ავსტრიის კანცლერი - რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა - მან საზღვარზე მიიღო უფრო დიდი, ძლიერი ნატო

რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა - მან საზღვარზე მიიღო უფრო დიდი, ძლიერი ნატო და ნატო, რომელიც მზად არის შეიარაღებაში ბევრად უფრო მეტი თანხები ჩადოს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა ავსტრიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ომმა ევროპა შეცვალა, იცვლება ნატო, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხედვები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გლობალური სტრატეგიული მიზნები მიღწეული ვერ იქნება.

„თუკი ევროპის არქიტექტურას გადახედავთ, რუსეთის ომმა ევროპა შეცვალა. ევროპის ორმა სახელმწიფომ - შვედეთმა და ფინეთმა გადაწყვიტეს, რომ ნატო-ს შეუერთდნენ. ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება, თუნდაც იმ გზით, რომ მათ ნატო-ში გაწევრიანება მოხდეს. იცით სამი ქვეყანა ნეიტრალურია: ავსტრია, ირლანდია და მალტა. არის კვიპროსი, რომელიც ალიანსებში არ ერთიანდება. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხედვები შეცვლილია. იცვლება ნატო-ც და სინამდვილეში ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე და არის იმის დასტური, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი, უფრო ძლიერი ნატო და ნატო, რომელიც მზად არის, რომ შეიარაღებაში ბევრად უფრო მეტი თანხები ჩადოს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. ეს რეალურად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გლობალური სტრატეგიული მიზნები ამ ყველაფრის შედეგად მიღწეული ვერ იქნება,“ - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

მან საქართველოს როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში აღიქმება, როგორც კონფლიქტურ მხარეებს შორის ძალიან სანდო შუამავალი.

„საქართველოსთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს კონფლიქტების თვალსაზრისით ძალიან მწარე გამოცდილება აქვს, თუმცა რეგიონში საქართველო აღიქმება, როგორც კონფლიქტურ მხარეებს შორის ძალიან სანდო შუამავალი და ვფიქრობ, ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი კარგი ურთიერთობებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას დასავლურ გზაზე მხარი დავუჭიროთ, იმაზე უკვე რაც გაკეთდა და რაც გაკეთდება. მე ჩემი მხრიდან, როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომებისთვის, რომელსაც საქართველო 20% ოკუპაციის პირობებში მშვიდობის კუთხით ინარჩუნებს. მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით ამ მხრივ საქართველო მართლაც მნიშვნელოვანი პარტნიორია,“ - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, რომლის თარგმანსაც „იმედი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა