ლონდა თოლორაია ე.წ. მოსმენების კანონზე - სამართლებრივ არგუმენტებს ჩვენ უნდა ვეძებდეთ კანონის განმარტებით ბარათში და ვერანაირ სამართლებრივ არგუმენტაციას ამ განმარტებით ბარათში ვერ ნახავთ

სამართლებრივ არგუმენტებს ჩვენ უნდა ვეძებდეთ კანონის განმარტებით ბარათში და ვერანაირ სამართლებრივ არგუმენტაციას ამ განმარტებით ბარათში ვერ ნახავთ, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ სხვას არ აქვს სამართლებრივი არგუმენტაცია, არასერიოზულია, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია "კანონის უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია ამ ცვლილებების მიღება მაშინ, როცა ძალიან ბევრი მოქალაქე აცხადებს, რომ უკანონოდ უსმენენ და არ არის პროკურატურისგან პასუხი, რა შედეგით დასრულდა გამოძიება, რომელიც ეხება მასობრივი მოსმენების ფაილებს.

"ჩვენ ფაქტობრივად, ამ კანონით ვიღებთ სახელმწიფო ორგანოების ხელში განუსაზღვრელ დისკრეციას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით და ვიღებთ სწორედ იმ დროს, როცა არის არაერთი კითხვის ნიშანი უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. თითქმის ყველა ანგარიშში, რომელიც დაიწერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, მისი წინამორბედის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ, ყველგან იყო საუბარი, რომ ერთ-ერთი პრობლემა იყო იმ ადამიანებისთვის ფარული მოსმენების შესახებ შეტყობინება, რომლებსაც უსმენდნენ და ნაცვლად იმისა, პარლამენტს გადაედგა ნაბიჯები, რომ მოქალაქეების ეს უფლება ყოფილიყო რეალიზებული, რომ მათ კანონმდებლობით დაცულ დროში ჰქონოდათ ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული ფარული მოსმენების შესახებ, ფაქტობრივად, მივიღეთ კანონი, რომელიც საერთოდ ართმევს უფლებას მოქალაქეებს და შეიძლება გავიდეს რამდენიმე ათეული წელი და ვერ გავიგოთ, რომ ჩვენს მიმართ ფარული მოსმენა ხორციელდებოდა. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ამ ქმედების გასაჩივრების უფლება მას შემდეგ, რაც იგი ამას შეიტყობს და თუ ეს შეტყობინება არ მიუვიდა თავის დროზე, ეს ბერკეტი წართმეულ ექნება მოქალაქეს. ასევე, ძალიან ფართოვდება დანაშაულთა წრე, რომელზეც შეიძლება მოუსმინოს სახელმწიფო ორგანოებმა მოქალაქეს. დღესაც პარლამენტი გამონაკლისებს ტოვებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მუხლზე მოსმენა არ მართლდება, ამიტომ რა კრიტერიუმებით გადაარჩია ეს მუხლები პარლამენტმა, ამაზე ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია ვერ მოვისმინეთ. აქაც რაიმე დასაბუთება, რატომ უნდა მოუსმინონ ადამიანს, მაგალითად 9 თვე და არა 7 ან 8 თვე, ვერ მოვისმინეთ",- განაცხადა თოლორაიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს