ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026

სანდრო თვალჭრელიძე - “პირდაპირ მგლის ხახაში მივდივართ საკუთარი ფეხით”

3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში “ოცნებას” მხოლოდ “ლელო” დაუპირისპირდება

მირიან მირიანაშვილი - “თუ ეს ორი კონფლიქტი საბოლოოდ გადაიკვეთა, შესაძლოა მივიღოთ მსოფლიო ომი”

ვახტანგ ძაბირაძე - "რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?!

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “პირდაპირ მგლის ხახაში მივდივართ საკუთარი ფეხით”

“მეორე გეორგიევსკის ტრაქტატს გამოვრიცხავ, მაგრამ რაღაც კონტაქტებსა და ურთიერთობის ფორმებს რომ ეძებენ რუსეთთან, ეს ცხადია. ამას აქვს ორი მხარე: სტრატეგიული და ტაქტიკური. აქამდე საქართველოს ჰქონდა ერთადერთი მექანიზმი სუვერენიტეტის დასაცავად - ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე ფსონის დადება, რაზეც “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ნებით თქვა უარი. ამას “დიპ სტეიტი~ დაარქვეს და მოიკვეთეს. სამაგიეროდ, დადებულია ფსონი იმაზე, რომ რაღაც ფორმით გაფორმდება რუსეთთან რაღაც შეთანხმება და სჯერათ, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას პატივს სცემს. რუსეთი ყოველთვის არღვევდა საკუთარ შეთანხმებებს და დაპირებებს - აფხაზეთის ომი გაიხსენონ, როგორ მოგვატყუეს და დაგვაკარგვინეს სოხუმი... რუსეთი სულ გვატყუებს, როგორ შეიძლება მისი ნდობა?! პირდაპირ მგლის ხახაში მივდივართ საკუთარი ფეხით”,- აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნელ-ნელა მზადდება და ახლოვდება მთავრობის შეცვლის მომენტი...”

“ომი უკრაინასთან და იქ წარუმატებლობა არის ერთადერთი გარანტია, რომ კრემლმა ეგებ ვერ მოასწროს ჩვენი გადასანსვლა, ისე დაეწყოს ურთულესი პრობლემები... 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში დაიწყო თავისი ექსპანსიის პოლიტიკა და არა საქართველოში, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობდა, მათ შორის პუტინის პირადი შურისძიებაც. როგორი იქნება უკრაინაში სიტუაცია, ამაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, მათ შორის საქართველოსთვისაც. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ საქართველოსთან ურთიერთობას დაალაგებენ, ისინი ჩვენს გულს ვერ მოიგებენ. დღეს რუსეთი ჩვენთვის ოკუპანტია, რომელიც ჩვენს მიწაზე დგას და ჩვენს ტერიტორიას უკანონოდ იკავებს. ხელისუფლების წარმომადგენლების თუ სხვების ვერანაირი დითირამბები ამას ვერ შეცვლის. ხელისუფლება საქმეს კიდევ უფრო გაიფუჭებს, თუ ამ ნარატივებით ლაპარაკს თავს არ დაანებებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით იმ ჯგუფისთვის, რომელიც მას უპირისპირდება მნიშვნელოვანია, რომ ვერ მოახერხოს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობების დალაგება - ეს აშფოთებთ ყველაზე მეტად. ირაკლი კობახიძეს სურს მარტო წარმოადგენდეს ივანიშვილს, რომ ბიძინას გარემოცვაში არავინ განიხილებოდეს მის კონკურენტად. ის ყველაფერს აკეთებს, რომ ივანიშვილმა მისი ადეკვატური შემცვლელი ვერ მონახოს... არ ვიცი, შეიძლება უფრო რთულადაც არის საქმე, მაგრამ ერთი შეხედვით ასე ჩანს, მე აქამდეც მითქვამს, ნელ-ნელა მზადდება და ახლოვდება მთავრობის შეცვლის მომენტი-მეთქი. ვფიქრობ, კობახიძემ იმაზე დიდხანს გაძლო პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ვიდრე იგეგმებოდა. ამაზე მსჯელობა ნამდვილად მიდის, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ რამდენად განხორციელდება სხვა საკითხია. სწორედ ამას ცდილობს კობახიძე, რომ ეს რესურსი აღარ დარჩეს ივანიშვილს და ღარიბაშვილთან დაკავშირებული პროცესებიც ამის ნაწილად უნდა განვიხილოთ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება შიდა პოლიტიკას. მე მთლად უიმედოდ არა ვარ... ვნახოთ, რას იზამს ვიქტორ ყიფიანის ახალი პარტია “ჯერ საქართველო”. მაინც მგონია, ჯერჯერობით რასაც აკეთებს, სწორია, ყოველ შემთხვევაში, შეცდომებს არ უშვებს. ამ დროს არც ერთი აქტორი, რომლებიც თავს შეურიგებელ ოპოზიციად ასაღებენ, არაფრის მაქნისი არ არის. ვნახოთ, რას იზამს ყიფიანი, რომელიც ამ ეტაპზე პარტიის შიდა სტრუქტურას აძლიერებს. ყოველ შემთხვევაში, ორგანიზაცია “ჯეო ქეისი”, რომლის ბაზაზე შენდება პარტია, მეტად სერიოზული ორგანიზაციაა”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “პოლიტიკური დაპირისპირება ოპოზიციაში მწვავე ფაზაში გადადის... ენმ-ის წარმომადგენელი ანა წითლიძე გვარამიას მმართველი გუნდის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს... ლამის ყოველდღიურად ცეცხლზე ნავთს ასხამს სააკაშვილი, რომელიც ყოფილ თანაპარტიელებზე ყველაზე უარეს ეპითეტებს არ იშურებს” - პასუხობს:

