ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე - კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც სამწუხარო და შემაშფოთებელია

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე. კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უაღრესად შემაშფოთებელია, როცა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება.

„პირველ რიგში, შევეხებით არაერთ, შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს.

რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როცა სააკაშვილი დღესაც, სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის ცნობილია. 2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არცერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში არცერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როცა კონკრეტული პირები ახერხებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუცია ძირითადად აგებულია 5 ივლისის მოვლენების აღწერაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დაგმო ჟურნალისტებზე ძალადობა, რომელიც იყო სრულიად უპრეცედენტო მოვლენა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში. 2004-2012 წლებში ხელისუფლება ძალადობდა ამ ფორმით ჟურნალისტებზე, თუმცა რიგითი მოქალაქეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ არის განმარტებული, ის ფაქტი, რომ 12 სისხლის სამართლის საქმეზე, 31 ადამიანი იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, რაც არ მგონია რეზოლუციის მხოლოდ ტექნიკური ნაკლოვანება იყოს. 5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ხუთი ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება, მაგალითად საქართველოს პარლამენტი და მისი აპარატი სრულიად სხვა სტანდარტით მუშაობს. ნებისმიერი დოკუმენტის დამტკიცებამდე პარლამენტის აპარატი ყველა ფაქტობრივ გარემოებას ამოწმებს და პარლამენტს თავის დასკვნას სათანადო პროფესიული პასუხისმგებლობით წარუდგენს,“- განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა