კურტ ვოლკერი - ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირი მიიღებს, იქნება კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის და ასევე კანდიდატის სტატუსი ან სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები საქართველოსა და მოლდოვისთვის

ევროკავშირი და ნატო გაფართოვდნენ 1990-იან და 2000-იან წლებში და ბევრმა ქვეყანამ შეძლო მათ შეერთებოდა. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დატოვება ევროკავშირის მიღმა იყო ევროპის შეცდომა და მომავალშიც საფრთხეს შეუქმნის მას, თუ რამეს არ ვიღონებთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკებების საკითხებში და აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა განსხვავდებიან ერთმანეთისგან. როგორც ვოლკერმა აღნიშნა, მათ ჰქონდათ განსხვავებული წარმატებები და გამოწვევები ბოლო წლების მანძილზე.

„ეკონომიკური რეფორმებისა და ევროპული სტანდარტებისა თუ რეგულაციების დანერგვის კუთხით საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა.

ბოლო წლების მანძილზე ბევრი დადებითი ცვლილება მოხდა მოლდოვაში. უკრაინას გარკვეული პერიოდის მანძილზე არ ჰქონია ბევრი რეფორმა, თუმცა ახლა დიდი მონდომებით ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამავდროულად, უკრაინა თავს იცავს რუსეთისგან. სამივე შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება.

ევროკავშირი და ნატო გაფართოვდნენ 1990-იან და 2000-იან წლებში და ბევრმა ქვეყანამ შეძლო მათ შეერთებოდა. რუსეთმა ჩათვალა, რომ შეუძლია თავს დაესხას იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებების წევრები. ის თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, მას ოკუპირებული აქვს მოლდოვის ნაწილი, 2014 წელს ის თავს დაესხა უკრაინასაც და ყირიმი და დონბასის ნაწილი მიითვისა. ამ ქვეყნების დატოვება ევროკავშირის მიღმა იყო ევროპის შეცდომა და მომავალშიც საფრთხეს შეუქმნის ევროპას, თუ რამეს არ ვიღონებთ“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მისი თქმით, საქართველომ ამ სიტუაციას უნდა შეხედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ვოლკერმა აღნიშნა, ომის გამო შეიძლება უკრაინის პროგრესი უფრო სწრაფად მოხდეს, თუმცა საქართველომ თავს უფლება არ უნდა მისცეს უკრან დარჩეს. მისი თქმით, რაც არ უნდა იყოს ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა გააგრძელოს ეს გზა.

„ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირი მიიღებს ორ კვირაში, იქნება კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის და ასევე კანდიდატის სტატუსი ან სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები საქართველოსა და მოლდოვისთვის. საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - განავითაროს დემოკრატია, კეთილდღეობა, გახდეს დაცული ქვეყანა. მათი მიღწევა კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლას. იმის მიუხედავად თუ როდის მოხდება ინტეგრაცია, მიმართულება იგივე უნდა იყოს. რაც არ უნდა იყოს ევროკავშირის გადაწყვეტილება ორ კვირაში, ეს იქნება ათვლის ახალი წერტილი საქართველოსთვის“, - განაცხადა ვოლკერმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა