იტალიის ელჩი - პოლიტიკური აქტორების მიერ საქართველოში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ერთად, თუ ერთმანეთზე თავდასხმა და ერთმანეთის არასწორად წარმოჩენა როგორმე შეიცვლება - შეგიძლიათ დაიწყოთ პატარა რაღაცებიდან

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს ევროგაერთიანების 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. ევროკავშირში პოლიტიკური და ეკონომიკური წონით მესამე ადგილს იტალია იკავებს. ამასთან, ესაა სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ისაა „დიდი შვიდეულის“ წევრიც და შედეგად, იტალიას ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს საერთაშორისო პოლიტიკაშიც. საქართველოს ევროინტეგრაცია, იტალიაში ფეხისმოსაკიდებლად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ ოფიციალური პირების მუდმივი მცდელობები, იტალიაში მიმდინარე სამთავრობო კრიზისი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს მისწრაფება მკაფიოდ ჩანს, როგორც საზოგადოებრივი აზრის უახლეს კვლევებში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერ რამდენიმე ფართომასშტაბიან აქციაზე, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში დედაქალაქ თბილისის ცენტრალურ გამზირზე გაიმართა. მმართველი პარტიაქართული ოცნებააცხადებს, რომ ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულია. თქვენი დაკვირვებით, აკეთებს თუ არა მმართველი პარტია მაქსიმუმს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად? გჯერათ თუ არა, რომქართულ ოცნებასნამდვილად სურს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება? რამდენად ეფექტურად იყენებს მმართველი პარტია ქვეყნისთვის ამ უნიკალურ შესაძლებლობას?

- ნება მომეცით ამ კითხვას ოდნავ განსხვავებული კუთხით მივუდგე. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%-ის მისწრაფება. ასევე, ესაა, რამდენადაც მე მესმის და ვიგებ, საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის მისწრაფება. ასე რომ, რეალური საკითხი ისაა, რამდენად შეძლებს ყველა პოლიტიკური ძალა გამონახოს გამბედაობა, უნარი, მზაობა, ერთად იმოქმედონ ევროკომისიის მიერ დადგენილი და ევროპული საბჭოს მიერ მხარდაჭერილი თორმეტი პრიორიტეტული მიმართულების შესაფასებლად. სწორედ ამაში მდგომარეობს საქმე. რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, რადგან ის არის მთავრობა, თუმცა ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს თამაშში. ორი საკვანძო სიტყვაა ინკლუზიურობა და პასუხისმგებლობის გაზიარება.

- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიმავალმა ელჩმა კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი ითამაშა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მომავალი ელჩი „სხვაგვარად იმოქმედებს“. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. მეორე მხრივ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პარტიაა, განცხადება გაავრცელა, სადაც მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გაწეული სამუშაოსთვის. გარდა ამისა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა, მკაცრად დაგმო "საქართველოს ხელისუფლების მიერ ელჩების ბულინგი". როგორ შეაფასებდით ევროკავშირის მიმავალი ელჩის, კარლ ჰარცელის მუშაობას და რამდენად გონივრულია მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ასეთი კომენტარების გაკეთება თქვენს კოლეგა ელჩთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არ არის ძალიან პროდუქტიული კომენტარებზე კომენტარის გაკეთება. არა მგონია, ეს არსებითად ჩემი როლი იყოს. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული, რათა გააკეთოს საკუთარი შეფასებები. რა თქმა უნდა, მე მაქვს კონკრეტული თვალსაზრისი ელჩ კარლ ჰარცელის მუშაობაზე. ესაა შეხედულება, რომელიც დაკავშირებულია არსებით საკითხებზე კოორდინირებასთან, რომელიც ყოველთვის ხდება შესაბამის საკითხებზე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელსა და ქვეყანაში წარმოდგენილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შორის. ჩემი შეფასება განსხვავდება იმისგან, რისი ციტირებაც თქვენ მოახდინეთ.

- საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პირები, ისევე როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკოსები და მათთან აფილირებული პირები გამუდმებით მიანიშნებენ დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე. როგორ ფიქრობთ, რა განზრახვა აქვს საქართველოს მთავრობას ან „ქართულ ოცნებას“? რატომ შეიძლება ავრცელებდნენ ისინი ამ ნარატივს ქართულ საზოგადოებაში?

- ვფიქრობ, რომ საქართველოს ომში ჩათრევის ნარატივს ნამდვილად არავითარი კავშირი არ აქვს იტალიის მთავრობის ზრახვებთან, ისევე, როგორც არც ჩვენი რომელიმე მოკავშირე ქვეყნის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობის ზრახვებთან. ჩვენ ვცდილობთ, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესია რაც შეიძლება მალე დასრულდეს. შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი განზრახვა არ არის საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

- საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, დეპოლარიზაცია ევროკომისიის ნომერ პირველი რეკომენდაციაა. რას ურჩევთ ქართველ პოლიტიკოსებს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და დეტოქსიკაციისთვის?

- ეს მართლაც მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან ამაზე ბევრი სხვა პუნქტია დამოკიდებული. პოლიტიკური აქტორების მიერ საქართველოში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ერთად, თუ ერთმანეთზე თავდასხმა და ერთმანეთის არასწორად წარმოჩენა როგორმე შეიცვლება. როგორ გაკეთდეს ეს? მე ვერ მოგცემთ კონკრეტულ რჩევებს. ვფიქრობ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ პატარა რაღაცებიდან, შეგიძლიათ დაიწყოთ კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობიდან და შეგიძლიათ დაიწყოთ ერთმანეთის მისამართით განსხვავებული ნარატივის გამოყენების მცდელობით.

- საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ - საკმაოდ დიდი ხანია დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იტალიაში ფეხის მოკიდებას ცდილობენ. ნება მომეცით რამდენიმე ასეთი სახის მცდელობა შეგახსენოთ: მიმდინარე წლის თებერვალში, იტალიელმა დეპუტატმა მატეო დალ’ოსომ იტალიის პარლამენტში გამართა პრესკონფერენცია თემაზე: „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა“, რომელშიც ვირტუალურად მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ. მან ეს შესაძლებლობა ქართველოფობიური კომენტარებისთვის გამოიყენა.

ადგილი ჰქონდა კიდევ არაერთი შემთხვევას, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეჟიმების წარმომადგენლები იტალიაში ადგილობრივ ხელისუფლებას, სხვადასხვა იტალიური ქალაქის მერებს, იტალიის პარლამენტის ცალკეულ წევრებს შეხვდნენ, რათა როგორმე მათი მხარდაჭერა მოეპოვებინათ.

გარდა ამისა, გასული წლების განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე-ფაქტო მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, თანამშრომლობის მემორანდუმებს ან მეგობრობის პროტოკოლებს იტალიის ქალაქებთან. ამასთან, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები თქვენს ქვეყანაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო გამოფენებშიც.

2015 წელს „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი იტალიას ეწვია და კარგი ურთიერთობა დაამყარა იმდროინდელ იტალიურ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „ლეგა ნორდთან“ და პირობაც კი მიიღო პარტიის ლიდერის, მატეო სალვინისგან, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობას უახლოეს მომავალში იტალიის პარლამენტში კენჭისყრით აღიარებს.

ამას გარდა, იყო შემთხვევებიც, როდესაც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრები ამ მარიონეტული რეჟიმების სხვა ე.წ. წარმომადგენლებთან ერთად იტალიას "ოფიციალური ვიზიტით" სტუმრობდნენ.

ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში იტალიაში აფხაზეთის წარმომადგენლობა გაიხსნა. მანამდე, 2016 წლის მარტში კი რომში „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლობა გაიხსნა, რომელსაც დიპლომატიური სტატუსი არ აქვს.

თქვენი აზრით, რატომ ცდილობენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები იტალიაში ფეხის მოკიდებას და რას აკეთებთ თქვენს ქვეყანაში მათი უკანონო ქმედებების აღსაკვეთად? საინტერესოა, როგორ ახერხებენ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეჟიმების ე.წ. მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები იტალიაში გამგზავრებას? როგორი პასპორტებით შედიან ისინი თქვენს ქვეყანაში ან საერთოდ რატომ არ უწესებთ სამგზავრო აკრძალვას აფხაზ და ოს ე.წ. ოფიციალურ პირებს? რატომ არ აცხადებთ მათ „პერსონა ნონ გრატად“?

- ნება მომეცით პასუხის გაცემა ზოგად კონტექსტში დავიწყო და კონკრეტულისკენ გადავიდე. ზოგადად, ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ სრულად და აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ე.წ. დე-ფაქტო მთავრობები ჩვენ მიერ არანაირად არ არის აღიარებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ სეპარატისტული სუბიექტების არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივებს გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და ყველა სხვა ქართულ ინიციატივას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის აღიარების თანმიმდევრულ პოლიტიკასთან მის მთელ ტერიტორიაზე. ზოგადად, ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს სტრატეგიას, რომელიც რეინტეგრაციას მხოლოდ მშვიდობიანი გზით ახორციელებს. ყველა ის ეპიზოდი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ეხება ან პარლამენტის ცალკეულ წევრებს, ან ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს იტალიის კონსტიტუციით ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის გარანტია. მეორე საკითხი ისაა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ეს ეპიზოდები ხდებოდა, მთავრობის მხრიდან მკაფიო დისტანცირებას ჰქონდა ადგილი, რომელიც სრულიად მკაფიოდ აცხადებდა, რომ ამ ინიციატივებს არაფერი აქვს საერთო იტალიის მთავრობის პოზიციასთან, რომელიც არ იცვლება და არ შეიცვლება. ეს ფაქტია.

თქვენ ახსენეთ იტალიის პარლამენტის წევრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელი ონლაინ ესწრებოდა. ამ შემთხვევაში იტალიის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო მკაფიო განმარტება, რომ მსგავს ინიციატივას პარლამენტთან, როგორც ინსტიტუტთან, არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე იყო მკაფიო პრესრელიზი იმ ფრაქციის ხელმძღვანელისგან, რომელსაც აღნიშნული დეპუტატი ეკუთვნოდა, რომ ეს იყო ცალკეული დეპუტატის ინდივიდუალური ინიციატივა. ამ ფრაქციამ ასევე განაცხადა, რომ თავად ფრაქცია მას არ უჭერს მხარს, რადგან აღნიშნული საპარლამენტო ფრაქცია მხარს უჭერს იტალიის მთავრობის პოლიტიკას.

- რუსული საფრთხის გათვალისწინებით, როგორია უახლოეს მომავალში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები? ადასტურებს თუ არა ოფიციალური რომი საკუთარ ერთგულებას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ? უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე, კვლავ უჭერს თუ არა მხარს იტალია ამ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას?

- ჩვენ ვრჩებით ღია კარის პოლიტიკის ერთგული. დიახ, ეს საკმაოდ მკაფიოდ იყო გაცხადებული მადრიდის სამიტზე და რა თქმა უნდა, ჩვენ დავეთანხმეთ ყველა მოკავშირის აზრს, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ მტკიცეა.

- უკრაინაში მიმდინარე რუსეთის შეჭრის ფონზე, იტალიამ თავისი ოთხპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკური ცენტრის, Istituto Affari Internazionali-ს თანახმად, რომის ამბიციურმა სამშვიდობო გეგმამ მცირე საერთაშორისო აღიარება მიიღო, გეგმამ ვერ მოახდინა შთაბეჭდილება ვერც უკრაინის და ვერც რუსეთის ხელმძღვანელობაზე. რატომ აღმოჩნდა თქვენი სამშვიდობო გეგმა წარუმატებელი და როგორ შეუძლია იტალიას გააგრძელოს საკუთარი ძალისხმევა უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის ომის დასასრულებლად?

- ნება მომეცით, საკითხი უკრაინაში მიმდინარე გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ რუსული აგრესიასთან დაკავშირებით ჩვენს ქმედებებზე ზოგადი პოზიციის პერსპექტივაში გაგაცნოთ. ჩვენ თავიდანვე ყველანაირად ვუჭერდით მხარს უკრაინას - პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და თუნდაც სამხედრო კუთხით. ეს იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა, სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ დიპლომატიური გადაწყვეტისკენ სწრაფვა უნდა შევწყვიტოთ. რა თქმა უნდა, უნდა მომწიფდეს პირობები დიპლომატიური გადაწყვეტისთვის და ეს უკანასკნელი უნდა იყოს გამოსავალი, რომელიც უპირველეს ყოვლისა უკრაინელებისთვისაა მისაღები და მათ მიერ მიღებული. ჩვენ ვაპირებთ უკრაინის თანმიმდევრულად მხარდაჭერას მანამ. სანამ ეს პირობები არ იქნება. ამ მხარდაჭერის ფარგლებში ასევე უნდა ვახსენო სანქციები, რომლებიც ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო პუნქტი ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს საერთაშორისო ძალისხმევას, განსაკუთრებით გაეროს, ეხება უკრაინის პორტებში არსებული ხორბლის განბლოკვას, რომელსაც არ შეუძლია მიაღწიოს საბოლოო დანიშნულებას რუსეთის მიერ შექმნილი დაბრკოლების გამო. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ისაა, რაც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას და ერთადერთი გონივრული გზა მისი სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის დიპლომატიურ საშუალებებში მდგომარეობს, იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს შემდგომ გლობალურ შედეგებს და მართლაც დრამატულ ეფექტებს მთელ მსოფლიოში.

- საქართველო და იტალია წელს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. რას ფიქრობთ ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზე?

- თანამშრომლობა ძალიან კარგია და ის იზრდება. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა სახელმწიფო ვიზიტები. ჩვენი პრეზიდენტი აქ, საქართველოში პირველად, სახელმწიფო ვიზიტით 2018 წლის ივლისში იმყოფებოდა, ხოლო პრეზიდენტი ზურაბიშვილი საპასუხო სახელმწიფო ვიზიტით რომში მიმდინარე წლის ივნისში იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში 1997 წელს განხორციელდა და მაშინ ეს პოსტი ედუარდ შევარდნაძეს ეკავა. ორივე შემთხვევაში ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტები. რომში პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, იტალიის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის ორივე პალატის - დეპუტატთა პალატისა და სენატის - ხელმძღვანელებსა და რომის მერს შეხვდა. ყველა ამ შეხვედრებისას მათ ჰქონდათ არსებითი მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ეხებოდა. მსურს ციტირება მოვახდინო იმისა, რაც ჩემმა პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრისას განაცხადა: „სრულიად ლოგიკურია, რომ საქართველოს სურს დაბრუნდეს იქ, სადაც ეკუთვნის და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას“.

ასე რომ, უმაღლეს დონეზე პოლიტიკური დიალოგი საკმაოდ ინტენსიურია. რაც შეეხება ეკონომიკას, რამდენიმე იტალიური კომპანიაა, რომელსაც წვლილი შეაქვს ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ჩვენ მზად ვართ მეტი გავაკეთოთ. რამდენიმე წელია, ჩვენ ხელახლა გავხსენით „ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო“ საელჩოს შენობაში, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ბიზნეს კონტაქტები.

კულტურა ჩვენი ურთიერთობების ძალიან სასიამოვნო ნაწილია, რადგან საქართველოში დიდი ინტერესია იტალიური კულტურის მიმართ და, ასევე, ქართული კულტურის მიმართ ინტერესი იზრდება იტალიაშიც. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან, მათ შორის იმასთან, რომ დიდი ქართული თემი - დაახლოებით 30 000 ადამიანი - მუშაობს იტალიაში და ძალიან კარგად არის ინტეგრირებული იტალიურ საზოგადოებაში, რაც ხელს უწყობს როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე საქართველოს კეთილდღეობას. სხვათა შორის, იტალია მეორე ქვეყანაა საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობით. ჩემთვის სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს 50-ზე მეტ კერძო და საჯარო სკოლაში, 6000-ზე მეტი ქართველი მოსწავლე იტალიურს, როგორც მეორე ენას სწავლობს.

სამხედრო თვალსაზრისით დაჩქარებული განვითარება გვქონდა. იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი ვიზიტი საქართველოში გასულ წელს, სექტემბერში გაიმართა. გავზარდეთ ჩვენი მონაწილეობა საქართველოში გამართულ წვრთნებში. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ წვლილი შეგვქონდა მოკავშირეების საერთო ძალისხმევაში, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სტანდარტების ამაღლებას ითვალისწინებდა, მათ შორის „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) და ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრ JTEC-ში.

- იტალია კვლავ პოლიტიკურ კრიზისშია, რაც თქვენი ქვეყნისთვის უცხო არ არის, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წლიდან, იტალიას 69 მთავრობა ჰყავდა. თითოეული მთავრობის საშუალო ხანგრძლივობა კი 1 წელსა და 11 თვეს შეადგენდა. რატომ იშლება იტალიის მთავრობები ასე მარტივად და რატომ არის თქვენი პოლიტიკური სისტემა ასეთი მყიფე და არასტაბილური?

- როგორც ეს წინა ხელისუფლებების ცვლილებებმა აჩვენეს, ყველაფერი ყოველთვის ძალიან კარგად განსაზღვრულ კონსტიტუციურ ჩარჩოში ხორციელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის შესაბამისი ძირითადი მიმართულებები მთავრობიდან მთავრობამდე არ იცვლება. ასე რომ, ისინი ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მტკიცე ტრანსატლანტიკურ კავშირებს და აგრეთვე, ჩვენი - როგორც ევროკავშირის დამფუძნებელი წევრის - მხრიდან, ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაციის მხარდაჭერას ეფუძნება. ასე რომ, როგორც თქვენ აღნიშნავთ, მთავრობები დიდხანს ვერ ძლებენ, თუმცა პოლიტიკა მთავრობიდან მთავრობამდე უაღრესად თანმიმდევრულია.

თორნიკე კაკალაშვილი

ინტერპრესნიუსი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა