ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე - მთავრობის გადაყენების თავი თუ გაქვს, იმის თავი არ გაქვს, რომ რაღაცები შეასრულებინო? - ასე უკუღმა რატომ ლაპარაკობენ, არ მესმის

ახლა ოპოზიციის მიერ ნათქვამს, რომ ჩვენ გვინდა პირდაპირ მთავრობა გადავაყენოთ და რაც დაგვავალეთ ის არ გვაინტერესებს, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად გამოიყენებს - შედეგი იქნება, რომ დავშორდებით ევროპას. ასე უკუღმა რატომ ლაპარაკობენ, არ მესმის, - ამის შესახებ „მოქალაქეებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ორი არჩევანია: ან ევროკომისიის მიერ გაცემული მოთხოვნები უნდა შევასრულოთ ან საქართველოს ხელისუფლება შევცვალოთ. ალეკო ელისაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მის შესრულებაზე ყველამ ერთად უნდა იფიქროს.

„ახლა ყველამ უნდა მოვინდომოთ. ძალიან კონკრეტული დრო გვითხრეს და ძალიან კონკრეტული დავალებები გვაქვს. ან ეს უნდა შევასრულებინოთ ხელისუფლებას, ან ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ „ქართული ოცნება“. წინასწარ რომ იძახი, „ესენი მაინც არაფერს შეასრულებენ, ამიტომ ეს მთავრობა გადავაყენოთ“, მთავრობის გადაყენების თავი თუ გაქვს, იმის თავი არ გაქვს, რომ რაღაცები შეასრულებინო?! - ეს პუნქტები როგორ უნდა შეასრულოს? მარტო „ქართული ოცნების“ შესასრულებელია, თუ ერთად უნდა ვიფიქროთ?! - ის დავალებები მისცეს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას,“ არამედ გვითხრეს ყველას. ამ ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომლის წილი არის ძალიან დიდი და ოპოზიცია, რომელსაც ასევე, აქვს პასუხისმგებლობა. ახლა ოპოზიციის მიერ ნათქვამი, რომ ჩვენ გვინდა პირდაპირ მთავრობა გადავაყენოთ და რაც დაგვავალეთ ის არ გვაინტერესებს, ამას „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად გამოიყენებს, - ერთი, რომ არაფერი გააკეთოს, მეორე „გააშავოს“ ოპოზიცია. შედეგი იქნება, რომ დავშორდებით ევროპას. ასე უკუღმა რატომ ლაპარაკობენ, არ მესმის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნით ზეწოლა იქნება, როგორც ქართველი ხალხის მხრიდან ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთიდანაც. „კობახიძემაც კარგად იცის, ღარიბაშვილმაც, დღევანდელი მისი პრესკონფერენცია ამის დასტურია, რომ ისეთი ზეწოლა იქნება საქართველოზე დასავლეთიდან და შიგნით იმხელა აფეთქება იქნება ხალხის, - რუსთაველზე ხომ ნახეთ?! არც კოორდინატორებს მოუყვანია, არც არავის დაურიგებია ფული, არც ავტობუსებით ჩამოუყვანიათ, არც კოსმოსური რაკეტებით. ეს ხალხი იყო გულწრფელად და არავის დაძახილზე მისული, - ასე რომ, შიგნითაც იქნება არანორმალური მღელვარება და ვერაფერი დაუდგება იმ ხალხის მრისხანებას წინ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია