თენგიზ ფხალაძე - 2014 წლიდან 2018 წლამდე ნატო-ს ყველა სამიტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, არცერთი სამიტის შედეგად არ მახსოვს საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი სუსტი ჩანაწერი

თუ გინდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, უნდა გახდე ნატო-ს წევრი. როგორც კი ნატო იღებს გადაწყვეტილებას, რუსეთის რიტორიკა რჩება რიტორიკად. იგივე არის საქართველოს შემთხვევაშიც, - ამის შესახებ ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ გამართული ნატო-ს მადრიდის სამიტი ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიტი იყო ნატო-ს ისტორიაში ბევრი მიზეზის გამო - პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იყო გაფართოების სამიტი, თანაც იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ერთი წლის წინ ნატო-ს გაფართოებას არავინ ელოდა. ორი ნეიტრალური სახელმწიფო: შვედეთი და ფინეთი, რომელთაც გადაწყვიტეს რუსეთის მზარდი აგრესიის ხარჯზე მიეღოთ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, ყველა კანდიდატს ასწრებენ და ხდებიან ნატო-ს წევრები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი იმიტომ, რომ ყბადაღებული MAP-ის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, თუ უკვე არ დამთავრდა, რადგან პრეცედენტი იქნა დაშვებული. ასევე საუბარი იმის შესახებ, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა და ნატო არ გაფართოვდება ისე, რომ რუსეთთან მეტი საზღვარი ჰქონდეს, ამაზე საუბარი უკვე აღარ არის. ყველაზე მეტი ნატო საზღვართან ახლა მიიღო რუსეთმა. მესამე მომენტია, რომ ეს იყო ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნატო-რუსეთის ურთიერთობებში პირველად რუსეთი ჩაიწერა, როგორც საფრთხე. აქამდე არცერთ სტრატეგიულ დოკუმენტში რუსეთი არასდროს განხილულა, როგორც საფრთხე. აქამდე პარტნიორადაც კი იყო წარდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის სამიტის შედეგები ძალიან დიდხანს წინ დაგვხვდება კარგი გაგებით და ის ჩანაწერი, რომელიც სტრატეგიულ კონცეფციაში ჩვენ შესახებ არის, იმ ჩანაწერის რეალიზაციასაც ვიხილავთ“, - განაცხადა ფხალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ყატარის ყოველწლიური ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატო-ს წევრი“.

„ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთხელ, არცერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან არ ყოფილა განცხადება იმაზე, რომ საქართველო ვერ გახდება ნატო-ს წევრი ოკუპირებული ტერიტორიებით. შეიძლება ცალკეულ ექსპერტს ასეთი მოსაზრება გამოუთქვამს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი რამ არსად გაჟღერებულა.

როდესაც გვესმის, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ჯერ საქართველომ უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და მერე ნატო-ზე ილაპარაკოს, ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ინტეგრაციის ათვლის წერტილი არის მოცემულობა, როდესაც ნატო-ს ძალიან კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, მაგრამ არავის უთქვამს, რომ „ჯერ აღადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და მერე შემოიტანეთ განაცხადი“. თუკი საქართველოს საკითხს ასე შემოვატრიალებთ, ეს მხოლოდ საქართველოს დააზარალებს.

2014 წლიდან 2018-მდე ნატო-ს ყველა სამიტში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე. არსად, არცერთი სამიტისა და შეხვედრის შედეგად არ მახსოვს ასეთი სუსტი ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით ფინალურ დოკუმენტში, რომ ხსენებული არ ყოფილიყო ტერიტორიული მთლიანობა, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები, საქართველოს პროგრესი და ა.შ. ეს ჩვენი მინუსია, რადგან ნატო-მ თავისი დამოკიდებულება გამოხატა სტრატეგიულ კონცეფციაში, რომლითაც 10 წელი უნდა იხელმძღვანელოს. ეს არის ჩვენი სუსტი მუშაობის შედეგი და მუშაობა არ ხდება მხოლოდ სამიტზე. ეს ნიშნავს ყველა წევრ სახელმწიფოსთან მუშაობას, რადგან თითოეული სიტყვა უნდა შეთანხმდეს და მას ხმა უნდა მისცეს უკვე 32-ვე ქვეყანამ“, - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად აუცილებელია ნატო-ში გაწევრიანება.

„თუ გინდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, უნდა გახდე ნატო-ს წევრი. პუტინის ერთი თვისწინანდელი განცხადებები ამოიღეთ - როგორ ემუქრებოდა ფინეთსაც და შვედეთსაც, რომ „ამას [ნატო-ში გაწევრიანებას] მოჰყვება ჩვენი ღირსეული პასუხი“ და ა.შ. როგორც კი ნატო იღებს გადაწყვეტილებას, რუსეთის რიტორიკა რჩება რიტორიკად. იგივე არის საქართველოს შემთხვევაშიც. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ მზად, რომ ჩვენ გვაქვს ეროვნული თანხმობა არამხოლოდ იმაზე, რომ ნატო გვინდა, არამედ იმაზეც, თუ როგორ გვინდა ის - როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში, როგორი უნდა იყოს ჩვენი თავდაცვის სისტემა, როგორი უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა და რაც ყველაზე მთავარია - რა არის ის უნიკალური როლი, რომელსაც საქართველო შეიტანს ამ საერთო უსაფრთხოებაში. ჩვენ თუ ამისთვის მზად ვართ და ვართ აქტიურები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მართლაც რეალობაა. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული, დაუღალავი მუშაობა ყველა პარტნიორთან და შედეგი აუცილებლად დადგება“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა