მიხეილ სააკაშვილი დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს - მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც ოჯახის წევრები შეუტანენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას დათანხმდა.
„მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას დათანხმდა. გარდა ამისა, გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს. მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანენ ოჯახის წევრები ან ადვოკატი. სისტემას შეუძლია დახედოს, შეამოწმოს და ეს უნდა მოხდეს მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. მან დაასახელა რამდენიმე ექთანი, რომელსაც ენდობა. ვთქვათ, თუ დედამისს არ შეატანინეს საკვები, რამდენიმე ექთანზეა საუბარი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საკვების შეტანა. მიზეზი არის ის, რაც გუშინ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. მოწამლული არის სისტემაში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იგი იძულებულია მიმართოს ამ ზომებს. ჩვენ ვაცნობეთ ამის შესახებ საბადრაგო სამსახურს და ისინი თავის ხელმძღვანელობას აცნობებენ და ამ საკითხებში გაარკვევენ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის განმარტებით, მათი მთავარი გეგმაა, მოწმეები დაიკითხონ და პარალელურ რეჟიმში იბრძოლებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანა ან ჩართვა სასამართლო პროცესზე მოხდეს.
„მე პირადად მივმართავ პენიტენციურ საგამოძიებო სამსახურს, რომ დაიწყოს გამოძიება. ეს არის ცალსახად დანაშაულის ჩადენა ორივე მხრიდან, ერთი იუსტიციის მინისტრის მხრიდანაა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული და მეორე მხრივ, თავად პენიტენციური სამსახურის მიერ, როდესაც არ მოხდა, მისი არც პროცესზე მიყვანა და არც ჩართვა, ამის მიზეზებიც არ განმარტეს. მათი მხრიდან მოხდა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ჩვენ შევეცდებით, მივაღწიოთ იმას, რომ ჩართონ ან სასამართლო პროცესზე მიიყვანონ. თუ ასე არ იქნება, მაშინ სხვა გზა აღარ გვაქვს, დრო აღარ ითმენს, პროცესები უნდა დაიწყოს. როგორც ჩანს, ვიღაცას გეგმა აქვს, რომ ეს პროცესები არ ჩატარდეს და ბოლოს დამთავრდეს ეს ყველაფერი ამ ადამიანის გარდაცვალებით. ჩვენი გეგმა არის დაიკითხონ მოწმეები, პარალელურ რეჟიმში ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანის მოყვანა ან ჩართვა სასამართლო პროცესზე მოხდეს. მთავარი აქცენტი არის, რომ სასამართლომ მოისმინოს მოწმეთა ჩვენებები, რომელიც დაადასტურებენ საქმეში ასახული ექსპერტიზის დასკვნას. ამ ეტაპზე არა, მაგრამ შეიძლება პროცესის დასასრულს ერთი გასვლითი სხდომა გაიმართოს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
უფლებადამცველის ცნობით, ახლა მიხეილ სააკაშვილი პალატაში წევს და მას საკვები დილიდან არ მიუღია. „აშკარად ეტყობა, რომ არის ნანერვიულები, ისევ 38 სიცხე აქვს და არასტაბილური წნევა, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია“, - დასძინა მან.