მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთს თქვენ მიერ მოგონილი ტერმინის - „შავი ხვრელის"  შექმნის საშუალება მივცეთ

ოპოზიციისგან არ მიგვიღია პასუხი კითხვაზე: ამ მოცემულობით საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს - არაფრით არ უნდათ კონკრეტულად ასეთი ფორმულირებით კითხვაზე პასუხის გაცემა, - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, საქართველოს მიერ მოქმედებები უკრაინის მიმართ მიმდინარეობს, როგორც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით.

„საქართველო უერთდება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უფრო მეტიც, ჰააგაშიც კი მიმართვის თანაავტორია. ფაქტია, რომ 200-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას და მხარდამჭერ აქტს შევუერთდით, ვართ თანაავტორები და თანასპონსორები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამის პარალელურად ოპოზიცია უამრავ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტი აპირებს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს დაწესებულებებში რუსულენოვანი სექტორის აღდგენას. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოგონილი „ფეიკ ნიუსი". „ბათუმში რუსული სკოლა იხსნება, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთეს, ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა სასწრაფო წესით დაიწყო, ლარსთან, გაურკვეველი ნომრებით გადაადგილდება სამხედრო ტექნიკა, რომელიც რუსეთის მიმართულებით დადის“, - ყველა ეს არის „ფეიკ ნიუსი" და ტერმინი „შავი ხვრელი".... ეს ტერმინი თავად მოიგონეს და ბოლოს ამ კამპანიით მივიდნენ იქამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს წერენ წერილს - თუ რას აკეთებთ ამ „შავი ხვრელის" გამოსარიცხად. ამბავი მოიგონეს და გვეუბნებიან - ნუ ვაკრიტიკებთ, ნუ ვესხმით თავს ევროპარლამენტარებს, კონკრეტულ ადამიანებს. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ თავს ვიცავთ, ამას ოპოზიცია თავდასხმას ეძახის. ანუ, რომ გცემენ ხელი არ უნდა შეუბრუნო - ეს არის თავდასხმა და ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს. ამ ლოგიკით ცდილობთ ევროპულობის დამტკიცებას - ეს ცალკე პარადოქსია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს, რადგან ეს, ოკუპანტ ქვეყანას ვერ დააზიანებს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს დააზიანებს.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს მიერ მოგონილი ტერმინი ე.წ. „შავი ხვრელი" - ამისი შექმნის საშუალება მივცეთ რუსეთს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი