ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026

ოპოზიციის ალიანსი რამდენიმე თვით პაუზას იღებს - შემდეგი აქციის სავარაუდო თარიღი და გეგმის სხვა დეტალები

როგორ აისახება თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მორიგი სავაჭრო-ეკონომიკური ომისთვის ემზადება

* * *

ოპოზიციის ალიანსი რამდენიმე თვით პაუზას იღებს - შემდეგი აქციის სავარაუდო თარიღი და გეგმის სხვა დეტალები

“ოპოზიციური ალიანსი “ეროვნული მობილიზაციის” მეორე ფაზას იწყებს, რომლის ძირითადი გზავნილი იქნება “საქართველო იმსახურებს უკეთესს”. ასევე დაანონსებულია შემდეგი აქცია, რომლის ზუსტი თარიღიც ჯერჯერობით უცნობია. როგორც თავად აღნიშნეს, 26 მაისის აქცია და მანამდე კარდაკარის კამპანია ძირითადად თბილისზე იყო ორიენტირებული, ახლა კი რეგიონებში გაიშლებიან. დაანონსებული აქცია, დიდი ალბათობით, შემოდგომით გაიმართება,ზაფხულს კი ოპიზიცია გამოიყენებს რეგიონებში კამპანიისთვის და პროგრამის შემუშავებისთვის. მათი შეფასებით, ამ პერიოდში ალიანსის თითოეული წევრი “მქადაგებლად უნდა იქცეს” მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც “სტრატეგია აღმასენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 26 მაისის აქციაზე თქვა, იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა. ამასთან, მან პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს “ფეისბუქზე” სამი სიტყვის დაწერისკენ მოუწოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოპოზიციის ალიანსი რამდენიმე თვით პაუზას იღებს - შემდეგი აქციის სავარაუდო თარიღი და გეგმის სხვა დეტალები.

“მეორე ფაზა ნიშნავს, რომ შემდეგ დიდ შეკრებაზე უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო მეტი ქართველი უნდა დადგეს ერთად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვება ვიზეიმოთ... დავწეროთ სამი სიტყვა, რომელიც იქნება მეორე ეტაპის სამობილიზაციო კამპანიის ძირითადი გზავნილი ჩვენგან. ეს გზავნილი არის - “საქართველო იმსახურებს უკეთესს”, - თქვა ვაშაძემ. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ კი ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა, ჩაწერონ მოკლე ვიდეოები, სადაც ისაუბრებენ, თუ რა უნდათ ოპოზიციისგან და როგორ ხედავენ შემდეგ დღეებს, კვირებსა და თვეებს. “ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით - “საქართველო იმსახურებს უკეთესს”. ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი... მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, უკლებლივ ყველას, ვინც პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს, - განაცხადა გვარამიამ, რომლის თქმით, “სურს მიესალმოზ მიტინგის უხილავ დამსწრე ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც უკვე ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მინდა მოგესალმოთ თქვენ, ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს და მინდა გთხოვოთ, არ დაგეზაროთ, ერთი წუთი დაუთმოთ თქვენს “ფეისბუქ ლაივს” და ერთი წუთის განმავლობაში ილაპარაკოთ, რა გინდათ ოპოზიციისგან, როგორ ხედავთ შემდეგ დღეებს, კვირებს, თვეებს, ყველა ეს “ლაივი” იქნება ნანახი და გათვალისწინებული... ჩვენ გეუბნებით, რომ შემდეგი რამდენიმე თვე იქნება კამპანია, რომელიც დასრულდება ახალი არჩევნებით და ოპოზიციის გამარჯვებით დემოკრატიულ არჩევნებში და ბიძინას წასვლით ამ ქვეყნიდან”, - თქვა გვარამიამ აქციაზე. “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ “რეჟიმის ჩამოშლას სჭირდება ალიანსის თითოეული წევრის მქადაგებლად გადაქცევა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ, ყველას, და იმ ადამიანებს, ვინც აქ ვართ, გვესმის, რომ ამას სჭირდება არა უბრალოდ დიდი აქცია, ერთი, ორი ან სამი, არა უბრალო უმრავლესობა, არამედ ყველა ჩვენგანის მქადაგებლებად გადაქცევა, რომ უდიდესი უმრავლესობით, უდიდესი ინტენსივობის მშვიდობიანი პროტესტი იყოს მთელ ქვეყანაში. ეს არის ამ გაგრძელების მთავარი ამოცანა. რეჟიმის დამარცხებას სჭირდება ამ დიდი უმრავლესობის კიდევ უფრო ზრდა და კიდევ უფრო ყოვლისმომცველობის ეფექტის მოტანა. ეს არის ოპოზიციის ალიანსის ამოცანა და ამას ვიწყებთ ზაფხულში თბილისის ყველა ოლქში, რაიონში, მთელ ქვეყანაში, ყველა ის პოლიტიკური ერთეული, ვინც ამ ალიანსის წევრები ვართ”, - განაცხადა ბოკერიამ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ახალი კამპანიის მთავარი მიმართულება იქნება რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები და იმ პროგრამის შემუშავება, რაც მოსახლეობას აწუხებს. დიდი აქცია კი შემოდგომით გაიმართება”, - დასძენს გამოცემა.

“მთავარი კამპანია იქნება მოსახლეობასთან შეხვედრები, მათ შორის რეგიონებში აქტიურად გასვლა. დიდ აქციას რაც შეეხება, არის გარკვეული ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე გაიმართება, ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში, ვნახოთ რომელ თარიღს დაამთხვევენ... მანამდე უნდა მომზადდეს ყველაფერი, მოსახლეობასთან უნდა ჩატარდეს საინფორმაციო ხასიათის ახსნა-განმარტებითი შეხვედრები და მერე უკვე შესაძლებელი იქნება გამართონ უკვე დიდი აქცია. მანამდე უნდა შეძლონ უფრო მეტი ხალხის მობილიზება, ხალხთან მუშაობა, მათ შორის იმაზე, თუ რას სთავაზობს ოპოზიცია მოსახლეობას. მანამდე პერმანენტული აქციები და მარშები გაგრძელდება. მარშებს ოპიზიცია ყოველთვის ორგანიზებას არ უწევს. 20 ივნისს აქცია ოპოზიციის ინიციატივით არ გაიმართება, ალბათ გარკვეული სამოქალაქო ჯგუფები გაუკეთებენ ორგანიზებას შეხვედრას. ახლა 26 მაისის აქცია შესაძლებელია გარკვეულწილად თბილისის ტესტიც იყო, მაგრამ მერე იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ახლა რეგიონებში აქტიურად იმიტომ არ გავიდა ოპოზიცია, რომ ცოტა დრო იყო. ჯერ გასვლა თბილისში დაიწყეს. რეგიონებში უფრო მეტი დრო ექნებათ, რომ ზაფხულის განმავლობაში გავიდნენ. შესაძლოა ფინანსური ბარიერებიც იყო, მეორეს მხრივ, ადმინისტრაციული რესურსები აქვს ხელისუფლებას და რეგიონებში ვიღაც აქტივისტ-ტიტუშკებს უპირისპირებს ოპოზიციას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ახლა შეხვედრები მაინც გაიმართება. ახლაც იქნებიან ის ტიტუშკები, მაგრამ... ყოველ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კი, “ოცნება” ცუდი კია, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ რა შეიცვლება?! ზოგისთვის პრიორიტეტები უფრო სოციალური საკითხების მოგვარება და არა ევროპული ღირებულებები და ადამიანის უფლებები. მგონია, რომ ოპიზიციაში მუშაობა მიდის პროგრამაზე - სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემების მოგვარებაზე”, - ამბობს ჩიტაძე.

როგორ აისახება თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

“ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაუმჯობესება შეინიშნება. ეს ორივე მხარისგან მოდის. მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ უკრაინა საკუთარ პოლიტიკას გადაიზრებს და ვითარება უკეთესობისგან შეიცვლება. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ განცხადებების გარდა, მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც ელჩების საკითხის მოგვარება. ვარაუდობს, რომ ამ პროცესში დასავლეთი მონაწილეობს, რაც თავისთავად მათთან ურთიერთობებზეც მოახდენს გავლენას. “მე ასე მგონია, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯები დასავლეთის თანამონაწილეობის გარეშე არ მოხდებოდა. ის თავიდანვე არ იყო ურთიერთობების დაძაბვის მომხრე”, - განაცხადა ანჯაფარიძემ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით და მადლობას უხდის”, - წერს გაზეთი “რეზონენსი” სტატიაში სათაურით “მადლობა” უკრაინისგან - როგორ აისახება თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

“შეხვედრაზე განხილული იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური სარაკეტო დარტყმები და დრონებით განხორციელებული თავდასხმები, ასევე მოსკოვის უახლესი მუქარები. ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსული ტერორი... უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით... მე ვაფასებ ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ამ შეხვედრის მოწვევაზე. პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად”, - წერს ანდრეი სიბიგა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუ რა გზავნილია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ქართველი კოლეგისთვის საჯარო მადლობის გადახდა და როგორ ხედავს ამ ფონზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ამას მადლობისთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნქციონირებდეს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვისაც. როგორც აქამდე ასობით რეზოლუციას და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტს მხარი დაუჭირა და ინიციატორი იყო საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას და ყოველთვის ასე ვიქცეოდით, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან. ის სიგნალები, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ხდება საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით მათი პოლიტიკის გადააზრება განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის თქმით “დაველოდოთ, მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რომელიც აქამდე ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საქართველოს, მისი ხელისუფლების მიმართ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამასთან, “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა: “მათი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები თუ გადაიდგმება, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. ვფიქრობ, დაინახეს, რომ მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას ამერიკისგან ჰქონდა, აღარ აქვს, ევროპა კრიზისშია და მომავალი, მოლოდინი ნათელი არ არის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ასეთი სახის ნაბიჯები, შეიძლება, აქედან გამომდინარეობდეს”. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა. “ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს მრავალწლიანი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების ფასეულობების საერთო გაგება აკავშირებს. საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის იმედი გვაქვს და უკრაინა ამ მიმართულებით წინსვლისთვის მზად არის”, - დაწერა ზელენსკიმ “იქსზე”. ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ უკრაინასთან ურთიერთობებში პოზიტიური ნიშნები მართლაც შეინიშნება, მაგრამ ამას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, მაგალითად ელჩების დაბრუნება”, - დასძენს გამოცემა.

“დადებითი განცხადებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ადრე ძირითადად უფრო ნეგატიური შინაარსის განცხადებები კეთდებოდა. თავისთავად ეს კარგია, მაგრამ ამას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. ამის მერე შეიძლება ვიმსჯელოთ, შეიცვლება თუ არა ურთიერთობები უკეთესობისკენ. ვფიქრობ, უკრაინაში გააცნობიერეს და შესაძლოა დასავლეთშიც ურჩიეს, რომ საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობები არ შედიოდა მათ ინტერესებში. გარდა ამისა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ აქ 26 ათასი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. ასევე, არსებობს რეგიონული უსაფრთხოების მოსაზრებები. როგორც ჩანს, ყველა ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ირჩია კონფროტაციიდან დიალოგზე გადასვლა. თუმცა ეს მხოლოდ განცხადებებია. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ მოეწონებოდა, როცა საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავასაბუთეთ, თუ რატომ შევიკავეთ თავი. ასე რომ, მე ჯერჯერობით ფრთხილ ოპტიმიზს ვინარჩუნებ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე,

“ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს. ჯერ არ გვინახავს მაგალითად ის, რომ უკრაინის ელჩი თბილისში ჩამოსულიყო, ან პირიქით - ჩვენი კიევში დაბრუნებულიყო... გარდა ამისა, ალბათ საჭირო იქნება გარკვეული შეთანხმება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მხარეები, რომ ერთმანეთის ინტერესები არ დააზიანონ და ამის თაობაზე კიევსა და თბილისს შორის გარკვეული ურთიერთგაგება წარმოიქმნას, არ იყოს ურთიერთბრალდებები, როგორც აქამდე. ასეთი პატარ-პატარა ნაბიჯებისგან ურთიერთობების აღდგენის პროცესი დგება. თუ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაუმჯობესდება, ამას გავლენა ექნება დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობაზეც, რადგან ევროპა საქართველოსა და უკრაინას თავიდანვე მოუწოდებდა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდების ტონით საუბარი შეეწყვიტათ და დიალოგის გზა მოეძებნათ. ეს ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაიწყო, როცა ურთიერთობები თავიდან დაიძაბა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მე ასე მგონია, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯები დასავლეთის თანამონაწილეობის გარეშე არ მოხდებოდა. საქართველო-დასავლეთის ურთიერთობები ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რადგან აქ ორი არჩევანია - დასავლეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ურთიერთობები უნდა საქართველოსთან. სურს ინტერესებზე დაყრდნობილი, დაახლოებით ისეთივე, როგორიც აზერბაიჯანთან აქვს, როცა დემოკრატიის საკითხებს ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს? ჩემი აზრით, სწორედ ამაზე მიდის მსჯელობა, რა ტიპის ურთიერთობები აირჩიონ - ანუ, უფრო ინტერესებზე დაფუძნებული, თუ ღირებულებებზე, როგორციცაა დემოკრატიული ნორმები, ადამიანის უფლებები, არჩევნები და ა.შ. ეს დელეგაციები ერთი მეორის მოყოლებით იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხების გარკვევას ცდილობენ”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მორიგი სავაჭრო-ეკონომიკური ომისთვის ემზადება

“თუ სომხეთი ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარს არ იტყვის, რუსეთი გაზის, ნავთობპროდუქტების და დაუმუშავებელი ალმასების შეღავათიან მიწოდებას შეუწყვეტს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების, ბოსტნეულისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი შეზღუდა, ეს ულტიმატუმი აშკარა შანტაჟია, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში. ვიდრე ფაშინიანი გადაწყვეტილებას მიიღებს, პუტინის მუქარა საქართველოზეც აისახება - სპეციალისტების განცხადებით, ამ ეკონომიკურ წნეხში ჩვენც მოვყვებით, რადგან რუსეთიდან სომხეთში გაზის გატარების, ანუ ტრანზიტის გადასახადს ვეღარ მივიღებთ. რუსეთის ფედერაციის საელჩომ სომხეთში, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურად გადასცა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის წერილი. მასში ნათქვამია, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი ცალმხრივად შეაჩერებს ან დენონსაციას გაუკეთებს 2013 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მორიგი სავაჭრო-ეკონომიკური ომისთვის ემზადება / რას დაკარგავს საქართველო რუსეთ-სომხეთის ეკონომიკური დაპირისპირებით?

“ინტერფაქსი” წერს, რომ 2013 წლის შეთანხმებით, რუსეთმა სომხეთისთვის ნავთობპროდუქტების, გაზისა და ალმასების მიწოდებაზე საექსპორტო ბაჟი უვადოდ გააუქმა, რაც ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გზაზე მორიგი ნაბიჯი იყო, რომელშიც დღეს რუსეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ყაზახეთიც შედიან. შეთანხმების თანახმად, მოსკოვი ერევანს ნავთობპროდუქტებსა და გაზს შიდა მოხმარების იმ მოცულობით აწვდის, რომელიც ინდიკატური ბალანსებით არის დამტკიცებული, ამასთან, მესამე ქვეყნებში რეექსპორტი აკრძალულია. აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა პუტინმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთს გაზს 1000 კუბურ მეტრზე 177.5 აშშ დოლარად აწვდის მაშინ, როდესაც ევროპაში მისი ფასი ამჟამად 1000 კუბურ მეტრზე, დაახლოებით, 600 აშშ დოლარია. ბუნებრივი აირი, რომელსაც სომხეთი რუსეთისგან იღებს, საქართველოს ტერიტორიას გაივლის და ცხადია, ჩვენს ქვეყანას გატარების, ანუ ტრანზიტის საფასური რჩება. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი რუსულ გაზს ვეღარ მიიღებს, ბუნებრივია, საქართველოსაც დააკლდება ტრანზიტის საფასური. თუმცა, ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, რასაკვირველია, ყველაზე მეტად სომხეთი დაზარალდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მართალია, რუსული გაზი საქართველოს გავლით მიეწოდება სომხეთს და გატარების საფასური მოგვაკლდება, მაგრამ ეს გადამწყვეტი მოცულობა არ არის. სომხეთისთვის კი უმძიმესი დარტყმა იქნება და ასეთი რადიკალური ნაბიჯი არ მახსენდება რუსეთიდან სომხეთის მისამართით. იყო გარკვეული უთანხმოებები მათ შორის, მაგრამ გვარდებოდა ხოლმე, ეს გადაწყვეტილება კი რადიკალური ნაბიჯია. როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკურმა კლასმა ფაშინიანთან ურთიერთობას განაჩენი გამოუტანა, თუმცა ეს მაინც წინასაარჩევნო კონტექსტში გაკეთებული განცხადება მგონია, რადგან რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში გავლენის ასეთი მკვეთრი დაკარგვა საკმაოდ რთული იქნება... რუსეთი სომხეთის ევროინტეგრაციაზე ასეთ განცხადებას იმიტომ აკეთებს, რომ კრემლისა და ევროკავშირის ურთიერთობები ისედაც ჩიხშია შესული ამიტომაც არის ასე მკვეთრად განწყობილი. აქ არის რამდენიმე მომენტი: პირველი - რამდენად მნიშნელოვანია რუსეთისთვის არა მარტო სომხეთი, არამედ სამხრეთ კავკასია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ კაპანაძე.

“რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში მისი ინტერესების არსებობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი მისი სამხრეთი ფლანგი ჩამოიშლება. მეორე - რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის რუსეთი? შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთი შეუცვლელი ეკონომიკური პარტნიორია სომხეთისთვის. მესამე - რა არის სომხეთისთვის ევროკავშირი? სომხეთისთვის ევროკავშირი არის ის, რაც არის ჩვენთვის, ანუ ბევრი დაპირება და არაფერი ხელშესახები. სხვათა შორის, ასოცირების ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული, ცალკეული ამხანაგებისგან განსხვავებით და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მათ სუფრაზე საქართველო, სომხეთიც და ნებისმიერი სხვა ქვეყანა “დაპატიჟებულები” ვართ, როგორც კერძი... არ ვიცი, რას ფიქრობს სომეხი ხალხი ამაზე, თუმცა გადაწყვეტილებას მიიღებენ თვითონ, ამ არჩევნებზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის ეს განცხადება უფრო საარჩევნო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ხოლო მისი რეალიზაცია სრულიად დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე”, - დაასკვნის ნოდარ კაპანაძე.

“რუსეთის ამ ულტიმატუმის შედეგად, საქართველოს რომ ტრანზიტის საფასური დააკლდება, ამ პოზიციას იზიარებს ენერგეტიკოსი გია არაბიძეც, რომელმაც თქვა, რომ სომხეთი რუსეთიდან 3 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს და სწორედ ამ მოცულობის გატარების საფასურს უხდიან საქართველოს. “ახლა 2013-2014 წლები რომ იყოს, მაშინ ამ 3 მილიარდის 10%-იც დაგვრჩებოდა გაზის სახით. ახლა გვრჩება მხოლოდ გატარების საფასური. აღარ მახსოვს 1000 კუბური მეტრი გაზი 1 კილომეტრზე რა ღირს, მაგრამ ათიოდე წლის წინ, იმ თანხით, რომელსაც ვიღებდით გატარებაში, ნახევარი რაოდენობის გაზსაც ვერ ვყიდულობდით, რაც ნატურალურად, 10%-ის სახით გვრჩებოდა. ალბათ, დღესაც ასე იქნება”- ამბობს არაბიძე, რომლის აზრით “ჩვენი ზარალი იქნება ტრანზიტის, ანუ გაზის გატარების საფასური, რომელიც უნდა გადაგვიხადონ 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებისთვის”, - დასძენს გამოცემა.

“გარდა ამისა, იქნება არაპირდაპირი, საექსპლუატაციო ხარჯებთან დაკავშირებული ზარალიც. ჩრდილოეთ კავკასიის გაზსადენის საშუალებით, ყოველწლიურად, საქართველო 600-700 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებს. ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის გაზსადენით შესაძლებელია 12 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება წელიწადში. რეალურად კი, ექსპერტები ამბობენ, რომ 8-10 მილიარდი კუბური მეტრის გატარება შეუძლია. ახლა წარმოიდგინეთ, გაზსადენს, რომელსაც 8-10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარების უნარი აქვს თუ სომხეთი ჩაეხსნება, დარჩება მხოლოდ საქართველო, რომელიც ამ გაზსადენით მხოლოდ 600-700 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებს. საინჟინრო თვალსაზრისით, ეს არ იქნება კარგი და მისაღები. შესაბამისად, ამაზე, ალბათ, რუსეთიც იფიქრებს და სომხეთიც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია არაბიძე.

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია