გივი მიქანაძე - ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ პატივია იყოს გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამით მიქანაძე ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ გაკეთებულ შეფასებებს და აცხადებს, რომ „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას.

„ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს.

სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები”,- წერს მიქანაძე Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის“ ჟურნალისტს „სამარცხვინო“ უწოდა და მიმართა, რომ „ქალის სახე დაკარგა“.

ჟურნალისტმა კობახიძეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ გუშინდელ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“ ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს უპასუხა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“,- მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა