ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვალ-მარტში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, თუმცა „დიდი მოლოდინია, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვალ-მარტში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, თუმცა „დიდი მოლოდინია, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება“.

ჩხაიძის განმარტებით, კორონავირუსის შედარებით ახალი შტამი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, თუმცა გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, რის გამოც ჯანმო-მ პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

„კორონავირუსის შედარებით ახალი მუტაცია არის ე.წ. XBB.1.5 [„კრაკენი“], რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა პირველად და არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა, რამაც ამერიკაშიც, ევროპაში და საქართველოში შემთხვევების მატება გამოიწვია. ამ ვარიანტის გადამდებობიდან გამომდინარე, ჯანმო-ს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება, როგორც 2022 წლის ზაფხულში იყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, არ იწვევს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებას და ლეტალობა ნაკლებია, რისკ ჯგუფებისთვის, შესაძლოა, მაინც აღმოჩნდეს გართულებების გამომწვევი. ამის გამო ჯანმო-მ თავი შეიკავა პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ერთ-ერთი ბოლო მუტაცია, რომელმაც შეიძლება შემთხვევების მატება გამოიწვიოს, დიდია მოლოდინი, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება. ამავდროულად ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მომდევნო პერიოდში, თებერვალ-მარტში იქნება კორონავირუსის შემთხვევების მატება, ახალი ტალღა, ამის უკან იქნება სწორედ ეს ახალი მუტაცია იქნება. მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების და არა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მატება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ჩხაიძის რეკომენდაციით, „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის პრევენციისთვის ყველაზე ეფექტიან საშუალებად კვლავ ვაქცინაცია რჩება.

„რისკ ჯგუფებისთვის ვაქცინაციის საკითხი დღემდე აქტუალური რჩება. არ არსებობს არცერთი სხვა ეფექტიანი ღონისძიება კორონავირუსის პრევენციისთვის ვაქცინაციის გარდა. საუბარია ვაქცინების მე-3 და მე-4 დოზაზე, რაც „ომიკრონის“ წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიან შესაძლებლობად რჩება. ამიტომ რისკ ჯგუფებისთვის - 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ვისაც ვაქცინაციის ორი დოზა აქვს ჩატარებული, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება მე-3 და მე-4 დოზის გაკეთება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება სხვა რესპირატორულ ვირუსებს, ივანე ჩხაიძის თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელება თებერვალ-მარტში კვლავ მაღალი დარჩება.

„წლევანდელი წელი „ა“ ტიპის ვირუსის სიჭარბით გამოირჩევა. „ბ“ ტიპის გრიპის დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში ერთეული რაოდენობითაა. ძირითადად დომინირებს H3N2 ტიპის ვირუსი, ხოლო წლის მეხუთე კვირაში იყო „ა“ ტიპის ვირუსის სიჭარბე. თუმცა ამ ვირუსებს შორის დიდი განსხვავებაა კლინიკური და მკურნალობის თვალსაზრისით“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში