მამუკა მდინარაძე - ქართველების იმიჯი ზიანდება როცა, საქართველოს მოსახლეობას ჰკადრებენ, რომ მათ არჩეული ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც რუსეთის საქმეს აკეთებს

ქვეყნის გარეთ, მსოფლიოში, უმრავლესობამ, ერთეულების გარდა, სულ არ იცის „ქართული ოცნებაა“ საქართველოს მმართველი პარტია, თუ ვინ არის პრემიერი, ვინ არის პარტიის თავმჯდომარე და ა.შ. მათ იციან საქართველო და ქართველები. ქართველების იმიჯი ზიანდება იმით, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰკადრებენ, რომ მათ არჩეული ჰყავთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც რუსეთის საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია და ოპოზიციური მედია ქვეყნით შიგნით „ქართულ ოცნებას“ დაზიანებას ცდილობს, თუმცა ვერ ახერხებს.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მოგონილ პანიკებს არ უნდა ვთესავდეთ.

„საქართველოს საბანკო სისტემას ეროვნული ბანკის მხრიდან ადეკვატური და რელევანტური კონტროლი ისედაც დაწესებული აქვს. შესაბამისი რისკები და საფრთხეები თუ იქნება, რუსეთის მოქალაქე იქნება, თუ სხვა, რისკებს ისედაც გადის. გარდა ამისა, უსაფრთხოების საკითხებში სუს-ი გვყავს ქვეყანაში, რომელიც მუშაობს და ამ საკითხებს გადიან.

ომის დაწყებიდან პანიკა ტალღებად იწეოდა - ჯერ რუს ტურისტებთან დაკავშირებით, შემდეგ შპს-ებთან დაკავშირებით, შემდეგ ანგარიშებთან დაკავშირებით, მერე დაბრუნებულ და დარჩენილ ადამიანებთან დაკავშირებით და ა.შ. ყველა ისტერია ხომ გადავიდა, ტალღებად იყო, ჩაიარა და ყველა ტყუილი აღმოჩნდა?! ჩვენ ვისთანაც უნდა გვქონდეს პრეტენზია ოკუპაციასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან დაკავშირებით და რასაც უნდა ვაკეთებდეთ უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის ჰააგაში სისხლის სამართლის წესით უკრაინის საჩივარს რომ ვუერთდებით და ამას ბევრი ქვეყანა ვერ აკეთებს, ამას უნდა აღვნიშნავდეთ და არა მოგონილ პანიკებს უნდა ვთესავდეთ საზოგადოებაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. მე მგონია, რომ უსაფუძვლო და „ფეიკ“ განგაშები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქვეყანას.

საბოლოო ჯამში რასთან მივდივართ იცით?! ქვეყნის შიგნით ოპოზიცია ხომ ცდილობს „ქართული ოცნების“ დაზიანებას, ოპოზიციური მედია ცდილობს „ქართული ოცნების“ დაზიანებას, ვერ გვაზიანებს, პირიქით, რეიტინგი გვემატება და ამ დროს ქვეყნის გარეთ ზიანდება არა „ქართული ოცნება“, ქვეყნის გარეთ, მსოფლიოში უმრავლესობამ, ერთეულების გარდა სულ არ იცის „ქართული ოცნებაა“ საქართველოს მმართველი პარტია, თუ ვინ არის პრემიერი, ვინ არის პარტიის თავმჯდომარე და ა.შ. მათ იციან საქართველო და ქართველები და ქართველების იმიჯი ზიანდება იმით, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰკადრებენ, რომ მათ არჩეული ჰყავთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც რუსეთის საქმეს აკეთებს და ამას აკეთებენ მართლა რუსული საქმის მკეთებლები. ადამიანები, რომლებმა ხელი მოუწერეს რუსეთს, რომ სამხედრო მოქმედებები ჩვენმა სამხედროებმა დაიწყეს. ეს ხალხი აკეთებს ამას და აზიანებს არა „ქართული ოცნებას“, შიგნით ვერაფერს ვერ გვიშვრებიან, არამედ აზიანებენ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ქართველი ხალხის იმიჯს ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე, აზიანებს თუ არა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებები ქვეყნის იმიჯს, მდინარაძემ უპასუხა, რომ დეპუტატების განცხადებების შესახებ ქვეყნის გარეთ პრაქტიკულად არავინ იცის.

„თქვენ როგორ გგონიათ ქვეყნის გარეთ მათი განცხადებების შესახებ რამდენმა იცის, თუ საქართველოთი და ქართული პოლიტიკით არ არის დაინტერესებული, რამდენმა ადამიანმა იცის?! არავინ, პრაქტიკულად. ის, რომ მოლდოვას და უკრაინას მიენიჭა სტატუსი და ამ ეტაპზე საქართველომ პერსპექტივა მიიღო, ის, რომ საერთაშორისო მედიებში იწერება სპეკულაციური და „ფეიკ“ სტატიები, რომ საქართველოში არის პრორუსული ხელისუფლება და ასეთი „ფეიკები“ იდგმება - ეს ნამდვილად აზიანებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა