ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, კარგა ხანია არ გვისაუბრია საშინაო და საგარეო პოლიტიკის თემებზე. გასული კვირა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელი შეჯამდა.

ამ თემაზე ბევრი ითქვა, მაგრამ, რადგან ჩვენ ძირითადად საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე უნდა ვისაუბროთ, ბუნებრივია, ამ თემას გვერდს ვერ აუვლით, იმიტომაცაა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელი „ქართულმა ოცნებამ“ პომპეზურადაც კი აღნიშნა.

ითქვა რომ ევროპული პერსპექტივა, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტებია. თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებს?

- მდგომარეობა რთულია, ჩვენს ირგვლივ განვითარებული პროცესები ძალიან მოქმედებს საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე.

ხელისუფლებამ რაც წარმოადგინა, განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდის ციფრები, თითქოს ძალიან შთამბეჭდავია, ეს ბუნებრივიცაა, რადგან პანდემიის შემდეგ ქვეყანაში უკრაინელებისა და რუსების შემოსვლამ ეკონომიკის გარკვეული ზრდა. მათმა უმეტესობამ ქვეყანაში ვალუტა შემოიტანა, რამაც ბიძგი მისცა ქართულ ეკონომიკას.

გარდა ამისა, მართლაც განხორციელდა მეტ-ნაკლებად წარმატებული ეკონომიკური პროექტი სოფლის მეურნეობაში „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მიზანი გვაქვს. ჩვენ თუ გვინდა საშუალო ევროპულ დონეს მივაღწიოთ, ევროპულ ინტეგრაციაზე რეალურად უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ განცხადებებით. ძალიან ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი როგორც მართვის კუთხით, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით.

ჩვენ თუ გვინდა საშუალო ევროპულ დონეს მივაღწიოთ, ევროპულ ინტეგრაციაზე რეალურად უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ განცხადებებით. ძალიან ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი როგორც მართვის კუთხით, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით

ბევრისათვის გაურკვეველია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც საგარეო პოლიტიკის ორიენტირები. ხელისუფლებამ კი წარმოადგინა მონაცემები იმაზე, ამ 10 წლის განმავლობაში რა გაკეთდა, მაგრამ გასულ კვირას გახდა ცხადი, რომ საქართველომ უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე რომელიც მას შეეძლო მიეღო ამერიკის შეერთებული შტატებისაგან. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია მკაფიო ახსნა იმისა, თუ რატომ ვთქვით უარი აშშ-საგან სამხედრო ტექნიკის მიღებაზე.

იმ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჯარს ახალი ჩექმები შეუკერეს და ახლა თურმე ჯარისკაცებისთვის სახლებს ვაშენებთ, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ახლა ყველაზე აქტუალურია თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. არადა, ეს საკითხი რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ფაქტია.

ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რომ დაიწყოს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის შეიარაღება, რომელიც ჩვენ ისევ რუსეთმა მოგვაწოდა? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დაუცველია. ასეთ ვითარებაში რატომ ვთქვით უარი ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე, გაუგებარია.

ოთხეულის საოცარი წერილი თავდაყირა აყენებს ბევრ რამეს. მხედველობაში მაქვს ის, რომ თურმე საქართველოსთვის აშშ-ს მიერ სამხედრო ტექნიკის შეთავაზება თურმე ყოფილა საქართველოს ომში ჩათრევის წახალისება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს იმის განსაზღვრაში თუ რა არის ჩვენი სახელმწიფოსთვის საუკეთესო ინტერესები.

- საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მანამდე გკითხავთ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე რა შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ყველაზე დიდ წარმატებად და ყველაზე დიდ წარუმატებლობად?

- ხელისუფლება წარმატებად თვლის იმას, რომ ქვეყანა 10 წელი მშვიდობიანად ცხოვრობს. წარუმატებლობა არის ის, რომ ქვეყანაში პრობლემად რჩება თავისუფალი სასამართლო, სიდუხჭირე, არ გვაქვს სწრაფი განვითარება. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ოპოზიცია პოლიტიზებულად აყენებს საკითხს, იმ ჩანაწერებით, რომლებიც ვრცელდება, კარგად ჩანს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო ისევ პრობლემაა. ფაქტია, რბილად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები მთლად დამოუკიდებლები არ არიან.

ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა გახლავთ ის მართვის სისტემა, რომელიც ძალიან ჰგავს ცენტრალიზებულ მართვის საბჭოთა სისტემას. ერთპარტიული მმართველობა გვაქვს ყველა რგოლში. ერთპარტიულმა მმართველობამ სანამდე მიიყვანა ჩვენი მეზობელი რუსეთი, ვხედავთ. ერთპარტიულმა მმართველობამ განაპირობა ის, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ არ იცოდა რა ხდებოდა მის ქვეყანაში. ვგულისხმობ ხალხში განწყობებსა და სამხედრო მომზადების დონეს.

მთავარი პრობლემა გახლავთ ის მართვის სისტემა, რომელიც ძალიან გავს ცენტრალიზებულ მართვის საბჭოთა სისტემას. ერთპარტიული მმართველობა გვაქვს ყველა რგოლში. ერთპარტიულმა მმართველობამ სანამდე მიიყვანა ჩვენი მეზობელი რუსეთი, ვხედავთ

ვიდრე ქვეყანაში ადამიანის კარიერული დაწინაურებისა და წინსვლის საფუძველია მისი მორჩილება, ყველაფერზე თავის დაკვრის უნარი და არა ის, რომ ადამიანი უნდა იყოს პრინციპული და პროფესიონალი. ასეთ ვითარებაში ყოველთვის გვექნება მართვის ისეთი სისტემა, სადაც განვითარება კი არ იქნება მთავარი, არამედ ის, რომ რაც შეიძლება დამყაყებული სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ამ ტიპის მმართველობა და სტაბილურობა ბოლოს ძალიან ცუდად მთავრდება.

ქვეყანაში, სადაც სწორი სოციალური კიბე არ არსებობს, იქ საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობა ბედნიერი და კმაყოფილი იქნება, საუბარი ზედმეტია. იქ, სადაც ადამიანს არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს თავისი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით და წესიერებით, მართვის სისტემა წარმატებულად ვერანაირად ვერ იქნება.

მართვის ასეთი სისტემა კარგად ვერ იმუშავებს.

- ხელისუფლების 10 წლიანი საქმიანობის შეჯამებისას ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს - რაც მეტი დრო გადის, დღევანდელი ხელისუფლება მით მეტად ემსგავსება „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას.

საუბარია ორივე ხელისუფლებების მართვის სისტემის მსგავსებაზე. თქვენ „დიდ პოლიტიკაში“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაბრუნდით 2012 წელს „ქართული ოცნებასთან“ ერთად.

2012 წელს ჩანდა, რომ 10 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ მართვის საკითხებში „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსებოდა?

- ყველა ერთპარტიული მმართველობა ემსგავსება ერთმანეთს. იქ სადაც ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობაა, მთელ ფინანსებს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, ყველაფერი ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული სოფელში გარე განათებიდან დაწყებული რომელიმე სოფლის მეურნეობის პროექტით დასრულებული, ან სამეწარმოო საქმიანობაში წარმატების მიღწევა, ასეთ ქვეყნებში ერთპარტიული მმართველობა გარკვეული პერიოდი სულ იქნება, მაგრამ ამგვარი მმართველობები, როგორც წესი, ცუდად ასრულებენ.

2012 წელს „ქართული ოცნება“ არ იყო ერთპარტიული, კოალიციურობა ქმნიდა გარკვეულ შესაძლებლობას იმისა, რომ უფრო დემოკრატიულად და დეცენტრალიზაციისკენ წასულიყო ქვეყანა, უფრო მეტი თავისუფლება მისცემოდა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს.

მაგრამ, ასე არ მოხდა, ჩვენ ახლაც მართვის პირამიდული სისტემა გვაქვს, თუ რამის გაკეთება გინდა, ხელისუფლებისადმი ლოიალური უნდა იყო. ხელისუფლებას ყველაფერზე თავი დაუხარო. ამგვარი დამოკიდებულება ასუსტებს პოლიტიკური თავისუფლების დონეს.

ყველა ერთპარტიული მმართველობა ერთმანეთს ემსგავსება. „ქართული ოცნება“ ნაცმოძრაობას“ რომ გარეგნული ფორმებით დაემსგავსა გამომდინარეობს ორივე ხელისუფლებების მართვის ერთი და იგივე შინაარსიდან. შინაარს კი მართვის ერთპარტიული სისტემა განსაზღვრავს

ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში შეფერხებულია ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება. მართვის ასეთი ერთპარტიული მოდელი ეკონომიკის განვითარებასაც აფერხებს.

ყველა წარმატებულ ქვეყანა მართვის დეცენტრალიზებული სისტემით ხელმძღვანელობს. მუნიციპალიტეტებს აქვთ საშუალება და უნარი ეკონომიკურად აქტიურები იყვნენ, მოიზიდონ ინვესტიციები, შექმნან სამუშაო ადგილები.

საქართველოში 70-მდე მუნიციპალიტეტია, ყველა მათგანი უნდა იყოს ასეთი ცენტრი, რომელიც თავის დონეზე იმუშავებს სამუშაო ადგილების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად და ბიზნესის განსავითარებლად. ჩვენ გვაქვს ერთადერთი ცენტრი, ეს არის თბილისი, ყველაფერი უნდა მოხდეს თბილისში, ეკონომიკის სამინისტროში. ეს შეუძლებელია. ასე სწრაფი განვითარება ვერ მოხდება.

ყველა ერთპარტიული მმართველობა ერთმანეთს ემსგავსება. „ქართული ოცნება“ ნაცმოძრაობას“ რომ გარეგნული ფორმებით დაემსგავსა გამომდინარეობს ორივე ხელისუფლებების მართვის ერთი და იგივე შინაარსიდან. შინაარს კი მართვის ერთპარტიული სისტემა განსაზღვრავს. ერთპარტიული მმართველობა განსაზღვრავს იმას, რომ უფლებამოსილებები ერთ ხელშია და ეს ერთი ხელი აკონტროლებს ფინანსებს და ქვეყანაში არსებულ ქონებას.

- 10 წელია ოპოზიცია ებრძვის „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ფაქტია, რომ წარუმატებლად. ვხედავთ, რომ ოპოზიცია საკმაოდ ჭრელია და ოპოზიციის წიაღში საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესებს, რაც ახლა ოპოზიციაში ვადევნებთ თვალს?

- ჩვენ გვინდა ბევრად უკეთესი, მოდერნისტული და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა არ ჩანს.

ის თემები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ძალიან შორსაა იმ ადამიანების საჭიროებებისაგან, რომლებიც საქართველოში რეგიონებში ცხოვრობენ. მუდმივი დაპირისპირება იმ საკითხებზე, არც ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი, არანაირად არ აისახება მოსახლეობის განწყობებზე. მეტიც, იწვევს უზარმაზარ აპათიას.

ჩვენ გვინდა ბევრად უკეთესი, მოდერნისტული და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა არ ჩანს

თუკი ასეთი აპატია არსებობს და უმეტესობა ფიქრობს, რომ გამოსავალი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებულ ხელისუფლებას ძალაუფლება რჩება. ოპოზიციის მთავარი მინუსი ის არის, რომ ოპოზიცია არ არის ადეკვატური იმ მოთხოვნების და საჭიროებების, რომელიც მოსახლეობას გააჩნია. ჩემი აზრით, ეს არანაკლებ სერიოზული და დიდი პრობლემაა, ვიდრე ვთქვათ ის შეცდომები და ის უარყოფითი, რაც ხელისუფლებას აქვს.

შესაძლოა, უფრო დიდი პრობლემაც იყოს, რადგან ამის შემდეგ მოსახლეობაში იზრდება აპათია და ის ვერ ხედავს გამოსავალს და უბრალოდ ბევრი გარბის ქვეყნიდან იმიტომ, რომ ვერ ხედავს განვითარების პერსპექტივას. ამის მიზეზი შესაძლოა, ისიც იყოს, თუ რაზე კინკლაობენ ერთმანეთში ხელისუფლება და ოპოზიცია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ოპოზიცია უგებს ოპოზიციას პიარულ ომს. ორივე მხარე გადასულია პოლიტიკური განცხადებებისა და ინიციატივების კეთებაზე. ამ განცხადებების მიზანია არა რაიმე ახლის შეთავაზება მოსახლეობისთვის, არამედ ოპონენტების დამარცხება.

ხელისუფლებასა და ოპოზიციის ომში ახლა უპირატესობა ხელისუფლებას აქვს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მას მართვის ბერკეტები გააჩნია და განცხადებების გარდა, აქვს საშუალება კონკრეტული საქმეებიც გააკეთოს. სადღაც გზა დააგოს, სადღაც წყალს გაიყვანოს.

- მომავალ არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. დარჩენილ დროში რა შანსები აქვს ოპოზიციას მოსახლეობასთან კომუნიკაცია გააუმჯობესოს და ხელისუფლების ალტერნატივად იქცეს?

- იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს წარმოდგენილია ოპოზიციის ლიდერშიფი, შანსი იმისა, რომ ოპოზიციის ხელისუფლების ალტერნატივად იქცეს, ნულის ტოლია. ასეა რასაც ვხედავ.

შესაძლოა, ძალიან კატეგორიული დასკვნაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიცია ისევ დაპირისპირებაშია და თან ფიქრობენ, რაზეც ისინი საჯარო სივრცეში ლაპარაკობენ, მთელ საქართველოს აინტერესებს. არადა, ასე ნამდვილად არაა.

იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს წარმოდგენილია ოპოზიციის ლიდერშიფი, შანსი იმისა, რომ ოპოზიციის ხელისუფლების ალტერნატივად იქცეს, ნულის ტოლია

ოპოზიციის ეს შემადგენლობა თავისი დღევანდელი ლიდერშიფით ვერ შეძლებს 2024 წლის არჩევნებზე გახდეს ხელისუფლების ალტერნატივა. თუ ხელისუფლებამ დიდი შეცდომა არ დაუშვა, 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ის ვითარება გვექნება, რაც დღეს გვაქვს. ოპოზიციის იმედია ხელისუფლებამ 2024 წლამდე დიდი შეცდომა დაუშვას.

- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას მკაფიოობა აკლია. გაუგებარია თუ რატომ ვთქვით უარი აშშ-საგან ახალი სამხედრო ტექნიკის მიღებაზე. მეტიც, რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების რიტორიკა ისეთივე ანტიდასავლურია, როგორც „ქართული ოცნებიდან“ „განდგომილი“ ოთხეულის.

რას შეიძლება ნიშნავდეს საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ამგვარი პოზიციების დაფიქსირება?

- საქართველოში ანტიამერიკული განწყობა 20-25% ყოველთვის ჰქონდა. „ოთხეულის“ საქმიანობა და ანტიამერიკული რიტორიკა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც რაც ამ თემაზე გვესმის, მიმართულია შიდა აუდიტორიისთვის. ხელისუფლებას უნდა შემდეგ არჩევნებზე ანტიდასავლურად განწყობილი ამომრჩევლების 20-25% დაიბევოს და თან ეუბნება რომ ისინი დასავლეთთან დამოკიდებულებაში „სუვერენულ“ პოლიტიკას გაატარებენ.

ხელისუფლებას უნდა შემდეგ არჩევნებზე ანტიდასავლურად განწყობილი ამომრჩევლების 20-25% დაიბევოს და თან ეუბნება რომ ისინი დასავლეთთან დამოკიდებულებაში „სუვერენულ“ პოლიტიკას გაატარებენ

ჩვენს ირგვლივ ვითარება ისეთია, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებს. ის რიტორიკა, რომელიც ხელისუფლებას და „ოთხეულს“ აქვს, რომელიც ხელისუფლების ნაწილია, აშკარაა, რომ ეს რიტორიკა სახიფათოა

ჩვენს ირგვლივ უამრავი რამ ხდება. ადრე სხვას აქვს ნათქვამი, ამას წინათ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ კრემლს უნდა სსრკ-ს აღდგენა. სსრკ-ს აღდგენა ვერ მოხერხდება თუ საქართველო მასში არ შეათრიეს. საქართველოს დამოუკიდებლობაზეა დამოკიდებულ ბევრი რამ, სამხრეთ კავკასიის გარდა, ცენტრალური აზიაც, რომლისთვისაც საქართველო ფანჯარაა.

ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს საფრთხეები გაზრდილია. ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს შეიძლება არა, რასაც დასავლეთი აკეთებს, შეიძლება ვაკრიტიკოთ, შეიძლება არ ვაკრიტიკოთ, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენს ირგვლივ ვითარება ისეთია, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებს. ის რიტორიკა, რომელიც ხელისუფლებას და „ოთხეულს“ აქვს, რომელიც ხელისუფლების ნაწილია, აშკარაა, რომ ეს რიტორიკა სახიფათოა.

რუსეთს საქართველოში შემოსაჭრელად არანაირი საბაბი არ სჭირდება. ჩვენთვის პოლიტიკურთან ერთად ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გავხდეთ დასავლური თავდაცვის სისტემის ნაწილი. საქართველოში დასავლური იარაღის შემოსვლა ამის ნიშანი იქნებოდა

რუსეთი ანტიდასავლურ პროპაგანდაში უამრავ ფულს ხარჯავდა. ამისთვის მედიასაშუალებებს იყენებდა, ქმნიდა სხვადასხვა რესურსებს, მათ შორის სოციალურ ქსელებში, მათი მიზანი გასაგებია, მაგრამ გაუგებარია იმავეს ჩვენ რატომ ვაკეთებთ? ჩვენ ქვეყანაში თავად რატომ ვაღვივებთ ანტიდასავლურ განწყობებს?

ჩვენ რატომ ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ და ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარება? უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ასეთი დიდი საფრთხე ქვეყანას ხომ არასოდეს ჰქონია. ღმერთმა დაიფაროს და უკრაინა რომ დამარცხდეს შემდეგი ხომ ჩვენ ვიქნებით, ვისაც მიადგებიან.

ამიტომ, ჩვენთვის დღეს დასავლეთის მხარდაჭერა ჰაერივით აუცილებელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერზე თავი უნდა დავუქნიოთ, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიზანმიმართულად ვაწარმოოთ ანტიდასავლური კამპანია. და ეს მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა 90%-ით დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ რამდენად მეტად გვექნება დასავლეთისა და აშშ-ს მხარდაჭერა.

რაც გვაქვს ისიც არ გვყოფნის, რადგან არც ნატოს წევრები ვართ და არც ევროკავშირის. ასეთ ვითარებაში გაუგებარია რატომ ცდილობს ხელისუფლება მეტად იყოს დისტანცირებული ქვეყანა დასავლეთისგან. პუტინის იდეოლოგია ხომ ყოველთვის ანტიდასავლური იყო. ჩვენ იგივეს რატომ ვაკეთებთ, მართლაც გაუგებარია.

- სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების, კრემლისა და კრემლის პროპაგანდისტების ანტიდასავლური რიტორიკა ერთმანეთს ხშირად ემთხვევა?

- ყველაზე „კარგი“ ახსნა რაც მაქვს, ეს არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს ანტიდასავლური განწყობების მქონე ამომრჩეველი მიიმხროს შემდეგ არჩევნებზე და არ დაკარგოს.

- უარეს შემთხვევაში?

- უარეს შემთხვევაში ძალიან ცუდი რამე იქნება. ეს იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება არ არის მზად ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვას.

დასავლური კურსი დეკლარირებული კი გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე. მართლა ვინმეს მიაჩნია, რომ 5 ცალი ამერიკული დანადგარი თუ შემოვიდა ქვეყანაში, ეს რუსეთს საფუძველს მისცემს საქართველოში შემოვიდეს?

უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს საქართველოში შემოსაჭრელად არანაირი საბაბი არ სჭირდება. ჩვენთვის პოლიტიკურთან ერთად ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გავხდეთ დასავლური თავდაცვის სისტემის ნაწილი. საქართველოში დასავლური იარაღის შემოსვლა ამის ნიშანი იქნებოდა.

ოპოზიციის ნაწილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ შიშებს აჩენს და ამ საზოგადოებას ხელისუფლებისკენ მიერეკება. ასეთი სიბრიყვე მე ძალიან იშვიათად მინახავს

ვიმეორებ, თუ რუსეთმა მოინდომა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის დაწყება, მას ამისთვის საბაბის ძებნა არ დასჭირდება. თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, მაშინ გაუგებარია რატომ ვატარებთ საქართველოს ნატოს წვრთნებს? რატომ გვაქვს გაცხადებული, რომ ნატოში შესვლა გვინდა. ეს ყველაფერი იმაზე ბევრად მეტი საბაბია რუსეთისთვის რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დაიწყოს.

და რადგან ასეა, ხომ ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება მინიმალურ დონეზე მაინც დასავლურ შეიარაღებაზე გადასვლა. თუნდაც ტყვია-წამლის მოწოდებაზე არ იყო დამოკიდებული იმაზე, ვინც შესაძლოა პოტენციურად შენ შემოგიტიოს. ეს ხომ ელემენტარული ლოგიკაა.

ეს ის კითხვებია, რომელზეც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს. არა ვარ იმ პოზიციაზე, რომ რუსეთის მიმართ უნდა გვქონდეს აგრესიული პოლიტიკა. არა ბატონო, მაგრამ ჩვენი საქმე წყნარად და მშვიდად ხომ უნდა ვაკეთოთ?

მეორე უბედურებაა, რომ ოპოზიციის ნაწილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ შიშებს აჩენს და ამ საზოგადოებას ხელისუფლებისკენ მიერეკება. ასეთი სიბრიყვე მე ძალიან იშვიათად მინახავს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა