პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გასვლითი სხდომა ბათუმში გამართა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის, სახმელეთო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების 2021 წლის და 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს და სამომავლო გეგმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2021 წლის და 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში კომიტეტის სხდომაზე ამავე სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა წარადგინა.

„ჩემს ანგარიშში გამოვყოფდი მეზღვაურების მიმართულებას - ქართველი მეზღვაურებისთვის გავაფართოეთ დასაქმების არეალი, უკვე დაახლოებით 70-მდე დროშის სახელმწიფო აღიარებს ჩვენს მიერ გაცემულ სერტიფიკატებს, ხოლო ჩვენი მეზღვაურების მიერ საქართველოს ეკონომიკაში შემონატანი დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს", - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

მან ისაუბრა ნავსადგურებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და დასავლურ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

თამარ იოსელიანის განცხადებით, ნავსადგურებში იგეგმება ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა და ყველა სერვისის გაციფრულება. მან ისაუბრა ასევე ნავსადგურებში გარემოს დაცვით მიმდინარე პროექტებზე, მეზღვაურების განათლების და სერტიფიცირების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმაზე და ამ სფეროში სახელმწიფოს როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ანგარიშები წარადგინეს და ამ სამსახურების მომავლის გეგმებზე ამავე სააგენტოების დირექტორებმა ლევან გამყრელიძემ და ლევან კარანაძემ ისაუბრეს.

„წარმოდგენილი ანგარიშების შედეგად ჩანს, რომ საქართველოში ტვირთბრუნვები რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გაზრდილია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც კომიტეტმა მოისმინა ანგარიშები არის, როგორც მათ მიერ გაწეული სამუშაოების გაცნობა, ასევე ის, თუ რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყნის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოები ეფექტურად და აქტიურად მუშაობენ, აქვთ შესაბამისი გეგმები და ის გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს, შეუძლიათ, რომ ეფექტურად გადაწყვიტონ", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა