უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, ევროკავშირში პუტინის მხარდამჭერი ორბანის დამარცხების ევროპულ, ამერიკულ, ჩინურ და რეგიონალურ, კერძოდ, სამხრეთ კავკასიურ განზომილებაზე „ინტერპრესნიუსი“ "პოლიტიკის კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს, ასისტენტ-პროფესორს, გიორგი კობერიძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, 12 აპრილს უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ევროკავშირში პუტინის „ტროას ცხენად“ მიჩნეული და იმავდროულად აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია დამარცხდა.
პიტერ მადიარის პარტია „ტისამ“ 199 მანდატიდან 138 მანდატი მიიღო და უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობაც აქვს. ორბანის დამარცხებას რამდენიმე განზომილება აქვს, ჩვენ მათ აუცილებლად შევეხებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა უკვე მიულოცეს პიტერ მადიარს, ორბანის დამარცხებას უნგრელ ხალხთან ერთად ზეიმობენ ლამის მთელ ევროპაში, სამგლოვიარო განწყობებია მხოლოდ რუსეთში და იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსული გავლენის ქვეყნებად ითვლებიან.
მას შემდეგ, რაც 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ორბანის პარტია დამარცხდა, რომელიც ევროკავშირისაგან იზოლაციონისტურ, პრომოსკოვურ პოლიტიკას ატარებდა, ახლა ის დროა ვიმსჯელოთ იმაზე, სავარაუდოდ, რას მიიღებს ორბანის დამარცხებით, ობრანის დამმარცხებელი უნგრელი ხალხი?
რა მიზეზებმა განაპირობა, საკმაოდ მონოლითური, ორბანის პარტიის დამარცხება?
- უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ 12 აპრილს უნგრეთში მომხდარი მოვლენა არ არის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ლოკალური პოლიტიკური ცვლილება - ეს არის სერიოზული გეოპოლიტიკური მიწისძვრა მთელი ევროპისთვის.
დემოკრატიაცა და ავტოკრატიაც ვრცელდება ტალღებად, მასშტაბური მოვლენების შემდეგ. შესაძლოა ორბანის დამარცხება ტალღის დასაწყისიც გახდეს. 16-წლიანი მმართველობის დასრულება, თანაც ისეთი შედეგით, სადაც ახალმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ნათლად აჩვენებს, რომ ევროპის შუაგულში ავტოკრატიული, პრორუსული მოდელი სრულად ამოწურულია, იდეა გაკონტრებულია და კრახისთვისაა განწირული. უნგრეთი იმ დამარცხებების სერიის გაგრძელებაა რაც რუმინეთსა და მოლდოვაში ვიხილეთ მანამდე.
16-წლიანი მმართველობის დასრულება, თანაც ისეთი შედეგით, სადაც ახალმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ნათლად აჩვენებს, რომ ევროპის შუაგულში ავტოკრატიული, პრორუსული მოდელი სრულად ამოწურულია, იდეა გაკოტრებულია და კრახისთვისაა განწირული. უნგრეთი იმ დამარცხებების სერიის გაგრძელებაა რაც რუმინეთსა და მოლდოვაში ვიხილეთ მანამდე
რას მიიღებს უნგრელი ხალხი ამ გამარჯვებით? პასუხი მარტივი და ცალსახაა: კორუფციის დამარცხების შესაძლებლობას და ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფო სტატუსიდან გამოსვლას. წლების განმავლობაში ვიქტორ ორბანმა უნგრეთი, ფაქტობრივად, ევროკავშირში და ნატოში "ტროას ცხენად" აქცია. ის აშანტაჟებდა ბრიუსელს, ბლოკავდა უკრაინის დახმარებას და ღიად უკავშირებდა თავის ბედს კრემლს, რის გამოც ქვეყანა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.
პეტერ მადიარისა და პარტია “ტისას” გამარჯვება ნიშნავს ევროკავშირთან გაყინული მილიარდობით ევროს განბლოკვას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთის ეკონომიკისთვის. თუმცა, ფინანსურ კეთილდღეობაზე ბევრად უფრო ფასეული უსაფრთხოების და ინსტიტუციური განზომილებაა. უნგრეთი დააღწევს თავს მოსკოვის ორბიტას და აღადგენს შელახულ ნდობას ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორებთან და ექნება შანსი დაიბრუნოს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი და სანდო სახელმწიფოს სტატუსი.
ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოს აღდგენის შანსი - იმ ფუნდამენტის, რომელიც ორბანის რეჟიმმა მიზანმიმართულად დაანგრია.
რას მიიღებს უნგრელი ხალხი ამ გამარჯვებით? პასუხი მარტივი და ცალსახაა: კორუფციის დამარცხების შესაძლებლობას და ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფო სტატუსიდან გამოსვლას
რამ განაპირობა ორბანის ერთი შეხედვით მონოლითური სისტემის ნგრევა? ისტორია არაერთხელ გვასწავლის, რომ არცერთი რეჟიმი არ არის მარადიული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საკუთარი ხალხის ისტორიულ მეხსიერებას უპირისპირდება.
განა შეიძლებოდა 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მემკვიდრე ერი სამუდამოდ შეგუებოდა ლიდერს, რომელიც პუტინის ინტერესების მთავარი გამტარებელი გახდა ევროპაში? შეუძლებელია. ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა ადრე თუ გვიან აუცილებლად იწვევს უკურეაქციას.
ამასთანავე, ორბანის დამარცხების მთავარი მიზეზი იყო კატასტროფული შიდა კორუფცია, ეკონომიკური სტაგნაცია და საზოგადოების ტოტალური დაღლა. სისტემა, რომელიც აგებული იყო შიშზე, პროპაგანდასა და ვითომდა "ტრადიციული ღირებულებების" დაცვაზე, შიგნიდან გამოლპა. ორბანის რეჟიმის სრული კოლაფსი დაიწყო მაშინ, როდესაც ფსევდოტრადიციონალისტური რეჟიმის პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერეს პედოფილიის საქმის დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალებას.
სისტემა, რომელიც აგებული იყო შიშზე, პროპაგანდასა და ვითომდა "ტრადიციული ღირებულებების" დაცვაზე, შიგნიდან გამოლპა. ორბანის რეჟიმის სრული კოლაფსი დაიწყო მაშინ, როდესაც ფსევდოტრადიციონალისტური რეჟიმის პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერეს პედოფილიის საქმის დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალებას
ორბანისგან განსხვავებით მადიარი ნამდვილი კონსერვატორია. იგი ინარჩუნებს მიგრაციის საწინააღმდეგო პოზიციას და ამასთან არც კორუმპირებულია და რუსეთთანაც არ აქვს უწყვეტი კავშირები.
პეტერ მადიარის ფენომენი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის თავად იყო ამ სისტემის ნაწილი. მან ყველაზე კარგად იცოდა რეჟიმის სისუსტეები და შეძლო უნგრელი მოსახლეობისთვის დაენახვებინა, რომ ორბანის "ურღვევობის" მითი აბსოლუტურად ყალბი იყო.
როდესაც ლიდერი კარგავს კავშირს რეალობასთან და საკუთარ ძალაუფლებას მხოლოდ დასავლელი მოკავშირეების შანტაჟითა და ხალხის შეშინებით ინარჩუნებს, მას ძალიან დიდი პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს, რადგან ხალხს შეიძლება რამდენჯერმე მოატყუო, მაგრამ თანდათან სწავლობენ ისინიც პროპაგანდისა და რეალობის გარჩევას.
- ვინც უნგრეთის არჩევნებს პროფესიულად აკვირდებოდა, მიიჩნევს, რომ ორბანის პარტიის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ორბანის გუნდმა იმგვარი ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ ბოლოს და ბოლოს თავად გაება ოპოზიციისათვის დაგებულ ხაფანგში.
ორბანის პარტიამ უნგრეთის ყველა დიდი ქალაქი წააგო. იმ მაჟორიტარულ ოლქებშიც კი დამარცხდა, რომელიც თავად ისე გადააფორმატა, რომ იმედოვნებდა მოიგებდა. როცა უნგრეთის არასამართლიან საარჩევნო სისტემაზე საუბრობენ, ჩნდება კითხვა, რატომ ვერაფერი მოუხერხეს ევროკავშირის სტრუქტურებმა ორბანის უნგრეთის უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც ბევრ ევროპულ კონვენციას არღვევდა.
არჩევნების დასრულების შემდეგ ორბანმა ისე სწრაფად აღიარა დამარცხება და ოპონენტს გამარჯვება მოულოცა, რომ დარჩა შთაბეჭდილება უსაფრთხოების გარანტიები როგორც მინიმუმ აშშ-სგან უკვე მიღებული ჰქონდა. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ორბანს ქუჩაში არჩევნების შედეგების დასაცავად გამოსული ხალხის შეეშინდა და ამიტომ აღიარა არჩევნებში დამარცხება.
რატომ ვერ შეძლეს ევროპულმა სტრუქტურებმა უნგრეთის საარჩევნო სისტემა მეტ-ნაკლებად სრულყოფილი და სამართლიანი ყოფილიყო?
რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ორბანი დამარცხებას ზედმეტი და გაუგებარი მოძრაობების გარეშე შეგუებოდა?
- ევროკავშირი დაფუძნებულია კონსენსუსსა და კეთილსინდისიერებაზე, ორბანი კი ამ პრინციპებით არასდროს ხელმძღვანელობდა. ბრიუსელის ბიუროკრატიული აპარატი უკიდურესად მოუქნელია. როდესაც საქმე ეხება სუვერენული სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობას, ევროკავშირს არ აქვს პირდაპირი იძულების ბერკეტი, გარდა ფინანსური სანქციებისა და ეგრეთ წოდებული მე-7 მუხლისა, რომელიც ხმის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს. თუმცა, ამ მექანიზმის ამოქმედებას სრული ერთსულოვნება სჭირდება, რასაც წლების განმავლობაში ბლოკავდნენ სხვა აღმოსავლეთ ევროპელი პოპულისტი ლიდერები.
ორბანმა შესანიშნავად გამოიყენა ევროპული დემოკრატიის ეს სისუსტე და საკუთარ ქვეყანაში შექმნა იდეალური ავტოკრატიული ხაფანგი დემოკრატიული ფასადით, რასაც ევროპა ძირითადად მხოლოდ "ღრმა შეშფოთებით" პასუხობდა. ეს ევროკავშირისათვისაც გაკვეთილია და ამიტომაც აქტიურად მიმდინარეობს მის შიდა რეფორმაციაზე მუშაობა.
ევროკავშირი დაფუძნებულია კონსენსუსსა და კეთილსინდისიერებაზე, ორბანი კი ამ პრინციპებით არასდროს ხელმძღვანელობდა. ბრიუსელის ბიუროკრატიული აპარატი უკიდურესად მოუქნელია. როდესაც საქმე ეხება სუვერენული სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობას, ევროკავშირს არ აქვს პირდაპირი იძულების ბერკეტი, გარდა ფინანსური სანქციებისა და ეგრეთ წოდებული მე-7 მუხლისა, რომელიც ხმის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს
რაც შეეხება ორბანის უჩვეულოდ სწრაფ კაპიტულაციას, აქ მკაფიოდ იკვეთება პრაგმატული გათვლები. რატომ დანებდა ის ასე მარტივად? იმიტომ, რომ ის არის გამოცდილი ოპორტუნისტი და არა კამიკაძე. მან ზუსტად დაინახა რეალობა: როდესაც შენ მიერვე შეკერილი და მორგებული საარჩევნო ოლქები შენს წინააღმდეგ ტრიალდება, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშალა და ლეგიტიმაცია სრულად განადგურებულია.
ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა და ლუკაშენკოს მსგავსი რეჟიმის დამყარება, ქვეყნის შიგნით არეულობას მოასწავებდა, რაც მის მომავალს საფრთხეს შეუქმნიდა. არჩევნების მოპარვისა და შედეგების გადაწერის მცდელობა გარდაუვალად გამოიწვევდა უმართავ პროცესებს ქუჩაში.
უნგრელებს აჯანყებისა და ქუჩის პროტესტის სერიოზული ისტორიული მეხსიერება აქვთ. ორბანმა კარგად იცოდა, რომ სახელმწიფო აპარატი, არმია და პოლიცია, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, მასობრივი მღელვარების დროს საკუთარ ხალხს არ დაუპირისპირდებოდა. უნგრეთში პატრიოტიზმი ისევ ადგილზეა.
უნგრელებს აჯანყებისა და ქუჩის პროტესტის სერიოზული ისტორიული მეხსიერება აქვთ. ორბანმა კარგად იცოდა, რომ სახელმწიფო აპარატი, არმია და პოლიცია, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, მასობრივი მღელვარების დროს საკუთარ ხალხს არ დაუპირისპირდებოდა. უნგრეთში პატრიოტიზმი ისევ ადგილზეა
გარდა ამისა, სავსებით ლოგიკურია ვარაუდი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებზეც. როდესაც ხედავ, რომ მარცხდები, ორი არჩევანი გაქვს - წახვიდე ვა-ბანკზე, რაც რევოლუციითა და ციხით სრულდება, ან მოელაპარაკო გლობალურ მოთამაშეებს, თუნდაც აშშ-ს. ორბანი მიხვდა, რომ თუ პროცესს სისხლისღვრამდე მიიყვანდა, ვეღარც დასავლეთიდან მიიღებდა ხელშეუხებლობის იმუნიტეტს და, ბუნებრივია, ვერც დასუსტებული პუტინი დაეხმარებოდა ევროპის შუაგულში. მან უბრალოდ აირჩია გადარჩენის ერთადერთი რაციონალური გზა - დროული და უმტკივნეულო უკანდახევა საკუთარი ფიზიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების სანაცვლოდ. მეტიც, შესაძლოა ორბანს ეკონომიკური ხელშეუხებლობაც ჰქონდეს. ამას დრო აჩვენებს.
- ფაქტია, რომ ორბანის პარტიის დამარცხებას რამდენიმე განზომილება აქვს. ევროპული, რომელსაც უკრაინის საკითხი უკავშირდება, და ასევე ამერიკული, რომელიც, უნდოდა თუ არა ეს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, ამერიკა-ევროპის ურთიერთობებს უკავშირდება.
ცხადია, რომ ორბანის დამარცხების შემდეგ ევროკავშირი უფრო ერთიანი იქნება, უკრაინის საკითხებში სწრაფად მიიღებს შეთანხმებულ და მკაცრ გადაწყვეტილებებს. ბევრი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ეს შესაძლოა გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდეს რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინის სასარგებლოდ.
ევროპის პოლიტიკური სცენიდან ოდიოზურობით გამორჩეული ორბანის წასვლით რა შეიცვლება ევროპის პოლიტიკურ ველზე, ევროპულ სტრუქტურებში და უკრაინა-რუსეთის ომში?
- ორბანის პოლიტიკური სცენიდან გაქრობა არ არის მხოლოდ ერთი ბარიერის მოხსნა - ეს არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ხელახალი დაბადების შანსი. წლების განმავლობაში, ბრიუსელი იყო მძევალი ერთი ლიდერის ხელში, რომელიც ღიად თამაშობდა კრემლის წესებით. დიახ, ორბანს ჰყავდა მოკავშირეები და სხვა რეგიონალური საყრდენები, მაგრამ ძირითადი ბასტიონის როლს თავად ასრულებდა. მისი წასვლით ევროპულ სტრუქტურებში სრულდება, როგორც მინიმუმ ჩნდება, მუდმივი საბოტაჟის ეპოქის დასასრულის შანსი.
პირველ რიგში, ევროკავშირში რადიკალურად შეიცვლება გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე. ნაკლებ სავარაუდოა კიდევ ვიხილოთ თვეობით გაწელილი მოლაპარაკებები და ვეტოთი დაშანტაჟებული უკრაინის დახმარების საკითხი. ევროპა დაიბრუნებს ქმედუნარიანობას და გახდება ბევრად უფრო მონოლითური ძალა. ეს არის პირდაპირი დარტყმა პუტინის სტრატეგიაზე, რომელიც სწორედ დასავლეთის დაყოფაზე იყო აგებული.
ორბანის პოლიტიკური სცენიდან გაქრობა არ არის მხოლოდ ერთი ბარიერის მოხსნა - ეს არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ხელახალი დაბადების შანსი. წლების განმავლობაში, ბრიუსელი იყო მძევალი ერთი ლიდერის ხელში, რომელიც ღიად თამაშობდა კრემლის წესებით
უკრაინა-რუსეთის ომის კონტექსტში, ეს ნიშნავს, რომ კიევი მიიღებს დროულ სამხედრო-ფინანსურ მხარდაჭერას. კრემლმა დაკარგა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ევროპის შიგნით. რუსეთს ახლა მოუწევს შედარებით კონსოლიდირებულ დასავლეთთან დაპირისპირება, რაც ფრონტზეც და დიპლომატიურ არენაზეც უკრაინის პოზიციებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. დიახ, არის ბაბიშის ჩეხეთი და ფიცოს სლოვაკეთი, მაგრამ ისინი ბოლომდე არ სხედან რუსულ ნავში და მათი დაყოლიება უფრო რეალისტური იქნება. თუმცა ცხადია ევროპაში რუსული გავლენები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამქრალი.
რაც შეეხება ამერიკულ განზომილებას - ვაშინგტონისთვის, და პირადად ტრამპისთვის, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი. ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება.
ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ჯერ ნაადრევია ამაზე სრულყოფილად საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის მხოლოდ პერსონალურ კავშირებზე აგებული საგარეო პოლიტიკის წარმოება თანდათან შეიცვლება და უფრო პროგნოზირებადი გახდება.
- უნგრეთის არჩევნებში თუ რამ იყო ყველაზე მეტად უცნაური, გახლდათ ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ორბანს მხარი ღიად დაუჭირა. ორბანისათვის მხარის დასაჭერად ბუდაპეტში ჩასულები იყვნენ ჯერ აშშ-ს მდივანი რუბიო, ხოლო შემდეგ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი.
ერთ წელზე მეტია აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპია და ამ ხნის განმავლობაში მას არც არასოდეს დაუმალავს ევროკავშირისა და ნატოსადმი მისი სკეპტიკური დამოკიდებულება. მუდმივად გვესმოდა საუბრები იმაზე, რომ ტრამპს რუსეთთან უნდოდა „დიდი ბიზნესის" კეთება და მას ამაში ევროპა უშლიდა ხელს, რომელსაც მყარად ჰქონდა აღებული კურსი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე.
გვახსოვს ტრამპის ახირებები არა მხოლოდ ნატოს მიმართ, არამედ ნატოს წევრი დანიის იურსიდიქციის ტერიტორიების მიმართ. იგი ყველაფერ ამას ევროპის რუსეთისაგან დასაცავად ოსტატურადაც კი ფუთავდა. მაგრამ, ცხადადაც კი ჩანდა, რომ ტრამპის ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ყველაზე მეტად თანხვედრაში იყო კრემლის საგარეო პოლიტიკის დოქტრინის ძირითად პოსტულატებსა თუ თეზისებთან.
ირანში, ისრაელთან ერთად, ტრამპის მიერ დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ სრულად გააშიშვლა აშშ-სა და ევროპას შორის წინააღმდეგობები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ტრამპმა ნატო დაადანაშაულა იმაში რომ ნატომ მხარი არ დაუჭირეს აშშ-სა და ისრაელს ირანში დაწყებულ სპეცოპერაციაში.
არადა, ტრამპს სამხედრო ოპერაციის დაწყება თავის ევროპელ პარტნიორებთან რომ არ შეუთანხმებია, როგორც ჩანს, დაავიწყდა.
ამის პარალელურად, თვალს ვადევნებთ აშშ-ს მიერ ევროპაში ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალების მხარდაჭერას. ამის კარგი მაგალითია, თუნდაც ამერიკელების მხრიდან გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გერმანიის მიერ აშშ-სგან ენერგომატარებლების შეძენას და მხარს უჭრენ რუსეთისაგან ენერგომატარებლების შესყიდვას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ღიად შეიჭრა უკრაინაში და მეხუთე წელია უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს ომს.
უნგრეთში ორბანის დამარცხებით სავარაუდოდ, რა შეიცვლება აშშ-ევროპის ურთიერთობებში?
- უპირველეს ყოვლისა, ნათლად უნდა ვთქვათ ერთი რამ: ტრამპისათვის ორბანი იყო წმინდა წყლის პერსონალური მოკავშირე. აქ იდეოლოგიურ ან ფასეულობრივ თანხვედრაზე საუბარი ზედმეტია. მეორე, ორივე მათგანი არის ტიპური ოპორტუნისტი, რომელთათვისაც პოლიტიკა მხოლოდ პერსონალური გარიგებების, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და ეგრეთ წოდებული "დიდი ბიზნესის" კეთების ინსტრუმენტია. ორბანის დამარცხება უმძიმესი დარტყმაა ტრამპის ევროპული სტრატეგიისთვის.
ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაცია წლების განმავლობაში ცდილობდა ევროპის დასუსტებას შიგნიდან, რადიკალური და პოპულისტი ძალების სტიმულირებით, რათა დაქსაქსულ კონტინენტისათვუს უფრო ადვილად წაეყენებინა მოთხოვნები.
ტრამპისათვის ორბანი იყო წმინდა წყლის პერსონალური მოკავშირე. ტრამპი და ორბანი არიან ტიპური ოპორტუნისტი, რომელთათვისაც პოლიტიკა მხოლოდ პერსონალური გარიგებების, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და ეგრეთ წოდებული "დიდი ბიზნესის" კეთების ინსტრუმენტია. ორბანის დამარცხება უმძიმესი დარტყმაა ტრამპის ევროპული სტრატეგიისთვის
ცხადია, ტრამპის სურვილი გაეღო ევროპას თავდაცვაზე მეტი, აბსოლუტურად სწორი იყო, მაგრამ თუკი ვინმე ევროპის მილიტარიზაციას და ირანის ან რუსეთის შეკავებას პრიორიტეტად არ სახავდა, სწორედ ორბანის მთავრობა გახლდათ.
რა შეიცვლება ახლა აშშ-ევროპის ურთიერთობებში? ევროკავშირს შეეძლება უფრო მეტი კოორდინაციით დაიწყოს საერთო სამხედრო წარმოებაზე ან ორგანიზებაზე ზრუნვა. ძლიერი ევროპა კი უფრო სანდო მოკავშირეა, ვიდრე სუსტი. და აშშ-ში მხოლოდ ტრამპი არ არის. ვაშინგტონს ყველა ვარიანტში უჯობს თანმიმდევრული ევროპის ხილვა.
ევროკავშირს შეეძლება უფრო მეტი კოორდინაციით დაიწყოს საერთო სამხედრო წარმოებაზე ან ორგანიზებაზე ზრუნვა. ძლიერი ევროპა კი უფრო სანდო მოკავშირეა, ვიდრე სუსტი. და აშშ-ში მხოლოდ ტრამპი არ არის. ვაშინგტონს ყველა ვარიანტში უჯობს თანმიმდევრული ევროპის ხილვა
ეს არაფრის გარანტია ცხადია არ არის, უბრალოდ გახლავთ შანსი, რომელიც ბრიუსელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს როგორც მილიტარიზაციის დასაწყებად, ასევე ინსტიტუციური რეფორმირებისთვის.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-მ უარი თქვას უკრაინის დასახმარებლად ევროპელებისთვის იარაღის მიყიდვაზე?
თუ ასე მოხდა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპა დააჩქარებს აშშ-სგან დამოუკიდებლად ევროპული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობას?
თუ ამ მიმართულებით წავიდა პროცესი, ეს რა გავლენას იქონიებს უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაზე?
- აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ის უზარმაზარი, პრაგმატული ბიზნესია. მართალია, შეერთებულ შტატებს ახლა თავადაც კრიტიკულად სჭირდება შეიარაღება, რათა საკუთარი სტრატეგიული მარაგები შეავსოს და გლობალური გამოწვევებისთვის მოემზადოს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, ვაშინგტონმა სრულად თქვას უარი ევროპელებისთვის იარაღის მიყიდვაზე. სანამ ევროპა იხდის და სანამ კონტრაქტები სრულად ფინანსდება, ამერიკა ამ მილიარდიან შემოსავალზე უარს არ იტყვის. იარაღის მიწოდების კარის საბოლოოდ ჩაკეტვა მოხდება მაშინ, თუკი თავად ევროპელები შეწყვეტენ იარაღის საფასურის გადახდას ან იმდენად გაუარესდება ურთიერთობა ტრამპსა და ევროპას შორის, რომ ყიდვა პოლიტიკური მოტივაციით შეჩერდება.
ნაკლებად მოსალოდნელია, ვაშინგტონმა სრულად თქვას უარი ევროპელებისთვის იარაღის მიყიდვაზე. სანამ ევროპა იხდის და სანამ კონტრაქტები სრულად ფინანსდება, ამერიკა ამ მილიარდიან შემოსავალზე უარს არ იტყვის
თუმცა, ვაშინგტონის არასტაბილურმა პოლიტიკურმა კლიმატმა ევროპას უკვე ჩაუტარა აუცილებელი ისტორიული შოკური თერაპია. დღეს ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ მოცემულობას - ევროპაში იარაღის წარმოების შანსები და პროცესები რადიკალურად გაიზარდა.
კონტინენტზე უკვე მიმდინარეობს სამხედრო ქარხნების გაფართოებისა და ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედების პროცესი. ევროპამ დაიწყო გამოღვიძება და გაცნობიერება უმძიმესი რეალობისა: საკუთარი ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაბარება ოკეანის გადაღმა, თუნდაც ყველაზე ძლიერი მოკავშირისთვის, რისკიანი და მცდარია.
დამოუკიდებელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობის დაჩქარება აღარ არის მხოლოდ თეორიული მსჯელობის საგანი, ეს უკვე დაწყებული, სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესია. და რაც მთავარია, აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანია ჰყავდეს ძლიერი საყრდენი ევროპაში და არა სუსტი მოკავშირეების ფრაქციული ნაკადი. ვიმეორებ, აშშ მხოლოდ ტრამპი არ არის.
დამოუკიდებელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობის დაჩქარება აღარ არის მხოლოდ თეორიული მსჯელობის საგანი, ეს უკვე დაწყებული, სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესია. და რაც მთავარია, აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანია ჰყავდეს ძლიერი საყრდენი ევროპაში და არა სუსტი მოკავშირეების ფრაქციული ნაკადი. ვიმეორებ, აშშ მხოლოდ ტრამპი არ არის
რა გავლენას იქონიებს ეს უკრაინა-რუსეთის ომზე? პუტინის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული გათვლა ყოველთვის იყო დასავლეთის დაღლა და ვაშინგტონის შიდა პოლიტიკური რყევების იმედად უკრაინის იარაღის გარეშე დატოვება.
თუკი ევროპა სრულად გადავა სამხედრო რელსებზე და შექმნის იარაღის მიწოდების საკუთარ, ამერიკისგან დამოუკიდებელ უწყვეტ ჯაჭვს, რუსეთი დაკარგავს თავის მთავარ კოზირს. სანამ ეს მოხდება, ეს შუალედური მდგომარეობა ანუ გარდამავლობა არის ყველაზე რთული და საშიში მომენტი, თორემ ევროპის მილიტარიზაციის შემთხვევაში, უკრაინა მიიღებს სტაბილურ, გეოგრაფიულად ახლო და პოლიტიკურად გარანტირებულ ლოგისტიკურ ზურგს.
თუკი ევროპა სრულად გადავა სამხედრო რელსებზე და შექმნის იარაღის მიწოდების საკუთარ, ამერიკისგან დამოუკიდებელ უწყვეტ ჯაჭვს, რუსეთი დაკარგავს თავის მთავარ კოზირს
ეს კი პირდაპირ ნიშნავს, რომ რუსეთის შეკავება მხოლოდ უკრაინელი ხალხის გმირობაზე კი არა, არამედ ევროპის გამოღვიძებული სამხედრო-ინდუსტრიული მანქანის კედელზეც ექნება შანსი.
- გვახსოვს ვიქტორ ორბანის ვიზიტი ჩინეთში. თითქოს მინიშნებები იმაზე, რომ ორბანი ისეთი დიდი პოლიტიკური ფიგურაა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორისაც მოძრაობს და ევროპასა და ჩინეთს შორისაც.
შემდეგ ვნახეთ ევროპის ჩინეთთან, ორბანის გარეშე, დაახლოება. ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი-ის შორის შეხვედრები. დარწმუნებულიც კი ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპის პოლიტიკურ მოედანზე ორბანი აღარ იქნება, ევროპასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური დაახლოება კიდევ უფრო დაჩქარდება.
სავარუდოდ, როგორ აისახება ევროპა-ჩინეთის ურთიერთობებზე ევროპული პოლიტიკური ველიდან ორბანის იძულებითი გასვა?
- ვიქტორ ორბანი არასდროს ყოფილა გლობალური მასშტაბის გეოპოლიტიკური მოთამაშე. მისი ვიზიტები პეკინსა თუ მოსკოვში და მცდელობა, წარმოეჩინა თავი "ხიდად" აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, იყო არა დიადი სტრატეგია, არამედ შედარებით იზოლაციაში მოქცეული, ევროპული ფონდებიდან მოკვეთილი პოლიტიკოსის მანევრი ალტერნატიული ფინანსური წყაროების მოსაძიებლად.
ჩინეთისთვის უნგრეთი იყო უბრალოდ მოსახერხებელი ლოგისტიკური და პოლიტიკური ინსტრუმენტი - პლაცდარმი ევროპის შუაგულში და დამატებითი ბერკეტი ბრიუსელთან სავაჭროდ.
როდესაც ვსაუბრობთ ორბანის პოლიტიკური ველიდან გასვლის გავლენაზე ევროპა-ჩინეთის ურთიერთობებზე, სურათი იცვლება ფუნდამენტურად. ორბანის ეპოქაში ევროპა იყო მუდმივად დაშანტაჟებული - პეკინთან მიმართებაში ნებისმიერი ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას უნგრეთი ბლოკავდა, რათა სანაცვლოდ ჩინური ინვესტიციები მიეღო. ახლა ევროკავშირს საშუალება ეძლება უფრო მეტი ერთიანი პოზიცია ჰქონდეს პეკინთან ურთიერთობისათვის.
ორბანის ეპოქაში ევროპა იყო მუდმივად დაშანტაჟებული - პეკინთან მიმართებაში ნებისმიერი ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას უნგრეთი ბლოკავდა, რათა სანაცვლოდ ჩინური ინვესტიციები მიეღო. ახლა ევროკავშირს საშუალება ეძლება უფრო მეტი ერთიანი პოზიცია ჰქონდეს პეკინთან ურთიერთობისათვის
რაც შეეხება ეკონომიკურ დაახლოებას, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და შესაძლოა ახალი იმპულსიც მიიღოს, თუმცა აქ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია - ეს დაახლოება მოხდება არა ცალკეული ლიდერების კულუარული გარიგებებით, არამედ ბრიუსელის ერთიანი, ინსტიტუციური წესებით.
სხვა შემთხვევაში ევროკავშირს სერიოზული საფრთხე დაემუქრება, რადგან ორბანის მსგავი პოლიტიკოსები ბრიუსელს უქმნიდა საფრთხეს. ჩინეთი პატივს სცემს მხოლოდ რეალურ ძალასა და მასშტაბს.
- მალე სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშშ-ს მდგომარეობა ბოლომდე გაურკვეველია, არა მგონია ამ პროცესებმა აშშ-ს ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში მის მიერვე დაწყებული გეგმების რეალიზაციაში.
თავიდანვე გაუგებარი იყო ორბანთან „ქართული ოცნების“ ლიდერების დაახლოება. შემდეგ, გაჩნდა აზრი, რომ არაა გამორიცხული თბილისს ორბანი ტრამპთან ურთიერთობების დასალაგებლად სჭირდებოდა. მალევე, ვნახეთ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენმა ხელისუფლებამ ორბანს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არჩია. თუმცა, არავინ ადასტურებს, რომ ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში ამას უკავშირდებოდა.
სავარუდოდ, რა ურთიერთობები ექნება ორბანის გარეშე დარჩენილ ევროკავშირს საქართველოსთან?
ასევე, საინტერესოა, ევროპის პოლიტიკური ველიდან გაქრობის შემდეგ, სავარუდოდ, ურთიერთობების რა გზას აირჩევს აშშ საქართველოსთან?
- თანდათან დასავლეთიცა და რუსეთიც ითხოვს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას პატარა მოთამაშეებისაგან. ამაზე პესკოვმაც გააკეთ რამდენიმე თვის წინ განცხადება. მრავალვექტორული მოთამაშეებისადმი ნდობა მაღალი არ არის.
ხანგრძლივი დროით ამა თუ იმ სახელმწიფოს უწევს არჩევნის გაკეთება. ახალი “ცივი ომის” პირობებში ეს ყველაფერი თანდათან უფრო ხელშესახები ხდება
თავდაპირველად და სხვა პოლტიკურ გარემოში შეიძლება დროებით დასთანხმდეს შენს, როგორც ე.წ. "ნაცრისფერ ზონად" არსებობას, მაგრამ ხანგრძლივი დროით ამა თუ იმ სახელმწიფოს უწევს არჩევნის გაკეთება. ახალი “ცივი ომის” პირობებში ეს ყველაფერი თანდათან უფრო ხელშესახები ხდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი