ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების პოლიტიკურ პენსიაზე გასვლის უმოკლესი გზაა - ვნახოთ, რა გამოვა, - ასე აფასებს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია "ქართული ოცნების" ხუთი დეპუტატის "ხალხის ძალაში" გადასვლის გადაწყვეტილებას.
ხვიჩიას თქმით, ვინც დღეს მოქმედ პარლამენტშია, მომავალ პარლამენტში აღარ იქნება, "ამიტომ ზოგი პოლიტიკურ პენსიაზე გავა და პენსიაზე გასვლამდე, არც ასეთ თავგადასავალზე იტყვის უარს".
"ვოდრე "ქართული ოცნება" ფრაქციებს აკრძალავდა, მმართველი გუნდის შიგნით რამდენიმე ფრაქცია იყო. ამ ფრაქციებს მმართველი პარტიისგან რა განასხვავებდა, არავინ იცოდა, მაგრამ ფრაქცია იყო. შემდეგ ფრაქციები აიკრძალა და ახლა ასეთი უცნაური შემთხვევაა, რომ თან "ქართულ ოცნებას" გამოეყვნენ, თან უმრავლესობაში არიან - ასეთი გაუგებარი ამბავი ხდება. მე ამ ადამიანებს "ქართული ოცნებისგან" არ განვასხვავებ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ,რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას" უერთდება.
კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გადიან დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია.
შესაბამისად, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.