გედევან ფოფხაძე - „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა პროდასავლური კურსი დაადასტუროს, ეს საქმით უნდა გააკეთოს - განცხადებები, რომ ამერიკა და ევროპა გვინდა, არანაირი საქმით არ არის გამყარებული ხელისუფლების მხრიდან

„ქართულ ოცნებას“ თუ უნდა პროდასავლური კურსი დაადასტუროს, ეს საქმით უნდა გააკეთოს და არა განცხადებებით. ის განცხადებები, რომ ამერიკა და ევროპა გვინდა, არანაირი საქმით არ არის გამყარებული ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის წინ პრემიერის მიერ დასავლეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებში მან გულწრფელობა ვერ დაინახა.

„საქმით არაფერი არ გაკეთებულა 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით და შენ რომ წინასწარ იცი, ჩადიხარ მტრის ბანაკში და აჩვენებ, რომ „არა, მე თქვენი მოწინააღმდეგე არ ვარ“, მოდიხარ და „ნიჩურტი" გაქვს ხელზე გაკეთებული. რეალურად მე ვერაფერი გულწრფელი პოზიცია ხელისუფლების დასავლეთთან მიმართებაში ვერ დავინახე იმიტომ, რომ ეს პოზიცია არ არის გამყარებული კონკრეტული ნაბიჯებით, თუ ქვეყანაში რაღაც არ კეთდება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე გადაცემაში „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისინი საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებას საქართველოში მყოფი აგენტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ჩვენი მომავალი, საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე, ტერიტორიული მთლიანობა, სოხუმი, ცხინვალი, ჩვენი იმედები, რომ ეს ქვეყანას რაღაცას დაემსგავსება ყველაფერი ხერსონისკენ და ხარკოვისკენაა მიმართული და შენ რომ ამ ვითარებაში ხედავ, რომ ვიღაც გამოდის და ამერიკის აგენტებს ეძებს საქართველოში, ელემენტარულად იბოღმები. შე დალოცვილო, თუ უკრაინის დროშა აღარ გინდა „ფეისბუქზე“ დადო და ერთი სიტყვა აღარ გინდა მხარდაჭერის თქვა, ამ სისულელეებს მაინც ნუ აკეთებთ. მე მესმის, რომ შეიძლება თბილისის ყველა ბინიდან უკრაინის დროშა არ გადმოაფრიალო, მაგრამ რუსეთის დროშას თუ ვინმე გადმოაფრიალებს და გაუვა, შემდეგ აუცილებლად ვნახავთ იმ ხალხს, რადგან არ შეიძლება ასეთი დემონსტრაციული ღალატი ქვეყნის ინტერესების. ამ ვითარებაში ან უნდა იყო ადეკვატური ან ისტორია გადაგივლის და ვაჭრობის უფლება არავის არ აქვს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა