ირაკლი პეტრიაშვილი - შრომით ბაზარზე დამსაქმებელი და დასაქმებული ერთმანეთის გამოწვევებს ვერ ითვალისწინებენ და ამიტომ ბარიკადებზე გვიწევს ხოლმე შეხვედრა - კანონმდებლობა უფრო ცივილიზებული გახდა, მაგრამ დამსაქმებლის გონება შუა საუკუნეებს ვერ გაცდა

ბოლო პერიოდში, ბიზნესსექტორის და მთავრობის წევრები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში კვალიფიციური მუშა-ხელის პოვნა პრობლემას წარმოადგენს. რა არის მუშა-ხელის ნაკლებობის მიზეზი, რა პრობლემებია შრომით ბაზარზე, როგორია შრომით საკითხებზე სასამართლო დავების ტენდენცია, რამდენად რეალურია, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 1 304 ლარს შეადგენს და რა არის შრომით ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარების გზები - ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, თავდაპირველად, ვისაუბროთ შრომით ბაზარზე არსებული პრობლემების შესახებ. რა პრობლემებს აწყდებიან ძირითადად დასაქმებულები?

პრობლემები, რაც დასაქმებულ ადამიანებს აქვთ, მრავალფეროვანია. ძირითადად, ეს არის იმ კანონების, ნორმებისა და სტანდარტებისა იმპლემენტაცია, სადაც ცვლილებები შევიდა, მეტ-ნაკლებად გამოსწორდა და ცივილიზებული ფორმა შეიძინა.

მეორე მთავარი პრობლემაა, გულწრფელი სოციალური დიალოგი, იმიტომ, რომ ერთმანეთთან ზურგით მყოფი დამსაქმებელი და დასაქმებული ერთმანეთის გამოწვევებს ვერ ითვალისწინებენ და აქედან გამომდინარე, ხშირად დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს ბარიკადებზე გვიწევს ხოლმე შეხვედრა. ბუნებრივია, სოციალური დიალოგი, 21-ე საუკუნეში გარკვეულწილად პრევენცია იქნებოდა იმისა, რომ ქვეყნის გარე და შიდა საფრთხეების გათვალისწინებით, ასეთი ტიპის პრობლემებს არ ვაწყდებოდეთ.

მესამე პრობლემა ეს არის ინფლაცია. თუ მე დღეს სამსახურში აგიყვანეთ და თქვენთვის სასურველი ხელფასი დაგინიშნეთ, ერთ წელიწადში ის ხელფასი, მაღალი ინფლაციური მაჩვენებლიდან გამომდინარე, თავის მსყიდველობითუნარიანობას დაკარგავს და ბუნებრივია, თქვენ, ან პროტესტი გიჩნდებათ, ან ახალი სამსახურის ძებნას იწყებთ. აი, ამისთვის პროფკავშირებმა იქ, სადაც კოლექტიური ხელშეკრულებები აქვს, ხელფასების ინდექსაცია ჩადო ანუ, ხელფასი ინფლაციის რაოდენობის შესაბამისად უნდა გაიზარდოს. ეს მეტ-ნაკლებად გამოსავალია.

კონკრეტულად, შრომითი უფლებების დარღვევა რა მიმართულებით იკვეთება, რა შემთხვევებთან გაქვთ ხოლმე საქმე?

როგორც გითხარით, პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც დასაქმებულებს აქვთ, მრავალფეროვანია. ეს შორს წაგვიყვანს, თუმცა ეს არის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, შვებულების საკითხი, შესვენების საკითხი, გარკვეულწილად უსაფრთხო სამუშაო გარემო, არამომწამვლელი სამუშაო გარემო და სამუშაო ადგილებზე შესაბამისი დამცავი საშუალებები, მოკლევადიანი კონტრაქტები და ა.შ.

როგორც ცნობილია, პროფკავშირების იურისტები იმ ადამიანების უფლებებს იცავენ, ვინც თვლის, რომ მათი უფლებები დაირღვა. როგორია შრომით საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო დავების მდგომარეობა. ძირითადად რა მიმართულებებით არის შრომითი დავები და როგორია მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები?

ჩვენ ქვეყანაში ყველა კუთხიდან სასამართლოს კრიტიკა გვესმის, მაგრამ შრომით დავებთან დაკავშირებით, სასამართლო დავების ლამის 98%-ში, იქ, სადაც პროფკავშირები დამსაქმებლებს დასაქმებულთა უფლებების დარღვევას ედავება, ყველგან პროფკავშირებმა მოიგო. აქედან გამომდინარე, მოსამართლეების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ამ კუთხით ჩვენ საწუწუნო არაფერი გვაქვს, მაგრამ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ვადა. სამმხრივ კომისიაში, ისევე როგორც მთავრობასთან, პარლამენტთან პროფკავშირების ინიციატივა, რომ გარკვეულწილად შრომითი არბიტრაჟი ანუ შრომითი სასამართლო შეიქმნას, სადაც ვადა განსაზღვრული იქნება, დიდი ხანია ჰაერშია გამოკიდებული, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ადამიანმა სამსახური დაკარგოს, სამსახურიდან უკანონოდ იქნას გათავისუფლებული და 3 და 4-წლიან, ხანდახან 5-წლიან მოლოდინში იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ იმ გადაწყვეტილების მართებულობა განიხილოს, რაც დამსაქმებელმა დასაქმებულთან მიმართებაში მიიღო. პლუს ამას, მას საადვოკატო ხარჯების გაღება უწევს, თუ ის პროფკავშირების წევრი არ არის და ეს მოქალაქეებს ძალიან მძიმედ აწვებათ. აქედან გამომდინარე, ეს სერიოზული ნაკლოვანებაა.

როგორია სასამართლოში წარმოებული საქმეების სტატისტიკური მაჩვენებლები? აქვე გკითხავთ, რამდენი ადამიანი მოგმართავთ საკუთარი უფლებების დასაცავად დახმარებისთვის და როგორია ამ მიმართულებით ტენდენცია, მომართვების რაოდენობა იზრდება თუ მცირდება?

კვირის განმავლობაში სადღაც 10-12 სასამართლო პროცესი გვაქვს, რასაც ვასწრებთ. ნამდვილად არ გვყავს რაოდენობრივად იმდენი იურისტი, რომ გავწვდეთ ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად ცივილიზებული გახდა, ხოლო რიგი დამსაქმებლის გონება შუა საუკუნეებს ვერ გაცდა, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და ამ სასამართლო პროცესების მოგებაც დასაქმებულთა სასარგებლოდ წყდება.

წარმატებული სასამართლო დავების შემდეგ ასრულებენ თუ არა დამსაქმებლები მოსამართლის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს? ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სამსახურში აღდგენას, ან განაცდური საათების ანაზღაურებას. როგორია პრაქტიკა?

ამ კუთხით პროფკავშირებთან კონფლიქტში შემოსვლა ბუნებრივია, ნამდვილად არ უნდათ და ბუნებრივია, გადაწყვეტილებას ასრულებენ. ჩვენ შემთხვევაში გამოსავალს არ ვუტოვებთ და თუ ამ ყველაფრის წარმმართველი რამე კერძო საადვოკატო კომპანია არის, იმ ნაწილში ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ სტატისტიკას ჩვენ ვერ ვაწარმოებთ.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 1 304.5 ლარი შეადგინა. ხშირად არის ხოლმე საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ „საქსტატის“ მიერ გამოთვლილი ხელფასების საშუალო არითმეტიკული არ არის რეალობასთან შესაბამისობაში. როგორია თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია ეს თანხა?

„საქსტატი“ რა მონაცემსაც დებს ციფრთან დაკავშირებით რეალურია და საშუალოდ ასე გამოდის, მაგრამ აქ ძაღლის თავი აბსოლუტურად სხვაგან არის დამარხული. მაგალითისთვის გეტყვით, ევროპაში ტოპმენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის ხელფასებს შორის სხვაობის სტანდარტი არის არაუმეტეს 1/15-თან ანუ, თქვენ, დასაქმებულს თუ გაქვთ ერთი ლარი, მე, როგორც თქვენს მენეჯერს, შეიძლება 15 ლარი მქონდეს და არა 21, ან 32 ლარი. ამერიკაში ეს არის არა უმეტეს 1/25-თან. საქართველოში ამ უმსგავსობის პალიტრა, ტოპმენეჯმენტსა და მუშა კაცს შორის ხელფასი არის 1/60-თან, 1/50-თან, 1/95-თან და ა.შ. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, საშუალო არითმეტიკულს როცა გამოიყვან, ის ციფრი კი მეტ-ნაკლებად თავმოყვარედ და მომხიბვლელად გამოიყურება, როგორც ახლა „საქსტატის“ შემთხვევაში, მაგრამ „საქსტატმა“, რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენი ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, ჩვენ გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს. საარსებო მინიმუმი არის 201 თუ 203 ლარი.

ეს საშუალო ხელფასის ციფრი - 1 304 ლარი, რაც „საქსტატმა“ გამოიანგარიშა, არის უბრალოდ ის, რომ ტოპმენეჯმენტში თუ ვიღაცას ხელფასი 60 000 ლარი აქვს, იმის მუშებს შეიძლება, 400-450-500 ლარი ჰქონდეთ და ამის საშუალო კი კარგი ციფრი გამოდის. 60 000-ისა და დავუშვათ, 500-ის შეფარდება ერთმანეთთან ლამაზი ციფრი გამოდის, მაგრამ რეალობისგან და იმ ყოფისგან, რა ყოფაშიც დასაქმებული ადამიანები იმყოფებიან, კარდინალურად განსხვავდება.

ხელფასების ნაწილში მნიშვნელოვანი საკითხია ასევე, გენდერული დისბალანსი. „საქსტატიც“ აქვეყნებს ხოლმე ინფორმაციას, სადაც წერია, რომ ქალები კაცებისგან განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, ამ კუთხით რა პრობლემებს ვაწყდებით?

„საქსტატს“ თუ აინტერესებს, რომ ეს პრობლემა 21-ე საუკუნეში არ გვქონდეს და გოგოდ დაბადებული ბავშვის მშობელი იმას არ აცნობიერებდეს, რომ როცა გაიზრდება და შრომით ბაზარზე მოხვდება, აუცილებლად მას მამაკაცზე ნაკლები ხელფასი უნდა ჰქონდეს და ასეთ დისკრიმინაციულ გარემოში არ იზრდებოდეს და არ იმყოფებოდეს, ამისთვის პროფკავშირებმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ინიციატივა არაერთხელ გამოხატა, რომელიც შესაბამისი მექანიზმების ქონას გულისხმობს. ის კონვენცია გახლავთ ერთ-ერთი იმისა, რომ ასეთი მდგომარეობა არ გვქონდეს. ჩვენთან ქალსა და მამაკაცს შორის ხელფასებს შორის სხვაობა დაახლოებით, 32% თუ 33%-ია, როცა ევროპის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაში ეს 14%-ს არ სცდება.

პოლო პერიოდში ბიზნესი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ მუშა-ხელის შოვნა უჭირთ. ხალხი კი პირიქით, ამბობს, რომ სამსახურის პოვნა რთულია. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, რა არის პრობლემა იმისა, რომ ერთი მხრივ, ბიზნესსექტორს მუშა-ხელის მოძებნა უჭირს და მეორე მხრივ, დასაქმების მსურველს სამსახურის პოვნა?

“ინტერპრესნიუსზე“ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი წინა წლების ინტერვიუები, სადაც არა ერთხელ მაქვს გაცხადებული, რომ სამუშაო ძალის დეფიციტი შეიქმნებოდა. კვალიფიციური ძალის ამ ქვეყნიდან წასვლას ის სიძუნწე და მარაზმი განაპირობებს, რაც შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით არის. თქვენ რა კითხვაც დამისვით, ერთი სიტყვით პასუხის გაცემა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ პრობლემა მრავალფეროვანია. ბუნებრივია, ერთი გახლავთ ის, რაც მე თავში ვთქვი - სოციალური დიალოგის არქონა. ამასთან, ტოპმენეჯმენტსა და რიგით მუშა-ხელს შორის ხელფასებს შორის დისბალანსი. პლუს ამას, ხშირ შემთხვევაში, პროფესიული კოლეჯები იმ მუშა-ხელს არ ამზადებენ, რაც შრომით ბაზარს სჭირდება. წლის განმავლობაში 400 ბარმენს ამზადებენ და 400 ბარმენი რამდენად სჭირდება საქართველოს? ან 3 000 მეწაღე? მე მგონი, თქვენც დამეთანხმებით, რომ ბაზრის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისობაში არ არის. ასევე, მინიმალური ხელფასი - ყბადაღებული თემა, რომელსაც წლებია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, პირადად მე ვითხოვთ, რომ ადეკვატური მინიმალური ხელფასი იყოს ქვეყანაში. პლუს კიდევ ის, რომ დავუშვათ, ქვეყნის გარეთ გადაადგილება მეტ-ნაკლებად უფრო ადვილია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ უკეთესი ბედის და იღბლის საძებნელად ჩვენი მოქალაქეები მიდიან და ქვეყანას კვალიფიციური მუშახელი ტოვებს.

დიახ, სერიოზული პრობლემა არის ექთნების, სერიოზული პრობლემა იქნება ცოტა ხანში ექიმების, სერიოზული პრობლემა არის საშუალო კვალიფიკაციის მუშა ხელის და ბუნებრივია, ეს კიდევ და კიდევ გაიზრდება მანამ, სანამ ძუნწი დამსაქმებლები ჯიბეზე ხელს არ დაიკრავენ და დასაქმებულ ადამიანებს შესაბამის ხელფასს არ მისცემენ, მანამ სანამ ადეკვატური მინიმალური ხელფასი არ გვექნება, მანამ სანამ არ გვექნება პროფესიული სწავლება იმ დონეზე, რაც ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს სჭირდება. ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა. სახელმწიფომ პროფკავშირებთან და კერძო სექტორთან ერთად, უნდა შექმნას ადეკვატური პროფესიული გადამზადების სისტემა, რომელიც დღემდე საქართველოში არ გვაქვს.

დაბოლოს, რა არის ამ პრობლემიდან გამოსავალი? ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ, მაგრამ განვავრცოთ. იმისთვის, რომ შრომა ღირსეულად ჩაითვალოს, პროფკავშირები ითხოვთ, რომ მინიმალური შრომითი უფლებები დაცული იყოს. უფრო ვრცლად მოგვიყევით თქვენი ხედვის შესახებ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად?

პირველ რიგში, როცა რეფორმებზე საუბრობენ, ძალიან ადვილია რეფორმების ქაღალდზე დაწერა. ქაღალდი ყველაფერს იტანს. ყველაზე რთული არის მენტალიტეტის რეფორმირება. მენტალიტეტს სჭირდება რეფორმირება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაკავშირებით და მათ შორის, იმ ბიზნესებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ოპერირებს. მათ შორის, ჩინოვნიკების მენტალიტეტის ცვლილება არის საჭირო. ასევე საჭირო არის, რომ კვალიფიციური ადამიანები და ორგანიზაციები განსაზღვრავდნენ და მათთან დიალოგის შედეგად დგებოდეს ბიუჯეტი. ახლა, დღეს თუ ხვალ ახალი ბიუჯეტი მტკიცდება. ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ ახალი ბიუჯეტის ფორმირებაში და მერე ხვალ და ზეგ როცა გაფიცვა და ა.შ. იქნება, მერე იტყვიან, რომ პროფკავშირები გაფიცვის ორგანიზებას ახდენს და ა.შ. გაფიცვის ორგანიზებას პროფკავშირები კი არ ახდენს, არამედ გაფიცვის ორგანიზებას და იმას, რომ ფაქტობრივად, ხალხი ამ ქვეყნიდან მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ახდენს, იმიტომ რომ აქ სამართლიანი გარემო არ აქვთ. სამართლიანი თანაცხოვრების პირობები და დანარჩენი უკვე ის ინგრედიენტები, რაც ჩამოგითვალეთ, რაც სამართლიანობას განაპირობებს. ეს არის ადეკვატური მინიმალური ხელფასი, ტოპმენეჯმენტსა და დასაქმებულ ადამიანებს შორის შესაბამისი ხელფასებს შორის განსხვავება, ეს არის ნორმალური კონტრაქტები, ნორმალური სამუშაო გარემო და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, გულწრფელი სოციალური დიალოგი. სწორედ ეს სოციალური დიალოგი უნდა იყოს განმსაზღვრელი, რა კანონი უნდა შეიცვალოს, როგორი ბიუჯეტი უნდა იყოს, რა კონვენციის რატიფიცირება უნდა მოხდეს, როგორი უნდა იყოს ქალთა უფლებები და რამდენად უნდა იყოს ისინი დაცული, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელიც შრომით ბაზარზე მომზადებული ადამიანის გაყვანას უზრუნველყოფს და ა.შ. აქ ძალიან ბევრი ინგრედიენტია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ადვილად გასაკეთებელია, თუ ამის პოლიტიკური ნება და კვალიფიკაცია არსებობს, თუ გესმის, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამ ნორმალურ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

მარიამ ხვედელიძე

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა