ანა წითლიძე - მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელში ჩაგდება არ გამოუვა არავის, ვინც არ უნდა იყოს ის

კეზერაშვილს საერთოდ არ ვიცნობ, იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას სურს პარტია ხელში ჩაიგდოს, აბსურდია - მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელში ჩაგდება არავის გამოუვა, ვინც არ უნდა იყოს ის,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მისი თანაპარტიელის, საკრებულოს წევრის ანა გოგოლაძის განცხადებას.

მისივე თქმით, პროცესმა, რომელიც ახლა პარტიაში მიმდინარეობს, უნდა გააჯანსაღოს პარტია და მსგავსი გვარების დაკავშირება ამ პროცესთან, მას აზიანებს.

"მე არ მივეკუთვნები კატეგორიას, რომ ვისაუბრო ადამიანებზე, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ, ვგულისხმობ კეზერაშვილს ან ნებისმიერ სხვას. ამ პარტიაში ვინმეს გავლენებზე საუბარი ან ის, რომ ვიღაცას უნდა პარტია ხელში ჩაიგდოს, სრული აბსურდია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული და ამ პარტიაში თუ ვინმეს გავლენებზე შეიძლება ვისაუბროთ, არის ერთადერთი ადამიანი და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელში ჩაგდება არ გამოუვა არავის, ვინც არ უნდა იყოს ის. საერთოდ ვერ ვხედავ ამ კუთხით პრობლემას. ნებისმიერი ასეთი გვარის, იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი თუ სხვა ვინც ახსენეს, არის ამ პროცესის მხოლოდ დაკნინება, რადგან ახლა რაც პარტიაში ხდება, ამან უნდა გააჯანსაღოს პარტია და გააძლიეროს,"- განაცხადა წითლიძემ.

კეზერაშვილის და ბიზნესმენ ვანო ნაკაიძის სავარაუდო შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე, წითლიძემ უპასუხა, რომ კეზერაშვილი ვის ხვდება არ აინტერესებს, რადგან ქვეყანის წინაშე მწვავე პრობლემებია და მისი გადაუჭრელობის შემთხვევაში გარდა იმისა, რომ სტატუსს ვერ მიიღებს ქვეყანა, შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დაფინანსებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

"საერთოდ არ მაინტერესებს ვის ხვდება კეზერაშვილი, არ ვთვლი, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის, თუ ვის ხვდება კეზერაშვილი, საერთოდ უმნიშვენლოა ეს იმის გათვალისწინებით, როცა ქვეყანას 12 პუნქტი აქვს შესასრულებელი, როცა რამდენიმე საათის წინ სენატში პირდაპირ გვითხრეს, რომ 12 რეკომენდაციას საქართველო არ ასრულებს და თუ ვერ შეასრულებს და ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, კითხვის ნიშანს სვამენ იმასთან დაკავშირებით, საერთოდ დაეხმარონ თუ არა ამ ქვეყანას. კეზერაშვილი ვის სად ხვდება აბსოლუტურად არ არის საინტერესო, დამაინტერესებს მაშინ, თუ საჯაროდ გააცხადებს, რომ პოლიტიკაში სურს ყოფნა,"- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისათვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ანა გოგოლაძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილის ფლანგის გააქტიურება კეზერაშვილის პროცესებში შესვლასთან არის დაკავშირებული და ამ გუნდის მიერ პარტიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს