გამეორდეს. დავიცავთ საზღვრებს და მათ შორის ბელარუსის სავარაუდო დარტყმისგანაც“, - განაცხადა ვასილი სოლომიჩუკმა.

გარდა ამისა, სოლომიჩუკის განცხადებით, ოკუპანტებს სურთ, ლუგანსკის ოლქი სრულად მოკვეთონ დანარჩენ უკრაინას და ცდილობენ, დაიკავონ ბახმუტის ტრასა - ერთადერთი მაგისტრალი, რომელიც ოლქს დანარჩენ უკრაინასთან აერთებს.

„ამჟამად მე ვარ იმ ტერიტორიაზე, რომელიც განლაგებულია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს შორის, ეს სასაზღვრო მონაკვეთია, ეს არ არის ცეცხლის ხაზი, მაგრამ ფრონტის ხაზი ახლოსაა. მტერი ცდილობს, ეს მონაკვეთი ჩაიგდოს ხელთ და ლუგანსკის ოლქი სრულად მოკვეთოს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას, მაგრამ ჩვენი მეომრების თავდადებით მას არაფერი გამოსდის და ჩვენი ჯარისკაცები ინარჩუნებენ იმ პოზიციებს რომლებზეც ისინი დგანან და რომლებსაც იცავენ.

ლუგანსკის ოლქში ამჟამად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევაკუირებულია და დარჩა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც თავის საცხოვრებელში დარჩენა გადაწყვიტა.

დონეცკის ოლქს რაც შეეხება, იქ სიტუაცია ასევე ძალიან სახიფათოა. იქ არ არის დაცული ადგილი, შეიძლება დაცული ადგილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ თავშესაფრები, მაგრამ ოკუპანტები იყენებენ მძიმე ყუმბარებს, რომლებიც ანგრევენ ბომბ საწინააღმდეგო საფარებსაც კი, ამიტომ ორივე ოლქში, უსაფრთხოება პრაქტიკულად არ არსებობს“,- განაცხადა ვასილი სოლომიჩუკმა.

რაც შეეხება უკრაინის სხვა ტერიტორიებს, სოლომიჩუკი ამბობს, რომ პრაქტიკულად განადგურებულია ქალაქი რუბეჟნოე.

„ქალაქი რუბეჟნოე დღესდღეობით პრაქტიკულად განადგურებულია. იქ აღარ არსებობს არცერთი საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული ნაგებობები, სამრეწველო დაწესებულებები აბსოლუტურად დანგრეულია. ეს არის გადამწვარი მიწის ტაქტიკა, რომელსაც მტერი იყენებს“, - განაცხადა ვასილი სოლომიჩუკმა.

მან ასევე ისაუბრა მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი განადგურებულია.

„მარიუპოლი ძალზე ახლოა ჩვენს გულებთან. ომამდე ჩემი შენაერთი სწორედ იქ იყო განლაგებული, ამიტომ მარიუპოლი მთელი უკრაინის სულიერი ტკივილია. ყველაფერი განადგურებულია. ნანგრევებში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს ყველაფერი რომ მიჩქმალონ, ოკუპანტები ადგილობრივი მოსახლეობის გამოყენებითაც კი, ცდილობენ, გაასუფთაონ ეს ნანგრევები, იქიდან ცხედრები გამოიტანონ და გაურკვეველ ადგილზე მიწას მიაბარონ“, - განაცხადა ვასილი სოლომიჩუკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა