რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, რომელსაც  მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსჯავრდებული მასწავლებლის ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა.

ადვოკატის განმარტებით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნული მასწავლებლის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, ვინაიდან მას მე-6 კლასელმა შვილმა უთხრა, რომ „გაკვეთილის მსვლელობისას ინფორმატიკის მასწავლებელი ხელით შეეხო საჯდომთან, ასევე კისერსა და წელზე“.

თავად მსჯავრდებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წაყენებული ბრალით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და საკუთარი განცხადების საფუძველზე სკოლა დატოვა.

„მოვიდა მშობელი პრეტენზიით, ბავშვი ტირისო, სკოლაში წამოსვლა არ უნდაო. გავგიჟდი, დამრიგებელიც იქ იყო და სასწავლო ნაწილიც. მე ვუთხარი, რას ლაპარაკობთ, რას მაბრალებთ, ამ ხნის კაცი ვარ, 51 წლის კაცი ვარ, ამდენი ბავშვი გავზარდე, ასეთი რაღაც ცხოვრებაში არ მომხდარა-მეთქი. მე იქ ვეღარ გავჩერდებოდი, მე იქ ელემენტარულად აღარ დამედგომებოდა. წავალ, გრუშჩიკად“ ვიმუშავებ, სკოლაში მე ვეღარ გავჩერდები-მეთქი, სკოლის დირექტორს ვუთხარი“, - აცხადებს მასწავლებელი ჩვენებაში.

ქართლოს სამარგულიანი დანაშაულს არ აღიარებს.

„რანაირად ვთქვა? მქონდეს დანაშაული, პრობლემა არ არის. გინდა ხატზე დავიფიცებ, თუ გინდა, სიცრუის დეტექტორზე შემამოწმეთ, რაც გინდათ, ის მიქენით, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, - აცხადებს სამარგულიანი.

თავის მხრივ, ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება გარყვნილი ქმედების 6 ეპიზოდში ჰქონდა წარდგენილი, ის 3 ეპიზოდში გამართლდა, 3-ში კი გამტყუნდა. ის მხოლოდ ერთადერთი მოწმისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების საფუძველზე გამტყუნდა, რომელიც არც ერთი სხვა მტკიცებულებით გამყარებული არაა. განაჩენი, რომელიც სასამართლომ გამოაცხადა, უკანონო და დაუსაბუთებელია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მინიმალური სასჯელი, 8 წელი მიესაჯა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა თქვა, რომ ჩვენება ერთ-ერთი დაზარალებულის თხოვნით მისცა და გააზვიადა ის, რაც გაკვეთილის პროცესში შეიძლებოდა მომხდარიყო, დანარჩენი უკვე გამოძიებამ გააზვიადა და გაამძაფრაო. ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა, რომ მასწავლებელი შუა გაკვეთილზე შეეხო მხარზე, თავზე, წელზე და საჯდომთან და თითქოს ტიროდა, თუმცა შემდეგი გაკვეთილის მასწავლებელი აცხადებს, რომ წინ ეჯდა ეს მოსწავლე და მას არაფერი შეუნიშნავს.

თავად მასწავლებელი ამბობს, რომ 10-15 წლის განმავლობაში 2 სკოლაში ასწავლიდა და არც ერთხელ, მსგავსი ბრალდება მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არასდროს ბავშვებს არ შეხებია არამეგობრულად და ცუდი განზრახვით“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 51 წლის ქართლოს სამარგულიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალი წარდგენილი აქვს ასევე სკოლის დირექტორსაც და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას დანაშაული შეუტყობინებლობას ედავებიან.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს