ხათუნა სამნიძე - ოლივერ ვარჰეიმ თქვა, რომ კიდევ ერთი უარყოფითი დასკვნის უფლება არ გვაქვს - ჩემი კოლეგების ნაწილი ამბობს, „ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და შემდეგ ვილაპარაკოთ სტატუსზე“, რაც არასწორი გზავნილია

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე, ოპოზიცია არ მოერიდა არცერთ მწვავე საკითხზე საუბარს. როგორც სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ვარჰეიმ მათთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს კიდევ ერთი უარყოფითი დასკვნის უფლება არ აქვს.

„სამი მთავარი გზავნილი იყო. პირველი იყო ის, რომ 12 პუნქტის შესრულებისთვის მთავარი ინსტიტუცია არის პარლამენტი და პარლამენტში წყდება ბედი თუ როგორ შესრულდება 12 რეკომენდაცია. მეორე, 12 პუნქტი არის ის პირობები, რომელიც უნდა შევასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. მესამე არის ერთად მუშაობა. ბოლოს მთავარი გზავნილი, ევროპას და ჩვენს მეგობრებს უნდათ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამას ისინი ჩვენს ნაცვლად ვერ გააკეთებენ.

ოლივერ ვარჰეიმ თქვა, რომ კიდევ ერთი უარყოფითი დასკვნის უფლება არ გვაქვს. ამან შეიძლება რუსეთს ინსტრუმენტი მისცეს იმისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გაღრმავდეს ანტიდასავლური რიტორიკა.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ ერთად მუშაობა გვიჭირს, ეს უნდა ვაღიაროთ ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც“,- განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის განცხადებები, რომ „ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და შემდეგ ვილაპარაკოთ სტატუსზე“ - არის არასწორი გზავნილი.

სამნიძის შეფასებით, შერიგება და ერთად მუშაობა არის გასაღები ამ პროცესის.

„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ როგორც გვეუბნებიან, ეს არის ცოტა ხნით გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს ყოველდღე უნდა ახსოვდეს ხელისუფლებას, რაც არ ახსოვს. ჩვენ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, პირისპირ ვრჩებით რუსეთთან. თუ ასე გაგრძელდა და რეფორმები არ გატარდა საფრთხე არის იმისა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რისი ფუფუნებაც ამ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ არ ვიქნებით დაცულები, თუ არ ვიქნებით ევროპის ნაწილი.

ჩემი კოლეგების ნაწილი ამბობს, რომ „ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და შემდეგ ვილაპარაკოთ სტატუსზე“ - ეს არის ძალიან არასწორი გზავნილი. „ქართულ ოცნებას“ თავზე ადგას მთელი ევროპა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, დღევანდელი ვიზიტი ამას ნიშნავს. „ქართული ოცნება“ მარტო არ არის ამ პროცესში, ამიტომ მას მოუწევს ევროპელი პარტნიორების გზავნილების გათვალისწინება და ამ პროცესში ოპოზიცია მთავარ როლს ასრულებს“, - განაცხადა სამნიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს