ხატია დეკანოიძე - დიქტატურის გამოვლინებაა, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად

დიქტატურის გამოვლინებაა, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ პრემიერს არაფერი უთქვამს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დავით-გარეჯზე, ადასტურებს იმას, რომ "გარეჯი საქართველოა" იყო მხოლოდ პროპაგანდა და "მმართველ პოლიტიკურ ძალას რეალურად, გარეჯი არ აინტერესებს".

"ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ საქართველოს პრეზიდენტის და მმართველი პოლიტიკური ძალის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რამდენიმე თვეა აცდენილია ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით დაფიქსირდა უკრაინასთან დაკავშირებით, როცა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოსგან. ეს ზოგადად, დიქტატურის გამოვლინებად მიმაჩნია, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად და ასეთი მნიშვნელოვანი განხილვის ეტაპზე, მათ შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ეტაპზე გამორიცხულია საქართველოს პრეზიდენტი. არ დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის კამპანია იყო "გარეჯი საქართველოას" პროპაგანდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ რუსული "ეფესბეს" შეთითხნილი რუკები გამოიყენა "ქართულმა ოცნებამ" ამ კამპანიისთვის წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის. როცა პრეზიდენტ ალიევთან არც კი განხილულა ეს საკითხი, ეს ნიშნავს იმას, რომ გარეჯი მათ არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება,"- განაცხადა დეკანოიძემ.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
ემილ ავდალიანი - ვენესუელაში მომხდარი პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო გავლენის სფეროებად იყოფა
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები