გიორგი ვაშაძე - ბატონ კობახიძეს მინდა კითხვა შევუბრუნო: ომი გინდათ?! - კობახიძემ საქართველოზე განსახორციელებელი აგრესიისთვის პუტინს ფაქტობრივად, მტკიცებულებები შეუქმნა

ბატონ კობახიძეს მინდა კითხვა შევუბრუნო: ომი გინდათ?! - კობახიძემ საქართველოზე განსახორციელებელი აგრესიისთვის პუტინს ფაქტობრივად, პირდაპირ შეუქმნა მტკიცებულებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი, ხოლო ისინი მასიურად მოდიან საქართველოში, აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის და დაწესდეს გარკვეული გამონაკლისები.

მისივე თქმით, ამ საკითხზე შესაბამის პეტიციას შექმნიან, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„მინდა გაგაცნოთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოდინებას საქართველოში.

5 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია, სადაც ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას რუსეთის მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი.

უფრო მეტიც, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ რუსულენოვანი მოქალაქეები დაცული იქნან და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისში, როგორ გამოიყენა რუსეთმა საკუთარი თავდასხმების გასამართლებლად, რაც ყველაზე საგანგაშოა. ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად, პირდაპირ შეუქმნა მტკიცებულებები, ვლადიმერ პუტინს და რუსეთში არსებულ ხელისუფლებას საქართველოზე განსახორციელებელი აგრესიისთვის.

კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესიას ანტისემიტიზმს ადარებს. ირაკლი კობახიძე არის პრორუსული პარტიის თავმჯდომარე, რომელიც როგორც ჩანს, პირდაპირ კონტაქტზეა რუსეთის ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ პუტინის ახალ დოქტრინას უქმნის მტკიცებულებებს აქ განსახორციელებელი აგრესიისთვის.

რას ვითხოვთ ჩვენ ?! ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და უზარმაზარი რიგი დგას ლარსის გამშვებ პუნქტთან, შესაბამისად “სტრატეგია აღმაშენებლის“ მოთხოვნაა:

დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს მხოლოდ სამი გამონაკლისი - საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ საქართველოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ სამშობლოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის, თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი იქნება. სხვა ვარიანტი და გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ის საფრთხე, რის წინაშეც ახლა ვდგავართ.

უახლოეს დღეებში და კვირებში დადგება მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 10 % იქნება რუსეთის მოქალაქეები. შესაბამისად, ეს იქნება საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

ამიტომ! ჩვენ ახლა გავაკეთებთ პეტიციას, რომელსაც დავდებთ ინტერნეტში. ძალიან გთხოვთ, ყველა პროევროპელმა, ვინც ვიბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ვისაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მოვაწეროთ ხელი ამ პეტიციას, რომ ქართველმა ხალხმა გავაგონოთ ხმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ პრორუსულ ძალას, „ქართული ოცნების“ სახით და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, უნდა დაიკეტოს თუ არა ლარსის საზღვარი და შეზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა.

ისევე, როგორც ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა დაკეტეს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, საქართველომ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივ იგივე გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კატასტროფული საფრთხის წინაშე, რომ სწორედ ეს საბაბი იქნას გამოყენებული თეორიული ან პრაქტიკული აგრესიისთვის რუსეთის მხრიდან.

ბატონ კობახიძეს მინდა კითხვა შევუბრუნო, ომი გინდათ ?! აი, ეს არის თქვენი განცხადებები, სწორედ ეს არის ფუნდამენტი საფრთხის, რასაც თქვენ უქმნით საქართველოს. ჩვენ, ქართველი ხალხი, პროევროპელები უნდა დავდგეთ ერთად და შევაჩეროთ რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება საქართველოში,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს