ირაკლი ქადაგიშვილი - თუ ვიტყვით, რომ საქართველო ფრთხილ და გონივრულ პოლიტიკას ატარებს, დაგეთანხმებით, მაგრამ ეს არ არის რუსეთთან ურთიერთობების „დათბობა“ - პოლიტიკით, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს, ვინარჩუნებთ მშვიდობას

სააკაშვილს არაფერი სჭირს ისეთი გეუბნებით, სიმულაციის მიზნით, პატიმრობიდან თავის დაღწევის მიზნით, ზღვარზე შეგნებულად მოძრაობს, თორემ მან რომ ჩვეულებრივად საკვები მიიღოს, არანაირი წონის პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მისი გარდაცვალების დაუსრულებელ ქრონიკას გვასმენინებენ.

„დავიღალეთ და დაიღალა საზოგადოება... მისი მომხრეები მისი გარდაცვალების დაუსრულებელ ქრონიკას გვასმენინებენ. აქ არის მარტივად საქმე, ეს ადამიანი უნდა დაემორჩილოს ექიმების დანიშნულებას, უნდა იკვებოს ზომიერად. ვიცით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა „ემპათიის“ დასკვნასთან დაკავშირებით, რომ არ არის მეცნიერულად ბოლომდე დასაბუთებული და ამავდროულად სათანადო, ამიტომ ამ საკითხის განხილვა გაგრძელდება სასამართლოში.

მე რომ მოვხვდე საპატიმროში, მე შემიძლია, რომ ისეთი სიმულაცია გავწიო ან ისეთ კვების რეჟიმზე ვიყო, რომ გავხდე, იმ მიზნით, რათა რამენაირად პატიმრობას თავი დავაღწიო. სააკაშვილს ამის დიდი მხარდაჭერა აქვს იმიტომ, რომ 21 საათი „ლაივ რეჟიმში“ ცხოვრობს, ის არ არის ამ გაგებით რიგით პატიმართა მდგომარეობაში, მას აქვს უფლება, რომ ისიმულაციოს და ეს სიმულაცია უნდა იყოს ყოველმხრივ მხარდაჭერილი და სახელმწიფო უამრავ რესურს ხარჯავს, რომ ამ სიმულაციის პირობებში მყოფი პაციენტი პატიმარი მაქსიმალურად კომფორტში ამყოფოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხზე და ამაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკულ გამოხმაურებებზეც ისაუბრა.

ქადაგიშვილის თქმით, ბრალდება, რომ ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობებს ათბობს, პროპაგანდისტული კლიშეა.

„რუსეთთან ურთიერთობების დათბობა“, ესეც უკვე ერთი პროპაგანდისტული კლიშეა შემოგდებული. რომელ დათბობაზეა ლაპარაკი ან რა დათბა საერთოდ საქართველოსა და რუსეთს შორის? ლავროვმა განცხადება გააკეთა, დათბა უკვე? რომელ დათბობაზეა ლაპარაკი, როცა გუშინწინ შევიტანეთ ჩვენი ცვლილებები ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში, რომელშიც კიდევ ერთხელ რუსულ აგრესიაზე და რუსეთის ჯარების გაყვანაზე ა.შ. არის ლაპარაკი და არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ფორუმი, სადაც საქართველომ ეს პოზიცია, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით და ამ აგრესიასთან დაკავშირებით არ გამოხატა. თუ ვიტყვით, რომ საქართველო ფრთხილ და გონივრულ პოლიტიკას ატარებს, მაგაში დაგეთანხმებით, მაგრამ თუ ამბობთ - „დათბობა“, ეს არ არის არანაირი დათბობა. ლავროვმა იცის რა განცხადებები გააკეთოს და რა შორსმიმავალი პროვოკაციული შედეგები ექნება მის განცხადებას და ვამბობ, რომ ერთ მიზანს მიაღწია, გახადა ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთ საგნად და ოპოზიციისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო. „ქართულმა ოცნებამ“ ნეიტრალურად თქვა, „შენ შეწყვიტე და შენივე აღსადგენია, თუ ამით ვინმე ისარგებლებს, ისევ რუსეთში მცხოვრები ქართველები“, ამით დავუმთავრეთ მათ, მეტი აღარ გავყევით რიტორიკაში, მაგრამ გამუდმებით წინ წევს ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში რუსეთს არცერთი პროვოკაციის განხორციელების საშუალება არ მიეცათ.

„წარსულის გაკვეთილებზე „ქართულმა ოცნებამ“ რომ ისწავლა, ნეტა ისე წინა ხელისუფლებას ესწავლა. "ქართული ოცნების“ პირობებში“ რუსეთს ვერცერთი პროვოკაციის განხორციელების საშუალება არ მივეცით და მშვიდობა შევინარჩუნეთ, ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ რუსეთს უნდა აგრესია? არ მივეცით ამ აგრესიის საშუალება. „ქართლი ოცნების“ პირობებში ერთი ჯიხური არ გაყიდულა რუსეთზე. არ დატოვეს სტრატეგიული ობიექტი, რომელიც რუსეთს არ გადასცეს და პრეზიდენტი იდგა საზღვარზე და „მობრძანდით ბატონო“ იძახდა, ხოლო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაკეთებულ რაღაც განცხადებაზე ნეიტრალურ არაფრისმთქმელ პასუხს გავცემთ, რომ სიტუაცია ახლოსაც არ მოგვყავს, ამას ურთიერთობის დათბობად ვაფასებთ? ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ის, რა პოლიტიკაც იყო „კოკოითი ფანდარასტი“ დამთავრდა იმ შედეგით, ხოლო პოლიტიკით, რასაც ატარებს საქართველო დღეს, ვინარჩუნებთ მშვიდობას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა