თინა ხიდაშელი - ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში მტრის ძებნა, ოპოზიციამ კი რიგგარეშე არჩევნებზე დაუმთავრებელი ლაპარაკი უნდა დაასრულოს და საქმეს მიხედონ

ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში მტრის ძებნა, ოპოზიციამ კი რიგგარეშე არჩევნებზე ეს გაუგებარი და დაუმთავრებელი ლაპარაკი უნდა დაასრულოს და საქმეს მიხედონ, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნა მარცხისთვისაა განწირული და მათ 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

„ხელისუფლებამ საკუთარ თავს დავალება უნდა მისცეს, რომ აკრძალოს იმ ფორმატით, იმ სიტყვებით, იმ ლექსიკით საუბარი, როგორითაც ის საზოგადოებას ელაპარაკება. მუდმივად მტრის ძებნა ყველა იმ პოლიტიკური ძალის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ მედიის წარმომადგენლებში, რომლებიც მის გენერალურ ხაზს არ ეთანხმება. ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში მტრის ძებნა უნდა დაასრულოს და საქმით უნდა დაკავდეს. მეორე მხრივ, ოპოზიციამ უნდა დაასრულოს ეს გაუგებარი და დაუმთავრებელი ლაპარაკი რიგგარეშე არჩევნებზე და სინამდვილეში საქმეს მიხედოს და 2024 წლის არჩევნებისთვის მოემზადოს. აბსოლუტურად არაფრის მომცემია, არაფრის მთქმელია, მარცხისთვის განწირულია ის გზა, რომელიც ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა აირჩია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, გუშინ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი მზად არის იმ მომენტში, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდება, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობისკენ გზა გაუხსნას.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ბრიუსელიდან მორიგ ჯერზე გაკეთდა მითითებები იმაზე, რომ ჩვენ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს, რაც ყველაზე მთავარი კრიტიკა და იმავდროულად, ყველაზე მთავარი დღის წესრიგია.

„ეს იყო ძალიან პოზიტიური, იმიტომ, რომ ამ რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ დადასტურება და არა სკეპტიციზმი იმაზე, რომ საქართველოს შანსები არ აქვს, ან რაიმე მსგავსი.

ხელისუფლების კრიტიკა სინამდვილეში მოვისმინეთ. აუცილებელი არ არის ადამიანს უთხრან, რომ ცუდია, საკმარისია ადამიანს უთხრან, რომ პირობები აქვს შესასრულებელი. რამდენჯერ უნდა გვითხრან, რომ ხელისუფლების გზა, არჩეული ნაბიჯები, გადაწყვეტილებები არ არის სწორი. მორიგ ჯერზე გაკეთდა მითითებები იმაზე, რომ ჩვენ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს. ეს არის ყველაზე მთავარი კრიტიკა და იმავდროულად, ყველაზე მთავარი დღის წესრიგიც“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა