ნიკა სიმონიშვილი - „ქართული ოცნების“ მხრიდან  საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმა უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა - ვამბობთ ხოლმე „ფსკერი“, მაგრამ უკვე ფსკერიც აღარ არსებობს

„ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმის შემთხვევები უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ გარკვეული ანტიდასავლური განწყობების შექმნას აპირებს, რომ შემდეგ თქვან, „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ უარი მივიღეთ იმის გამო, რომ სინამდვილეში მათ ჩვენი ომში ჩართვა უნდოდათო“.

„სამწუხაროა, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმის შემთხვევები უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა. ვამბობთ ხოლმე „ფსკერი“, მაგრამ ის ფსკერიც აღარ არსებობს უკვე აქ, ამ შემთხვევაში, მითუმეტეს, როცა დღეს მოვისმინეთ კარლ ჰარცელთან დაკავშირებით გაკეთებული საშინელი განცხადება ირაკლი კობახიძის და არ ვიცი, რა შეფასება გავაკეთო.

იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი, შინაარსობრივი თემებიდან გადავიდეს ყურადღება სხვა რაღაცაზე, „ქართული ოცნება“ ქმნის სხვა დღის წესრიგს. იწყებენ ვიღაცის დისკრედიტაციას. კელი დეგნანზე დაიწყო ეს დისკრედიტაცია, ამას აკეთებდნენ ხოლმე მათ შორის ჩვენზეც, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ ყურადღება გადაეტანათ.

რეალურად, „ქართული ოცნება“ არ აპირებს გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, არ აპირებს, გადადგას ის ნაბიჯები, რაც რეალურად სჭირდება 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ გარკვეული ფასადური რეფორმები გაატაროს, რის გამოც, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიმსახურებთ კვლავაც კრიტიკას, რომ ფუნდამენტური რეფორმები არ გავატარეთ. „ქართული ოცნება“ გარკვეული ანტიდასავლური განწყობების შექმნას აპირებს, რომ შემდეგ თქვან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ უარი მივიღეთ იმის გამო, რომ სინამდვილეში მათ ჩვენი ომში ჩართვა უნდოდათ“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ამასთან, ნიკა სიმონიშვილმა გადაცემაში დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტში გუშინ გამართულ სამუშაო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მისი შეფასებით, როდესაც კონკრეტულ საკითხებსა და კონკრეტულ შეთავაზებებზე იწყება საუბარი, „ქართული ოცნების“ წევრები ერთგვარ წითელ ხაზებს ავლებენ და ამბობენ, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ.

„საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით თქვეს, რომ 2 პროცენტამდე ბარიერის დაწევას არ აპირებენ, რადგან ეს 12 პუნქტში არ იყო, რასაც მე არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. რაღაცები შეიძლება არ წერია პირდაპირ იმ 12 პუნქტში, რა კანონი უნდა მივიღოთ და რა კანონი არ უნდა მივიღოთ, მაგრამ გამომდინარეობს. მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტის ხსენებასაც კი ერიდებიან.

ჩემთვის გაუგებარი რაღაც წინადადებები მოვისმინე. ისინი თითქოს რაღაც პროცედურების გაუმჯობესებაზე საუბრობენ, რაც რა თქმა უნდა, არანაირად საკმარისი არ არის. პროცედურების დახვეწა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რაზედაც ჩვენ უნდა ვმსჯელობდეთ.

მართლმსაჯულების რეფორმას რაც შეეხება, სამუშაო ჯგუფი უკვე არსებობს, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერ ვეღირსეთ იმას, რომ შევსულიყავით.

ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს შინაარსთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვები არ აქვს ჩამოყალიბებული, შეიძლება ეს სწორიც არის, რადგან ჯერ უნდა მოისმინო და მერე გადაწყვიტო, თუმცა როდესაც უკვე კონკრეტულ საკითხებზე დავიწყეთ საუბარი და კონკრეტულ შეთავაზებებზე, ისინი უკვე ერთგვარ წითელ ხაზებს ავლებენ და გვეუბნებოდნენ, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, შესაძლოა, დეოლიგარქიზაციის კანონი ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენოს.

„თქვეს კიდევაც, რომ უკრაინული მოდელის გადმოტანას აპირებდნენ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ, რა თქმა უნდა, მიუღებელია. იმ პირობებში, როდესაც მთელი ძალაუფლება ხელში აქვს ჩაგდებული ერთ პარტიას, ეს იქნება მორიგი კანონი, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს თავისი მიზნებისთვის... ჩვენ ვხედავთ სწორედაც ამის საფრთხეს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი იქნება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებული“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა