კულტურის მინისტრის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განაცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს.

გადაწყვეტილება ეროვნულ მუზეუმში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელშიც მონაწილეობას კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე არქიტექტორ-რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები იღებდნენ.

„შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძის განცხადებით, სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო ამ პროცესში მონიტორინგის და შემოწმების კუთხით მიღებს მონაწილეობას.

მისივე თქმით, შემდეგ შეხვედრაზე, უკვე სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.

„ამ ეტაპზე სამუშაოების წარმოება, პასუხისმგებლობა თითოეულ მიმართულებაზე, ყველანაირი შესაძლებლობა, ფინანსური თუ ადამიანური გადაეცემა საპატრიარქოს და სამინისტრო იქნება ასევე ჩართული ამ პროცესში ადგილზე მონიტორინგის, შემოწმების კუთხით და სამონასტრო კომპლექსზე ზრუნვის კუთხით.

დღეს კონკრეტულ პირებზე არ ყოფილა საუბარი, შემდეგი შეხვედრების უფლებამოსილება იქნება შეარჩიოს ამა თუ იმ მიმართულების ჯგუფის წევრები სათითოდ და ალბათ ჩუბინაშვილის ინსტიტუტიდანაც იქნებიან ჩართული, ოღონდ კონკრეტულად ისინი იქნებიან, რომლებმაც ნაადრევად, წინმსწრებით გადადგეს ნაბიჯები, თუ არა, ამის თქმა ჯერ არ შეიძლება, მაგრამ შემდეგი შეხვედრისას მთელი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, ორმხრივი შეთანხმებით“, - განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავით მახარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი