კოკა კაციტაძე - რეფორმამ გაამართლა - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მეტი საშუალება აქვს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყოს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 6 თვეში 1267 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, 246 სისხლის სამართლის საქმეზე კი გამოძიება დაიწყო. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი და დაიგეგმა სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს შექმნა.

უფრო კონკრეტულად, რა საქმიანობა განახორციელა უწყებამ, რა სიახლეები დაინერგა აღნიშნულ პერიოდში და რა გეგმები აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს ესაუბრა.

- 6 თვეა სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელი უწყების ფორმატით საქმიანობს - უპირველესად, შეაფასეთ, გაამართლა თუ არა რეფორმამ, რომლის შედეგადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა და მოგვიყევით, რა სიახლეები დაინერგა ამ ხნის განმავლობაში საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაძლიერებლად?

- რეფორმამ ნამდვილად გაამართლა. საგამოძიებო სამსახურს მიეცა იმის საშუალება, რომ მთელი ძალისხმევით განახორციელოს მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც უკავშირდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას და ამის პარალელურად არ ჰქონდეს სხვა, მისთვის შეუთავსებელი, დამატებითი ფუნქციები.

საზოგადოებას, მედიას, უფლებადამცველებს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენი მუშაობის 6-თვიანი ანგარიში წარვუდგინეთ. ხაზს გავუსვამ რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას, რომლის განხორციელებაც მოვახერხეთ ამ 6 თვეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავებული საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ყველა მოქალაქეს, რომელსაც ჩვენთან შემოაქვს განცხადება გამოძიების დასაწყებად, აძლევს საშუალებას, რომ პირველივე დღიდან ჰქონდეს წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საგამოძიებო ორგანოსთვის. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, პირველად ჩვენ დავიწყეთ ამ წესის დანერგვა, რომელიც 100 პროცენტით გვაძლევს საშუალებას, რომ უზრუნველვყოთ გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქეს ჰქონდეს სრული წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან, მათ შორის მის ადვოკატთან ერთად ეფექტიანად განახორციელოს კონტროლი, რამდენად სწორად მიმდინარეობს გამოძიება, გამოთქვას მოსაზრებები და მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე მნიშვნელოვანი იყო ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება. როდესაც მოვედით, დაგხვდა სულ სამი ოფისი - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ეს შეუძლებელს ხდიდა ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას. ამ პრობლემის გამო, ყოფილა შემთხვევები გამომძიებელს დაუგვიანია შემთხვევის ადგილზე მისვლა, რასაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაკარგვა მოჰყვა, ამიტომ პირველივე დღიდან გადავდგით ეს ნაბიჯები - ჩვენ მიერ განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმის შემდეგ სამსახურს შეემატა 3 ახალი სამმართველო - კახეთის რეგიონული სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის და თბილისის მეორე სამმართველო. პარალელურად, მთავრობის დახმარებით თელავსა და ზუგდიდში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ოფისი გადმოგვეცა. ამის შემდეგ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამსახურს მეტი საშუალება აქვს, რომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყოს. ასევე აღსანიშნავია გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც ამ 6 თვეში მოვახერხეთ. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს ვალდებულება, საგამოძიებო ორგანოს აღებული ჰქონდა ევროკავშირთან ასოცირების გეგმის თანახმად. ეს დეპარტამენტი უკვე არსებობს. დაკომპლექტდა კონკურსის გზით პროფესიონალი კადრებით. მისი მთავარი მოვალეობა იქნება ჩვენს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების კონტროლი, თუ რამდენად დროულად და ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება, ასევე სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარება.

- საგამოძიებო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინსტიტუციასთან თანამშრომლობა - როგორია ამ მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა - რომელ ინსტიტუციებთან და რა ფორმით თანამშრომლობთ?

- ჩვენს სამოქმედო სტრატეგიაში გაწერილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ეს არის სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭო. პირველი დღიდან ვამბობდით, რომ დანაშაულის პრევენცია საჭიროა არა მხოლოდ ქუჩაში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, არამედ სამოხელეო დანაშაულთან მიმართებითაც. არ ვაპირებთ კარის გამოკეტვას და ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ ვიძიებთ სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანოებთან თანამშრომლობა და გამოძიების დროს გამოვლენილი პრობლემების დაფიქსირება და მათთან მიტანა. ამის საუკეთესო საშუალებაა პრევენციის საბჭო, სადაც უკვე გვაქვს თანხმობა და მასში ჩაერთვება საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და იუსტიციის სამინისტრო. ისინი წარმოდგენილები იქნებიან პირველი და მეორე პირების სახით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საშუალება ექნება, ყველა იდენტიფიცირებული პრობლემა საბჭოზე მათთან ერთად განიხილოს, ასევე შესთავაზოს რეკომენდაციები ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

- ძველი სამსახურიდან რამდენმა თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმიანობის გაგრძელების და რამდენი მათგანის თხოვნა დაკმაყოფილდა?

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მთლიანად დასაქმებული იყო 100 ადამიანი. როდესაც უწყება ორად გაიყო, მათმა ნაწილმა აირჩია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მუშაობის გაგრძელება, ნაწილმა კი განცხადება დაწერა საგამოძიებო ორგანოს მიმართულებით. ჩემს სახელზე 67 განცხადება შემოვიდა. მე ყველა დავაკმაყოფილე და შესაბამისად, თითოეულმა მათგანმა მუშაობა ტოლფას თანამდებობებზე განაგრძო. ისინი არათუ დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე, არამედ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მათი პირობების გაუმჯობესება მოხდა. დაახლოებით 20-მდე თანამდებობრივ პოზიციაზე მოხდა ხელფასის მატება, მიიღეს ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე სპეციალური წოდებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ისეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორიცაა რეგიონული სამმართველოები, თბილისის ოპერატიული სამმართველო, თბილისის საგამოძიებო სამმართველო - კონკურსის გზით სწორედ ადგილობრივი კადრები დაწინაურდნენ.

- რაც შეეხება სტატისტიკას, 6 თვის განმავლობაში სულ რამდენი შეტყობინება შემოვიდა საგამოძიებო სამსახურში, კონკრეტულად რას შეეხებოდა ეს დანაშაულები - მათგან რამდენი უკავშირდებოდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებს? რამდენ საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა?

- მიუხედავად მცირე რესურსისა, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს, საგამოძიებო მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრები გვაქვს. ამ 6 თვის განმავლობაში საგამოძიებო სამსახურმა 1267 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება. გამოძიება დაწყებულ იქნა 246 სისხლის სამართლის საქმეზე, საიდანაც სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ ჩვენს წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით 34 პირის მიმართ დაიწყო. იყო როგორც არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ასევ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევები. ასევე, საქმეები უკავშირდებოდა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტებსაც. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი ტენდენციაა არასათანადო მოპყრობის გამოძიების მაღალი მაჩვენებლის, წინა წლებთან შედარებით. გვაქვს იმედი, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. ასევე გამოვყოფ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მაღალ მაჩვენებელს - 9 საქმეზე დავიწყეთ გამოძიება და 6 პირი ვამხილეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ ამ საქმეზე საზოგადოებას ვაწვდიდით ამომწურავ ინფორმაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ვაცნობიერებდით პასუხისმგებლობას, რომ მაღალი მოლოდინი იყო ჩვენი სამსახურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

- სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზეც. რა ეტაპზეა გამოძიება?

- ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის საზოგადოებამ იცის, რომ მისი დამცველი ადვოკატები აქტიურად არიან ამ საქმის წარმოებაში ჩართული. საქმის მასალებთან არა უბრალოდ წვდომა აქვთ და ეცნობიან ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, არამედ მათი ინიციატივით რამდენიმე ექსპერტიზაც დავნიშნეთ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. მაგალითად, ისინი ითხოვდნენ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას იმის თაობაზე, თუ რამდენად ადეკვატურად, სწორად და კვალიფიციურად მიმდინარეობდა მისი მკურნალობა პენიტენციურ - მე-12 და მე-18 დაწესებულებაში და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და დღეს ეს ექსპერტიზები დანიშნულია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტიზის შედეგები. გამოძიების მიერ დანიშნული ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე მოსულია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი ექსპერტიზის შედეგების მიღება, რომელიც მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ არათუ მხოლოდ ადვოკატებს მივეცით საქმესთან წვდომის შესაძლებლობა, არამედ მათ მიერ მოწვეულ ექსპერტებს - როგორც ქართველს, ისე უცხოელ ექსპერტებსა და ექიმებს ჰქონდათ საშუალება, რომ ამ საქმეში ჩართულიყვნენ და საქმის მასალებთან ჰქონოდათ წვდომა. ექსპერტიზის იმ შედეგებით, რომელიც ამ ეტაპზეა ცნობილი, არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის, საქმეზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა. სრული სურათის შესაქმნელად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანიშნულ ექსპერტიზებზე პასუხის მიღება.

- დაბოლოს, როგორც ვიცი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო ორგანოს გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში რამდენიმე წინადადება შეიმუშავა, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. გვითხარით, კონკრეტულად რას მოიცავს ეს წინადადებები და ზოგადად, რა გეგმები გაქვთ სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად?

- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესრულება. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებას და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ეხება. ჩვენი სამსახური ჩართულია პარლამენტში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ რეკომენდაციების შესრულების საკითხს იხილავს. საშუალება მოგვეცა პარლამენტისთვის წარგვედგინა წინადადებები, როგორ ვხედავთ ამ რეკომენდაციების შესრულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარე მუხლები თავიდან იქნეს განსაზღვრული. ამ სამსახურის ამოქმედებისთანავე, მას დაუმატეს 40 ახალი მუხლი გამოსაძიებლად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სამსახურის დატვირთვა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა თავიდან უნდა განისაზღვროს და სამსახურს გადაეცეს მხოლოდ ის მუხლები, რომლებიც მის მიზნებთან და გამოწვევებთან იქნება ყველაზე უფრო მეტად თავსებადი. აქ, პირველ რიგში, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება იგულისხმება. სამსახური ითხოვს სხვა სამოხელეო დანაშაულების გამოძიებასაც. ვინაიდან გამოძიების დროს სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით, ხშირია შემთხვევა, რომ ვიძიებთ არასათანადო მოპყრობის ფაქტს და გამოძიების დროს სხვა სამოხელეო დანაშაული გამოვლინდება - მაგალითად მტკიცებულების განადგურება, სამსახურებრივი სიყალბე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის საქმეებზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აწარმოოს გამოძიება.

ასევე, კიდევ ერთი კომპონენტია, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია - სამსახური ითხოვს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების ფაქტებზე ხელახალი, სრულყოფილი გამოძიების ჩატარების უფლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცეს. მისი შინაარსიდან და თემატიკიდან, კონვენციით დაცული მუხლების გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე ყველაზე უფრო თავსებადი იქნება, რომ აღნიშნული ფაქტების გამოძიება დამოუკიდებელ საგამოძიებო სამსახურს გადაეცეს, რომ სახელმწიფომ მისი პოზიტიური ვალდებულება უფრო ეფექტიანად შეასრულოს.

ასევე, გვაქვს სხვადასხვა წინადადება, რომელიც საგამოძიებო სამსახურის ფინანსურ გაძლიერებას და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფას უკავშირდება. გვაქვს მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები. ვფიქრობთ, მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს შექმნას, გვინდა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად, დაზარალებულებს ჰქონდეთ უფასო ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა და ეს ხარჯები გაიღოს სახელმწიფომ. გვსურს, კვალიფიკაციის გამიჯვნის დოკუმენტის შემუშავება, ასევე, გვინდა, გენერალურ ინსპექციას ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქცია. არის სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც, რომლის განხორციელებასაც დონორი ორგანიზაციების დახმარებით მომავალში აქტიურად შევეცდებით.

ლიკა რუაძე

„ინტერპრესნიუსი“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა