თამარ გაბუნია განმარტავს, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ კლინიკებს, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

იმისთვის, რომ 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებამ სახელმწიფო პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, მან გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროს იმ რეფორმაზე საუბრისას განუცხადა, რომელიც 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტის დანერგვას გულისხმობს.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, აკრედიტაციის კრიტერიუმები მოიცავს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას და სამედიცინო ინფრასტრუქტურას.

მისივე ინფორმაციით, გამოცდილება აჩვენებს, რომ 18-24 თვეა საჭირო იმისთვის, რომ კლინიკამ რომელიმე სტანდარტს მიაღწიოს.

„საუბარია ცნობილი მაკრედიტირებელი ორგანოების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციაზე, როგორიც არის ჰოსპიტლების აკრედიტაციის საერთაშორისო კომიტეტი, ასევე გერმანული ხარისხის და აკრედიტაციის სტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო დონეზე მუშაობს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციაზე. აკრედიტაციის კრიტერიუმები ითვალისწინებს არაერთ მოთხოვნას.

კრიტერიუმებში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კომპლექსური მოთხოვნები, რაც მთავარია სამედიცინო მომსახურების, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების არსებობა, პერსონალის მომზადების დონე, მონაწილეობა უცხოეთის სამედიცინო განათლების პროცესებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმები აპრობირებულია საერთაშორისო დონეზე და ნამდვილად მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

იმისთვის, რომ 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებამ სახელმწიფო პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, მან კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. აკრედიტაცია ერთ-ერთი პირობა იქნება. მოსამზადებელი პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის, გამოცდილება ამბობს, რომ 18-24 თვეა საჭირო იმისთვის, რომ კლინიკამ რომელიმე სტანდარტს მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ საუბარია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხარისხის კრიტერიუმების დადგენაზე, კონკრეტული აკრედიტაციის არმქონე კლინიკას არ ჰქონდეს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უფლება“, - აღნიშნავს გაბუნია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს