უმრავლესობის დეპუტატის დაჩი ბერაიას განცხადებით, არსებობს ფაქტები, როცა მასწავლებლები ბავშვებს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებენ და მათ პოლიტიკურ აქტივობებს ახალისებენ.
აღნიშნულ საკითხზე ბერაიამ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ მახარაშვილს მოუსმინეს.
ბერაიამ აღნიშნა ისიც, რომ მოსწავლის მიმართ ბულინგი განხორციელდა, როდესაც მასწავლებელმა გააზიარა პოსტი, სადაც მოსწავლის მამა მოღალატედ იყო მოხსენიებული.
„ბავშვის მიმართ მიმდინარეობს ბულინგი, რომელიც ჩემი აზრით, მასწავლებლის მიერ პოსტის გაზიარებამ წაახალისა. გარდა ამისა, არის ფაქტები, როცა მასწავლებლები ბავშვებს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებენ და მათ პოლიტიკურ აქტივობებს ახალისებენ. საუბარია არასრულწლოვან ადამიანებზე, რომელთა პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება ჩამოყალიბებული არ იყოს და ამ შემთხვევაში მასწავლებელი შესაძლოა ერთგვარი გავლენით მოსწავლის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ახერხებდეს.
თუ მიმდინარეობს სამინისტროს მიერ მსგავსი საკითხების შესწავლა და თუ ფაქტები დადასტურდება, რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს მას? როგორ არის გათვალისწინებული სამინისტროს მიერ მსგავსი ფაქტების პრევენცია და რა სანქციებია გათვალისწინებული?“ - მიმართა დაჩი ბერაიამ თამარ მახარაშვილს.
უმრავლესობის დეპუტატის პასუხად განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ თუკი მასწავლებელი მოსწავლეს აბულინგებდა, ამას კონკრეტული იდენტიფიცირება სჭირდება, რათა ხარისხის ცენტრმა შესაბამისი პროცედურების განხორციელება შეძლოს. მისივე თქმით, სკოლას საკუთარი შინაგანაწესით აქვს ვალდებულება და გააჩნია სისტემა იმისა, რომ ეთიკის კომისიაში ან დისციპლინურ კომისიაში საკითხი დააყენოს
„არც მასწავლებელი და არც უნივერსიტეტის ლექტორი პოლიტიკას არ უნდა ახვევდეს თავს. ჩვენ რაც შეგვიძლია და რაც გვაქვს დალაგებული პროცედურის ნაწილში არის ის, რომ სკოლებში შექმნილია ეთიკის კომისია, ასევე დისციპლინური კომისია. კონკრეტული გადაცდომა და არასწორი საქციელი - თუნდაც როდესაც „ფეისბუქში“ ბულინგის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი - ამ ყველაფერს პროცედურა სჭირდება, როცა მოხდება იდენტიფიცირება. სკოლა თავისი ორგანიზმით, თავისი ბუნებით ყველაზე ჰუმანური ადგილი უნდა იყოს. რა საკვირველია, მასწავლებელი ნებისმიერ მოსწავლეს უნდა ასწავლიდეს თუ რა არის სწორი, რა არის ჰუმანური. ჩვენთვის მასწავლებლის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება, რა საკვირველია, არის მიუღებელი“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.