“სააკაშვილი რეალობას სრულად არის აცდენილი, თავი ისევ “ნაციონალური მოძრაობის” უპირობო ლიდერი ჰგონია, რომელსაც ყველა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს. ეს ძალიან უნდა, მაგრამ არ გამოუვა... წასულია მაგის მატარებელი. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ვითარებაა, ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი არ წავა არჩევნებზე, შედეგად კი “ქართული ოცნება” კვალიფიციური უმრავლესობით გაიმარჯვებს”.

3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში “ოცნებას” მხოლოდ “ლელო” დაუპირისპირდება

“ოპოზიციურ სპექტრში ბოლო დროს ხშრად კეთდება განცხადებები, რომ 2025 წელს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება შეცდომა იყო. თუმცა, ამ ფონზე, 3 ოქტომბერს დაგეგმილი საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა. პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რომელიც შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებშიც მონაწილეობდა და წელსაც ბოლო დღემდე გამოთქვამდა არჩევნებში მონაწილეობის სურვილს, არჩევნებზე რეგისტრირებულ პარტიებს შორის არ არის. 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტს მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განცხადებით 17 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიემართა. ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ არჩევნებისთვის დარეგისტრირდა მხოლოდ 2 პარტია - “ქართული ოცნება” და “ლელო - ძლიერი საქართველო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 3 ოქტომბერს “ოცნებას” მხოლოდ “ლელო” დაუპირისპირდება / რატომ გადაიფიქრა გახარიას პარტიან შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა.

“15 აგვისტოს “გახარია-საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე აცხადებდა, რომ მათი პარტია, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. “ჩვენი მიდგომიდან გამომდინარე, არჩევნები უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ინსტრუმენტია. დიდი ალბათობით, ამ არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. თუმცა რომელ ოლქებში, რომელი კანდიდატებით და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ორშაბათს (17 აგვისტოს) პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. კითხვაზე, განიხილავენ თუ არა თანამშრომლობას “ლელოსთან”, როგორც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, შარაშიძემ უპასუხა: “არ გამოვრიცხავთ ამ მოდელს”. ამ განცხადების შემდეგ პარტიას “გახარია საქართველოსთვის” არანაირი განცხადება აღარ გაუვრცელებია არც 17 აგვისტოს დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომისა და არც შალედურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. “რეზონანსი” შეეცადა უშუალოდ პარტიის წარმომადგენლებისგან მიეღო ამაზე დამატებითი ინფორმაცია - თუ რატომ არ გაიარა პარტიამ რეგისტრაცია და რატომ გადაიფიქრა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილის შეფასებით, საკრებულოს შუალედური არჩევნები იმ ოლქებში ტარდება, სადაც, როგორც წესი, ხელისუფლება მარტივად იმარჯვებს. თანაც ოპოზიცია ამჟამად საერთოდ არ არის მზად არჩევნებისთვის და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია არ აქვს. თუმცა ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას შეცდომად მიიჩნევს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ 3 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით შესაძლებელი იქნება მსჯელობა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების რეიტინგებზე. მისივე აზრით, სავარაუდოდ, გახარიას პარტიას თავდაპირველად რეიტინგები არ ჰქონდა გამოკვლეული და როცა ეს გააკეთეს, არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასეთ ადგილებში ოპოზიციას მაინცდამაინც არც არასდროს ჰქონია დიდი შანსი საერთოდ არცერთ დროს. ეს ისეთი რეგიონებია, სადაც მაჟორიტარებში, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენელი იგებდა ხოლმე. ახლა მით უმეტეს ასე იქნება, რაზეა ლაპარაკი. მით უმეტეს, ახლა საერთოდ არ არის მზად არჩევნებისთვის ოპოზიციური სპექტრი. შუალედურ არჩევნებს არანაირი დატვირთვა არ ექნება აბსოლუტურად. ჩაივლის ისე, რომ კაციშვილი ვერ გაიგებს... არ ვიცი, რატომ თქვეს უარი. ბოიკოტი არის ძალზე დაბალი დონის არაკვალიფიციურობა. ანუ, საერთოდ წარმოდგენა რომ არ გაქვს პოლიტიკურ პროცესზე. აი, ამის გარდა ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი. ნუ, ცუდი და უფრო ბოროტი ახსნა ის არის, რომ ვიღაცა დაინტერესებული იყო, დიდ ფული გადაიხადა ამაში, მაგრამ ეს ნაკლებად მჯერა. უფრო რეალური ახსნა ის არის, რომ უბრალოდ ვერ შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები და იფიქრეს, რომ რაღაცნაირად ამ ბოიკოტით და ბოიკოტირებით საერთაშორისო დონიდან მერე წამოვიდოდა სანქციები და ამით რაღაცნაირად ხელისუფლებას აიძულებდნენ, დათმობებზე წასულიყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“როდესაც პარტიას მიაჩნია, რომ მაღალ შედეგს ვერ მიიღებს, მათ ურჩევნიათ ბოიკოტი გამოაცხადონ და საერთოდ არ დაიდოს მათი შეფასება, ვიდრე, დავუშვათ, შეფასდნენ უფრო ნაკლებად, ვიდრე მათი კონკურენტები - გინდ ოპოზიციიდან და გინდ ხელისუფლებიდან. ეგ სტრატეგიაა - ჯობია გავიდე არჩევნებიდან, ბოიკოტი გამოვუცხადო, ვიდრე თვალსაჩინო გახდეს ჩემი რეიტინგი. ეს ჩნდება მაშინ, როცა თვითონ პარტიას არ აქვს მოლოდინი მაღალი რეიტინგის. მაგის არეკვლაა, მეტი არაფრის ყველა პარტია თავისი რესურსებით ზომავს ხოლმე რეიტინგებს სოციოლოგიურ გამოკითხვაში. შეიძლება იმ მომენტისთვის, როცა მათ განაცხადეს - მივიღებთო, ჯერ კიდევ ასეთი რეიტინგები არ ჰქონდათ გამოკვლეული და როცა გამოიკვლიეს, მერე გადაიფიქრეს. ბევრი მიზეზია იმისთვის, რომ არც გახარიას პარტიას არ ჰქონდეს მაღალი რეიტინგი. როცა ლიდერი შორიდან ლაპარაკობს, მოსახლეობა ასეთ პარტიას დიდ მხარდაჭერას ვერ გამოუცხადებს. ის კი არა, უცხოური და, ასე ვთქვათ, პოლიტტექნოლოგიური გამოცდილებით ითვლება, რომ პარტიამ უნდა შემოიაროს ხალხი და ყველაზე კარგი პიარი არის ხელის ჩამორთმევა, შეხვედრა ადამიანებთან. შემოვლა და შეხვედრა კი არა, აქ ლიდერი საქართველოშიც არ არის და შედეგიც, შესაბამისად, ალბათ არ იქნება მათთვის სასიამოვნო”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მირიან მირიანაშვილი - “თუ ეს ორი კონფლიქტი საბოლოოდ გადაიკვეთა, შესაძლოა მივიღოთ მსოფლიო ომი”

“თუ ამერიკას დღეს ირანის განადგურება დასჭირდა, ამის შესაძლებლობა როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო - აქვს. თუმცა იმისთვის, რომ ირანს ტოტალურად მიადგეს, პოლიტელიტის მანდატი არა აქვს. პრეზიდენტს ომის წარმოება კონგრესის უნებართვოდ მხოლოდ გარკვეული პერიოდით შეუძლია. არსებობს მიმართულებები და სამხედრო ბაზები, რომელთა ძალებისგან დაცლაც კანონმდებლობით შეზღუდულია. შესაბამისად, ტრამპი მოქმედებს იმ რესურსის 15-20%-ის ფარგლებში, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც აქვს. თუ ტრამპი პოლიტიკურ მოკავშირეებთან: დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან, კანადასთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან კოალიციის შექმნას გადაწყვეტს, მას ირანის ეკონომიკური იზოლაციის შესაძლებლობაც ექნება. ასეთ შემთხვევაში ბლოკადის დაწესებაც კი შეიძლება აღარ გახდეს საჭირო. თუ ეს ქვეყნები ირანთან ვაჭრობას შეწყვეტენ, ირანი მსოფლიო სავაჭრო სისტემას მოსწყდება”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ეს ორი კონფლიქტი საბოლოოდ ერთმანეთთან გადაიკვეთა, შესაძლოა მივიღოთ მსოფლიო ომი”.

“ტრამპს არ სურს ირანის დაჩოქების შემდეგ მიღებული ეკონომიკური სარგებელი სხვებს გაუნაწილოს. თუ ფართო კოალიციის შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებოდნენ არაბული სახელმწიფოები, ევროპელები და სხვა პარტნიორები, ახალი რეალობის ჩამოყალიბების შემდეგ ისინი სარგებელსაც მიიღებდნენ. სწორედ ეს “დაჯილდოება” არ სურს ტრამპს. ირანის დაჩოქებაში ის ვერ ხედავს ისეთ სარგებელს, რომლისთვისაც მიღებული შედეგის სხვებთან გაყოფა ღირს. ომი შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ტრამპი არ გააცნობიერებს, რომ ამ პროცესიდან ფართო კოალიციის შექმნისა და მიღებული შედეგების პარტნიორებთან გაზიარების გარეშე გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ვფიქრობ, კონფლიქტის დიდი ხნით გაჭიანურების საშუალებას ტრამპს არც ამერიკის ელიტა მისცემს, არც არაბი მოკავშირეები და არც ისრაელის გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები. ტრამპისთვის ამ მოკავშირეების დაკარგვა შიდაპოლიტიკურ ველზე სერიოზული საფრთხეა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“თუმცა, ტრამპი ჯერ ფიქრობს, რომ ირანის საკითხის გადაწყვეტას პარტნიორების გარეშე შეძლებს. ტრამპი შეეცდება ირანს ეკონომიკური “ჟანგბადი” გადაუკეტოს. დღეს ირანის ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი პაკისტანზე მოდის, დანარჩენი კი ნაწილდება რუსეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე. რუსეთიდან ირანში მიმავალი საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის გავლით შედის. რაც შეეხება საქართველოს, მე არ მსმენია რამე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ან ლოჯისტიკური წილის შესახებ, რომელიც ირანის ვაჭრობაში საქართველოს გავლით მოდის. ამის ლოგიკური აუცილებლობაც ირანს აქამდე არ ჰქონია, რადგან ის სავაჭრო მარშრუტები, რომლებსაც იყენებს, ძირითადად, სხვა მიმართულებებზე გადის და საქართველო ამ ტრაექტორიაში თავიდანვე არ ყოფილა. თუმცა ის შეზღუდვები, რომელთა დაწესებასაც ტრამპი ირანისთვის შეეცდება, ბუნებრივია, საქართველოსაც შეიძლება შეეხოს, მაგრამ ტრამპის მუქარა ხშირად მხოლოდ შანტაჟია და მოლაპარაკების მაგიდასთან გაცვლა-გამოცვლის ინსტრუმენტი. ამიტომ უახლოეს დღეებში არაფერს ველი ისეთს, რომ საქართველოს წინაშე რაიმე გამოწვევა დააყენოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მნიშვნელოვანია, როგორ უყურებენ ისრაელის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები ირანის პრობლემის მოგვარებას. მათი შეფასებით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ირანის საკითხის გადაწყვეტის “ფანჯარა” არსებობს, რადგან მოგვიანებით ამის გაკეთება შესაძლოა გაცილებით რთული გახდეს. ჩემი აზრით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო გზით პრობლემის გადაწყვეტის თავდაპირველი სცენარი სრულად ვერ გათამაშდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ტრამპისა და მისი ოჯახის ეკონომიკური ინტერესებიც იყოს. მათ არ სურთ ირანის ენერგეტიკის სრულად განადგურება, რადგან ომის დასრულების შემდეგ იქ ეკონომიკური ინტერესები აქვთ. თუ ირანის ენერგეტიკა მთლიანად განადგურდება, ტრამპის ომის პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანიც ნაწილობრივ აზრს დაკარგავს. ამიტომ შესაძლოა ტრამპის მიზანი ირანის სრულად განადგურება კი არა, მისი მნიშვნელოვნად დასუსტება და ამის შემდეგ მისთვის ახალი პირობების კარნახი იყოს. დღეს ასეთი მიდგომის ცდას ვხედავ - ირანის ენერგეტიკის ნაწილის დაზიანებით თეირანისთვის იმის ჩვენებას, რომ აშშ-ს ამის შესაძლებლობა აქვს, და პარალელურად უკრაინისა და ირანის კონფლიქტების ერთმანეთთან დაახლოებასაც”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“თუ უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთვებიან, ეს ირანისთვის ჩრდილოეთის მიმართულების ჩაკეტვას და დამატებითი საფრთხეების შექმნას ნიშნავს. ამ შემთხვევაში ევროპას შესაძლოა რუსეთის შემდგომ დასუსტებაში მონაწილეობამაც მოუწიოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი თავდაპირველი მიზანი არ ყოფილა. თუ უკრაინისა და ირანის კონფლიქტების გაერთიანების წინაპირობები შეიქმნა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შეიძლება გახდეს ის, რომ ირანმა თავად გადადგას პირველი ნაბიჯი ევროპის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირება გაცილებით მარტივი გახდება. თუ უკრაინა გააგრძელებს იმ მოქმედებებს, რომლებიც კასპიის ზღვაში ირანულ გემებზე დარტყმებსა და არაბულ სახელმწიფოებში არსებულ ლოჯისტიკურ და სამხედრო ობიექტებს უკავშირდება, არის რისკი, რომ კონფლიქტის გეოგრაფია უფრო გაფართოვდეს. და თუ ირანმა საპასუხოდ ევროპაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც დაიწყო დარტყმები, მაშინ უკრაინისა და ირანის კონფლიქტების ერთმანეთთან დაკავშირების რეალური საფრთხე გაჩნდება. ეს საქართველოსთვის ძალზე სერიოზული საკითხია, რადგან კონფლიქტის გაფართოებამ შეიძლება ისეთი მიმართულებები და სამიზნეები მოიცვას, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად საქართველოს უსაფრთხოებაზეც აისახება”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.

“იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სცენარი არ განვითარდება. თუმცა უკვე გამოჩნდა, რომ უკრაინისა და ირანის დაპირისპირების ერთმანეთთან გადაკვეთის შემთხვევაში შესაძლოა ევროპაც ჩაერთოს და კონფლიქტმა გლობალური მასშტაბი შეიძინოს. თუ ეს ორი კონფლიქტი საბოლოოდ ერთმანეთთან გადაიკვეთა, შესაძლოა მივიღოთ მსოფლიო ომის გარკვეული ფორმა. ეს შესაძლოა არ იყოს კლასიკური ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება, თუმცა შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური კონფლიქტი ჰიბრიდულ ფორმატში. თუ ტრამპი შეძლებს ირანის ეკონომიკურ დასუსტებას ისე, რომ თეირანმა ამას შესაბამისი პასუხი ვერ გასცეს, ვითარება შესაძლოა სხვაგვარად განვითარდეს... თუმცა ირანის საკითხის მოსაგვარებლად ტრამპს ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებაც სჭირდება. ჩინეთს შეუძლია ირანზე შემაკავებელი გავლენის მოხდენა, თუმცა, ჩანს, პეკინი არ არის მზად ტრამპის ეკონომიკურ სანქციებს ირანის წინააღმდეგ შეუერთდეს. რუსეთისთვის ჩინეთი ამერიკისა და ევროპის დაწესებულ სანქციებს ფრთხილად, მაგრამ მაინც ითვალისწინებდა. ირანის შემთხვევაში კი ჩინეთის პოზიცია განსხვავებულია. ეს მიუთითებს, რომ პეკინისთვის რუსეთის დასუსტება მისაღებია, მაგრამ ირანის არა. ამიტომ ჩემთვისაც რთულად გასაგებია, როგორ შეძლებს ამერიკა ირანის შეკავებას ჩინეთის ჩართულობის გარეშე”, - დასძენს მირიანაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - "რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?!

“ღარიბაშვილის გააქტიურების ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივი და პრაგმატული მგონია. ჩემი აზრით, “ოცნებაში” განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც მდინარაძე უშიშროების სამსახურიდან გაათავისუფლეს და ჯერ კიდევ შეუქმნელ საკოორდინაციო სამინისტროსაც ჩამოაშორეს, რომელსაც ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაცია უნდა მოეხდინა, და რეგიონული განვითარების ახალ სამინისტროში გადაიყვანეს, ღარიბაშვილმა და მისმა გუნდმა ჩათვალეს, რომ ივანიშვილი კობახიძისა და მდინარაძის მოშორებას ცდილობს. ნაწილობრივ შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილს არ უნდოდა ძალოვანი სტრუქტურები კობახიძის გუნდს გაეკონტროლებინა, თუმცა არა მგონია, უფრო შორს წავიდეს... სწორედ აქ დაუშვა ღარიბაშვილმა შეცდომა პროგნოზირებაში და ამ წერილების გამოქვეყნებით აქტიური ქმედებები დაიწყო”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რატომ დაარღვია დუმილი ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ხდება “ოცნებაში”?!

“სამივე წერილის მიხედვით, კობახიძემ და მდინარაძემ მას მოსთხოვეს კორუფციული გარიგებები საკუთარ თავზე აეღო. მან თავიდანვე ვერ უღალატა მისთვის ძვირფას ადამიანს, ამიტომაც აღიარა ის, რაც აღიარა. ამით, ერთი მხრივ, ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებს, მეორე მხრივ, ცდილობს მის მხარეს დადგეს ამ თამაშში, რომელიც არა მგონია, ივანიშვილს რამეში სჭირდებოდეს და ხელი წააშველოს კობახიძე-მდინარაძის ჩამოშორებაში. ამ ყველაფრით ის ელოდება, რომ ივანიშვილს გული მოულბება და მას შეიწყალებენ, ან დროზე ადრე გაათავისუფლებენ. რაც შეეხება მის პოლიტიკურ ბრძოლას, სხვათა შორის, “ოცნებაში”, ივანიშვილის გარდა, რეალური პოლიტიკური მხარდაჭერა არავის ჰქონია და არც აქვს. მათაც კი, ვინც პარტია დატოვა, სერიოზული წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, ვნახეთ გახარიას შედეგები არჩევნებში. შესაბამისად, ღარიბაშვილის პოლიტიკური ამბიციები, თუკი ასეთი აქვს, საშიშროებას არავისთვის წარმოადგენს. მით უმეტეს, ივანიშვილს ის პოლიტიკურ ხიფათს ვერანაირად ვერ შეუქმნის. ჩემი შეფასებით, ეს არის ამ “ეპისტოლარული ჟანრის” ძირითადი თეზა. დანარჩენს ვნახავთ, როგორ განვითარდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“კარის გადატრიალება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთული იქნება, რადგან ძალოვან სტრუქტურებს სწორედ ივანიშვილი აკონტროლებს. თუკი მას კობახიძისა და მდინარაძის მოშორება უნდა, ამაშიც არ სჭირდება ვინმეს დახმარება. ივანიშვილი აბსოლუტურად აკონტროლებს უმრავლესობას, რაც საკმარისია მისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილების გასატანად. მეორეც, არა მგონია, ივანიშვილის დღევანდელ პოლიტიკას კობახიძეზე უკეთესი შემსრულებელი გამოუჩნდეს. ამიტომ, ამ ეტაპზე საფრთხე არც კობახიძეს ემუქრება და არც ივანიშვილს. მოკლედ რომ ვთქვათ, ღარიბაშვილის ეს მცდელობა წმინდა წყლის ნაყვაა. მან ჩათვალა, რომ ივანიშვილი კობახიძესა და მდინარაძეს იშორებდა და შეეძლო ამ პოლიტიკურ მატარებელს თავადაც გამობმოდა. სვლა გააკეთა იქითკენ, რომ ივანიშვილს დაუჭირა მხარი და ყველაფერში დამნაშავედ მდინარაძე გამოიყვანა - თითქოს ის აბეზღებდა, ან ითხოვდა მისგან, ივანიშვილი რაღაცაში ემხილა. არა მგონია, ამან ღარიბაშვილს რაიმე მოუტანოს”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “უახლოეს პერიოდში “ოცნებაში” რამე ცვლილებებს ელოდებით?” - პასუხობს:

“არა, თუ პოლიტიკა ასე გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში არაფერს ველოდები. თუ “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკის შეცვლა გადაწყვიტა, ან ამის საჭიროება დაინახა, მაშინ შესაძლებელია საკადრო ცვლილებები მოხდეს, რადგან ახლა კობახიძე, დავუშვათ, ვერ იქნება პროევროპული პრემიერი, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში რაღაც კოსმოსურ კონფერენციაზე მიიწვიეს. თუ პოლიტიკური ფასეულობები რეალურად შეიცვლება, მაშინ კობახიძეც შეიცვლება, მაგრამ დღეს მე ამას ვერ ვხედავ. ეს ცვლილება უფრო იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება უკრაინაში, ვიდრე იმაზე, თუ რა მოხდება “ქართულ ოცნებაში”. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დღეს ოპოზიციაზე ლაპარაკიც აღარ ღირს”.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა