ანდრო გოცირიძე - ინსტიტუციური მეხსიერებისა და გულწრფელობის დეფიციტის შედეგია, როცა მინისტრის მოადგილეს ხელახლა უწევს გარკვევა, რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი, წესით, რუსეთის პოლიტიკური ქცევის კანონზომიერებების ხელახლა აღმოჩენა აღარ უნდა გვჭირდებოდეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
– ბატონო ანდრო, აქტიურად განიხილება პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ქვეყანაში პირველი პირი ბიძინა ივანიშვილია“, ხოლო იგი კი მეორე.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ამ განცხადებით კობახიძე ამბობს, მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება, მე მხოლოდ მეორე კაცი ვარო. მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილია, ეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თითქოს ყველამ იცის და გაუგებარია, რაში დასჭირდა ამის ახლა თქმა პრემიერ კობახიძეს.
ერთნი ამბობენ, ამ განცხადებით ირაკლი კობახიძეს უნდოდა ეთქვა, რომ იგი მისი პირველი „ვეზირია“ და ამის თქმა მას დასჭირდა იმის გამოც, რომ, როგორც ჩანს, მმართველ გუნდში სხვადასხვა ტიპის მოძრაობები კარგა ხანია მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, რაში დასჭირდა პრემიერს იმის თქმა, რომ ქვეყნის პირველი პირი არა იგი, არამედ ბიძინა ივანიშვილია?
– პრემიერმა განაცხადა, ის პირველი პირია, მე კი მეორე და რა გასაკვირია, კომუნიკაცია თუ გვაქვსო. ეს საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია და, ვფიქრობ, ახალი არაფერი გაგვიგია.
ამ განცხადების მიზეზად სხვადასხვა მოტივი შეიძლება დავასახელოთ, მათ შორის მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები, პასუხისმგებლობის გაზიარება და სხვა. თუმცა, აქ მთავარი ის არის, რამდენად თავსებადია დემოკრატიასთან მმართველობის მოდელი, როდესაც რეალურ პოლიტიკურ იერარქიაში სახელმწიფო თანამდებობის არმქონე პირი კონსტიტუციური უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებზე მაღლა დგას.
აქ მთავარი ის არის, რამდენად თავსებადია დემოკრატიასთან მმართველობის მოდელი, როდესაც რეალურ პოლიტიკურ იერარქიაში სახელმწიფო თანამდებობის არმქონე პირი კონსტიტუციური უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებზე მაღლა დგას
ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება და ამ გადაწყვეტილებაზე სამართლებრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის ეფექტიანობა დიდწილად ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებზე ხდება დამოკიდებული.
საქართველოს უსაფრთხოების გარემო კი იმდენად რთულია, რომ ძლიერი, პროფესიონალური და პოლიტიკური კონიუნქტურისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პარტიული ძალაუფლების კონსოლიდაცია სახელმწიფოს გაძლიერებას არ ნიშნავს. ხშირ შემთხვევაში, პირიქით ხდება.
საქართველოს უსაფრთხოების გარემო კი იმდენად რთულია, რომ ძლიერი, პროფესიონალური და პოლიტიკური კონიუნქტურისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პარტიული ძალაუფლების კონსოლიდაცია სახელმწიფოს გაძლიერებას არ ნიშნავს
– მიტროპოლიტ იობის განცხადება, რომ „საქართველოს ურწმუნო ხელისუფლება ჰყავს“, რომ „ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა“, ნიშანი იყო იმისა, რომ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობები შეიძლება საკმაოდ დაძაბულიყო.
ეკლესია შეეცადა სინოდში ურთიერთობების დაძაბვას არიდებოდა. ასევე მოიქცა ხელისუფლებაც, შეეცადა არ შესულიყო მღვდელმთავრებთან კონფრონტაციაში.
გიორგობის დღეს მთავრობის წარმომადგენლები პატრიარქ შიოს მონაწილეობით გამართულ წირვას დაესწრნენ და შეეცადნენ იმის მტკიცებას, რომ „ეკლესია და ხელისუფლება ერთიანია“.
არც ეკლესია და არც მმართველი გუნდი რომ ერთიანი არ ჩანან, ამის ნათელი დადასტურება არაერთხელ ვიხილეთ.
ხელისუფლებამ რომ სუროგაციის შეზღუდვის სასარგებლოდ ნაბიჯები გადადგა, მისი მხრიდან ეს ეკლესიის მიმართ რევერანსადაც ჩაითვალა. თუმცა, მიტროპოლიტმა იობმა რუსეთის პატრიარქის 80 წლის იუბილის მისალოცად წასულ მიტროპოლიტებს დააწია განცხადება – „რუსეთის პატრიარქი კირილე არის მაკურთხებელი ომის და სისხლის ღვრისო“.
სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის?
– რუსეთის ეკლესია რომ რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთი ფორპოსტია, ეს საუკუნეების მანძილზე ცნობილია და საქართველომ ეს ჯერ კიდევ ცარიზმის დროს გამოსცადა საკუთარ თავზე. ახლაც მოსკოვის საპატრიარქო კრემლის ინტერესებთან თანხვედრაში მოქმედებს და უკრაინაში წარმოებული უსამართლო ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური საყრდენია.
რაც შეეხება საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს, აზრთა სხვადასხვაობაში საგანგაშო არაფერია. ეკლესია საზოგადოების ნაწილია და მისი ერთიანობა პოლიტიკური შეხედულებების ერთგვაროვნებას არ გულისხმობს.
თუმცა, აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ვფიქრობ, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის მმართველი პარტიის მიერ გამოყენებული მეთოდები იმდენად დაშორდა არა მხოლოდ ქრისტიანულ მორალს, არამედ ზოგადად ადამიანურ საწყისებსაც, რომ ეკლესიის ზოგიერთმა იერარქმა დუმილი ვეღარ მიიჩნია მორალურად გამართლებულად.
ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის მმართველი პარტიის მიერ გამოყენებული მეთოდები იმდენად დაშორდა არა მხოლოდ ქრისტიანულ მორალს, არამედ ზოგადად ადამიანურ საწყისებსაც, რომ ეკლესიის ზოგიერთმა იერარქმა დუმილი ვეღარ მიიჩნია მორალურად გამართლებულად
მით უფრო თვალშისაცემია ეს წინააღმდეგობა იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკის გასამართლებლად სწორედ ქრისტიანულ მორალსა და ტრადიციულ ღირებულებებს იშველიებს.
ამასთან, სავალალო იქნება, თუკი პოლარიზაციის ის საშიში დონე, რომელიც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას მნიშვნელოვან რისკებს უქმნის, ეკლესიასაც გადაედება. საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებების გაღრმავება რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა და ამისთვის რელიგიური ფაქტორიც აქტიურად გამოიყენება.
რაც შეეხება ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებს, ვფიქრობ, იგი კარგად აცნობიერებს ეკლესიასთან ღია კონფრონტაციის პოლიტიკურ რისკებს და შეეცდება, ურთიერთობების გარეგნული კეთილგანწყობა შეინარჩუნოს.
რაც შეეხება ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებს, ვფიქრობ, იგი კარგად აცნობიერებს ეკლესიასთან ღია კონფრონტაციის პოლიტიკურ რისკებს და შეეცდება, ურთიერთობების გარეგნული კეთილგანწყობა შეინარჩუნოს
– მიტროპოლიტ იობისა და კიდევ სხვა მღვდელმთავრების განცხადებები აქტიურად განიხილებოდა სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში.
კამათის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ „რატომ იქცა საქართველო ყოველგვარი ამორალური ბიზნესების – აზარტული თამაშების, სუროგაციის, ქოლცენტრების ჰაბად“.
თუ ამ თემებს დავუმატებთ მოსაზრებას, რომ „საქართველო გადაიქცა ცივი და ცხელი ქვეყნებიდან მოსახლეობის გადმოსახლების ტერიტორიად“, რაზეც ასევე მკაფიოდ რეაგირებს ეკლესია, საკმაოდ რთულ სურათს ვიღებთ.
ამ თემებზე მსჯელობისას აქტუალურია კითხვა – რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება ამას, ეგ გარედან თავს მოხვეულია თუ ხელისუფლება წინააღმდეგობას ვერ უწევს?
თუ ისევ დიფ სთეთია ყველაფერში დამნაშავე?
– თაღლითური ქოლცენტრები თავისი არსით კრიმინალური ბიზნესია, აზარტული თამაშები და სუროგაცია კი სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი საქმიანობაა. მიგრაცია კიდევ ცალკე საკითხია, თუმცა ამ პრობლემების მართვას მნიშვნელოვნად ართულებს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, კორუფცია და სახელმწიფო პოლიტიკის პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარება.
ქოლცენტრების შემთხვევაში თავად პროკურატურისგან ვიცით, რომ ამ დანაშაულებრივ საქმიანობას, გამოძიების ვერსიით, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირები მფარველობდნენ. საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელსა და ყოფილ მთავარ პროკურორზე.
ამ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ წლების წინ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი, მათ შორის საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებების სახით. ძნელი წარმოსადგენია, რომ შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობების მქონე სახელმწიფო სამსახურებისთვის ეს ინფორმაცია უცნობი ყოფილიყო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ გახდა სამართლებრივი რეაგირება შესაძლებელი მხოლოდ ახლა.
ძნელი წარმოსადგენია, რომ შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობების მქონე სახელმწიფო სამსახურებისთვის ეს ინფორმაცია უცნობი ყოფილიყო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ გახდა სამართლებრივი რეაგირება შესაძლებელი მხოლოდ ახლა
ვფიქრობ, საქართველოში ჩამოყალიბებულ მმართველობით სისტემაში კორუფციას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა. სახელმწიფო აპარატის უპირობო მორჩილების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ნაცადი მეთოდი მოხელეებისთვის უკანონო გამდიდრების შესაძლებლობის მიცემაა. ერთი მხრივ, მოხელე საკუთარ კეთილდღეობას არსებული ხელისუფლების შენარჩუნებას უკავშირებს, მეორე მხრივ კი, მასზე კომპრომატის არსებობა მისი პოლიტიკური კონტროლის დამატებითი მექანიზმია.
თუმცა, კორუფციის მეშვეობით პოლიტიკურად განეიტრალებული სახელმწიფო აპარატი ეფექტიანად ვეღარ ფუნქციონირებს. პროფესიონალიზმის ნაცვლად კარიერული წინსვლის ძირითადი კრიტერიუმი პოლიტიკური ლოიალობა ხდება, თანამდებობისა და კორუფციული სარგებლის შენარჩუნებით დაინტერესებული მოხელე კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მხოლოდ მისთვის სასურველ ინფორმაციას აწვდის.
კორუფციის მეშვეობით პოლიტიკურად განეიტრალებული სახელმწიფო აპარატი ეფექტიანად ვეღარ ფუნქციონირებს
ამასთან, კორუფციის სრულად კონტროლი შეუძლებელია. მოხელე უკანონო შემოსავალს იმ სფეროებშიც იღებს, სადაც ამის არაფორმალური ნებართვა არ მიუღია, იძენს საკუთარ გავლენებს სახელმწიფო აპარატში, ბიზნესსა და კრიმინალურ სამყაროში. როდესაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მისი დაკავების დრო დგება, სახელმწიფოსთვის უკვე ხანგრძლივი და სისტემური ზიანია მიყენებული. მით უმეტეს, როდესაც ამ პერიოდში ორგანიზებული დანაშაულიც იმდენად ძლიერდება, რომ მისი კონტროლი თავად პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვისაც რთულდება.
არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კორუფციის, საარჩევნო დარღვევებისა და პოლიტიკური ზეწოლის მამხილებელი ორგანიზაციების უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად გამოცხადებით ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა, შინაარსობრივად აღარ უპასუხოს მათ მიერ მხილებულ ფაქტებს და თავად მხილების პროცესი აგენტურულ საქმიანობად წარმოაჩინოს.
ამგვარად დასუსტებული სახელმწიფო აპარატის პირობებში გაცილებით რთულია მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების მართვაც. რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში, კონტრდაზვერვითი რისკების გარდა, გასათვალისწინებელია რუსეთში დამკვიდრებული ბიზნესის წარმოების წესების, კორუფციული პრაქტიკისა და დავების მოგვარების კრიმინალური მეთოდების გავრცელების საფრთხეც.
არანაკლებ სახიფათოა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა – ქვეყნის „ნემსზე შესმა“. თუკი საქართველო კვლავ დასავლური ინტეგრაციისკენ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რუსეთს ეკონომიკური ბერკეტებით შეუძლია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას თავად დაზარალებული ქართული ბიზნესი და მოქალაქეები მოახდენენ. ამგვარად, რუსეთისთვის სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით შესაძლოა ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ დაინტერესებული, რომლებიც სულაც არ არიან პრორუსულად განწყობილი.
რუსეთისთვის სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით შესაძლოა ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ დაინტერესებული, რომლებიც სულაც არ არიან პრორუსულად განწყობილი
ამიტომ ვერ ვხედავ, ამ პრობლემების წარმოშობაში სად უნდა ვეძებოთ ე.წ. დიფ სთეთის ხელი. კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთა, მიგრაციული პროცესების მართვა, კონტრდაზვერვითი რეჟიმის უზრუნველყოფა და ქვეყნის სახიფათო ეკონომიკური დამოკიდებულებებისგან დაცვა საქართველოს ხელისუფლების უშუალო ფუნქციაა.
დასავლელი პარტნიორები წლების განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში გვეხმარებოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია კი მათი საქმიანობის საზოგადოებრივ კონტროლს უზრუნველყოფდნენ. ჩვენ დღეს ორივე ამ რესურსს ვასუსტებთ.
– საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის თემა აქტუალური და საკმაოდ განხილვადი თემაა და მას გვერდს ვერ ავუვლით.
განხილვები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღით კი გადაიდო, მაგრამ მას წინ უძღოდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევება, რომელმაც სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია დაადანაშაულა იმაში, რომ მისი კომენტარებით იგი მოსარჩელეებს პრაქტიკულად ეხმარება.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ დარბაზიდან გააძევა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი, რომელიც წინა წლებში თავად იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.
საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს სარჩელს, რომელიც ეფუძნება არა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არამედ თეა წულუკიანის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას. ბევრი თვლის, რომ რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, „სასამართლოს პროფანაციაა“.
თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო სასამართლოში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე პროცესს და იმას, რასაც თვალს ვადევნებთ?
– არ ვარ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქ გაცილებით ფართო პრობლემასთან გვაქვს საქმე.
დემოკრატიულ სახელმწიფოს, ცხადია, უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წყობილების დაცვის მექანიზმები, თუმცა მათი გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა კონსტიტუციური წყობილების დაცვის მოტივით თავად დემოკრატიული წყობილება არ დაზიანდეს.
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა უკიდურესი ზომაა და კონკრეტული პოლიტიკოსის ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა ავტომატურად არ უნდა ნიშნავდეს პოლიტიკური ორგანიზაციისა და მისი ამომრჩევლების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას.
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა უკიდურესი ზომაა და კონკრეტული პოლიტიკოსის ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა ავტომატურად არ უნდა ნიშნავდეს პოლიტიკური ორგანიზაციისა და მისი ამომრჩევლების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას
მით უმეტეს, როდესაც ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი მმართველი პარტიის მიერ დომინირებულ პარლამენტში მომზადებული დასკვნის საფუძველზე განიხილება, სასამართლოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, საზოგადოება პროცესის მიუკერძოებლობაში დაარწმუნოს.
ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით უაღრესად სახიფათოა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკური პროცესიდან გამოთიშვა, ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის შესაძლებლობის მიმართ ნდობის დაკარგვა და საზოგადოებრივი დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება.
ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ აკრძალვის საფრთხის წინაშე ძირითადად ის პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც მმართველ პარტიას დასავლური კურსიდან გადახვევის გამო დაუპირისპირდნენ, მაშინ როდესაც ღიად პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები მსგავსი შეზღუდვების წინაშე არ დგანან.
აკრძალვის საფრთხის წინაშე ძირითადად ის პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც მმართველ პარტიას დასავლური კურსიდან გადახვევის გამო დაუპირისპირდნენ, მაშინ როდესაც ღიად პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები მსგავსი შეზღუდვების წინაშე არ დგანან
თუკი გამოთავისუფლებულ პოლიტიკურ სივრცეს პრორუსული ძალები დაიკავებენ, ეს რუსეთისთვის უაღრესად ხელსაყრელი პოლიტიკური კონფიგურაცია იქნება.
– საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამკვირვებელთა ნაწილი დარწმუნებულია – „სასამართლო გავა გადაწყვეტილების მისაღებად, ოღონდ როდის გამოცხადდება ის, ამას დაარეგულირებენ...“
უფრო ზუსტად, მაშინ, როცა მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს შესაძლებელია. ან „ნაცმოძრაობის“ გაუქმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ „დანარჩენი პარტიების გაუქმებაზე ჯერ არაფერი თქვან“. თქვენც ასე ფიქრობთ?
– შესაბამის ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ის გარემოება, რომ საზოგადოებაში სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსსა და გამოცხადების თარიღს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით პროგნოზირებენ, თავისთავად მეტყველებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხზე.
თუკი საკითხს მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში განვიხილავთ, პროცესის ეტაპობრივად განხორციელებას გარკვეული ლოგიკა შეიძლება ჰქონდეს. ყველა პოლიტიკური ოპონენტის ერთდროულად ჩამოშორებამ შესაძლოა გაცილებით მკვეთრი შიდა და საერთაშორისო რეაქცია გამოიწვიოს. ამასთან, მუდმივი გაურკვევლობა ოპოზიციურ პარტიებს გრძელვადიანი პოლიტიკური საქმიანობის დაგეგმვასაც ურთულებს.
ყველა პოლიტიკური ოპონენტის ერთდროულად ჩამოშორებამ შესაძლოა გაცილებით მკვეთრი შიდა და საერთაშორისო რეაქცია გამოიწვიოს. ამასთან, მუდმივი გაურკვევლობა ოპოზიციურ პარტიებს გრძელვადიანი პოლიტიკური საქმიანობის დაგეგმვასაც ურთულებს
თუმცა, აქ მთავარი ცალკეული პარტიის პოლიტიკური მომავალი კი არა, ის არის, რამდენად ექნება საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის რეალური შესაძლებლობა.
როდესაც ეს შესაძლებლობა იზღუდება, პოლიტიკური უკმაყოფილება არ ქრება – იგი პოლიტიკური სისტემის მიღმა გროვდება, რაც ზრდის როგორც შიდა დესტაბილიზაციის, ისე უცხო სახელმწიფოების მიერ საზოგადოებრივი დაპირისპირების გამოყენების რისკებს.
– ცოტა ხნის წინ მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გალუზინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გაიმართა.
ზოგი თვლის, რომ მინსკში გამართული შეხვედრით რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადაიდგა ნაბიჯი, მეორენი მიიჩნევენ, რომ რუსეთი ეტაპობრივად შეეცდება თავისი მიზნების მიღწევას.
ჟენევის პროცესის რიგით 69-ე რაუნდი მარტშია დაგეგმილი. დიდია იმის ალბათობა, რომ ამ შეხვედრაზე არც რუსები და არც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები არ ჩავიდნენ. ანუ, ჟენევის პროცესი, რომელიც მსოფლიოს ახსენებდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი არსებობს, შეწყდება და, სავარაუდოდ, მომავალშიც აღარ და ვეღარ აღდგება.
და ეს მაშინ, როცა მოსკოვს არსად არ უთქვამს, რომ საქართველოში სამი ქვეყანა – საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არსებობენ, სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოები აღარ იქნება.
თქვენ როგორ შეაფასებდით მინსკის შეხვედრას და ამ ფორმატისგან რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?
– თავისთავად რუსეთთან კომუნიკაციაში პრობლემას ვერ ვხედავ. საკითხავია, რა მიზანი აქვს ამ კომუნიკაციას, რა პოზიციიდან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და რის მიღწევას ვაპირებთ.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დასავლეთისგან იზოლირებული საქართველოს შემთხვევაში რუსეთი შესაძლოა ჟენევის ფორმატის მისთვის ხელსაყრელ პოლიტიკურ სივრცეში გადატანას შეეცადოს. ვფიქრობ, მინსკის შეხვედრაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
დასავლეთისგან იზოლირებული საქართველოს შემთხვევაში რუსეთი შესაძლოა ჟენევის ფორმატის მისთვის ხელსაყრელ პოლიტიკურ სივრცეში გადატანას შეეცადოს. ვფიქრობ, მინსკის შეხვედრაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ
ჟენევის ფორმატის მნიშვნელობა მხოლოდ იქ მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით არ განისაზღვრება. მისი არსებობა საერთაშორისო დღის წესრიგში ინარჩუნებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს, რუსეთის პასუხისმგებლობასა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
რუსეთის ინტერესებში კი ყოველთვის იყო კონფლიქტის ისე წარმოჩენა, თითქოს თბილისს პრობლემები აქვს ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, თავად რუსეთი კი კონფლიქტის მხარე აღარ არის და უსაფრთხოების გარანტორის ფუნქციას ასრულებს.
დასავლელი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკებების რუსეთის მიერ კონტროლირებად სივრცეში გადატანა, ძალთა არსებული ასიმეტრიის გათვალისწინებით, სწორედ ამგვარი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. ამასთან, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაში არსებით ცვლილებას ვერ ვხედავთ.
დასავლელი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკებების რუსეთის მიერ კონტროლირებად სივრცეში გადატანა, ძალთა არსებული ასიმეტრიის გათვალისწინებით, სწორედ ამგვარი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. ამასთან, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაში არსებით ცვლილებას ვერ ვხედავთ
რუსეთს არ გაუუქმებია ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეუწყვეტია მათი საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია. ასეთ პირობებში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უფრო რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკის ლეგიტიმაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ვიდრე კონფლიქტის მოგვარებისკენ.
არ გამოვრიცხავ, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარკვეული პერსპექტივაც კი შეუქმნას, როგორც პოლიტიკური სატყუარა. თუმცა, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალური სახელმწიფოებრივი წარმატება, თუ ამ პროცესის შედეგად გაძლიერდება ქვეყნის სუვერენიტეტი და არა რუსეთის შესაძლებლობა, აკონტროლოს ჩვენი საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა.
ცხადია, ჟენევის პროცესის შეწყვეტაზე, როგორც უკვე დამდგარ ფაქტზე, ჯერ ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, ამ ფორმატის რუსეთისთვის ხელსაყრელი მექანიზმით ჩანაცვლება მძიმე სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა.
ჟენევის პროცესის შეწყვეტაზე, როგორც უკვე დამდგარ ფაქტზე, ჯერ ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, ამ ფორმატის რუსეთისთვის ხელსაყრელი მექანიზმით ჩანაცვლება მძიმე სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა
რუსეთთან მოლაპარაკება საქართველოს აუცილებლად მოუწევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ მოლაპარაკებას შევხვდეთ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერით, გამართული სახელმწიფო ინსტიტუტებით, გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობითა და მაქსიმალურად შემცირებული ეკონომიკური დამოკიდებულებით. დღეს კი საპირისპირო მიმართულებით მივდივართ.
- მინსკის შეხვედრაზე ჯერ იყო ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან გავიგეთ რომ გალუზინ-ზურაბაშვილის შეხვერდის შემდეგი შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში შეიძლება გაგრძელდეს.
ამას დაემატა ლავროვის განცხადება რომ მოსკოვი დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთოებების გაუმჯობესები.
ამ თემაზე გაკეთებული განცხადებებიდან ყველაზე დამაფიქრებელი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებები. კერძოდ, ის რომ იგი იყო „გაოგნებული და გაოცებული“ და ასე შემდეგ...
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, შემდგომ გალუზინის, ლავროვისა და ზურაბაშვილის განცხადებებმა?
- სამწუხაროა, რომ საქართველოში, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია რუსეთის პოლიტიკური დომინირებისგან თავის დაღწევას ცდილობს, რუსეთის პოლიტიკის სისტემური კვლევის ინსტიტუციური შესაძლებლობები პრაქტიკულად არ გაგვაჩნია, არსებული კვლევები კი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას სათანადოდ არ გამოიყენება.
ინსტიტუციური მეხსიერების და გულწრფელობის ამგვარი დეფიციტის შედეგია ისიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დღეს ხელახლა უწევს იმის გარკვევა, რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი და გაკვირვებას გამოხატავს მის მიერ უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენების გამო. წესით, რუსეთის პოლიტიკური ქცევის კანონზომიერებების ხელახლა აღმოჩენა აღარ უნდა გვჭირდებოდეს.
სამწუხაროა, რომ საქართველოში, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია რუსეთის პოლიტიკური დომინირებისგან თავის დაღწევას ცდილობს, რუსეთის პოლიტიკის სისტემური კვლევის ინსტიტუციური შესაძლებლობები პრაქტიკულად არ გაგვაჩნია, არსებული კვლევები კი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას სათანადოდ არ გამოიყენება
დღეს რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მთავრობების წახალისება და ისეთი საზოგადოებრივი ჯგუფების ფორმირებაა, რომლებიც ეკონომიკური ინტერესებიდან ან უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე საკუთარ ხელისუფლებებს რუსეთის სასარგებლოდ დათმობებზე წასვლას მოსთხოვენ.
რუსეთის პოლიტიკის სტრატეგიული მიზანია დასავლეთის იძულება, დათანხმდეს გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებას, რისი მნიშვნელოვანი ეტაპიც უკრაინაში ომის რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობებით დასრულება იქნება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი რუსეთის ინტერესებშია თავად დემოკრატიული მმართველობის, როგორც ავტორიტარული რეჟიმებისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკური სისტემის, შესუსტება.
უნგრეთში და, ნაწილობრივ, სერბეთში განცდილმა პოლიტიკურმა უკუსვლამ, ვფიქრობ, რუსეთი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მხოლოდ ლოიალურ მთავრობებზე დაყრდნობით მიღწეული შედეგი არ არის მდგრადი.
სწორედ ამიტომ ცდილობს მოსკოვი ამ შედეგების გამყარებას საზოგადოებაში ისეთი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ფორმირებით, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც კი რუსეთისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
ევროპასა და შეერთებულ შტატებში ამგვარი პოლიტიკური ზეწოლის გენერირებას რუსეთი კიბეროპერაციებით, საბოტაჟით, დივერსიული საქმიანობითა და ცრუ ტერორისტული შეტყობინებებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალისა და დაუცველობის განცდის გაძლიერებით ცდილობს.
გათვლა იმაზეა, რომ ფინანსური ზარალითა და უსაფრთხოების მზარდი რისკებით შეწუხებულმა ბიზნესმა და საზოგადოების ცალკეულმა ჯგუფებმა თავად მოსთხოვონ საკუთარ მთავრობებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. საქართველოში კი, სადაც რუსეთს გაცილებით ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო აქვს, ამგვარი გზავნილის გასავრცელებლად სამთავრობო საკომუნიკაციო არხიც საკმარისი აღმოჩნდა.
საქართველოში კი, სადაც რუსეთს გაცილებით ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო აქვს, ამგვარი გზავნილის გასავრცელებლად სამთავრობო საკომუნიკაციო არხიც საკმარისი აღმოჩნდა
სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ გალუზინის პოზიცია, რომლის ადრესატი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთლიანად ქართული ბიზნესი იყო. რასაკვირველია, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები უკრაინაში ომს აფინანსებენ ან ანტირუსული ნარატივების გავრცელებით არიან დაკავებული. რუსეთს ამ ბრალდებების დასაბუთება არც სჭირდება, რადგან ისინი პოლიტიკური და ეკონომიკური იძულების საბაბია.
გზავნილი გაცილებით ფართოა: თუ უკრაინის მიმართ თუნდაც მორალურ მხარდაჭერას გამოხატავ ან შენი პოზიცია მოსკოვისთვის მიუღებელი აღმოჩნდება, შესაძლოა რუსეთის ბაზარზე წვდომა დაკარგო.
გალუზინის პოზიცია, რომლის ადრესატი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთლიანად ქართული ბიზნესი იყო. რასაკვირველია, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები უკრაინაში ომს აფინანსებენ ან ანტირუსული ნარატივების გავრცელებით არიან დაკავებული. რუსეთს ამ ბრალდებების დასაბუთება არც სჭირდება, რადგან ისინი პოლიტიკური და ეკონომიკური იძულების საბაბია
ამასთან, ეკონომიკური ზეწოლის სამიზნე მხოლოდ ეს კომპანიები არ არიან. მითუმეტეს, რომ რუსულ ბაზარზე ისეთი კომპანიოებიც ოპერირებენ, ვისაც გაცილებით მეტი გავლენა აქვს მთავრობაზე და შემოსავლების დიდ ნაწილსაც სწორედ რუსულ ბაზარზე მიღებული მოგება შეადგენს – კომპანიების უკან ათასობით მევენახე, დასაქმებული ადამიანი, მომწოდებელი და კონტრაქტორი დგას.
სწორედ ამ ადამიანებში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ მათი ეკონომიკური კეთილდღეობა საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. შედეგად, რუსეთისთვის სასურველი პოლიტიკური კურსის შენარჩუნებით შესაძლოა ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ დაინტერესებული, რომლებიც სულაც არ არიან პრორუსულად განწყობილი. ისინი თავად შეეცდებიან ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას, რათა რუსეთთან პოლიტიკური უთანხმოება არ წარმოიქმნას.
რუსეთისთვის სასურველი პოლიტიკური კურსის შენარჩუნებით შესაძლოა ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ დაინტერესებული, რომლებიც სულაც არ არიან პრორუსულად განწყობილი. ისინი თავად შეეცდებიან ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას, რათა რუსეთთან პოლიტიკური უთანხმოება არ წარმოიქმნას
სწორედ ამიტომ იყო რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ეკონომიკური დივერსიფიკაციის ნაცვლად რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა და ამ დამოკიდებულების სახელმწიფო პოლიტიკის წარმატებად წარმოჩენა სტრატეგიული შეცდომა – რასაკვირველია, თუკი ეს დამოკიდებულება მიზანმიმართულად არ იქმნებოდა.
– „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი გადარჩენის გზა დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია, სამხედრო აღმშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიის გარშემო კონსოლიდაციაა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებებზე სახელმწიფო სწორი გზით არ მიდის“.
საქართველოს ევროკავშირთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები კი აქვს, მაგრამ გაიმართა რამდენიმე ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მონაწილეობდა.
„შუა დერეფანთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებში ჯერ კი გვიწვევენ, მაგრამ, თუ უკრაინის გამო ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გართულდა, საქართველოს გაუჭირდება ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც.
ისევ „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში ნათქვამი უნდა გავიხსენო – „დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს“.
რუსეთთან მიმართებაში ისეთ თანმიმდევრულად გადადგმულ ნაბიჯებს ვადევნებთ თვალს, მათ „უნებლიეთ გადადგმულს“ ვერანაირად ვეღარ უწოდებთ...
– ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესი და რუსეთის სტრატეგიული მიზანი. შესაძლოა, ეს ორი ინტერესი იდენტური არ იყოს, მაგრამ რიგ საკითხებში აშკარად თანხვედრაშია.
მმართველი პარტიის მთავარი ამოცანა, ჩემი შეფასებით, ძალაუფლების ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება და იმ პოლიტიკური თუ სამართლებრივი მექანიზმების ნეიტრალიზაციაა, რომლებიც ამ ძალაუფლებას ზღუდავს. სწორედ ამ მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას მოითხოვს ჩვენგან ევროკავშირი. რუსეთის მიზანი კი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შეფერხება, სტრატეგიული პარტნიორებისგან იზოლირება და საკუთარ გავლენის სფეროში დაბრუნებაა.
ამ კონტექსტში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობის ეფექტიანობა ყოველთვის იმით არ განისაზღვრება, რამდენად უშუალოდ აკონტროლებს უცხო სახელმწიფო სამიზნე ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
პარადოქსულია, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებას ხელისუფლება სწორედ ომის თავიდან აცილების აუცილებლობით ხსნის. სინამდვილეში კი თანდათანობით უარს ვამბობთ იმ რესურსებზე – თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთაშორისო მხარდაჭერაზე – რომლებიც რუსეთის მხრიდან სამხედრო თუ სხვა სახის იძულების ალბათობას უნდა ამცირებდეს
არც ის არის აუცილებელი, ყველა ის ადამიანი, რომლის საქმიანობაც რუსეთის ინტერესებშია, რუსული სპეციალური სამსახურების მიერ იყოს გადაბირებული. გაცილებით ეფექტიანია ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც გავლენიანი ჯგუფები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ რუსეთისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს.
რუსეთს საქართველოს დასამორჩილებლად სულაც არ სჭირდება სამხედრო ოპერაციის ჩატარება, თუკი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავად იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც კრემლი სამხედრო თუ სხვა სახის იძულებით შეეცდებოდა.
პარადოქსულია, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებას ხელისუფლება სწორედ ომის თავიდან აცილების აუცილებლობით ხსნის. სინამდვილეში კი თანდათანობით უარს ვამბობთ იმ რესურსებზე – თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთაშორისო მხარდაჭერაზე – რომლებიც რუსეთის მხრიდან სამხედრო თუ სხვა სახის იძულების ალბათობას უნდა ამცირებდეს.
კვლავაც იმავე აზრზე ვარ: საქართველოს გადარჩენის გზა დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია, სამხედრო აღმშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიის გარშემო კონსოლიდაციაა. ამ სამიდან რომელიმე მიმართულების უგულებელყოფა დანარჩენი ორის ეფექტიანობასაც ამცირებს. დღეს კი სამივე მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს
დასავლეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებას, ცხადია, ეკონომიკური შედეგებიც მოჰყვება. რაც შეეხება შუა დერეფანს, გეოგრაფიული მდებარეობა გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ სატრანზიტო ფუნქციის სრულფასოვნად რეალიზებისთვის ქვეყანას პოლიტიკური სანდოობა, გამართული ინსტიტუტები და სტრატეგიულ პარტნიორებთან მყარი ურთიერთობა სჭირდება.
ამ პროექტების სტრატეგიული დანიშნულება სწორედ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაა. თუკი თავად საქართველო სულ უფრო მეტად გახდება დამოკიდებული რუსეთზე, ბუნებრივად გაჩნდება კითხვები, რამდენად საიმედოა საქართველოს გავლით განვითარებული ინფრასტრუქტურა და რამდენად დაცულია იგი რუსეთის პოლიტიკური ზეწოლისა თუ დივერსიული საქმიანობისგან.
მით უმეტეს, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა ყალიბდება, იქმნება ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტები და ინვესტიციები მიემართება იქ, სადაც გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები შედარებით დაბალია.
ამიტომ ეკონომიკურ ფორუმებში მონაწილეობა არ უნდა გვიქმნიდეს ილუზიას, რომ დასავლეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესება ქვეყნის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე არ აისახება. უბრალოდ, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები გარკვეული ინერციით ვითარდება და ეს შედეგები შესაძლოა დაუყოვნებლივ არ გამოჩნდეს.
კვლავაც იმავე აზრზე ვარ: საქართველოს გადარჩენის გზა დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია, სამხედრო აღმშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიის გარშემო კონსოლიდაციაა. ამ სამიდან რომელიმე მიმართულების უგულებელყოფა დანარჩენი ორის ეფექტიანობასაც ამცირებს. დღეს კი სამივე მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს.
პროტესტის ხანგრძლივობით გამოწვეული გადაღლა, ოპოზიციის დაქსაქსულობა, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და პოლიტიკური პროცესის მიმართ ნიჰილიზმი მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის
– 28 ნოემბერს, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ განცხადების ორი წლის თავზე, ოპოზიციის აქციაა დანიშნული.
საპროტესტო აქციების მიმართ ხელისუფლების ტაქტიკა – დაღალოს პროტესტანტები, დაქსაქსული ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად დაიქსაქსოს – აშკარად ამართლებს. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ რაც მეტი დრო გადის, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება.
ოპოზიციურმა სპექტრმა ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე ვერ დაარწმუნა ამომრჩევლები, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არიან.
ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ოპოზიციურ სპექტრსა და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში?
– ხელისუფლების ტაქტიკა გასაგებია: მან უნდა მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, როდესაც საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება მისთვის რეალურ პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოშობს. ამისთვის აუცილებელი სულაც არ არის ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის კეთილგანწყობის ზრდა. საკმარისია, უკმაყოფილო მოქალაქეს პოლიტიკური ცვლილების შესაძლებლობის რწმენა დაეკარგოს.
პროტესტის ხანგრძლივობით გამოწვეული გადაღლა, ოპოზიციის დაქსაქსულობა, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და პოლიტიკური პროცესის მიმართ ნიჰილიზმი მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
მეორე მხრივ, ვფიქრობ, არც ოპოზიციურ სპექტრში ჩანს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების მასშტაბისა და მომენტის მნიშვნელობის ადეკვატური აღქმა. არ არის აუცილებელი, ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს ან ყველა საკითხზე ერთნაირი პოზიცია ჰქონდეს.
რაც შეეხება საზოგადოებას, პროტესტის ინტენსივობის შემცირება სულაც არ ნიშნავს არსებული პოლიტიკის მიმართ თანხმობის ზრდას. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დასავლური არჩევანი გაცილებით მყარია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ მისი კეთილგანწყობა
თუმცა, სახელმწიფოს წინაშე არსებული ეგზისტენციური საფრთხეები გარკვეულ საკითხებზე მრავალპარტიულ კონსენსუსს მოითხოვს. საქართველოსთვის ასეთი საკითხებია დასავლური ინტეგრაცია, დეოკუპაცია, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და დემოკრატიული მმართველობა.
ამასთან, საზოგადოებას მხოლოდ იმის ახსნა არ ჰყოფნის, რატომ არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა სახიფათო. მას აინტერესებს, როგორ შეიძლება ამ საფრთხეების შემცირება. საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელიც დასავლური კურსის მომხრეა, აქვს ომის, ეკონომიკური გაუარესებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის შიში. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით შეუძლებელია.
რაც შეეხება საზოგადოებას, პროტესტის ინტენსივობის შემცირება სულაც არ ნიშნავს არსებული პოლიტიკის მიმართ თანხმობის ზრდას. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დასავლური არჩევანი გაცილებით მყარია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ მისი კეთილგანწყობა.
არ ვფიქრობ, რომ საქართველოში დასავლური არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოებრივი რესურსი ამოწურულია. თუმცა, მისი პოლიტიკური რეალიზება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებენ პოლიტიკური ძალები ერთმანეთის მიმართ უნდობლობის დაძლევას, საზოგადოებისთვის სანდო ალტერნატივის შეთავაზებასა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესების მოკლევადიან პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებას
თუმცა, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით სახიფათოა, თუკი მოქალაქეებს არა მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის, არამედ საერთოდ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის მიმართ დაეკარგებათ ნდობა.
რუსეთისთვის აუცილებელი არ არის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პრორუსულად განეწყოს.
მისთვის საკმარისიც შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურად პასიური გახდება, დაკარგავს დასავლური ინტეგრაციის შესაძლებლობის რწმენას და შეეგუება იმ რეალობას, რომლის შეცვლაც შეუძლებლად მიაჩნია.
არ ვფიქრობ, რომ საქართველოში დასავლური არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოებრივი რესურსი ამოწურულია. თუმცა, მისი პოლიტიკური რეალიზება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებენ პოლიტიკური ძალები ერთმანეთის მიმართ უნდობლობის დაძლევას, საზოგადოებისთვის სანდო ალტერნატივის შეთავაზებასა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესების მოკლევადიან პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























