გიორგი კანაშვილი - ღარიბაშვილის განცხადებას რეკონსტრუქციას თუ გავუკეთებთ,  სააკაშვილი ყოფილა სუპერძალების მქონე ვანგა კვადრატში, რომელმაც ყველაფერი იცოდა

სააკაშვილი ყოფილა სუპერძალების მქონე ვანგა კვადრატში, რომელმაც ყველაფერი იცოდა, - ასე ეხმაურება კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად ჩამოვიდა.

გიორგი კანაშვილის თქმით, არა თუ მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში ომის დაწყების თარიღი წინასწარ საფრანგეთისა და აშშ-ის დაზვერვამაც კი ვერ დაადგინა.

„რასაც ღარიბაშვილი ამბობს, რეკონსტრუქციას თუ გავუკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი რომ მოდიოდა შარშან კონტეინერით, მან უკვე იცოდა, რომ პუტინი აპირებდა შეჭრას და ამას რა მოჰყვებოდა და აქ მეორე ფრონტისთვის მოდიოდა. საფრანგეთის დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გააგდეს, ვერ მიხვდიო, ამერიკული დაზვერვაც ჩავარდა მნიშვნელოვანწილად, თვითონ უკრაინელები ბოლო მომენტამდე იძახდნენ რუსები შემოჭრას არ აპირებენო და სააკაშვილი ყოფილა სუპერძალების მქონე ვანგა კვადრატში, რომელმაც ყველაფერი იცოდა“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდებები რომ მუშაობს და „ქართული ოცნება“ ოპოზიციას უგებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ განსაკუთრებული სტრატეგები ჰყავთ, არამედ ოპოზიციის მხარეს არის ანალიზის პრობლემა.

„ჩვენ „ქართულ ოცნებაში“ კი არ გვყავს განსაკუთრებული სტრატეგები და მოაზროვნეები, მოდი, სიმართლე ვთქვათ, აქეთ მხარეს გვაქვს პრობლემები, ძალიან სერიოზული, ელემენტარული ანალიზის პრობლემები გვაქვს ოპოზიციაში. პრობლემაა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყლაპავს ყველა მცირე პარტიას და ეს პარტიები ვერ ახერხებენ საკუთარი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

გიორგი კანაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება ყველაფერს კარგად აკეთებს, ოპოზიციას ძალიანაც რომ უნდოდეს, ევროინტეგრაციის პროცესს ვერ შეაჩერებს.

„თუ ხელისუფლება კარგად მართავს ქვეყანას, შესაბამისად თხოვნისა, რასაც ევროპელები შემოგვითვლიან ხოლმე, ვერანაირი ოპოზიცია, ძალიანაც გულით რომ უნდოდეს ამ პროცესის შეჩერება, ამ პროცესს ვერ შეაჩერებს - 2X2 არის 4. ეს ყველამ კარგად იცის და „ქართული ოცნების“ განცხადებები უბრალოდ შიდა მოხმარების პროდუქტია“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი გლადიატორთა შერკინებას დაემსგავსა.

„გახსოვთ რამე თემა პარლამენტში, რომელზედაც მიდიოდა საგნობრივი განხილვა და სადაც არ იყო პირველი თანრიგის ამოცანა ერთმანეთის დადანაშაულება? გასაგებია, რომ ყველა პარლამენტში არის დისკუსიები, დებატები, ურთიერთბრალდებები, მაგრამ 50-60% საქმეზე საუბარია. ჩვენი პარლამენტი კი ფაქტობრივად თეატრალიზებული, გლადიატორთა შერკინებაა“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა