ელენე ხოშტარია - უახლოეს კვირებში წყდება ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი, ისტორიული, საკითხი, საქართველოს ევროპული პერსპექტივა - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

უახლოეს კვირებში წყდება ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი, ისტორიული, საკითხი - საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ეს შესაძლებელი გახადა უკრაინის გმირულმა ბრძოლამ და დასავლეთის სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ, რომ საბოლოოდ დაამარცხოს ბოროტების იმპერია - რუსეთი, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი ევროპულ პერსპექტივას იმსახურებს.

„საქართველომ ამ ბრძოლაში უკვე მიიღო მონაწილეობა. საქართველო იმსახურებს ამ პერსპექტივას - ამას ის თაობა იმსახურებს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, რომელიც 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის თავისუფლებისა და ევროპულ იდეას შეეწირა. ამას იმსახურებენ ის ადამიანები, რომელთაც ჭუბერი გამოიარეს და გმირულად იბრძოდნენ რუსეთთან არაერთი საომარი მოქმედებების დროს.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხშიც მოახერხა გამყოფი ხაზების შემოიტანა. მათ გადაწყვიტეს, ობსტრუქცია მოუწყონ საკუთარ ისტორიას, საკუთარ მომავალს. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრალს სდებს ისეთ ავტორიტეტულ გამოცემას, როგორიც არის CEPS, თითქოს იქ საიდუმლო ავტორები არსებობენ. ბატონო ირაკლი, პირდაპირ მოგმართავთ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენ ხმამაღლა და ამაყად ვამბობთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

მან ასევე ხელისუფლებას მოუწოდა გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ პატიმრობაში მყოფი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

„ასევე ხმამაღლა და კატეგორიულად მოგმართავთ, მოხსენით ის ბარიერები, რაც დღეს აფერხებს ჩვენს ევროპულ მომავალს. კერძოდ, გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია, როგორც ამას გეუბნებათ Amnesty International-ი, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ“ - ეს მათი სიტყვებია. მიეცით მკურნალობის საშუალება საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მორჩით ძალადობრივი ჯგუფებით ქვეყანაში დაპირისპირების ცემა-ტყეპის მოწყობას. მორჩით პოლიციის შენობაში ადამიანების ცემას. გაათავისუფლეთ სასამართლო, რომლის ერთ-ერთი წევრი ნიკა გვარამიას საქმის გამო უკვე სანქცირებულია. გადადგით ეს ნაბიჯები და ნუ უშლით ხელს საქართელოს ევროპულ პერსპექტივას.

არცერთ პოლიტიკურ კონიუნქტურასა თუ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, ჩვენი წინაპრებისა და მომავლის წინაშე, რომ ეს პროცესი გააჩეროს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართელოს ყველა კუთხიდან და ვუთხრათ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი