ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კონკურენციის  სააგენტოში ერთ დღეში სამი საჩივარი შევიდა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოში პირველ ნოემბერს სამი საჩივარი შევიდა, საიდანაც ერთი ონლაინ ვაჭრობას, ორი კი ფიზიკურს ეხებოდა.

კერძოდ, როგორც ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, მომხმარებლების საჩივრები შეძენილი ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდებოდა.

როგორც ლექვინაძემ განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე და მომხმარებელი პრეტენზიის შემთხვევაში ვერ თანხმდებიან და კომპრომისს ვერ აღწევენ, მოქალაქეს უკვე შეუძლია მიმართოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და უწყება საკითხის განხილვას დაიწყებს.

ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევაში ყველა მოვაჭრე ვალდებულია, რომ მყიდველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს პროდუქტზე. თუ ეს პროცესი არ განხორციელდება, მოქალაქეს უფლება ექნება, რომ ეს საკითხი ჩვენთან გაასაჩივროს. შემოდის გარანტიების სისტემა ნებისმიერ პროდუქტზე და კანონი განსაზღვრავს 2-წლიან სავალდებულო გარანტიას. ნებისმიერ პროდუქტს ექნება 2-წლიანი გარანტია. კანონი ასევე მოიცავს უსამართლო კომერციულ პრაქტიკას, არასწორ ინფორმირებას, მოქალაქის შეცდომაში შეყვანას, პროდუქტის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ნებისმიერი ასეთი საკითხის წარმოშობის დროს, მოქალაქე აღჭურვილია დამატებითი უფლებებით.

ონლაინ ვაჭრობის დროს, შემოსულია ახალი მიდგომა და დაცვის მაღალი გარანტია -14 დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა. კერძოდ, თუ მოქალაქემ ონლაინ გამოიწერა პროდუქტი, სურათში ნახა აღწერილობა და რეალურად სხვა პროდუქტი მიიღო, ან ზომა არ იყო შესაბამისი, ფორმა ან ხარვეზი აღმოჩნდა, წუნი, მოქალაქეს შეუძლია ეს პროდუქტი 14-დღიან ვადაში უპირობოდ დააბრუნოს უკან. მოვაჭრე ვალდებულია, ეს პროდუქტი დაიბრუნოს. თუმცა, არის გამონაკლისი, რომელსაც 14-დღიანი დაბრუნების ვადა არ მოქმედებს. კერძოდ, პროდუქტი უნდა იყოს 30 ლარზე მეტი ღირებულების, პროდუქტი არ უნდა იყოს მალფუჭებადი, თუ პროდუქტს აქვს შენახვის განსაკუთრებული პირობები, მაგალითად, მედიკამენტები, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოვაჭრემ დეტალურად უნდა ახსნას პროდუქტის დაბრუნების პირობები. კანონის მიხედვით, თუ პროდუქტს ეტყობა მოხმარების კვალი, თუ თავდაპირველად არ იყო დაზიანებული და მოხმარების დროს დაზიანდა, ან დაკარგული აქვს პირველადი სახე, ამ შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს პროდუქტი არ დაიბრუნოს, ან დაიბრუნოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

სამშაბათს დავიწყეთ აღსრულება და პირველ ნოემბერს 3 განაცხადი დაფიქსირდა. ერთი ონლაინ ვაჭრობას, 2 კი ფიზიკურ ვაჭრობას ეხებოდა. ეს იყო ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემატიკები. ჩვენი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით და საჩივრების დასაშვებობას განიხილავს“,- აღნიშნავს ლექვინაძე მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა