ალეკო ელისაშვილი - თუკი მერი ხსნის ობიექტს და ამბობს: "ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქსო" , ხომ მოიწონა თავი? - მეორე დღეს ტრაგედია რომ ხდება, რატომ ეკისრება პასუხისმგებლობა „ჭ“ -კლასის ხალხს?

საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე საკუთარი ნებით უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს.

ალეკო ელისაშვილი თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მერია მორალურად და პოლიტიკურად პასუხისმგებელია.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა, ტრაგედია თბილისის მერიის სისტემური ხარვეზის გამო მოხდა.

„პრობლემის თავია, როდესაც მერიის სატენდერო ჩანაწერში წერია ასეთი რამ: კომპანია, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციას შეასრულებს, მათ შორის, შადრევნების ან კასკადის, სამხარაულის ექსპერტიზის ან აკრედიტებული კომპანიის დასკვნა უნდა წარმოადგინოსო. ვინ არიან ეს აკრედიტებული კომპანიები? - სამხარაული ძვირი ღირს და „ჭ“ კლასის კომპანიები - იაფი. ახლა ჩვენ გვაქვს საქმე "ჭ" კლასის კომპანიასთან, რომელიც ამბობს, ხარჯთაღრიცხვას ვამოწმებდიო, აი ეს არის სისტემური პრობლემა. ოფისი რომ არ აქვს კომპანიას, როგორ შეიძლება ასეთი საკითხები ანდო.

დღეს რომ „გრინსერვის პლუსზე“ და ფურცხვანიძეზე მიდის ხელის შეწმენდა, კატეგორიულად მიუღებელია. „გრინსერვის პლუსი“ პასუხისმგებელი იყო, ვიდრე ჩააბარებდა მიღება-გაფორმების საკითხს. 26 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და მერიამ ვაკის პარკი თავის ბალანსზე წაიღო. 26 აგვისტოს შემდეგ პასუხისმგებელია თბილისის მერია. მერიის შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაიფორმეს, მათ ბალანსზე გადავიდა და ვაკის პარკზე პასუხისმგებლები უკვე ისინი იყვნენ. თბილისის მერიის სისტემური ხარვეზის გამო მოხდა ეს, რადგან ასეთ ტენდერებს აცხადებს - რომელიღაც ჭ-კლასის კომპანიებს ანდობს ასეთ ამბავს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე შეფასებით, ახლა ორი რამ იქნებოდა სწორი: კახა კალაძის გადადგომა და სისტემის გამართვა.

„თუკი მერი ხსნის ობიექტს და ამბობს, რომ „ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქს“, „მე გავხსენი, მე დავახარჯვინე ფული“, - ხომ მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, ხომ გაიკეთა პიარი და მეორე დღეს ასეთი რამ როცა ხდება, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება "ჭ" კლასის ხალხს? სულ მცირე, ახლა კალაძეს თავისი ნებით უნდა ჰქონდეს შეჩერებული უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება დასრულდება. იქნებ, მოწმეებზე ახდენს გავლენას. იქნებ, კაბინეტში იბარებს და თითს უქნევს.

ახლა ორი რამ იქნებოდა სწორი: კალაძის ადგილას აუცილებლად, გადავდგებოდი და მეორე, სისტემის გამართვა, სანამ კიდევ არ მოხდება უბედურება. მე არ ვაპირებ აქციებზე სიარულს და თითის გაშვერას. რომ არ იყოს 13 წლის ბავშვი დაღუპული, გაცილებით ხელებგახსნილი ვიქნებოდი. ამ საქმესთან დაკავშირებით, მერიის სისტემური ჩავარდნაა - ტენდერებთან დაკავშირებით, ზედამხედველობასთან დაკავშირებით, უფლებამოსილების გადანაწილებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა