გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, მეორე დღეა გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. სოციალურ ქსელში თქვენი სტატუსი ვნახე და ამიტომაც გეხმიანებით.

ამ თემაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა - „კარგია რომ კადრები გავრცელდა, ხელისუფლებას მყისიერი რეაგირების საშუალება მიეცაო. შს მინისტრის მოადგილე დარახველიძემაც დაგმო მომხდარი.

მაგრამ, მომხდარზე გაკეთებული განცხადებით გაგვაკვირვა ქალბატონმა თეა წულუკიანმა. არადა, ქალბატონ თეას სტრასბურგის სასამართლოში საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

მან, პრაქტიკულად, პოლიციელებს უსაყვედურა „სალაპარაკო რატომ მიეცით ჩასაფრებულებსო“. გარდა ამისა, მის განცხადებაში წუხილი მომხდარზე კი არ იყო გამოთქმული, არამედ იმაზე, რომ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტი გახმაურდა.

თქვენ როგორ გაიგეთ და აღიქვით გორში მომხდარ ძალადობაზე უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ქალბატონ თეა წულუკიანის განცხადება?

- როცა თქვენ კობახიძისა და დარახველიძის სიტყებს ციტირებთ, უნდა იცოდეთ რომ ისინიც ისე ფიქრობენ როგორც წულუკიანი, უბრალოდ ისინი წულუკიანზე უფრო ჭკვიანები აღმოჩდნენ და ფორმალურად დაგმეს მომხდარი.

სინამდვილეში, ხელისუფლება ფიქრობს ისე, როგორც წულუკიანი. ფაქტობრივად, ამ თემაზე წულუკიანმა ყველას მაგივრად თქვა ის, რასაც ხელისუფლება ფიქრობს პოლიციელთა ძალადობაზე.

როგორც ჩანს, ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. ამგვარი მიდგომა მთელ სამართალდამცავ სისტემაზეა გავრცელებული. სამართალდამცავ სისტემაში დაუსჯელობის სინდრომი საფუძვლიანადაა გამჯდარი და მთავარია, ეს არავინ არ ნახოს. დანარჩენი, როგორც თავად აწყობთ, ისე დაალაგებენ.

სინამდვილეში, ხელისუფლება ფიქრობს ისე, როგორც წულუკიანი. ფაქტობრივად. ამ თემაზე წულუკიანმა ყველას მაგივრად თქვა ის, რასაც ხელისუფლება ფიქრობს პოლიციელთა ძალადობაზე

ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციას მოქალაქეების მიმართ სააკაშვილის დროს და დღესაც იგივე გრძელდება. ივანიშვილს ამ მხრივ სისტემურად არაფერი შეუცვლია.

საერთოდ, როგორც აღმოჩნდა, მას სისტემური ცვლილებების განხორციელება სულაც არ უნდოდა. მეტიც, მოსწონდა ის სისტემა და რეჟიმი, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, თავისთვის უნდოდა და ამიტომაც შეინარჩუნა ეს სისტემა.

ერთადერთი რაც მან შეცვალა, ეს არის ის, თუ სააკაშვილის დროს და მთლიანად კანონმდებლობა ნორმალური იყო, იგულისხმება ის რომ კანონმდებლობას დემოკრატიული ფასადი ჰქონდა. ასეთი ფაქტები ავტომატურად კანონგარეშედ ცხადდებოდა.

ახლა ივანიშვილმა ბევრი მიმართულებით უკანონობა დააკანონა. ახლა ტროტუარზე დგომაც აღარ შეიძლება. ფაქტობრივად, ივანიშვილმა დახვეწა და ამ განუკითხაობას „კანონიერი ფორმა“ მისცა.

ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციას მოქალაქეების მიმართ სააკაშვილის დროს და დღესაც იგივე გრძელდება. ივანიშვილს ამ მხრივ სისტემურად არაფერი შეუცვლია... ფაქტობრივად, ივანიშვილმა დახვეწა და ამ განუკითხაობას „კანონიერი ფორმა“ მისცა

- პოლიციელებმა ჯერ თქვეს, რომ მოქალაქე პაპუნა ლოცაშვილს დანა ჰქონდა, შემდეგ შს განცხადებაში ნათქვამია, რომ მას ხელში ქვა ჰქონდა.

კადრები რომ არ გავრცელებულიყო, არაა გამორიცხული პოლიციას მოქალაქე ლოცაშვილისთვის ავტომატური იარაღის ქონა დაებრალებინა და შესაბამისადაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა...

- დიახ, რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. ვიმეორებ, როგორც ჩანს, ასეთი ფაქტები ქვეყნის მასშტაბით ბევრია. ანუ, სისტემა ასე მუშაობს და რადგან იგი ასე მუშაობს, ლოცაშვილს რამე მძიმე დანაშაულის ჩადენას დააბრალებდნენ და ბევრი წლით გაუშვებდნენ ციხეში.

მე ამ თემაზე მსჯელობისას სოციალურ ქსელში ტყუილად არ ვახსენე გირგვლიანის თემა. პირველ ეტაპზე გვირგვლიანს აბრალებდნენ იმას რომ ის ყაჩაღი იყო. ხელისუფლებამ საზოგადოების რეაქცია მოსინჯა. უბრალოდ, სწრაფად მიხვდნენ, რომ ეს არ გაუვოდოდათ. ახლაც, მოხდა ფაქტის დაფიქსირება და გასაჯაროება და აღარ გამოუვიდათ. ძალოვან უწყებაში სისტემური მანკიერება როგორც იყო სააკაშვილის მმართველობისას, იგივე დარჩა და კიდევ უფრო სასტიკი ფორმებიც მიიღო და კიდევ უფრო ფართედ გავრცელდა.

ძალოვან უწყებაში სისტემური მანკიერება როგორც იყო სააკაშვილის მმართველობისას, იგივე დარჩა და კიდევ უფრო სასტიკი ფორმებიც მიიღო და კიდევ უფრო ფართედ გავრცელდა

ადრე, სააკაშვილის დროს ასეთი ფაქტები ბევრი ხდებოდა, მაგრამ, ამაში პატრული ნაკლებად იყო გარეული. მაშინ ცდილობდნენ პატრულს მაინც შეენარჩუნებინა სისუფთავე. ახლა, სამწუხაროდ, პატრულიც ასე იქცევა.

ანუ, ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც არსებობდა, კიდევ უფრო განვითარდა, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მძიმე ფორმები მიიღო და მთელ სისტემას მეტასტაზებივით მოედო.

- ხელისუფლება კი აცხადებს, რომ 6 პოლიციელი დაკავებულია, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება პოლიციელების წინააღმდეგ აღძრული საქმე?

- ხელისუფლება შეეცდება მაქსიმალურად მიფარცხოს ეს საქმე და პოლიციელების მიმართ სასჯელი გადაცდომის დანაშაულებამდე დაიყვანოს. მათ სასჯელს კი მიუსჯიან, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მათ ამნისტიით გამოუშვებენ ციხიდან. მე არ გამოვრიცხავ, რაღაც კომპენსაციებიც გადაუხადონ.

ამას რატომ გააკეთებენ? იმიტომ რომ სისტემა დომინოს პრინციპითაა აშენებული. სისტემას არ აქვს იმის ფუფუნება რომ თუნდაც თავისი სისტემის რიგითი წევრი გაწიროს. მათ იციან - თუ ერთს გაწირავ, შესაძლოა, შემდეგ სხვები აღარ დაგემორჩილონ და დანაშაულებრივი დავალების შესრულებაზე უარი თქვან. ასეთ ვითარებაში კი შესაძლოა, სისტემა ჩამოიშალოს.

სისტემას არ აქვს იმის ფუფუნება რომ თუნდაც თავისი სისტემის რიგითი წევრი გაწიროს. მათ იციან - თუ ერთს გაწირავ, შესაძლოა, შემდეგ სხვები აღარ დაგემორჩილონ და დანაშაულებრივი დავალების შესრულებაზე უარი თქვან. ასეთ ვითარებაში კი შესაძლოა, სისტემა ჩამოიშალოს

ამიტომ, სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისთვის მათ მაქსიმალურად სასათბურე პირობებში უნდა ამყოფონ ადამიანები. შესაძლოა, მათ დამნაშავე პოლიციელების ოჯახებსაც უპატრონონ ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

გვახსოვს თუ როგორ იხდიდნენ სასჯელს გვირგლიანის საქმეზე დამნაშავეები. ციხეში საჭმელს რესტორნებიდან უგზავნიდნენ. როგორც ამბობდნენ, ერთ ორჯერ ციხის გარეთაც ჰყავდათ სასეირნოდ და საქეოფოდ გამოყვანილები. სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამციავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

- ევროკომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა რუსეთს მოუწოდა გაიყვანოს ჯარები დნესტრისპირეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

როგორც კი ეს განცხადება გავრცელდა, იყო მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება მას მიესალმებოდა. ამ თემაზე ჩვენს საგარეო უწყებას განცხადება არ გაუკეთებია.

კაია კალასის განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე ასე გამოეხმაურა - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მაშინ, ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის რისკებს სხვადასხვა მიმართულებით“...

- ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული ენით სუბრობენ. კობახიძის განცხადება იყო ზუსტად ისეთი, რასაც ზახაროვა იტყოდა.

კობახიძისა და ზახაროვას რეაქცია აბსოლუტურად ანალოგიურია. როდესაც შენ ვიღაცა მხარს გიჭერს და შენი ტერიტორიიდან ოკუპანტების ჯარების გაყვანას მოითხოვს და ამ დროს შენ მას უტევ, ეს მტრის წისკვილზე წყლის დასხმას ჰგავს.

ასეთი ქცევა ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია. თუ ადრე რაღაცნაირად ამას ნიღბავდნენ, ახლა ვეღარც ნიღბავენ.

- პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობებს ალაგებს. მაგრამ, იქვე დასძინა, - „აშშ-ს სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობისთვის არავითარი წინაპირობა არ ჰქონია. თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება“...

- ამ განცხადებით კობახიძე პრაქტიკულად ამბობს - აშშ აზერბაიჯანს არ თხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ჩვენ რატომ გვთხოვენო? ფაქტობრივად, ეს არის კობახიძის მხრიდან აღიარებითი ჩვენება. ანუ ის ადასტურებს რომ საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანში არიან პოლიტპატიმრები. მისი არგუმენტი ასეთია - თუ აზერბაიჯანს ეპატიება პოლიტპატიმრების ყოლა, ჩვენ, საქართველოსაც უნდა გვეპატიოსო.

ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, თუ რა მარაზმშია

თუ ასე გააგრძელეს მალე იმასაც იტყვიან - ტრამპი ჩრდოლოეთ კორეის ლიდერს ელაპარაკება, ჩვენ რატომ არ შეიძლება გველაპარაკებოდესო. ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, თუ რა მარაზმშია.

- აქ ალბათ მნიშვნელოვანი ისაა, რომ აზერბაიჯანს არც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია და არც ევროკავშირის წევრობაზე...

- დიახ, და სხვათა შორის, არც აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე. აზერბაიჯანი დიდ მოთამაშეებთან ურთიერთობას ეკონომიკურ ჭრილში თანამშრომლობაში ხედავს.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია