ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძე იმსახურებს მარგარიტა სიმონიანისა და სალავიოვის გვერდით ყოფნას, ისიც უნდა მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც რუსეთუმე და „პუტინისტი“ საქართველოში

პუტინის ლაქია, მსახური ირაკლი კობახიძე იმსახურებს მარგარიტა სიმონიანისა და სალავიოვის გვერდით ყოფნას. ისიც უნდა მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე და „პუტინისტი“ საქართველოში, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვის უპირატესობის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, „რუსულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა.

ასევე, როგორც მან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს ის, რომ გაერთიანებულ საქართველოში საცხოვრებლად ყველაფერი გააკეთოს.

„მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, „რუსული ოცნების“ თავმჯდომარისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი თოჯინის, ირაკლი კობახიძის რუსულ განცხადებას გამოვეხმაურო. გუშინ, „რუსულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არსებობს ამაზე დიდი ტკივილი, როცა შენს სამშობლოს იმპერია ესხმის თავს. ამ იმპერიის მიზანი შენი ხალხის წარსულის, შენი ტრადიციების, აწმყოსა და იდენტობის წართმევაა. იმ ქვეყნის შვილს, რომლის 20% ოკუპირებულია, არ აქვს იმაზე მეტი მიზანი, ვიდრე საკუთარი ქვეყნის დეოკუპაცია და გათავისუფლებაა. არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ ინტერესებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიას, ქართული პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს ის, რომ გაერთიანებულ საქართველოში საცხოვრებლად ყველაფერი გააკეთოს.

ისმის კითხვა - რა უნდა მოხდეს, რომ საქართველო გაერთიანდეს? პასუხი ცალსახა და მარტივია, რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს. ამ შემთხვევაში ქართველებს გაგვიჩნდება შანსი, გავაერთიანოთ ქვეყანა. თუ რუსეთი უკრაინაში ისეთივე „მშვიდობას“ ამყარებს, როგორიც იყო ბუჩაში, მარიუპოლში, მაშინ საქართველო არათუ გაერთიანდება, არამედ დაისმება შეკითხვა - არსებობს კი საქართველო?

მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება იმიტომ, რომ ბოროტს აუცილებლად კეთილი სძლევს. რუსეთის ეკონომიკა ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკის 2%-ია და მას სრულიად ცივილიზებული სამყარო უპირისპირდება. განვითარებული სამყაროსთვის რუსეთის დამარცხება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის. რუსეთმა უკრაინაში კიევი, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის, ხარსონის ოლქები დატოვა და ბოლო რუსი ჯარისკაციც აუცილებლად დატოვებს უკრაინას.

რუსეთის დამარცხება გარდაუვალი და შემდგარი ფაქტია. რუსეთის მარცხი ჩანს მათ სამთავრობო არხებზეც, სადაც პროპაგანდისტებს სრული ისტერია აქვთ. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაც იქნება იმ შემთხვევაში თუ საქართველო თავად არ აირჩევს რუსეთის მხარეს. ქართველი ხალხი გულშემატკივრობს უკრაინას, თუმცა „რუსული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

მივმართავ ირაკლი კობახიძეს, მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია უარი თქვას ქართველობაზე და არ უგულშემატკივროს უკრაინას, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი სიკეთის გამარჯვებისკენ და ქვეყნის გაერთიანებისკენ მიისწრაფვის. საბოლოოდ, პუტინის ლაქია, მსახური ირაკლი კობახიძე იმსახურებს, მარგარიტა სიმონიანისა და სალავიოვის გვერდით ყოფნას. ისიც უნდა მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე და „პუტინისტი“ საქართველოში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის