საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესასრულებლად მთავრობის მიერ შექმნილ ჯგუფებისა და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.
სიმონიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება არასამთავრობოების მხრიდანაც ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„იქ, სადაც აზრთასხვადასხვაობა და მოსმენა იქნება და შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტების განხილვა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ მონაწილეობა მივიღოთ. რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა რეკომენდაციებში არ არის მხოლოდ ხელისუფლების მისამართით მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ შემოგვიშვას ჩვენ პროცესში, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისითაც, რომ სამოქალაქო სექტორმაც სხვადასხვა ფორმით მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და ხელისუფლებას მივაწოდოთ ჩვენი იდეები, შევიდეთ დისკუსიაში და საბოლოო ჯამში, დადგება, ალბათ ის მომენტი, როცა უნდა შეფასდეს, რაც გააკეთა ხელისუფლებამ და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მხრიდანაც ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვისაც და საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
გარდა ამისა, ნიკა სიმონიშვილმა გადაცემაში 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასა და სამოქალაქო პროტესტზეც ისაუბრა.
ნიკა სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს.
„მიუხედავად იმისა, რომ პარტიული საქმიანობა დამაბრალა რამდენიმე პოლიტიკოსმა მხოლოდ იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები საჯაროდ გავაცხადე, მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ პარტიულ საქმიანობას არ ვაპირებ და არც მინდა, რომ ის ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ, რამენაირად დაკავშირებული იყოს პარტიულ საქმიანობასთან, ეს არის წმინდად სამოქალაქო პროტესტი, თუმცა რაც შეეხება იმას, რომ ეს მოძრაობა შეიძლება გარდაიქმნას რაიმე პოლიტიკურ ძალად, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული არ არის და შესაძლებელია სწორედაც რომ მომავალში, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, ამ სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა მიიღოს გადაწყვეტილება და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყოს ხელი და გარკვეული პარტიის ფორმაც მიიღოს იმ ყველაფერმა, თუმცა შემიძლია ჩემის მხრივ ვთქვა, რომ ასეთ გადაწყვეტილების მიღებას მე პირადად არ ვაპირებ, არ ვგეგმავ აქტიური პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას.
ასეთი საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თუმცა მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ამ მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პროტესტს პოლიტიკოსების ჩართულობის გარეშე ჰქონდეს წარმატება, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკოსების ჩართულობით გამართული აქციებიც უნახავს, რომელიც ნაკლები წარმატებით დასრულებულა.
„ეს საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან მოდის ხოლმე, ამას რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს, ერთი ის, რომ პოლიტიკური პარტიები ამ პროცესების მიღმა დარჩნენ და სურთ, შემოვიდნენ ამ პროცესში და რაღაც უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ ეტაპისთვის ამ ყველაფერს, სწორედაც იმის გამო, რომ ჩვენ გვინახავს პოლიტიკოსების მონაწილეობით დაორგანიზებული, წარმართული აქციები, რომლებიც ნაკლებ შედეგიანი იყო ხოლმე ყოველთვის და ისინი ბევრი ადამიანის მობილიზებას ვერ ახერხებდნენ ხოლმე და არ იყო ხოლმე დიდად წარმატებული. ამიტომ, პოლიტიკოსების მონაწილეობა წარმატებას განაპირობებს ამ აქციების-თქო, რომ ვთქვათ, ალბათ წარმატების ხარისხს ვერ გაზრდის“, - განაცხადა სიმონიშვილმა.