ნიკა სიმონიშვილი - ლონდა თოლორაიას გათავისუფლების არაკონსტიტუციურად ცნობა კარგი ამბავია, თუმცა, სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, როგორ შესრულდა ხელისუფლების პოლიტიკური ნება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას გათავისუფლების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხმაურება.

როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სიმონიშვილი წერს, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელისუფლების პოლიტიკური ნება შესრულდა.

ლონდა თოლორაიას საქმეზე ასეთი შედეგი რომ დადგებოდა, თავიდანვე ვამბობდით, გათავისუფლება საბოლოოდ არაკონსტიტუციურად იცნობოდა, მაგრამ ხელშესახები შედეგი არ მოჰყვებოდა. გათავისუფლების არაკონსტიტუციურად ცნობა ნამდვილად კარგი ამბავია, თუმცა, ამ საქმის სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, როგორ შესრულდა ხელისუფლების პოლიტიკური ნება. საკონსტიტუციოს ჯერ კიდევ დავის დაწყებისას უნდა შეეჩერებინა გასაჩივრებული ნორმები, რათა აღსრულება ყოფილიყო შესაძლებელი, მაგრამ ეს არ გააკეთა და ამით მწვანე შუქი აუნთო ლონდას ჩანაცვლების პროცესს. საბოლოოდ კი, დღეს კოლეგიამ დაგვიწერა, ტოლფასზე გადაყვანა, ან კომპენსაცია თუ იქნება, მაშინ არაა პრობლემაო. ამით კი გზა გაუხსნა ხელისუფლებას, მომავალში ვინც უნდა, ის გაათავისუფლოს და კომპენსაცია გადაიხადოს, ესეც ჩვენი ჯიბიდან, წულუკიანის და ღარიბაშვილის ვალებს როგორც ვიხდით, აი, ისე. ცალკე აღებული, გათავისუფლების არაკონსტიტუციურად ცნობა, მხოლოდ დეკლარირებაა და მეტი არაფერი. კომპენსაციას რაც შეეხება, სასაცილოც არაა, როცა სასამართლო ამბობს, ფულს თუ გადაიხდი, ყველაფერი მოსულაო. ეს საქმე კი მოვიგეთ, მაგრამ საკონსტიტუციომ სამომავლოდ გაუხსნა გზა ხელისუფლებას. საბოლოოდ კი, განსაკუთრებით მინდა გამოვყო მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, რომელიც ყველაზე ნათლად აჩენს ამ გადაწყვეტილებაში ჩადებულ სამომავლო ნაღმებს და „ქართული ოცნებისთვის“ შესრულებულ საქმეს“, - წერს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

როგორც საკონსტიტუციო სასასამართლოში განმარტავენ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს