ვახტანგ ძაბირაძე - რას ჩამოიტანს პრემიერი ბრიუსელიდან და რატომ გაემიჯნა “ოცნება” ოთხეულს?!
აფხაზები "საზღვარს” ხსნიან - უნდა დათანხმდეს თუ არა ხელისუფლება აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტს
მიგრაცია და დემოგრაფია - საქართველო კატასტროფის ზღვარზე?!
შეტევა ხერსონზე - უკრაინელთა დაყოვნების მიზეზი და საკადრო ცვლილებები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში
ვახტანგ კაპანაძე - "რუსეთმა უკვე ამოწურა თავისი შეტევითი პოტენციალი”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - რას ჩამოიტანს პრემიერი ბრიუსელიდან და რატომ გაემიჯნა “ოცნება” ოთხეულს?!
“ყველასთვის, ვინც თვალს ადევნებს ქართულ პოლიტიკურ პროცესებს, ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ “ქართულ ოცნებას” გამოყოფილი ეს გუნდი დამოუკიდებელი არ იყო და ახმოვანებდა “ქართულ ოცნებაში” არსებულ იდეებს. უბრალოდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ ასეთ პოზიციას ხელისუფლება აშკარად ვერ გამოხატავდა და გამონახეს ამგვარი გზა ამ განცხადებების საზოგადოებამდე მისატანად. როგორც ჩანს, თავიდან ფიქრობდნენ, ამ ოთხეულის წამოჭრილი საკითხების პოპულარიზაციაში “ქართული ოცნებაც” ჩარეულიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მათგან აბსოლუტური გამიჯვნა გახდა საჭირო. “ქართული ოცნება” დღეს ემიჯნება ამ ოთხეულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათთან კავშირი არ აქვთ და არ იზიარებენ მათი ზოგიერთი განცხადების შინაარსს. დარწმუნებული ვარ, სუბარ-ხუნდაძე-ყაველაშვილ-მაჭარაშვილი ამ განცხადებებს კვლავაც გააგრძელებენ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც...” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რას ჩამოიტანს პრემიერი ბრიუსელიდან და რატომ გაემიჯნა “ოცნება” ოთხეულს?!
“სავარაუდოდ, ამ ეტაპზე გამიჯვნა საჭირო გახდა დასავლელი პარტნიორების გავლენით, თუმცა ამ თემას დღის წესრიგიდან არ ხსნიან, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ღარიბაშვილის თუ “ოცნების” სხვა წარმომადგენლების განცხადებები უფრო გარე ყურისთვის არის განკუთვნილი. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ამ გუნდის გამოყოფას სხვა მიზანიც აქვს - საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. ისინი ცდილობენ იმ ელექტორატის მობილიზებას, რომელიც მეტ-ნაკლებად პრორუსული ორიენტაციისაა. “ქართულ ოცნებაში” ამის სხვადასხვა მცდელობა უკვე ჰქონდათ. ადრე იყო “პატრიოტთა ალიანსი", რომელიც დაახლოებით ამ ფუნქციას ასრულებდა, ამასვე ცდილობდნენ ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია, მერე გამოჩნდა “ალტ-ინფო”... როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გააანალიზეს და საჭიროდ მიიჩნიეს ახალი ჯგუფის შექმნა ამ ოთხეულის ლიდერობით. თუ დასჭირდათ, ისინი საარჩევნოდ მათ ბაზაზე შექმნიან სტრუქტურულად გამართულ პარტიას, მაგრამ მანამდე ამ ხალხმა უნდა მოახერხოს კონკრეტული კატეგორიის ელექტორატის გულის მოგება. გარდა ამისა, აქ შემოდის რუსული თემაც. დღეს ეს ოთხეული ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ ზუსტად იმეორებს იმას, რასაც ამბობს მოსკოვი. მათი განცხადებები და პრეტენზიები კოპირებულია რუსული პოლიტიკის ნარატივიდან. ჩემი აზრით, ამით “ქართული ოცნება” გარკვეული ბუფერის შექმნას ცდილობს რუსეთთან მიმართებაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ღარიბაშვილის განცხადებები განპირობებულია იმითაც, რომ 6 სექტემბერს ის ბრიუსელში უნდა ჩავიდეს. მოგეხსენებათ, პრემიერი და ჩვენი დელეგაცია მონაწილეობას მიიღებენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, რომელზეც განხილული იქნება ევროკავშირის ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ამ კონტექსტის გათვალისწინებითაც პრემიერს აუცილებლად სჭირდებოდა მკაფიოდ გამიჯვნოდა ანტიდასავლურ განცხადებებს. ეს არის, გარკვეულწილად, ორმაგი თამაში, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ეს ის ოთხეულია, რომელიც ივანიშვილის გარეშე ხელს არ გაანძრევს. მათგან “ქართული ოცნება” რაიმე მოულოდნელობას არ ელოდება. ეტყვიან, ილაპარაკეთო, ილაპარაკებენ, ეტყვიან, გაჩუმდითო, გაჩუმდებიან. ისინი ყურმოჭრილი მორჩილებით შეასრულებენ ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ყველა დაკვეთას. თუ მათ ვერ შეძლეს ამ ელექტორატის აკუმულირება, მაშინ შესაძლოა მმართველ პარტიაში სხვა ვარიანტებიც განიხილონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“სახალხო დამცველის არჩევის წესი ოფიციალურად არ შეცვლილა, ჯერჯერობით ზეპირი განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ პრობლემები ნამდვილად ჩანს. მოკლედ, “ქართულ ოცნებას” რომ სურდეს, ეს პროცესი ნამდვილად მისგან დამოუკიდებლად წარიმართოს და ქვეყანას ჰყავდეს გავლენისგან თავისუფალი ომბუდსმენი, პირდაპირ მიანდობდა არჩევის წესზე მუშაობას ოპოზიციას, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ახლა ცდილობენ, მეხამრიდები ჩადონ სწორედ ამ შერჩევის წესში და საკუთარი ინტერესები დაიცვან, ანუ არა პირდაპირი, მაგრამ ირიბი ჩარევით ის კანდიდატი გაიყვანონ, ვინც მათთვის მისაღები იქნება. ასეთი სქემები არახალია, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისასაც ზუსტად ასევე მოქმედებდა “ქართული ოცნება”. ვინ იქნება იმ სამუშაო ჯგუფში, ვინც კანდიდატურები უნდა შეაფასოს და შეარჩიოს, ეს არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, როცა ხელისუფლება ამბობს, ყველაფერს არასამთავრობო სექტორის არჩევანს მივანდობთო, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ არასამთავრობო სექტორში ბევრია ხელისუფლების სატელიტი, რომლებიც აუცილებლად იმ კანდიდატს წარმოადგენენ, ვინც ხელისუფლებას ენდომება”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება დროულად და მასშტაბურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და ხელისუფლებას არ მისცენ პიარის საშუალება - ვგულისხმობ “ქართული ოცნების” განცხადებებს, რომ ისინი თურმე არ წამოაყენებენ კანდიდატურას, რასაც უკვე ძალიან ხშირად იმეორებენ. ამით ცდილობენ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, თითქოს ხელისუფლება ამ პროცესში მართლაც არ აპირებს ჩარევას. ეს ასე ნამდვილად არ არის, ამიტომაც ოპოზიციის ვალია, ხელისუფლების განცხადებებს უპასუხოს და პროცესი რეალურად გამჭვირვალე გახადოს... რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს, გასაგებია, რომ გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-ით კარგი იქნება, მაგრამ აქაც არაერთი კითხვა ჩნდება. მე როგორც ვხვდები, ახალი კანონი რომც მიიღონ, ეს არ შეეხება მოქმედ გენერალურ პროკურორს. ის თავის ვადას დაასრულებს და მხოლოდ ამის მერე ამოქმედდება ეს წესი. თუ ასე იქნება, მაშინ არსებითი მნიშვნელობა ამ ცვლილების დღეს მიღებას არც აქვს... გარდა ამისა, ამგვარი სქემა ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში გვქონდა, ანუ თუ 3/5-ით ვერ აირჩევდნენ, უმრავლესობას ერთი წლით შეეძლო სასურველი კანდიდატის არჩევა, რაც გააკეთეს კიდეც. ცესკოს შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ კანდიდატურებს პრეზიდენტი წარადგენს, რაც არ ხდება გენპროკურორის კანდიდატების წარდგენისას. მაშ, რა პრობლემა შეექმნება ხელისუფლებას ამგვარი წესის დაკანონების შემთხვევაში? არც არაფერი”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“ოპოზიციაში სულ არის სურვილი, რომ ქვეყანაში როგორმე საპროტესტო ტალღა აგორდეს, მაგრამ ძლიერი ტალღის აგორებას აგერ უკვე 10 წელიწადია, ვერ ახერხებენ. ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციაში სტრუქტურულად არც არაფერი შეცვლილა. ძირითადი გამწევი ძალა არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც მუდმივად ცდილობს რაღაცას, მაგრამ მიზანს ვერ აღწევს. რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების სიმპტომებს ოპოზიციაში ნამდვილად ვერ ვხედავ. ის ისეთივე ჩამოუყალიბებელია, როგორიც იყო ამ 10 წლის განმავლობაში. ჩამოუყალიბებელია თვითონ “ნაციონალური მოძრაობაც”. ვფიქრობ, რომ სააკაშვილზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, რა მოხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დღეს საზოგადოებაში რადიკალური განწყობაა და ოპოზიციის დაძახილზე ასობით ადამიანი ქუჩაში გავა. ჯერჯერობით ამის ნიშანწყალი არ ჩანს და ვიდრე ოპოზიცია ასეთ ქაოსურ მდგომარეობაში იქნება, წარმატებაზე ლაპარაკი გამორიცხულია. სამწუხაროდ, რეალური მესამე ძალის კონტურები ისევ არ ჩანს”, - ამბობს ექსპერტი.
“რაც შეეხება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ესეც არ არის ძალიან სასწრაფოდ წარსამართავი პროცესი, რადგან ევროპელმა პარტნიორებმა ერთი წელი დაგვიმატეს და მომავალი წელიც გვაქვს სამუშაოდ. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ველი გარკვეულ გადაჯგუფებებს... სახელისუფლებო ცვლილებებიც დიდწილად დამოკიდებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. საქართველოს ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და მმართველ გუნდს ცვლილებების განხორციელება აიძულოს. ეს, გარკვეულწილად, შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს. ამის დასტურია ისიც, რითაც დავიწყეთ საუბარი, ანუ როგორ შეიცვალა პრემიერ ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა. მოკლედ, მნიშვნელოვანი იქნება გარე ფაქტორები, მაგრამ ამის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პროცესები იმ დინებით წარიმართა, როგორც ახლა მიედინება, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მე მნიშვნელოვან სამთავრობო ცვლილებებს არ ველი”, - დასძენს ძაბირაძე.
აფხაზები “„საზღვარს” ხსნიან - უნდა დათანხმდეს თუ არა ხელისუფლება აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტს
“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება “ქართულ აფხაზური საზღვრის” გახსნის საკითხს განიხილავს. უკვე შექმნილია ამ საკითხის შემსწავლელი ე.წ. სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გასულ კვირას დახურული თათბირი გამართა და დე ფაქტო პრეზიდენტს “საზღვრის” გახსნის რეკომენდაციით მიმართა. ექსპერტთა შეფასებით, ეს ყველაფერი მოსკოვის ჩართულობით ხდება და გარკვეული ჟესტია თბილისის მისამართით. მით უმეტეს, რომ ორიოდე კვირის წინ დაახლოებით ამდაგვარი გადაწყვეტილება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამაც მიიღო. აფხაზური “ტელეგრამ” არხების ინფორმაციით, საუბარია ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის 2008 წლის განკარგულების გაუქმებაზე, რომლითაც აკრძალულია ენგურის ხიდზე ნებისმიერი სახის საქონლის გადაადგილება, პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ტვირთების გარდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აფხაზები “„საზღვარს” ხსნიან - უნდა დათანხმდეს თუ არა ხელისუფლება აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტს.
”ე.წ. სამთავრობო “სამუშაო ჯგუფში” გაერთიანებული არიან სხვადასხვა დე ფაქტო სამინისტროების, ასევე აფხაზური რკინიგზის, სოხუმის პორტისა და აეროპორტის წარმომადგენლები. მასში ასევე შედიან საზოგადოების წარმომადგენლები - ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი. ჯგუფის ხელმძღვანელი კი გახლავთ ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე ვალერი პაპბა. ინალ ხაშიგის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ლოგისტიკური ცენტრების ტრანსფორმაცია დაიწყო. ჩნდება ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტები, ეს კი აფხაზებისთვის სერიოზული შემოსავლის მიღების კარგი საშუალებაა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვან. საუბარია აფხაზეთში სატრანზიტო დერეფნის ამოქმედებაზე, რომლის გავლითაც იმოძრავებს სხვადასხვა ტვირთები რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართულებით. "ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ჩიხად გადავიქეცით. ყველა საქონელი ერთი და იმავე მარშრუტით გადის - აფხაზეთიდან რუსეთში, რუსეთიდან აფხაზეთში. ტრანზიტიდან ფული პრაქტიკულად არ გამომუშავდებოდა. რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების ფონზე, თურქული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი ხდება”, - თქვა ხაშიგმა, რომლის თქმით, "აფხაზეთმა აქედან უკვე დაიწყო გარკვეული შემოსავლის მიღება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსული ტვირთები რკინიგზით შემოდის აფხაზეთში და შემდეგ ზღვით მიდის თურქეთში. ასევე მოძრაობს თურქული ტვირთები რუსეთისკენ აფხაზეთის გავლით. ამის შედეგად მნიშნელოვნად გაიზარდა აფხაზური რკინიგზის და პორტების შემოსავალი. ახლა კი, ხაშიგის ცნობით, დღის წესრიგში დადგა სახმელეთო მარშრუტების გახსნაც, რათა ტვირთებმა აფხაზეთის გავლით სატვირთო ავტომობილებითაც იმოძრაოს. საქართველოსთან კონსულტაციები არ გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ აფხაზური სახელმწიფო და ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს ტერიტორიაზე რა საქონელი შემოდის და რა გადის. ჩვენი დიდი დიასპორა თურქეთში ცხოვრობს, რომელიც მსგავსი ტრანზიტის მოწყობით დაინტერესებულია, რადგან ეს გაააქტიურებს ბიზნესს, რომელშიც ჩაერთვებიან აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები. გარდა ამისა, სახმელეთო გზა მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას იმის გათვალისწინებით, რომ ავიაგადაზიდვა მნიშვნელოვნად გაძვირდა. ასეთი გზა აფხაზური დიასპორის წარმომადგენელბისთვის თურქეთიდან აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ავტომობილით გაცილებით იაფი ხდება”, - განაცხადა ინალ ხაშიგმა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამაც გახსნა “საზღვარი” დანარჩენ საქართველოსთან”, - განაგრძობს გამოცემა.
“რეგიონი 3 წლის განმავლობაში სრულიად იზოლირებული იყო და რიგით მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალული ჰქონდათ. ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კი გამოსცა ე.წ. განკარგულება, რომლის მიხედვითაც “საზღვარი” ყოველ თვეს 10 დღის განმავლობაში ღია იქნება და რიგით მოქალაქეებს ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე ორივე მიმართულებით დაუბრკოლებლად შეეძლებათ გადაადგილება. როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, ესაა მოსკოვის თამაში და გარკვეული ჟესტი ოფიციალური თბილისის მისამართით”, - დასძენს გამოცემა.
“მოსკოვის ჩართულობითაა, ეს ამბავი ისე არ მოხდება. მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება და მივხვდებით, რომ ეს ერთი საერთო ნარატივი და გარკვეული ჟესტია თბილისის მისამართით. ეს რუსეთის მხრიდან იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი გარკვეულწილად იმ მოზომილ პოლიტიკას აფასებს, რომელსაც დღეს საქართველო გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში აწარმოებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე და კითხვაზე - “როგორი უნდა იყოს საქართველოს პასუხი ამ ყველაფერზე?” - პასუხობს:
“ამის თქმა მოკლედ შეუძლებელია, ეს ძალიან რთული თემაა და ჩვენ წლების განმავლობაში იმდენი დრო დავკარგეთ და იმდენი რესურსი გავანიავეთ, რომ გასაკეთებელი მართლა ძალიან ბევრია. ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ამის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ელემენტარულად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰუმანიტარული აქტივობები გვმართებს და გარკვეული იდეოლოგიური მუშაობაც. ესაა გარკვეული ნაბიჯი სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან, მაგრამ მე ამ ნაბიჯის არ მჯერა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზიტს არ გახსნიან. რასაკვირველია გახსნიან, მაგრამ ამით პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება და ამდაგვარი ჟესტები ჩვენთვის სიტუაციას არ ცვლის”...
მიგრაცია და დემოგრაფია _ საქართველო კატასტროფის ზღვარზე?!
“2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ამ ინფორმაციას ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, საქართველო შარშანაც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების ათეულში იყო. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 8 075-მა მოქალაქემ მიმართა, გასული წლის ამ დროისთვის მსგავსი სურვილი 2 855-მა მოქალაქემ გამოთქვა. ისინი ყველაზე ხშირად საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიის მთავრობებს მიმართავენ და მათი მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა საქართველოს 2 725-მა მოქალაქემ, გერმანიას _ 2 455-მა, იტალიას კი, _ 1 100-მა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, აპლიკაციების 42% ქალების შევსებულია, თავშესაფრის მაძიებელთა 22% 18 წელს ქვემოთ არის, 35% _ 18-დან 24 წლამდეა, დანარჩენი კი _ 35-დან 64 წლამდე”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით კატასტროფის ზღვარზე?!
“ია ცხადაძე-აუერი წლებია გერმანიაში ცხოვრობს და როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად ჩასულ ქართველებთან თარჯიმნად მუშაობს. ის ამბობს, რომ წელს ლტოლვილად ჩაბარების მსურველი ქართველების რიცხვი გაორმაგდა. “ყველა გზით ცდილობენ აქ დარჩენას. დიდი ნაწილი ტურისტული ვიზით არის შემოსული და დარჩა. ბიუროკრატიის მიუხედავად, აქაც არიან კომპანიები, რომლებიც იაფ მუშახელს ეძებენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულებს ადგილობრივებთან შედარებით ნაკლებს უხდიან, ჯანდაცვის დაზღვევის ეკონომიასაც აკეთებენ. ამიტომ არალეგალ მუშახელზე თვალს ხუჭავენ. არის დაკავების, დეპორტის შემთხვევები, მაგრამ მაინც რისკავენ. ბოლო დროს ძალიან ბევრი გოგო-ბიჭები მოდიან, იმატა ფეხმძიმე ქალების, მარტოხელა დედების რაოდენობამაც. უმეტესობის არგუმენტი სოციალური სიდუხჭირეა, რასაც გერმანიის მთავრობა ანგარიშს არ უწევს. ამის შემდეგ სასამართლო დავას იწყებენ და ასე გაჰყავთ დრო რაღაცის მოლოდინში. ყოველდღე იმდენი ადამიანი მოდის, ზოგჯერ მგონია, მთელი საქართველო უცხოეთისკენ დაიძრა”, - ამბობს რესპონდენტი. იგივეს ამბობს ნათია კობაიძე, რომელიც ოც წელზე მეტია, რაც ესპანეთში ცხოვრობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ოც წელზე მეტია ესპანეთში ვცხოვრობ და ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა - უკრაინის ომის მერე ძალიან მოიმატა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა. ესპანეთის ხელისუფლებამ რეგულაციები გაამკაცრა. საემიგრაციო სამსახურებში ძალიან დიდი რიგებია, ბევრს ქუჩაში უწევს ყოფნა თუნდაც დროებითი ადგილის მოლოდინში. ყველას ვუხსნი, რომ რამდენიმე ოფიციალური მოტივი არსებობს, რის საფუძველზეც იძლევიან თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს: პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნა, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული ძალადობის მსხვერპლი. არადა, ბოლო დროს ყველა ასახელებს სოციალურ სიდუხჭირეს, რაც მოტივად არ განიხილება. მეტიც, აქამდე ანგარიშს უწევდნენ ჯანმრთელობის პრობლემებს, ახლა დიდი წვალებით შეიძლება დაკმაყოფილდეს ასეთი მოთხოვნა”, - განმარტავს რესპონდენტი. სოციოლოგ თამაზ ზუბიაშვილის თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად 100 ათასამდე კაცი მიდის. ეს მაჩვენებელი 2020 წელს, კოვიდპანდემიისას, დაახლოებით 75 ათასამდე შემცირდა, შემდეგ კი ისევ ერთბაშად იმატა”, - განაგრძობს გამოცემა.
“სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი კაცი ჩავიდა, არ არსებობს. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში, თუნდაც გერმანიასა და ამერიკაშიც ვერ ახერხებენ აღწერას. დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შორის ყველაზე რთული მიგრაციული პროცესების აღრიცხვაა. ამისთვის ერთადერთი გზა მოსახლეობის აღწერაა, რაც ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ამიტომ ათ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლოსწინა აღწერით საქართველოს მოსახლეობა 4,7 მილიონს შეადგენდა, 2014 წელს ჩატარებულის თანახმად კი, 3,7 მილიონს... ამის გაკონტროლება შეუძლებელია, მით უფრო, უვიზო მიმოსვლის რეჟიმში. გასათვალისწინებელია არალეგალური გზით წასული პირებიც. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნიდან მილიონ-ნახევარი კაცია გასული, რაც ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის მაღალი მაჩვენებელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ზუბიაშვილი.
“საგანგაშოა ისიც, რომ ბოლო ერთი წელია კატასტროფულად დაიწია ქვეყნიდან წასვლისა და თავშესაფრის მაძიებელთა ასაკმა. თუ ადრე უცხოეთში უკვე დაოჯახებული 40 წლის და ზემოთ ასაკის ქალები და მამაკაცები მიდიოდნენ, ახლა 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდები მიდიან. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ მიგრანტთა 70-75 პროცენტი 18-45 წლამდე ასაკისაა. ასეთი მაჩვენებელი საქართველოსთანა დემოგრაფიულად მომაკვდავი ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია. ეს ნაკადი თუ არ შემცირდა, მალე ქვეყანაში თაობათა ცვლა შეწყდება. ახლა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 1,7-ს შეადგენს, რაც იმდენად დაბალია, დემოგრაფიულ ენაზე რომ ვთქვათ, მარტივი კვლავწარმოება არ მოხდება, ანუ არსებულს მომავალი თაობა ვერ შეცვლის. როდესაც ოჯახში ორი წევრი გარდაიცვლება, იქ კიდევ ორი ან მეტი ახალი წევრი უნდა დაიბადოს, რათა ბალანსი დაცული იყოს. ქვეყანა დემოგრაფიულად რომ არ მოკვდეს, საშუალოდ, 2,1 ბავშვი უნდა დაიბადოს. ამას მექანიკური კლება ჰქვია, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა ქვეყნიდან გავიდა”, - განაგრძობს სოციოლოგი.
“შესაძლოა ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ტოვებდეს ქვეყანას - ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს და დროებით სამკურნალოდ მიდიოდეს, ან კაპიტალის დასაგროვებლად, რათა ისევ დაბრუნდეს. ასეთებიც არიან, ოღონდ შედარებით ცოტა. ლტოლვილად ჩაბარების მსურველი ნიშნავს, რომ ის სამშობლოში მხოლოდ ხანდახან, სტუმრად ჩამოვა. ახლა ემიგრაციის ტალღაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საზღვარგარეთ ჩამოყალიბებული ქართული დიასპორები - ანუ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელების 30% მიზეზად ოჯახის გაერთიანებას ასახელებს - დედა, მამა ან შვილები წავიდნენ უცხოეთში, იქ ფეხი მოიკიდეს, სტაბილური შემოსავალი აქვთ და ოჯახის წევრები მიჰყავთ. მიგრანტები ზუსტ ინფორმაციას ქართველების დიასპორებისგან იღებენ. რაც უფრო დიდია დიასპორა, მეტია მიგრაციაც. ჩვენ სტუდენტებში ვატარებთ გამოკითხვას, როგორია მათი განწყობა, სურთ თუ არა ქვეყნიდან წასვლა; უმეტესობის თქმით, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, მაშინვე წავა. ემიგრაციის მთავარი მიზეზი ყოველთვის სიდუხჭირეა, თუმცა არის სხვა გარემოებებიც, მათ შორის მედიის მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული რეალობა”, - ამბობს ზუბიაშვილი და შეკითხვაზე - “რას გულისხმობთ?” - პასუხობს:
“ახალი თაობის განწყობაზე ნეგატიური გარემო ნამდვილად აისახება. მუდმივი ნიჰილიზმი, აპათია, თუ როგორ შორდება ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს, ახალგაზრდებს თავის ქვეყანაში ცხოვრების, სწავლის, ბრძოლის, დოვლათის შექმნის, მისი სიყვარულის უნარს უქვეითებს; მედიას აქვს გავლენა მასებზე. არ ვამბობ, რომ ვარდისფერი სათვალე უნდა გავუკეთოთ თაობას, მაგრამ პირს, რომელიც ხვალ ახალ ცხოვრებას იწყებს, დასაწყისშივე არ უნდა შევუქმნათ განცდა, რომ უპერსპექტივობა ემუქრება. ახალგაზრდას უნდა ჩავაგონოთ, რომ კარგია თუ ცუდი, ეს მისი ქვეყანაა და უკეთესი მომავლისთვის უნდა იბრძოლოს. ამის ნაცვლად ახალგაზრდას ესმის, თუ რა კარგად ცხოვრობენ ევროპაში მისი თანატოლები და, რა თქმა უნდა, ყველა გზით ეცდება წავიდეს. ნიჰილიზმის შედეგია, რომ ახალგაზრდებს მხოლოდ პირადი ინტერესი აქვთ. ვინც ახლა, ამ სეზონზე, დაფინანსება უცხოეთის უნივერსიტეტებში მიიღო, დამბრუნებელი არ არის...”.
“ჯერჯერობით საქართველოდან წასულ მიგრანტთა ნაკადი ვიზალიბერალიზაციაზე მკაფიო გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, არავინ იცის, რა იქნება. ამოუწურავი ლიმიტი არცერთ ქვეყანას არა აქვს. ხშირად ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტულად ჩადიან და სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან”, - დასძენს თამაზ ზუბიაშვილი. ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა უპრეცედენტო მაჩვენებელს ვიზალიბერალიზაციისთვის სახიფათოს უწოდებს იურისტი ლევან ალაფიშვილი. “ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას ასეთი რაოდენობის მიგრაციამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას. ევროპაში ყველა გასაჭირის გამო არ მიდის, შესაძლოა ნაწილმა თავისი პოტენციალი სხვა ქვეყანას მოახმაროს, რაიმე ღირებული შექმნას, მაგრამ აქედან ჩასულების უმეტესობა არ მუშაობს, არ ქმნის დოვლათს, პირიქით, ევროკავშირის ქვეყნებს უწევთ მათი ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფა”, - ამბობს ალაფიშვილი, რომლის განმარტებით, როდესაც წყვილებს ევროპაში შვილებიც მიჰყავთ, ის ქვეყანა ვალდებულია საცხოვრებლის გარდა, მათ ბავშვებს განათლება, სამედიცინო მომსახურება მისცეს”, - წერს სტატიის ავტორი.
“რაც ყველაზე ცუდია, ეს ქვეყნები მუდმივად წუხან ნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების მატებაზე, ასეთ საქმეებში კი ხშირად ქართველი კრიმინალები ფიგურირებენ... ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ მას განსაზღვრული ვალდებულებები ახლავს, რომელთაც ევროპულ ოჯახში ყოველწლიურად განიხილავენ და არ არის გამორიცხული, უვიზო მიმოსვლაც რაღაც პირობებს დაექვემდებაროს. შარშან პირველად გერმანია, საფრანგეთი და იტალია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი ნაკადის გამო შფოთავდნენ, რაც ჩვენმა მთავრობამ პოსტპანდემიური შეზღუდვების მოხსნით ახსნა, თუმცა წელს ეს აღარ გაჭრის. მიგრანტთა ნაკადის შემცირებაზე სახელმწიფოს უნდა ეზრუნა. ამიტომ შესაძლოა ევროპული ოჯახის მსჯელობას ქმედებებიც მოჰყვეს და საემიგრაციო პოლიტიკის გატარებამ მოუწიოთ”, - მიიჩნევს იურისტი.
“მართალია, გასული წლის დასაწყისიდან საქართველოდან ევროპაში წამსვლელთა საბუთებს ჩვენივე ქვეყანაში აკონტროლებენ, მაგრამ არსებობს სხვა საფრთხეებიც. ევროპაში უვიზო მიმოსვლის პარალელურად, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება საქართველოს მოქალაქეებს გაუმკაცრონ მოთხოვნები თუნდაც ისე, როგორც ახლა რუსეთის მოქალაქეებს დაუწესეს. პირველი შეიძლება იყვნენ საფრანგეთი, გერმანია და იტალია. ჩეხეთიდან და პოლონეთიდანაც შეიძლება წამოვიდეს სიგნალები. ერთ-ერთი ევროპული გამოცემის მიხედვით, ჩეხეთი კულუარულად მუშაობდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე. ამ სიაში უკრაინა და მოლდოვაც იყო, მაგრამ ომის გამო მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა... ჩვენ 12-პუნქტიანი გეგმა გვაქვს შესასრულებელი და წლის ბოლოსთვის საემიგრაციო პოლიტიკა შესაძლოა მე-13 პუნქტად დაგვიმატონ. მთავრობა და ოპოზიცია არ ფიქრობენ ამ თემაზე, მხოლოდ ერთმანეთთან კინკლაობით არიან დაკავებული. არადა, არ შეიძლება ამის წაყრუება”, - თვლის ლევან ალაფიშვილი.
შეტევა ხერსონზე - უკრაინელთა დაყოვნების მიზეზი და საკადრო ცვლილებები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში
“ხერსონის მიმართულებით უკრაინელების შეტევა არ ჩაშლილა და უბრალოდ შენელდა იმის გამო, რომ რუსებმა მათ შესაკავებლად საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ “რეზონანსთან” სამხედრო ექსპერტები საუბრობენ. მათი ცნობით, უკრაინელებს ხერსონთან დაკავშრებით დეტალური გეგმა აქვთ შემუშავებული და მას მიჰყვებიან. პარალელურად კი მოსკოვში საინტერესო საკადრო გადაადგილებებია მოსალოდნელი. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უახლოეს დღეებში შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. მის ადგილს, სავარაუდოდ, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი, ვიკტორ ზოლოტოვი დაიკავებს, გვარდიის ხელმძღვანელად კი შესაძლოა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დაინიშნოს, რომელმაც ორი დღის წინ ოფიციალურად განაცხადა უვადო შვებულებაში გასვლის შესახებ. ხოლო ჩეჩნეთის ახალი ლიდერი კი კადიროვის მარჯვენა ხელი ადამ ზელიმხანოვი გახდება... ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეტევა ხერსონზე - უკრაინელთა დაყოვნების მიზეზი და საკადრო ცვლილებები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში.
“ანალიტიკოსთა ინფორმაციით, ხერსონის მიმართულებაზე უკრაინელთა მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია “ბაირაქტარები”, “ჰაიმარსები”, “ემ-270” ტიპის სისტემები, ასევე პოლონური თვითმავალი საარტილერიო დანადგარი “კრაბები” და ფრანგული ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემა “ცეზარი”. ამ შეიარაღებას კი ფრონტზე მნიშვნელოვანი გარდატეხა შეაქვთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი “ტელეგრამზე” წერს, რომ სამი დღის განმავლობაში “ბაირაქტარის” დრონებმა 26.5 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ტექნიკა, მათ შორის 8 ტანკი გაანადგურეს. რუსული ძალების მცდელობა, ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით წინ წაეწიათ, კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. 24 საათის განმავლობაში ოკუპანტთა პოზიციებზე 5 დარტყმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალაა განადგურებული. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა “კალიბრის” ტიპის რაკეტები, ერთი ვერტმფრენი და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატიც გაანეიტრალეს. ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში უკრაინელებმა მელიტოპოლის აეროდრომს დაარტყეს, სადაც საოკუპაციო ძალები სამხედრო ტექნიკის განთავსებას ცდილობდნენ. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ უკრაინელების მცდელობა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაეკავებინათ წარუმატებელი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, როგორც ჩანს, მიაღწიეს ტაქტიკურ სიურპრიზს, რადგან ისარგებლეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ცუდი ლოჯისტიკით, მართვითა და ხელმძღვანელობით”, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. როგორც სამინისტრო აცხადებს, იმის გამო, რომ დონბასისა და ხარკოვის სექტორებში ბრძოლები გრძელდება, უახლოეს დღეებში რუსი მეთაურებისთვის მთავარი გადასაწყვეტი საკითხი იქნება ის, თუ სად შეიყვანონ სარეზერვო ძალები, რომლის მობილიზებასაც შეძლებენ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “„რეზონანსთან” აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, უკრაინელებს ხერსონის მიმართულებით იერიშის დეტალური გეგმა აქვთ, რომელიც ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ხერსონზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება. სიმართლის გარკვევა ძნელია. როგორც ვიცი, საკმაოდ რთული სიტუაციაა. უკრაინელები ჰეტეროცენტრული ომის თეორიას და სტრატეგიას საკმაოდ კარგად იყენებენ. მათ ხერსონის მიმართულებით მასიური საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს, რომელიც ოთხი პუნქტისგან შედგება: 1. მოწინააღმდეგის სიღრმეში, 200-300 კილომეტრში, სტრატეგიული კომუნიკაციების, ლოჯისტიკური ცენტრებისა და მართვის სისტემების განადგურება. 2. სტრატეგიული მიმართულების დაჯგუფების შექმნა, რომელიც მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. 3. წინმსწრები ბრძოლები, რომ მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები მონახო. 4. გადასვლა შეტევაზე. უკრაინელებს ეს გეგმა ჯერ კიდევ ივნისში ჰქონდათ. მიკვირს ამის დაანონსება რატომ დასჭირდათ. მესმის, რომ ფსიქოლოგიური ომის თვალსაზრისით კარგია, მაგრამ საპასუხოდ რუსებიც გარკვეულწილად მოემზადნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“უკრაინელებს ამ სტრატეგიის გამოყენების საშუალება დასავლურმა იარაღმა მისცა, რითაც საშუალება გაუჩნდათ, რომ რუსებს სიღრმეში საკვანძო ცენტრები გაუნადგურონ. უკრაინელებმა საარმიო შემტევი ოპერატიული დაჯგუფება ჩამოაყალიბეს, სადაც ათზე მეტი ბრძოლისუნარიანი ბრიგადა შევიდა, რომელიც ზაპორიოჟიე-ნიკოლაევისა და ხერსონის გეო-ოპერატიულ სივრცეს მოიცავს. პლუს ამაში მოქმედი რეზერვის, ტერიტორიული თავდაცვისა და ეროვნული გვარდიის ათი ბრიგადა შევიდა. ამ რესურსით 29 აგვისტოს ხერსონზე სტრატეგიული შეტევა განახორციელეს. ამის პარალელუარად სიღრმისეული სტრატეგიული შეტევა ჰქონდათ - ენერგოდარისა და ზაპოროჟიეს აეს-ის მიმართულებით მათ ტაქტიკური დესანტი გადასხეს, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს შეტევა წარუმატებელი არმოჩნდა”, - განაგრძობს ექსპერტი.
“ხერსონის კონტრშეტევაზე უკრაინელებს საკმაოდ სერიოზული დანაკარგები აქვთ. მათ პირველი რუსული ეშელონის გარღვევა შეძლეს, რომლის სიღრმე 10-კილომეტრამდეა, მეორე ეშელონის გარღვევა ჯერ ვერ განახორციელეს. აქ რუსებმა პირველად ვაკუმური და საავიაციო “ფაბ-250” და “ფაბ-500” საჰაერო ბომბები გამოიყენეს, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიერ აკრძალული შეიარაღებაა. უკრაინელების მხრიდან ხერსონზე ოპერაცია გრძელდება, მაგრამ ახლა ტემპი შენელებულია. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ეშელონის გარღვევისთვის სერიოზულად ემზადებიან და გადაჯგუფებისთვის ოპერატიული პაუზის მსგავსი აქვთ აღებული... მე მგონი, პუტინი აპირებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელოს. ალბათ კადიროვს უპირებენ, რომ ეროვნული გვარდიის სარდლად გადაიყვანონ და არმიის გენერალი ზოლოტოვი კი თავდაცვის მინისტრად დანიშნონ. სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ახალი ლიდერი კადიროვის მარჯვენა ხელი ადამ ზელიმხანოვი იქნება. პუტინს ასეთი როტაცია სჭირდება, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დინამიკა განაახლოს, რომ სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბერში ომის მესამე ფაზა დაიწყოს. ფარული მობილიზაციაც უკვე გამოაცხადა”, - დაასკვნის მაისაია.
"ჯიპას” პროფესორი გიორგი კობერიძე კი “ფეისბუქზე” წერს, რომ უკრაინელების კონტშეტევა ხერსონზე გრძელდება, პროცესში “ბაირაქტარები” არის ჩართული, უკრაინელებმა კი დაცვის პირველი ხაზის გარღვევისას რუსული სასანგრე პოზიციების დაკავება მოახერხეს და რუსული შეიარაღებაც მოიპოვეს”, - დასძენს გამოცემა. “უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობა ომიდან მეშვიდე თვეში ძალიან მაღალ მაჩვენებელზეა: რუსული რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობის განეიტრალება მანამ ხდება, სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ ხოლმე. დნიპროპეტროვსკის რაიონში თითქმის ყოველდღიურად მიფრინავს რუსული რაკეტები, რომელთაგან სამიზნემდე ძალიან იშვიათად რომელიმემ ჩააღწიოს. “ნასამსის” ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სრულმასშტაბიანად ამუშავების შემთხვევაში უკრაინული არმიის მხრიდან რაკეტების განეიტრალების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება”, - წერს გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში.
“ხერსონის რაიონში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით, დასახლება რადენსკისთან რუსული სამხედრო კოლონა დაიბომბა, რომლებიც მდინარისაკენ მიემართებოდნენ, საიდანაც დასავლეთ სანაპიროზე გადასვლას აპირებდნენ. იმ ფონზე, რომ ნოვა კახოვკას დნეპრზე არსებული ხიდის გამოყენებითი პოტენციალი თითქმის აღარ არსებობს, რუსები აქაც ცდილობენ ბორანის, ან პონტონური ხიდის გამოყენებას. თუმცა საჰაერო დაზვერვით მიღებული ინფორმაცია პრაქტიკულად მიმდინარე რეჟიმში აწვდის უკრაინულ არტილერიას ინფორმაციას, რის შედეგადაც რუსულ სამხედრო შეჯგუფებებზე ან წყლის ტრანსპორტზე იერიშები იწყება. რეალურად, უკრაინელების გათვლა რუსული ლოჯისტიკის იმ დონეზე ჩამოშლაა, რომ რუსული სამხედრო ნაწილის მომარაგება ძალიან გართულდეს. ხერსონის რაიონში კონტრშეტევის ფონზე უკრაინელებმა დაცვის პირველი ხაზის გარღვევისას რუსული სასანგრე პოზიციების დაკავება მოახერხეს, რომელთან ერთადაც რუსული შეიარაღებაც მოიპოვეს”, - განაგრძობს კობერიძე.
“როგორც ჩანს, თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევის შემდეგ უკრაინელების მიზანი რუსული სამხედრო ძალების დინამიური განადგურებაა და არა დიდი დანაკარგების ფონზე სწრაფი წინ წაწევა. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ უკრაინელები უფრთხილდებიან საკუთარი სამხედროების სიცოცხლესა და ტექნიკას, საკვანძო ზონების დაკავების შემდეგ უფრო ნელა მიიწევენ წინ. ამასთან, რუსული თავდაცვის პოზიციები საკმაოდ მყარია და მათი გადალახვა ადვილი ამოცანა არ არის. ამ დროის მონაცემებით რუსები ყველაზე მეტად ჩერნობაევკას აეროპორტის ტერიტორიასა და მიკოლაივი-ხერსონის გზის მონაკვეთს ამაგრებენ. სავარაუდოა, რომ რუსები ქალაქზე მთავარ უკრაინულ შეტევას სწორედ მიკოლაივის მხრიდან ელიან”, - დასძენს კობერიძე.
ვახტანგ კაპანაძე - "რუსეთმა უკვე ამოწურა თავისი შეტევითი პოტენციალი”
“დაპირისპირება კარგა ხანს გაგრძელდება. ფუჭია მოლოდინი, რომ ხვალ ან ზეგ აიღებენ ხერსონს. უკრაინა უნდა იყოს მზად ხანგრძლივი ომისა და მძიმე ზამთრისთვის. უნდა მოემზადოს თავისი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, რათა შეძლოს კონტრშეტევა და არა კონტროპერაცია. კონტრდარტყმისთვის უნდა ჩამოაყალიბოს ცალკე დაჯგუფება, რომელიც სრულად აღიჭურვება დასავლეთიდან შემოსული იარაღით, საბრძოლო მასალით. იმედი მაქვს, უკრაინას ეს უკვე მოფიქრებული აქვს და ამ მიმართულებით მუშაობაც მიმდინარეობს. უკრაინელები ჯერ არ არიან მზად, თვითონ განახორციელონ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა ხერსონთან. ომი გადასულია სტაციონარული დაპირისპირების ფაზაში, დიდი წინსვლა არცერთ მხარეს არ ეტყობა. უკრაინას ჯერ არ შეუძლია განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევა, რუსეთმა კი უკვე ამოწურა თავისი შეტევითი პოტენციალი”, - აცხადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „რთული ზამთარი ელის მსოფლიოს, მაგრამ...“
“ვადის განსაზღვრა ძალიან ძნელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დროულად მიიღებს თუ არა უკრაინა შეიარაღებას და დროულად მოახერხებს თუ არა კონტრდაჯგუფების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, ამ ეტაპზე რა იქნება უკრაინისთვის გამარჯვება. მე ვთვლი, რომ უკრაინისთვის დიდი გამარჯვება იქნება, თუკი ის ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეში შეძლებს წარმატების მიღწევას, რათა გავიდეს აზოვის ზღვაზე და ეს შესაძლებელია წელიწადნახევარში მოახერხოს, მაგრამ თუ, როგორც უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ის ყირიმის ჩათვლით გავა უკრაინის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ამას წლები დასჭირდება, თუ რამე არ შეიცვალა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების რესურსი ძალიან ბევრია, მიმართულებაც არაერთი. მთავარია სურვილი და ამ ზეწოლისას მსოფლიოს ერთიანობა. გარდა ეკონომიკური სანქციებისა, მსოფლიოს რუსეთზე ზემოქმედების სხვა შესაძლებლობებიც აქვს. ასევე მნიშვნელოვანია შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის. რუსეთი ცდილობს დაპირისპირება ზამთრამდე გააჭიანუროს, როდესაც გაუჭირდებათ ევროპასაც და უკრაინასაც, რადგან ეს იქნება რუსეთის დამატებითი ბერკეტი, ჯერ ერთი, ევროპა აიძულოს, ზემოქმედება მოახდინოს უკრაინაზე, რომ ის გარკვეულ შეთანხმებებზე დაიყოლიოს, მეორეც _ ამ ომით გადაღალოს უკრაინის მოსახლეობა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ენერგორესურსის გარეშე ზამთარში უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება, შედეგად კი აიძულოს ხალხი, ზემოქმედება მოახდინოს თავის ხელისუფლებაზე, რომ ის კონკრეტულ პირობებს დასთანხმდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“უკრაინა სწორად იქცევა, რომ ჯერჯერობით რუსეთთან არავითარ შეთანხმებას არ დებს, ვინაიდან რუსეთისთვის შეთანხმება იქნება დროის მოგება. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ თუკი შეთანხმება შედგება თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდში უკრაინა აღჭურვილობასა და შეიარაღებას ვეღარ მიიღებს, რუსეთი კი ამ დროს თავისი რესურსების მობილიზებისთვის გამოიყენებს და შემდეგი ეტაპი ისევ შეტევა იქნება. რომელი შეთანხმება არ დაურღვევია რუსეთს, რომ ეს არ დაარღვიოს?! ასე რომ, რუსეთი ცდილობს მივიდეს ზამთრამდე, თუნდაც დღევანდელი სტატუს კვოთი. ის ენერგომატარებლებით უკვე ცდილობს ევროკავშირზე ზეწოლას. მიწოდება შეწყვიტა და ახლა ელოდება ვითარების გართულებას, როცა გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება, მერე კი ამას პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენებს”, - განმარტავს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი.
“აშკარაა, რომ აღჭურვილობის მიწოდებამ საშუალება მისცა უკრაინას, შეეჩერებინა რუსეთის აგრესია და ომი სტაციონარული დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანა, მაგრამ იმისათვის, რომ თვითონ გადავიდეს შეტევაზე და გახდეს უფრო აქტიური, დამატებითი შეიარაღება სჭირდება. მაგალითად, ე.წ. ემრაპები, აფეთქების გამძლე ჯავშანტექნიკა, რომელიც, ძირითადად, განკუთვნილია კონტრტერორისტული და ამბოხებულთა წინააღმდეგ მოქმედებისა თუ სამშვიდობო ოპერაციებისთვის, უკრაინას ნაკლებად გამოადგება. მათ სჭირდებათ მეტი ჯავშანტექტიკა, ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რათა თვითონ გადავიდნენ შეტევაზე. თან არ დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ უკრაინა სტეპების მხარეა და თუ დღეს რუსები არიან მოძრავი სამიზნე, როცა უკრაინა შეტევაზე გადავა, თვითონ გახდება რუსეთისთვის მოძრავი სამიზნე. ასევე მას აუცილებლად სჭირდება საჭირო რაოდენობის ზუსტი დარტყმის იარაღი, რათა ოპერატიული კონტრდარტყმის წინაპირობა შეიქმნას, ჯერჯერობით კი უკრაინას არ გააჩნია იმდენი იარაღი, რომ თუ უპირატესობას ვერ მოიპოვებს, რუსეთთან თანაფარდობას მაინც მიაღწიოს. კი ბატონო, უკრაინელები გულხელდაკრეფილი არ სხედან: მათ შეძლეს მსოფლიოსგან მიღებული რაკეტების სამხედრო თვითმფრინავებზე ადაპტირება, საარტილერიო საშუალებების გამოყენება, მაგრამ მხოლოდ სისტემები ხომ არ არის?! საჭიროა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რათა ამ საშუალებებმა გაისროლოს”, - მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.
“ჯერჯერობით უკრაინა ამ საჭირო რაოდენობას ვერ იღებს, თუმცა გარდატეხის ნიშნები უკვე ჩანს, რაც გამოიხატება იმით, რომ რუსეთის შეტევითი პოტენციალი, ფაქტობრივად, ამოიწურა. რუსეთი ელოდება ზამთარს, როცა უკრაინას ეკონომიკურადაც გაუჭირდება და სწორედ ამის იმედი აქვს, ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მუდმივად უნდა იმუშაოს, რომ ხალხს მოტივაცია არა მარტო შეუნარჩუნოს, არამედ აუმაღლოს კიდეც. უნდა შენარჩუნდეს ის განწყობა, რომელიც ომის პირველ ორ თვეს ვნახეთ. ამავე დროს, მსოფლიომ უნდა შეძლოს თანადგომის მაგალითების ჩვენება, რაც უკრაინელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ შედგება უკრაინის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ალიანსი. ეს არ იქნება ნატოს მასშტაბის გაერთიანება, მაგრამ იქნება მოქნილი და სწრაფი რეაგირების ალიანსი, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას, სამხედრო პოტენციალი აიმაღლოს”, - დასძენს გენერალ-მაიორი და შეკითხვაძე - “ბორის ჯონსონი აღარ არის თანამდებობაზე. როგორ ფიქრობთ, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას?" - პასუხობს:
“ის, ვისზეც ახლა ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იქნება, აცხადებს, რომ არანაკლებ მოტივირებულია, ამიტომ იმედი მაქვს, ბრიტანეთი გააგრძელებს და გააძლირებს მხარდაჭერას. ახლა ბრიტანეთმა დახმარება რომ შეწყვიტოს, არა მგონია, ეს მათთვის წარმატებული პოლიტიკური ნაბიჯი იყოს. ერთი სიტყვით, რთული ზამთარი ელის მსოფლიოს, უკრაინას, მაგრამ არანაკლებ რთული იქნება ეს ზამთარი რუსეთისთვის”.