დავით სიხარულიძე - უშიშროების საბჭოს არშეკრება დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ ინსტიტუციების შიგნით კი არ მიიღება გადაწყვეტილებები, არამედ გარეთ და ეს არის ერთი ოლიგარქის გადაწყვეტილებები

კარგია, რომ იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი 80 მილიონით, მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარისია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

დავით სიხარულიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების განვითარება.

„ჯერ კიდევ ათი წლის წინ რაც იყო ბიუჯეტი, ჩემი აზრით, იმასაც მინიმუმ 200 მილიონი სჭირდებოდა მომატება. მას შემდეგ ლარის კიდევ გაუფასურება მოხდა, ათი წლის წინ იყო 1.7 მილიონი და ახლა გახდა თითქმის 3 მილიონი. თავდაცვის ბიუჯეტის დოლართან მიმართება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადი შეიარაღების შესყიდვა გვიწევს დოლარში და არა - ლარში.

ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული შესაძლებლობების განვითარება საქართველოსთვის, ეს არის პირველ რიგში საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვის მიმართ გვჭირდება ფუნდამენტური, მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის თანმიმდევრულ განვითარებას. მერე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ანტისატანკო შესაძლებლობები. მესამე, ლოჯისტიკური საკითხები. ომმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა რაოდენ მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური საკითხები. მეოთხე, თანამედროვე კონცეფციები და მათი დანერგვა სამეთაურო რგოლების განათლებაში და ასევე ყბადაღებული ვერტმფრენების პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად თითი თითზე არაა დადებული. საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა და ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

გარდა ამისა დავით სიხარულიძემ ისაუბრა ისაუბრა უსაფრთხოების საკითხზებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში ინსტიტუციური მექანიზმები არ მუშაობს და სწორედ ამიტომ არ ხდება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებები მიიღება არა ინსტიტუციების შიგნით, არამედ გარეთ,“ერთი ოლიგარქის“ მიერ.

„უსაფრთხოების საბჭო ეს არის ინსტიტუციური მექანიზმი, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, შექმნის, წარმართვისა და შემდეგ მასზე კონტროლის. დემოკრატიული ქვეყანა იმართება ინსტიტუციებით. ეს პრობლემა არის მთლიანად საქართველოს პრობლემა, მხოლოდ უშიშროების საბჭოს არ ეხება. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებული აქვს ერთ ოლიგარქს, რომელიც ინსტიტუტების მიღმა მართავს ქვეყანას. როდესაც ხელისუფლებას ელაპარაკებიან ინსტიტუტებზე, მათ ხშირად გულწრფელადაც არ ესმით, რა საჭიროა საერთოდ ეს ინსტიტუტები, როდესაც სინამდვილეში გადაწყვეტილებები სხვაგან მიიღება. მაგალითად, კონსტიტუცია მივიღეთ 2017 წელს, რომელიც არის იმდენად უვარგისი კონსტიტუცია, რომ ახლა გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომლისთვისაც კენჭი არც უყრიათ, საერთოდ არავის ხმა არ მიუცია მისთვის, არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა, სიაშიც არ იყო და ჰგონიათ, რომ ეს კონსტიტუცია კარგია.

უშიშროების საბჭოს არ შეკრება, ჩემი აზრით, დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ ინსტიტუციების შიგნით კი არ მიიღება გადაწყვეტილებები, არამედ გარეთ და ეს არის ერთი ოლიგარქის გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

გადაცემაში რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ომში დაწყებიდან პირველივე კვირაში დამარცხდა და გამორიცხულია დასახული ამოცანების მცირე ნაწილი მაინც შეასრულოს.

„მე დარწმუნებული ვარ, ამაში ეჭვი არ მეპარება, რუსეთი ამ ომში პირველივე კვირაში დამარცხდა. ისინი ვერასდროს ვეღარ მოახერხებენ, წარმოუდგენელია და გამორიცხული, რომ მცირე ნაწილი მაინც შეასრულონ იმ ამოცანების, რითაც დაიწყეს. გახსოვთ, ალბათ, რაღაც პროპაგანდისტული ბოდვებით დაიწყეს ომი, რომ დემილიტარიზაცია უნდა მოეხდინათ უკრაინის, დენაციფიკაცია. პრაქტიკულად მათ დაიწყეს აგრესიული ომი, ჰიტლერის სტილში დაიწყეს, საბჭოთა კავშირიც და რუსეთიც გამოირჩევა ასეთი ტიპის ომებით. დაიწყეს ისეთი ომი, რომელიც თითქოს რაღაც უაზრო პროპაგანდით იყო შეფუთული და სინამდვილეში მიზნად ისახავდა სხვა ქვეყნის დაპყრობას.

სანქციები, რომელიც არის დაწესებული, რა თქმა უნდა, მუშაობს, გავლენა მოახდინეს რუსეთზე, უკვე წელს არის ეკონომიკის 15%-იანი ვარდნა, გაისადაც მინიმუმ 15-20%-მდე ვარაუდობენ. ეს ვარდნა არ არის მხოლოდ ომის პერიოდში, ომის შემდგომაც გაგრძელდება. პუტინმა და ამ რეჟიმმა იმაზე მეტი ზიანი მიაყენეს რუსეთს, ვიდრე ჯერჯერობით წარმოუდგენიათ კიდევაც ადამიანებს“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებას, დავით სიხარულიძის შეფასებით, რუსეთს ამ კონფლიქტში ჩართვის შესაძლებლობა არ აქვს.

„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ახლა ჰქონდეს შესაძლებლობა საერთოდ რამე კონფლიქტში სამხედრო თვალსაზრისით ჩაერთოს. მისი რესურსების უდიდესი ნაწილი ჩართულია უკრაინაში და უკრაინაში წარუმატებელია მისი სამხედრო ინტერვენცია. უკრაინელების მამაცობისა და პროფესიონალიზმის წყალობით მათი სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია და ახლაც პრაქტიკულად მთლიანად არის ჩართული. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მას რამე შესაძლებლობა ჰქონდეს სამხედრო თვალსაზრისით მონაწილეობა მიიღოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში. ამბობენ კიდეც, რომ სადაც ჰყავდა მას საკონტრაქტო ტიპის სამხედროები, ჩაანაცვლა ვადიანი სამხედროებით და დანარჩენი ჯარი გაიყვანა და გადაისროლა უკრაინაში“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა