„მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები საქართველოში ბრუნდებიან - ინტერვიუ „მშვიდობის კორპუსის“ ევროპის, ხმელთაშუა ზღვისა და აზიის რეგიონალურ დირექტორ რებეკა შარპთან

„მშვიდობის კორპუსი“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო და პროგრამაა, რომელიც ამერიკელ მოხალისეებს ამზადებს და სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნის. ის მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშესაწყობად, 1961 წლის მარტში, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ დააარსა. იმავე წლის სექტემბერში, აშშ-ის კონგრესმა მშვიდობის კორპუსის აქტი დაამტკიცა.

საქართველოში „მშვიდობის კორპუსი“ 2001 წლიდან მუშაობს, სადაც ამ ხნის განმავლობაში ასობით მოხალისემ იმსახურა. „მშვიდობის კორპუსი“ ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

კოვიდპანდემიის შემდეგ, „მშვიდობის კორპუსის“ პირველ რეგიონულ კონფერენციას გასულ კვირას, თბილისმა უმასპინძლა. მას 19 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქს უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი, რებეკა შარპი ეწვია, რომელიც „მშვიდობის კორპუსის“ ევროპის, ხმელთაშუა ზღვისა და აზიის რეგიონალური დირექტორია.

რებეკა შარპმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოხალისეობრივი პროგრამის შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში, პანდემიით გამოწვეული თითქმის სამწლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოში ამერიკელი მოხალისეები დაბრუნდებიან.

- ქალბატონო რებეკა, თქვენ თბილისში, „მშვიდობის კორპუსის“ რეგიონულ კონფერენციას დაესწარით, რომელშიც მონაწილეობა ამ პროგრამის წარმომადგენლებმა მრავალი ქვეყნიდან მიიღეს. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება და რატომ გადაწყვიტეთ კონფერენცია საქართველოს დედაქალაქში გამართულიყო?

- ჩვენთვის ფანტასტიური შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი მენეჯმენტისა და ოპერაციების დირექტორთა კონფერენცია აქ, საქართველოში გაგვემართა. ამ ღონისძიებისთვის საქართველოს შერჩევა ძალიან მარტივი იყო, რადგან ეს ძალიან ლამაზი ქვეყანაა შესანიშნავი ისტორიით. ამასთან, საქართველოს ისეთი ცენტრალური მდებარეობა აქვს, რომ ჩვენი კოლეგები ევროპიდან და აზიიდან აქ მოგზაურობას იოლად შეძლებდნენ და რაც მთავარია, „მშვიდობის კორპუსის“ საქართველოს გუნდი აქ, თბილისში, განსაცვიფრებელია და მათ ყველაფერი გააკეთეს ამ კონფერენციის მოსამზადებლად. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს პირველი რეგიონული კონფერენციაა, ასე რომ, დაახლოებით სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გლობალური შეკრება გვქონდა.

ევროპის, ხმელთაშუა ზღვისა და აზიის 19 ქვეყანაა იმ რეგიონში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ჩვენთვის ფასდაუდებელი შესაძლებლობაა შევიკრიბოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, შესაძლებლობები, საუკეთესო პრაქტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, რომლებმაც მოხალისეების მიღება კვლავ დაიწყეს. გასული წელი ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან ჩვენ მოხალისეებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ვიწვევთ და ევროპის, ხმელთაშუა ზღვისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ჩავიდნენ ისინი. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, უბრალოდ ფანტასტიური დროა, რომ ერთმანეთს პირადად შევხვდეთ ამ ხანგრძლივი, რთული პაუზის შემდეგ და ეს კავშირები დავამყაროთ და პრაქტიკა გავუზიაროთ ერთმანეთს.

- ვფიქრობ, ჩვენი მედიასაშუალების ბევრმა მკითხველმა კარგად უწყის „მშვიდობის კორპუსის“ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ, თუმცა, ვგონებ, უკეთესი იქნება, თუ ამომწურავად აგვიხსნით, რა წვლილი აქვთ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებს ამ ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური და ადამიანური განვითარების კუთხით. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროგრამა საქართველოსთვის?

- ვფიქრობ, მართლაც გასაოცარი და მნიშვნელოვანი პროგრამაა. ცხადია, „მშვიდობის კორპუსის“ მისია მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობაა, მაგრამ ჩვენ მოწვეულნი ვართ თითოეული მასპინძელი ქვეყნის მთავრობის მიერ, რათა ვიმუშაოთ იმ მიმართულებებზე, რომლებსაც მასპინძელი ქვეყნის მთავრობა პრიორიტეტად მიიჩნევს. საქართველოში ორი სექტორია, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ, ესაა: განათლება და ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარება. ეს გულისხმობს ინვესტირებას საქართველოსა და მის ახალგაზრდებში. საუბარია ინგლისური ენის შესწავლაში ინვესტირებაზე, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია. ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, რაც ასევე ამ მთავრობის პრიორიტეტია. ჩვენი მოხალისეები ორი წლის განმავლობაში მსახურობენ. ისინი გადიან სამთვიან ყოვლისმომცველ ტრენინგს ქართულ ენაში, კულტურასა და დარგობრივ საუკეთესო პრაქტიკაში, როგორიცაა სწავლების მეთოდოლოგიები ან ორგანიზაციული განვითარება და საინვესტიციო შესაძლებლობების მეთოდოლოგიები.

ამის შემდეგ, ისინი ორი წლის განმავლობაში ადგილობრივ თემში მსახურობენ და აღნიშნულზე ვალდებულებას იღებენ. არ მახსენდება სხვა გლობალური განვითარების პროგრამა, სადაც ადამიანები ასე ღრმად არიან ინტეგრირებულნი თავიანთ ადგილობრივ თემში და ემსახურებიან მთელ საქართველოს როგორც ყველაზე შორეულ სოფლებში, ისე ქალაქებში. ისინი მსახურობენ სკოლებსა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში. ურთიერთკავშირებს, მეგობრობასა და ინდივიდუალურ კავშირებს დაუჯერებლად მტკიცე, ხანგრძლივი და გადამდები შედეგები მოაქვს.

მაგალითს მოგიყვანთ: როცა ბალკანეთში ვიყავი, რომელიც ასევე, ჩემი რეგიონის ნაწილია, ტირანას უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შევხვდი. მან თქვა, რომ მისი მთელი ცხოვრება მხოლოდ იმიტომ შეიცვალა, რომ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე ასწავლიდა ინგლისურს საშუალო სკოლაში. მას მანამდე დიდად არ აინტერესებდა ინგლისური, ახლა კი ის მსოფლიოში აღიარებული მკვლევარია და პოეტ ემილი დიკინსონის შემოქმედებას იკვლევს. ის არის ავტორი და ალბანეთში მასწავლებელთა 90%-ს ასწავლის. მისი მთელი ცხოვრების ტრაექტორია „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისის მუშაობის წყალობით შეიცვალა.

შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა დადებითი გავლენა ექნება ამ ურთიერთობებსა და ინდივიდუალურ კავშირებს ერთ ან ორ წელიწადში, რადგან ეს გავლენა შესაძლოა სხვადასხვა თაობაზე გავრცელდეს, თუმცა ეს ნამდვილად ცვლის ადამიანების ცხოვრებას. ადამიანები, ვისი ცხოვრებაც ყველაზე მეტად იცვლება, თავად მოხალისეები არიან. მე „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისედ ყაზახეთში ვმსახურობდი. იქ მოხალისეები ბევრს სწავლობენ ინტერკულტურული ლიდერობის, საგარეო პოლიტიკისა და ენების შესახებ. მოხალისეობის შემდეგაც და მთელი სიცოცხლის მანძილზე, ისინი რეალურად არიან იმ ქვეყნების ელჩები, რომლებშიც მსახურობდნენ. მათ კავშირები აქვთ იმ ქვეყანასთან, სადაც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ. აშშ-ში, უკან დაბრუნებული „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში, განსაცვიფრებლად ერთგულნი არიან იმისა, რომ საქართველოს კულტურული ელჩები იყვნენ ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც კი. ზოგიერთი მათგანი კი არასოდეს ტოვებს საქართველოს. ისინი აქ რჩებიან.

- თითქმის ორი წელია, რაც „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები საქართველოში კოვიდპანდემიის გამო არ იმყოფებიან. რამდენადაც ვიცი, საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივებში, დიდი სურვილია, რომ ამერიკელი მოხალისეები კვლავ დაბრუნდნენ მათ თემებში. ამჟამად აქ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი კლების ტენდენცია შეინიშნება და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია. ამის გათვალისწინებით, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნდებიან?

-აბსოლუტურად. ჩვენ ფრიად აღფრთოვანებული ვართ ამის კეთებით. ჩვენი მოხალისეები მომავალი წლის დასაწყისში გეგმავენ საქართველოში დაბრუნებას. ასე რომ, ეს პერიოდი მართლაც ხელსაყრელი დრო იყო ჩვენთვის, რომ განგვეახლებინა ჩვენი პროგრამები, გაგვეუმჯობესებინა ჩვენი უსაფრთხოების პროცედურები და ასევე, ინვესტიცია ჩაგვედო ჩვენი ოფისის განახლებაში. ვფიქრობ, პანდემიის დროს ნამდვილად მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს პაუზა, როგორც შესაძლებლობა, რეალური ინვესტირება განგვეხორციელებინა პროგრამის მომავალში.

ჩვენ არ დავბრუნდებით ზუსტად ისე, როგორც ადრე ვმუშაობდით, ვინაიდან მსოფლიო შეიცვალა და „მშვიდობის კორპუსი“ უნდა გაუმკლავდეს ამ ცვლილებების გამოწვევებს. მაგალითად, მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველა ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვმსახურობთ ამ პროგრამის ფარგლებში, კორონავირუსის პანდემიამ განვითარების მაჩვენებლების უკანდახევა გამოიწვია. მაგალითად, თქვენ ხედავთ, რომ განათლების მხრივ ბავშვებს ჰქონდათ უზარმაზარი საგანმანათლებლო შეფერხება, რომელიც კოვიდის გამო შეიქმნა. ბევრი ბავშვი ჰიბრიდული სწავლების მიღმა დარჩა. მათ სჭირდებათ ციფრული წიგნიერების ან ონლაინ სწავლის უნარები. ასე რომ, „მშვიდობის კორპუსი“ შეიძლება იყოს ამის ტრანზიციის ნაწილი, რათა აღადგინოს განათლების სისტემა და მედეგობა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ. ვფიქრობ, კოვიდმა გამოავლინა რამდენიმე მნიშვნელოვანი სფერო, რომლებშიც ქვეყნები ახლა აღფრთოვანებულნი არიან ინვესტიციების განხორციელებით. „მშვიდობის კორპუსი“ გეგმავს იყოს ამ ყოველივეს პარტნიორი.

- თქვენ ახლახანს აღნიშნეთ, რომ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები საქართველოში მომავალი წლის დასაწყისში დაბრუნდებიან. რამდენი მოხალისე ბრუნდება?

- ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ გვაქვს ძლიერი სააპლიკაციო, სამედიცინო და იურიდიული შემოწმების პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით ერთიდან სამ ათეულამდე მოხალისეს. მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ დიაპაზონს ვასახელებთ, არის ის, რომ ეს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაა, ისინი ინდივიდუალურ გზას ირჩევენ. ფაქტობრივად, ისინი პოტენციურად ერთწლიანი მოხალისეობისთვის ემზადებიან, რომელშიც მკაცრ სააპლიკაციო პროცესს გაივლიან, რაც გულისხმობს გასაუბრებაზე გასვლას, შერჩევასა და შემდეგ საქართველოში განთავსებას.

თუ მათი უნარები თანხვედრაშია ჩვენს პროგრამულ საჭიროებებთან, მაშინ მათ უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება და მივიდნენ შეხვედრაზე, რათა დარწმუნდნენ, რომ აკმაყოფილებენ აქ მოხალისეობის მოთხოვნებს. ეს ხანგრძლივი პროცესია. საქართველოში ჩამომსვლელ მოხალისეთა სიის შედგენა ჯერ არ არის დასრულებული. ის ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. პირველი ჯგფი გაცილებით მცირერიცხოვანი იქნება, პანდემიამდე საქართველოში მყოფ მოხალისეთა რაოდენობასთან შედარებით. ეს დაგვეხმარება, გამოვცადოთ ჩვენი სისტემები „მშვიდობის კორპუსის“ აქტივობების დიდხნიანი წყვეტის შემდეგ. როგორც აღვნიშნე, ჩვენ განვაახლეთ ჩვენი პროგრამული ექსპერტიზის დიდი ნაწილი და ვფიქრობ, მშვენიერი იქნება მომავალ წელს ქვეყანაში ნებისმიერი რაოდენობის მოხალისეების მიღება შევძლოთ. იქიდან ჩვენ გავაგრძელებთ ზრდას.

- თქვენ კურირებთ “მშვიდობის კორპუსის“ პროგრამას ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და აზიაში, რაც მსოფლიოს საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. მაინტერესებს, როგორ ეხმარებით ქვეყნებს, როდესაც საქმე მშვიდობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების მხარდაჭერას ეხება. ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება დღეს საფრთხეშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ, საინტერესოა, სად ხედავთ „მშვიდობის კორპუსის“ როლს ამ ღირებულებების დაცვაში?

- ეს დიდებული კითხვაა. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. არასოდეს ყოფილა „მშვიდობის კორპუსის“ მშვიდობისა და მეგობრობის მისია უფრო საჭირო, ვიდრე ახლა, როდესაც ამ რეგიონში ჩვენ მიმდინარე ომი გვაქვს. უკრაინა ერთ-ერთია „მშვიდობის კორპუსის“ ევროპის, ხმელთაშუა ზღვისა და აზიის რეგიონის 19 ქვეყანას შორის. ის დღემდე ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა ნებისმიერ დროს მომსახურე მოხალისეთა რაოდენობის თვალსაზრისით. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ეს არის მთავრობების პრიორიტეტი, რომლებმაც ჩვენ მოგვიწვიეს.

მთავრობები გვიწვევენ ახალგაზრდების განვითარების, ახალგაზრდებსა და მათ მომავალში ინვესტირებისთვის, ინგლისური ენის სწავლების დონის გასაუმჯობესებლად, და რა თქმა უნდა, იმ უნარების ერთობლიობის გასავითარებლად, რომელიც ლიდერობის საშუალებას იძლევა. ჩვენ ასევე, დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მასპინძელ ქვეყნებთან ადგილობრივი მოხალისეობრივი მოძრაობების ხელშეწყობის კუთხით. ეს ნამდვილად საინტერესოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვისაც სურს ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, ვინაიდან შეუძლიათ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან ერთად იმუშაონ, ადგილობრივი მოხალისეობის მოდელებზე. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, აყალიბებს მტკიცე სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც შეესაბამება თქვენს მიერ ახლახან აღნიშნულ ღირებულებებს.

- შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ აპირებთ სამომავლოდ „მშვიდობის კორპუსის“ საქმიანობის საქართველოში გაძლიერებას? დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული სამომავლო გეგმები გაქვთ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, ამიტომ კარგი იქნება თუ რამდენიმე მათგანს გაგვიზიარებთ.

- საქართველო ძალიან უნიკალური და ინოვაციური მიდგომების მქონე „მშვიდობის კორპუსის“ ქვეყანაა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მოხალისეობის სხვადასხვა მოდელი, რომელიც იმ თემების სხვადასხვა საჭიროებებს შეესაბამება, რომლებთანაც საქართველოში ვმუშაობთ. კონკრეტულად, არის სამი მოდელი, რომელთა შესახებაც შემიძლია გიამბოთ. „მშვიდობის კორპუსის“ ტრადიციული მოდელი არის ორწლიანი მოხალისის მოდელი, რომლის შესახებაც ახლახან აღვნიშნე. ეს ყოველთვის იქნება „მშვიდობის კორპუსის“ ერთგვარი გული და სული. ეს ორწლიანი ვალდებულება გრძელვადიან პერსპექტივაში, ფაქტობრივად, ადგილობრივ თემში ინტეგრირებას გულისხმობს. ფართო განათლებისა და ინტერესის მქონე ეს მოხალისეები დაეხმარებიან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს. მეორე პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან ინოვაციური, რომელსაც საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს, სახელწოდებით „მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამა“.

აღნიშნული პროგრამა გულისხმობს უფრო გამოცდილი, ექსპერტი მოხალისეების უფრო მოკლე ხანგრძლივობით მუშაობას. ასე რომ, მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისეობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, დაახლოებით ერთი წელია და საჭირო უნარების დონე უფრო კონკრეტულია. მაგალითად, საქართველოს განათლების სამინისტრომ გვთხოვა გაგვეგზავნა მათ უწყებაში „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე, რომელიც მათ ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა. ასე რომ, ჩვენ ავიყვანთ ვინმეს, ვინც ამ სფეროში გამოცდილია და მას ერთი წლით სამინისტროში განვათავსებთ. ჩვენ გვექნება მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის სხვა პოზიციები, რომლებსაც ვიმედოვნებთ, რომ მალე აღვადგენთ ქვეყანაში. მესამე პროგრამა, რომელიც გვაქვს, არის სრულიად ახალი პროგრამა, რომელიც პანდემიის დროს განვავითარეთ და მას ვირტუალური თანამშრომლობის საპილოტე პროგრამა ჰქვია. ეს საპილოტე პროგრამა ადამიანებს ვირტუალურად მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ჩვენ პანდემიის განმავლობაში ვისწავლეთ, Zoom-ი და ყველა ეს ვირტუალური პლატფორმა ნამდვილად ამდიდრებს პროცესს და არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ადამიანებს შორის კავშირების დასამყარებლად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ეს შეიძლება შეუძლებელი იყოს. მაგალითად, გარკვეულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით საქართველოს გაყინული კონფლიქტის ზონების ირგვლივ, შესაძლოა არ იყოს შესაძლებელი ორწლიანი მოხალისის აღნიშნული ტერიტორიების მიმდებარედ განთავსება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვირტუალური მოხალისეობის მონაწილის იქ განწესება. ასე რომ, ეს საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ვირტუალური სერვისი ადგილობრივ თემებთან კიდევ უფრო ძლიერი კავშირების დასამყარებლად და ასევე ის ამერიკელებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას აძლევს, რომ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ მოხალისეობაში. ზოგიერთ ადამიანს ჰყავს ოჯახი, დასაქმებულია ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მათ შეიძლება არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჯანმრთელობა ან დრო, რომ დარეგისტრირდნენ ორწლიანი მოხალისეობის მოდელზე, მაგრამ ისინი სიამოვნებით გამოყოფენ კვირაში 15-დან 20 საათამდე დროს ადგილობრივი თემის საჭიროებებისთვის აქ, საქართველოში. ამ მონაწილეთაგან ზოგიერთი არის „მშვიდობის კორპუსის“ დაბრუნებული მოხალისე, რომლებიც მანამდე, საქართველოში ორწლიან პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას. ასე რომ, ეს ძალიან საინტერესოა.

- და რა სამომავლო გეგმები გაქვთ სომხეთთან დაკავშირებით, რომელიც სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც თქვენ წარმოდგენილი ხართ?

- კავკასიაში ჩვენი პროგრამები საქართველოსა და სომხეთშია წარმოდგენილი. სომხეთი ასევე გეგმავს მოხალისეების კვლავინდებურად მიღებას მომავალი წლის დასაწყისში. ეს ძალიან ამაღელვებელია. მათ საქართველოს მსგავსი პროგრამები აქვთ, კერძოდ ახალგაზრდების განვითარება და ინგლისური ენის სწავლება. ისინი აღნიშნულზე მუშაობას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებშიც დაიწყებენ. ასე რომ, დიახ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ მოხალისეები კავკასიაში კვლავ მივიღოთ მოხალისეობის ამ უთვალავ შემოქმედებით ფორმებში, იქნება ეს ორწლიანი მოხალისეობა, მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისეები თუ ვირტუალური თანამშრომლობის საპილოტე პროგრამის მონაწილეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა ვარიანტები ერთად დიდ მოქნილობას გვაძლევს, რომ სხვადასხვა სახით დავაკმაყოფილოთ მასპინძელი საზოგადოების საჭიროებები.

თორნიკე კაკალაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა