მას აინტერესებდა ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა კეთდება ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასევე ავუხსენით ფაქტებით იმ ანტიევროპული ნაბიჯების შესახებ, რომელსაც დგამს მმართველი ძალა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ავსტრიის პარლამენტის წევრთან, კარლჰაინც კოპფტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კარლჰაინც კოპფტმა მასთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
ჯაფარიძის განცხადებით, ავსტრიის პარლამენტის წევრის სურვილი იყო, რომ შეხვედროდა ოპოზიციის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ავსტრიის მხარდაჭერა ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ.
„შეხვედრა გვქონდა ავსტრიის პარლამენტის ერთ-ერთ ცნობილ წევრთან, რომელიც ამავდროულად იყო ავსტრიის პარლამენტის ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე წლების განმავლობაში. ის ძალიან გავლენიანი მოღვაწეა ავსტრიაში. მას აინტერესებდა ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა კეთდება საქართველოს მიერ ამ უნიკალური შანსის გამოყენების კუთხით - იგულისხმება ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მან თქვა, რომ ავსტრია ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავსტრიის მხარდაჭერა გაგრძელდეს. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ ავსტრიის მხრიდან მხარდაჭერა გაგრძელდეს, რადგან ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილი, რომ ქვეყანა ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში რაც შეიძლება სწრაფად.
ამავდროულად, ავუხსენით და ვისაუბრეთ ფაქტებით იმ ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც დგამს მმართველი ძალა. კიდევ ერთხელ შევჯერდით ჩვენს ავსტრიელ სტუმართან, რომ ეს არის ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი და ავსტრიის მხარდაჭერა იქნება კრიტიკული, თუმცა ამავდროულად ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა, არის საფრთხის ქვეშ იმის გამო, რომ მმართველი ძალა თავისი ქმედებებით აფერხებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში. ძალიან საინტერესო და კარგი საუბარი გვქონდა მასთან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.