ირაკლი კობახიძე - პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით უპრეცედენტო პროცედურა შევთავაზეთ - ამაზე მეტი რა უნდა შევთავაზოთ, მე არ ვიცი

ჩვენ, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით უპრეცედენტო პროცედურა შევთავაზეთ - ამაზე მეტი რა უნდა შევთავაზოთ, მე არ ვიცი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში პოლიტიკური პარტიების არ ჩართვას ვერანაირი ახსნა ვერ ექნება.

რაც შეეხება პროცედურებში „ისფედისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ არ ჩართვას, როგორც კობახიძე აცხადებს, მათი ადგილი ვერცერთ სამუშაო პროცესში ვერ იქნება, იმიტომ, რომ ისინი დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები.

„ჩვენ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით უპრეცედენტო პროცედურა შევთავაზეთ. ვთქვით, რომ შერჩევაში საერთოდ არ ვერევით. შერჩევაში არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს. ისინი კანდიდატებს ქულებით აფასებენ. ამის შემდეგ მხოლოდ ოპოზიციური ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები კანდიდატებს ასახელებენ. მხოლოდ ამის შემდეგ მათგან დასახელებული კანდიდატებიდან ჩვენ სახალხო დამცველის პოზიციაზე ერთ-ერთს ვირჩევთ. ამაზე მეტი რა უნდა შესთავაზო არასამთავრობო სექტორს, ან ოპოზიციას მე არ ვიცი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიების არ ჩართვას ამ პროცედურაში ვერანაირი ახსნა ვერ ექნება.

რაც შეეხება ორი NGO-ს ამ პროცედურიდან გამორიცხვას, ეს ძალიან მარტივად არის გასაგები მე მგონი საზოგადოებისთვის. ისინი პოლიტიკური მოთხოვნებით პირდაპირ გამოდიოდნენ. „ისფედი“ ჯერ „პივიტის“ აყალბებდა და რევოლუციურ პროცესებში ამით იყო ჩართული და მერე რუსთაველის გამზირზე სცენაზე დადგა და მთავრობის გადადგომის პოლიტიკური მოთხოვნა პირდაპირ დააყენა. მეორე არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ასევე სცენაზე იდგა და რომელიც ჩართული იყო ასევე არჩევნებთან დაკავშირებით „პივიტის“ გაყალბების კამპანიაში. მათი ადგილი ბუნებრივია, ვერცერთ სამუშაო პროცესში ვერ იქნება, იმიტომ, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ არიან. ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები. ერთადერთი რაც მათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განასხვავებს, ეს არის სიმდიდრე. ისინი არიან უფრო მდიდრები ვიდრე სხვები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა